"ის ქალი თითქოს ირეალური სამყაროდან იყო, ვერსად ვპოულობ..."
ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ემიგრანტის, ქეთი იმერლიშვილის წერილი, რომელიც "ფეისბუკ"-გვერდზე "ემიგრანტების დღიური ამერიკიდან" დაანონსებულ კონკურსში მონაწილეობდა. ქეთი მაშინ გვიამბობდა, რომ ნიუ-იორკში ახალჩასული მეუღლესთან ერთად ცათამბჯენების თვალიერებით იყო გატაცებული, როცა შელახულ ტანსაცმელში შემოსილმა ქალმა მათ ერთი ღერი სიგარეტი სთხოვა. ეტყობოდა, მიუსაფარი იყო. ქალი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა და მან წყვილს გული გადაუშალა: "ერთი წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა აქ ჩამომიყვანეს... რამდენი ხანია ქართული სიტყვები არ გამიგონია, "ლამაზი გოგო", - ინგლისურ სიტყვებში დამტვრეული ქართული გაურია..." შემდეგ კი წყვილს სთხოვა, ერთი ღამით თქვენთან წამიყვანეთო. თუმცა ახალბედა ემიგრანტებს მაშინ ამის საშუალება არ ჰქონდათ. ფული შესთავაზეს, მაგრამ უარი უთქვამს... ქეთი ამ ემოციური ამბის გადმოცემით, კონკურსის გამარჯვებული ღირსეულად გახდა.
- ემოციური წერილი იყო. იმ ქალბატონს სხვა დროს აღარ შეხვედრიხართ?
- მანჰეტენზე შემთხვევით გაცნობილმა მიუსაფარი რუსთაველი ქალის ამბავმა თითქმის მთელი სოციალური ქსელი მოიარა და ხალხის გამოხმაურებაც ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ ერთხელ შევხვდით, მერე აღარ გვინახავს. იმ ადგილას როცა მოვხვდები ხოლმე, თვალებით სულ ვეძებ, მაგრამ თითქოს ირეალური სამყაროდან იყო, ვერსად ვპოულობ. ნეტა, მართლა ვიცოდე, სად არის და რას აკეთებს, დღეს მისთვის მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე მაშინ, ახალჩამოსულს შემეძლო.
- რას ნიშნავდა ეს კონკურსი თქვენთვის?
- ეს კონკურსი ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა გვერდში გიდგანან, გაფასებენ, მხარს გიჭერენ და ძალას გაძლევენ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები. ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას. ყველაფერი უცებ შემოტრიალდა, ბოლო რამდენიმე დღესა და საათში. ბევრმა გამიცნო, პირადად მწერდნენ, იმ ქალის ამბით ინტერესდებოდნენ, განიცდიდნენ. ქართველები ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხალხი ვართ. საერთო სატკივარი ყველას გულთან მიგვაქვს და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ხოლმე დახმარებას. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ როგორც ერი, აუცილებლად გადავრჩებით.
- საინტერესოა, რას საქმიანობდით, სანამ საქართველოდან გაემგზავრებოდით?
- საქართველოში ჩემი საქმიანობა მთლიანად განათლების სფეროს უკავშირდებოდა. შვიდი წელი ვასწავლიდი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას, ერთი წლით აგრარული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორიც ვიყავი. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირებას ვსწავლობდი და მქონდა გეგმები, რომ განათლების კვლევებსა და მართვაში მეტი დატვირთვით ჩავრთულიყავი, მაგრამ არ დამცალდა - სწორედ იმ წელს, როდესაც მაგისტრის ხარისხი მივიღე და კარიერული ცვლილებებისთვის ვემზადებოდი, აშშ-ში წამოვედი.
- რამ გაიძულათ ემიგრაციის გზას დასდგომოდით?
- მოგეხსენებათ, საქართველო მეუღლესთან, ვახტანგ ხარაშვილთან ერთად დავტოვე. ზუსტად მახსოვს, 2014 წლის 11 სექტემბერი იყო. ხანმოკლე სასწავლო მიზნები მქონდა და გულწრფელად გეტყვით, ბოლო წუთამდე მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ იყო რაღაც, რაც ორივეს გვაფერხებდა და შიშს გვიძლიერებდა. როდესაც სახელმწიფოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გარდა, კიდევ უამრავი პრობლემაა, როცა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო, არსებობს რისკი, რომ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახის წევრებსაც საფრთხეს შეუქმნი, ასეთ გარემოში ვეღარ მოახერხებ ვერც ცხოვრებას და ვეღარც განვითარებას.
- როგორი იყო პირველი დღეები უცხო ქვეყანაში და რას ნიშნავს დღეს ამერიკა თქვენთვის?
- ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოგვიწია. ნამდვილად არ იყო იოლი, მაგრამ მაინც შევძელით რთული ლაბირინთიდან თავის დახსნა. ამერიკა ჩემთვის ის ქვეყანაა, რომელიც თავისი ცხოვრების რიტმით მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, მუდამ გიბიძგებს ახალ გამოწვევებთან შესაჭიდებლად. ამასთანავე, არ გზღუდავს არაფერში, არჩევანის თავისუფლებას გაძლევს, გაუჩერებელ ბრძოლას გასწავლის, გაძლიერებს და რაც მთავარია, თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს გიფასებს. აქ ყველა პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა, იყოს ის, ვინც არის, აკეთოს ის, რაც მას სიამოვნებს. უბრალოდ, ყველაფერი დროის საკითხია და მოთმინებამ არ უნდა გიმტყუნოს.
- კარგად წერთ და წიგნებიც გაქვთ გამოცემული. რას ნიშნავს კალამი თქვენთვის?
- ბავშვობიდან ვწერ. დედაჩემი დღემდე ინახავს ჩემს ლექსებს, ჩანახატებსა და მოთხრობებს. ერთხელ გაზეთში დამიბეჭდეს ლექსი და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარული იქნებოდა სკოლის მოსწავლისთვის? აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ, ამ კუთხით ჩემი ტრანსფორმირება ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ არა ოჯახის წევრებისთვის. თუმცა, რომ არა ემიგრაცია, შორიდან დანახული საქართველო და ნოსტალგია, შეიძლება წიგნის ფურცლებით არც ავმეტყველებულიყავი. დღეს სამი წიგნის: "დემოკრატიული საგიჟეთი", "სისხლში მოცეკვავე", "სა-ზღვარი" და რამდენიმე მოთხრობის ავტორი ვარ. რატომღაც, პროზისკენ ავიღე გეზი. კალამი ჩემთვის რაღაცების გადაფასებას, სხვა მხრიდან დანახვას, ცვლილებებისადმი მიდრეკილებას ნიშნავს და უკეთესი მომავლის იმედსაც...
- 2021 წელს დაუჯილდოებიხართ განათლებაში და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. ამაზეც გვითხარით რაიმე.
- როდესაც ბორდის ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა და ამის შესახებ შემატყობინა, გამიკვირდა, რადგან ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებსაც იგივე პროფესიებში არანაკლები და უფრო მეტი მიღწევები აქვთ, მაგრამ როცა ამიხსნეს, რომ ბოლო წლებია, ისინი ემიგრანტ ქართველებშიც ეძებენ საინტერესო ადამიანებს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმოდა.
- რისი კეთება გიწევთ ამერიკაში? აპირებთ თუ არა დაბრუნებას?
- მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ ვეშვები ჩემს პროფესიას, კერძო მოსწავლეებთან კვირაში რამდენიმე დღე ონლაინმეცადინეობას ვმართავ და მწერლობასთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვითავსებ, ნიუ-იორკში ცხოვრების ხარჯებისთვის ეს საკმარისი არ არის და პარალელურად, ამერიკულ ოჯახში ვმუშაობ დამხმარედ. საქართველოში დაბრუნებას რაც შეეხება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებული ვითარება შეიცვლება და მოვახერხებ დაბრუნებას.
- პოსტი ვნახე თქვენს გვერდზე, სადაც გოგონაზე წერდით, რომელსაც სწავლის საშუალება არ ჰქონდა... ეს გოგო თქვენ იყავით. ამბობდით, რომ მერე ქვეყანაში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა, სწავლა ხელმისაწვდომი გახდა, მეც შევძელი განათლების მიღებაო... მაგრამ ახლა ისევ არ მოგწონთ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. მაინც, რა არ მოგწონთ? შორიდან როგორ ჩანს ის პრობლემები, რაც აქ მყოფებს გვაწუხებს?
- დიახ, პოლიტიკური შინაარსის პოსტი იყო და პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით მოყვანილ მაგალითებს მოიცავდა, სადაც ხაზს ვუსვამდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას იმ მხრივ, რომ მანამდე ღრმად ფესვგამდგარმა უსამართლობამ, ნეპოტიზმმა და კორუფციამ უნივერსიტეტებში დაშლა დაიწყო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წყალობით, ბევრ აბიტურიენტს მიეცა საშუალება, მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები. სხვა საკითხებზეც მქონდა დაფიქსირებული ჩემი მოსაზრება, რომლებზეც მადლიერებას გამოვხატავდი, მაგრამ ამის განვრცობა შორს წაგვიყვანს. გული მტკივა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის დღევანდელი საქართველო არასტაბილურ, არაუსაფრთხო, არაპერსპექტიულ და უიმედო გარემოს შეგრძნებას ტოვებს. ამის დასტურია ყოველდღე გადინებული ხალხის მასა, დაკარგული შრომითი ძალა, ცოდნის კაპიტალი და ა.შ. რაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია.
- რამდენად ხშირად ახერხებთ სამშობლოში ჩამოსვლას?
- სამწუხაროდ, საერთოდ ვერ ვახერხებ. მაქვს ამის პირადი მიზეზებიც...
- ამერიკაში ქართველთან შეხვედრა არ გაგიკვირდებათ, ბევრნი არიან. თუ გაქვთ სხვა ემიგრანტებთან შეხვედრის, მათთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა?
- ქართული ემიგრაცია დღითი დღე იზრდება. რა თქმა უნდა, უამრავ ქართველთან მიწევს ურთიერთობა. რამდენიმე დავიმეგობრე კიდეც და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ისინი გავიცანი. ნიუ-იორკსა და პენსილვანიის შტატში ხშირად ეწყობა ღონისძიებები, ქართული საღამოები, რაც მახარებს.
- დაბოლოს, პირადად თქვენ და ზოგადად ემიგრანტებს რა გაკლიათ ან გენატრებათ შორეულ ამერიკაში; ქვეყანაში, სადაც ზოგიერთის აზრით, "ფული ხეზე იკრიფება"?
- პირველ რიგში, საყვარელი ადამიანები და მათთან ყოველდღიური ურთიერთობები მენატრება, შემდეგ კი საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭული, რომლის სილამაზეს და განსაკუთრებულობას არაფერი შეედრება. ასეა ემიგრანტების უმეტესი ნაწილისთვისაც, რაც უნდა კარგად ვცხოვრობდეთ საზღვარგარეთ, არის რაღაც, რომლის მონატრებას ვერავინ და ვერაფერი შეგვიცვლის.
ლიკა ქაჯაია