ხელით მოხატული სარკეები მინის დეკორატიული ქვებით
ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მხატვარი, დიზაინერი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი ანუკი ჩაკვეტაძე დაახლოებით 2010 წლიდან ლექციებს კითხულობს მოდის დიზაინის მიმართულებით. ბავშვობიდან ხატავდა და დიზაინერობაზე ოცნებობდა. მხატვარი მამის გვერდითაც შემოქმედებით პროცესს ადევნებდა თვალს, დადიოდა სამხატვრო სკოლაში, თოჯინებს კაბებს უკერავდა და უქსოვდა. როგორც დიზაინერს, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტში, გამოფენასა და ჩვენებაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ და ავტორია რამდენიმე სპექტაკლის კოსტუმებისაც. თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კოსტუმებიც მისი დიზაინის მიხედვით შეიქმნა. თუმცა, სამოსი არ ყოფილა ის თემა, რითაც დიზაინერის შემოქმედება გავიცანი. მისი ხელით მოხატული სარკეები ვიხილე და გადავწყვიტე, მათი ავტორი უკეთ გამეცნო.
- როგოც მივხვდი, დაახლოებით წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით მუშაობთ. მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემია დაიწყო, სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა ან რადიკალურად სხვა საქმე წამოიწყო, ან დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზაცია შეძლო. თქვენთანაც ასე მოხდა?
- დიახ, ზუსტად ასე მოხდა. დაახლოებით 1 წელი და 2 თვეა, რაც სარკეების მოხატვა დავიწყე. დიდხანს ვფიქრობდი, ჩემი შემოქმედება ბიზნესად მექცია, თუმცა ამის არც დრო მქონდა და არც გამოცდილება. მას შემდეგ, რაც პანდემიისას ლექციებმა ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა, ჩემი შემოქმედების განვითარებისთვის მეტი დრო დამრჩა. ბიძგი კი ერთმა ამბავმა მომცა: ჩემი მეუღლე ლაშა ფირფილაშვილი პროფესიით არქიტექტორია. მასთან ერთად ხშირად ვმუშაობ ინტერიერის დიზაინზე. ერთ-ერთი პროექტის დროს, დეკორატიული სარკე დაგვჭირდა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ვერ მოვიძიეთ. მაშინ გაჩნდა იდეა, ის თავად შემექმნა. მოხატული სარკე ინტერიერს ძალიან მოუხდა და დამკვეთის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მცირე დროის შემდეგ, პანდემია დაიწყო და სწორედ მაშინ დავიწყე დეკორატული სარკეების კეთება. ამ ეტაპზე ოჯახური ბიზნესია, თუმცა, მომავალში აუცილებლად გავფართოვდებით.
- წინასწარ ნახულობთ ინტერიერს, რომელსაც უნდა მოარგოთ სარკე, თუ უკვე მზა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
- მიყვარს, როცა ნივთები ურთიერთშეთანხმების შედეგად იქმნება. ვინაიდან ინტერიერის დიზაინზეც ვმუშაობ, წინასწარ ვნახულობ იმ კედელს, სადაც ფართის მფლობელს სარკის განთავსება სურს და ფერებსა და კომპოზიციას ვურჩევ. უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება, თუმცა, ზოგჯერ, როცა კონკრეტული ფერის ნივთი სურს ადამიანს, არ ვეწინააღმდეგები. რაც შეეხება მზა ნივთებს, ამ ეტაპზე ფიზიკურად დრო არ გვაქვს, ესეც შევთავაზოთ მომხმარებელს. თუმცა, სხვადასხვა დღესასწაულებისთვის, მაგალითად, ახალ წელს, აღდგომას, მცირე ზომის სარკეების სხვადასხვა ვერსიას ვამზადებთ და ვთავაზობთ ყველა მსურველს.
- მინის დეტალებსა და მასალაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა...
- ყველაფერი ხელით კეთდება. სარკის ჩარჩოზე ხატვა ძალიან სასიამოვნო, შემოქმედებითი პროცესია. ფორმები და კომპოზიცია მრავალფეროვანია, უმთავრესად აბსტრაქტული. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ქვეყანას. ამა თუ იმ ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერება ინსპირაციას მაძლევს, ახალი იდეებით ვიხუნძლები და შემდეგ ეს ყველაფერი ჩემს შემოქმედებაში აისახება. ჩარჩო ბუნებრივი ხეა, რომელიც აკრილის საღებავით იფარება და ვინაიდან ზოგი სარკეს სველ წერტილებშიც იყენებს, ზედაპირი ნესტგამძლე ლაქით მუშავდება.
სარკეების უმრავლესობა მინის დეკორატიული ქვებით ფორმდება, არც ერთი კომპოზიცია არ მეორდება და თითოეული უნიკალურია. სარკეების დასამზადებლად სპეციალურად გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, რომ ყველაფერი ყველა ნორმისა და წესის დაცვით ყოფილიყო. პირველად 6 სარკე შევქმენი და საოცარი რეზონანსი გამოიწვია. შეფასებებმა დიდი სტიმული მომცა. სამომავლოდ ინტერიერის სხვა აქსესუარები, ავეჯიც მინდა დავამატოთ და იმედია, მალე ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას.
ანა კალანდაძე