ზამთრის ოლიმპიადა და ნატურალიზებული ქართველები - გზაპრესი

ზამთრის ოლიმპიადა და ნატურალიზებული ქართველები

თითქოს გუშინ იყო, ქართველი სპორტსმენები წარმატებით რომ გამოვიდნენ ტოკიოს ზაფხულის XXXII თამაშებზე, და უკვე ზამთრის ოლიმპიადა მოგვადგა კარს. 4 თებერვალს პეკინში საზეიმოდ გაიხსნება ზამთრის XXIV ოლიმპიადა. სხვათა შორის, ჩინეთის დედაქალაქი პირველი იქნება, სადაც ზაფხულის ოლიმპიადის გარდა, ზამთრის თამაშებიც ჩატარდება. რა თქმა უნდა, ქართული სპორტის გულშემატკივრები განებივრებულები არ ვართ ზამთრის სახეობებში მიღწეული მეტ-ნაკლები წარმატებებით, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოს ეს პრესტიჟული ფორუმი მაინც საინტერესო იქნება ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია თითქმის 100 წლის წინ, 1924 წელს, პატარა ფრანგულ სოფელ შამონიდან იღებს სათავეს, თუმცა ზამთრის სახეობებში პირველი ოლიმპიური მედლები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1908 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე გათამაშდა. საქმე ის არის, რომ ძველბერძნული ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეის ავტორს, ფრანგ ბარონ პიერ დე კუბერტენს იმთავითვე უნდოდა, ზაფხულის თამაშების მსგავსად ზამთრის სახეობებშიც ჩაეტარებინა ოლიმპიადები, მაგრამ ამ ინიციატივას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავდა, კერძოდ - სკანდინავიის ქვეყნები - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ სწორედ ზამთრის სახეობებში ატარებდნენ ე.წ. ჩრდილოეთის თამაშებს და არცთუ უსაფუძვლოდ შიშობდნენ, რომ კუბერტენის ინიციატივა საფრთხეს შეუქმნიდა მათ ასპარეზობებს. საბოლოოდ სკანდინავიელების ვარაუდი გამართლდა კიდეც. მას შემდეგ, რაც შამონიში გამართული შეჯიბრებები საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებად აღიარა, შემდგომში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა "ჩრდილოეთის თამაშები" და არსებობაც შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, ზამთრის ოლიმპიადას კიდევ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვამ მოუწია. იყო პოზიტიური მომენტებიც და პირველ რიგში, ეს ითქმის შამონიზე, ამ პატარა ფრანგულ სოფელზე, რომელიც პირველივე ოლიმპიადის შემდეგ მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარული კურორტი გახდა და იქ დღესაც ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი ჩადის. სხვათა შორის, სწორედ შამონიში შედგა ლეგენდარული მოციგურავისა და კინოვარსკვლავის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნორვეგიელი სონია ჰენის ოლიმპიური დებიუტი. მაშინ ის 12 წლისაც კი არ იყო და ბუნებრივია, ვერც პრიზიორებში მოხვდა. სამაგიეროდ, შემდგომში ერთეულთა თანრიგში ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და დღემდე ერთადერთ ფიგურისტად რჩება, ვინც ამდენ ტიტულს დაეუფლა ერთეულთა თანრიგში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზამთრის ოლიმპიადების პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ თუკი პირველ თამაშებში სულ 16 ქვეყნის ათლეტები მონაწილეობდნენ, დღეს მათი რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მოიმატა მონაწილეთა და გასათამაშებელი მედლების კომპლექტების რაოდენობაც. 1924 წელს შამონიში დაახლოებით 300-მდე სპორტსმენი გამოვიდა ოლიმპიურ სტარტზე, წელს კი პეკინში 3 000-ზე მეტი ათლეტი იასპარეზებს, რომლებიც თავდაპირველი მედლების 16 კომპლექტის ნაცვლად, ამჯერად უკვე 109 ოქროს ჯილდოს გაითამაშებენ.

ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 1956 წლიდან მონაწილეობენ. იტალიურ კორტინა დ’ამპეცოში მაშინ კობა წაქაძემ იასპარეზა. იმ დროისთვის იგი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი იყო. საერთაშორისო შეჯიბრებებშიც ჰქონდა მიღებული გარკვეული გამოცდილება. ოთხი ტრამპლინის ერთ-ერთ ეტაპზე, გერმანიაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ავსტრიაში - მეორე შედეგი აჩვენა. თუმცა საბჭოური სკოლა სპორტის ამ სახეობაში დიდად არასდროს გამოირჩეოდა და წაქაძემაც საბოლოოდ, 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მოკრძალებული 30-ე ადგილით დაასრულა ოლიმპიადაზე გამოსვლა. ქართველი სპორტსმენი შემდგომში კიდევ სამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა და ორჯერ - 1960 წელს ამერიკულ სკვო-ველიში და 1972 წელს იაპონურ საპოროში მე-9 ადგილი დაიკავა. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა ჩვენი სპორტსმენებისთვის.

დამოუკიდებელი საქართველოს ათლეტები ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად 1994 წელს, ნორვეგიულ ლილეჰამერში გამოვიდნენ. პირველად სწორედ მაშინ ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები არანაკიან წელს. ამით სოკ-მა საგანგებოდ დააცილა ერთმანეთს ზაფხულისა და ზამთრის თამაშები, რათა ამ უკანასკნელისთვის მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საიალქნო სპორტში მსოფლიოს ჩემპიონმა და სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-მ, რომელმაც საზეიმოდ გახსნა ლილეჰამერის ზამთრის XVII თამაშები. გახსნის ცერემონიაში, ჩვენი მაშინდელი შინდისფერი ეროვნული დროშით, საქართველოს 5 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო შედეგს კახა ვახტანგიშვილმა და ლევან თიბილოვმა მიაღწიეს, რომლებმაც ორადგილიანი ციგებით სწრაფდაშვებაში მე-17 ადგილი დაიკავეს. საერთოდ კი დამოუკიდებლობის წლებში ზამთრის ოლიმპიადებში ყველაზე მაღალი ადგილი ფიგურულმა მოციგურავემ - ელენე გედევანიშვილმა დაიკავა, რომელიც 2006 წელს იტალიურ ტურინში უძლიერესთა ათეულში შევიდა.

ახლანდელ პეკინის ოლიმპიადაზეც, ქართველი სპორტსმენებისგან ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს სწორედ ფიგურული მოციგურავეებისგან ველით. ოღონდ ეგაა, ეს მიღწევები ქართული იქნება თუ რუსული, ამას ვერ გეტყვით. ალბათ უპრიანი იქნება ვთქვათ, ქართულ-რუსული, ვინაიდან საქართველოს ფიგურისტების გუნდის 6 წევრიდან არც ერთი არ არის საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ამდენად, ყველანი, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, ნატურალიზებული ქართველები არიან.

სიმართლე გითხრათ, მე არც რუსი სპორტსმენების წინააღმდეგი ვარ და არც რუსეთში თუ სხვაგან დაბადებულ-დაოსტატებული ქართველებისაც. კარგად მესმის, რომ ეს ცხოვრებამ და ჩვენივე წინდაუხედაობამ მოიტანა. ექვს ათეულ წელზე მეტია, რაც თბილისში მეტ-ნაკლებად სტანდარტული ზომების ყინულის სასახლის მშენებლობაზე საუბარი მესმის, სადაც ფიგურული სრიალის ოსტატებს ხეირიანი ვარჯიშის საშუალება ექნებოდათ და დღემდე საქართველოში ასეთი სასახლე მაინც არ გვაქვს. ფიგურული სრიალის ჩვენმა ფედერაციამაც შესაბამისი გამოსავალი იპოვა, რუსეთიდან ჩამოიყვანა იქ აღზრდილი სპორტსმენები, მათ შორის ქართველი ფიგურისტებიც. ჩემი გულისტკივილიც სწორედ ეგ არის. ჩვეულებრივ, და ამას უკვე კარგა ხანია შევეჩვიეთ კიდეც, ჩვენგან მიჰყავთ პერსპექტიული ათლეტები: მოჭიდავეები, ფეხბურთელები, ძიუდოისტები თუ კალათბურთელები, ზოგი მათგანი მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონიც ხდება, ფიგურულ სრიალში კი პირიქით, უცხო ქვეყნიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ოლიმპიადის მონაწილეები. საკითხავია, რატომ? თუკი ყაზახეთში, შუა აზიის იმ ერთობ საშუალო დონის ქვეყანაში, ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეძლეს და ააშენეს ახლა უკვე საქვეყნოდ ცნობილი "მედეოს" სტადიონი, საქართველოში რატომ არ შეიძლებოდა მოგვეწყო მსგავსი ყინულის არენა?..

fafe1eb34762a8324ed6ddca68aa7487-1643616308.jpg

ყინულის დარბაზის თემას გავაგრძელებ და სტაჟიან გულშემატკივრებს შევახსენებ, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ჰოკეისაც თამაშობდნენ და, ასე განსაჯეთ, ერთი-ორჯერ, რესპუბლიკის ჩემპიონატიც კი ჩაატარეს. ვისაც ჰოკეი საკუთარი თვალით უშუალოდ ყინულის სასახლეში უნახავს, ალბათ ჩემსავით უფიქრია, რომ ეს ვაჟკაცური სპორტის სახეობაა და ქართველების ხასიათშიც ჯდება. ყოველ შემთხვევაში, ბალახის ჰოკეიზე გაცილებით აზარტული და საინტერესო სანახაობაა და მას, სხვათა შორის, რუსეთის გარდა, აშშ-სა და კანადაშიც (NHL-შიც) თამაშობენ.

ვიცი, ძირითად თემას ცოტა გადავუხვიე, მაგრამ იმედი მაქვს, მომიტევებთ, სათქმელი უნდა მეთქვა. ეგებ შესაბამისი სამინისტროს რომელიმე ჩინოსანმა თვალი მოკრას ამ სტატიას და სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისთვისაც გამოიღოს ხელი, რომ მომავალში მაინც რუსების იმედად არ ვიყოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტსმენები, ფიგურული სრიალის გარდა, სამთო-სათხილამურო ტრასებზეც გამოვლენ და ციგებით სწრაფდაშვებაშიც იასპარეზებენ. ამ თამაშებში ჩვენი დელეგაცია 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და იმედია, ისინი იმაზე უკეთეს შედეგებს მიაღწევენ, ვიდრე მათი წინამორბედები.

გოგი ფრანგიშვილი