ვინ არის "ბერიკების" ავტორი და რა ერქვა თავდაპირველად ქანდაკებას - გზაპრესი

ვინ არის "ბერიკების" ავტორი და რა ერქვა თავდაპირველად ქანდაკებას

იმ დღეს სამი ლოკაცია გვქონდა. ინტერვიუზე რომ შევთანხმდი, თავდაპირველად შეხვედრა კონკის მიმდებარედ, "ბერიკებთან" დავთქვით. გასული საუკუნის 80-იან წლებში აქ თითქმის არაფერი იყო და მხოლოდ წრეში დარგული ყვავილები ხარობდა სეზონურად...

რეჟისორ ალექსანდრე ნინუას ფილმში "კედელი" ერთგან ეს მონაკვეთი კარგად ჩანს იმ პირველადი სახით, როცა ამ ადგილას ქანდაკება არ იდგა. იმ დღეს ჩემი გიდი "ბერიკების" მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძე იყო, რომელმაც წლების შემდეგ ძეგლის შექმნის ამბავს დეტალურად მომიყვა. ბატონ ავთოსთან საუბრისას საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარი დედაქალაქის ისტორიის რამდენიმე საინტერესო დეტალი შევიტყვე. მოქანდაკე ახლახან, 20 იანვარს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა...

გზა სამხატვრო აკადემიამდე

"ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, ხატვის შესწავლაში დედამ შემიწყო ხელი და მეოთხე კლასიდან ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში შემიყვანა. ნაძალადევის, ყოფილი ლენინის რაიონში ვცხოვრობდით. ორ ტრამვაის ვიცვლიდი, რომ შინიდან ქუჩიშვილის ქუჩაზე სამხატვრო სასწავლებელში მივსულიყავი და შინაც იმავე გზით ვბრუნდებოდი. მინდოდა, ფერმწერი გავმხდარიყავი, მაგრამ იმ წელს აკადემიაში მხოლოდ ხუთ ადამიანს იღებდნენ და ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ ქანდაკების ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მომდევნო წლიდან ფერწერის ფაკულტეტზე გადავსულიყავი. ასეც მოხდა, მაგრამ პირველსავე წელს ქანდაკებამ გამიტაცა და ფაკულტეტი აღარ გამომიცვლია. თუმცა, ფერწერა დღესაც ძალიან მიყვარს".

6-1643616510.jpg

როგორ იქცა "ჭიაკოკონობა" "ბერიკებად"

"ბერიკები" იყო ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც დაიდგა. მაშინ 33 წლის ვიყავი. იმ პერიოდში ახალგაზრდებს იშვიათად ადგმევინებდნენ ძეგლს. სულ რამდენიმე ადამიანი იყო ასეთი: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი და გოგი ოჩიაური.

ქანდაკებაში 2 მეტრისა და რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის ოთხი ქალისა და ოთხი მამაკაცის ფიგურაა. მოგვიანებით ჯანო კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, "მუზის დაბადებაც" გავაკეთე, შენობის გარეთ და ვესტიბიულის პირველ-მეორე სართულზეც ჩემი ნამუშევრებია. ასევე მეკუთვნის ვარკეთილის მეტროსთან არსებული კომპოზიცია, საქართველოს რეგიონებშიც მაქვს რამდენიმე ძეგლი დადგმული...

ისევ "ბერიკებს" მივუბრუნდები. მინდა გითხრათ, რომ ნამუშევრისთვის ასე არ დამირქმევია. საბუთებში ეს სახელწოდება ჩაიწერა და ხალხმაც ასე აიტაცა. ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო რესტორანი "ბერიკონი" და ამ ქანდაკებასაც "ბერიკები" დაარქვეს. ამ ნამუშევრამდე გაკეთებული მქონდა სამფიგურიანი კომპოზიცია "ბერიკაობა", რომელიც აკადემიის დამთავრებისას შევქმენი. ის 1974 წელს საკავშირო გამოფენაზე ლენინგრადში (პეტერბურგში) გამოიფინა, რომლისთვისაც მედალი გადმომცეს. მაღალ დონეზე შეფასდა და მალევე გადაწყდა, რომ ჩემი სადიპლომო ნამუშევარი თელავის თეატრის წინ დაედგათ, მაგრამ იმ პერიოდში თბილისის ოპერის შენობა დაიწვა და ყველა კულტურულ დაწესებულებას დაფინანსება შეუწყდა. ძალების მობილიზება ოპერისკენ მოხდა და შესაბამისად, ჩემს სადიპლომი ნამუშევართან დაკავშირებული ჩანაფიქრიც ვეღარ განხორციელდა.

მოგვიანებით კომპოზიცია, რომელსაც "ბერიკებს" ვეძახით, თბილისობისთვის შემიკვეთეს. ეს ჩემი ასპირანტურის სადიპლომი ნამუშევარია და ესკიზი ვალერიან თოფურიძესთან შევასრულე. მისი სურვილი იყო, ნამუშევარი თბილისში განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ მოესწრო თავისი მოსწავლის ძეგლის დადგმას.

იმ პერიოდში საკავშირო სამხატვრო აკადემიის დაქვემდებარების ქვეშ, თბილისში ქანდაკების, ფერწერისა და გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოები არსებობდა. სამ წელიწადში ერთხელ შემოქმედებითი სახელოსნოების დათვალიერება ცისფერ გალერეაში, გამოფენების სახით ხდებოდა. გალერეის დირექტორი მიხეილ ყიფიანი გახლდათ. მაშინ გამოფენა ჯერ უნდა ენახათ "ცეკას" წარმომადგენლებს და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ შენობაში სხვა დამთვალიერებელს. ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენ, ახალგაზრდა მხატვრები გალერიის წინ ვიყავით შეკრებილები, როცა მიხეილ ყიფიანი გამოვიდა და მითხრა, "ცეკას" ხალხმა შენი ნამუშევარი მოიწონა. ითქვა, თუ მხატვარი თანახმა იქნება, ეს ქანდაკება თბილისში განვახორციელოთო. ძალიან გამიხარდა, ამის შესაძლებლობა რომ მომეცა, თან რვაფიგურიანი ნამუშევრის დადგმა დამევალა.

1980 წელს პირველი თბილისობა ჩატარდა. 1981 წლის პროგრამაში კი უკვე ჩემი ქანდაკების გახსნა ჩასვეს. ქანდაკების სისრულეში მოყვანამდე ცოტა დრო მქონდა. გაფრთხილებული ვიყავი, თუ ქანდაკების გაკეთება დაგვიანდებოდა, მაშინ აღარ დაიდგმებოდა. ამიტომ სამი თვე დღე და ღამე ვმუშაობდი, სიცივეში, ყინვაში...

ქანდაკების დასადგმელად ბავშვთა გალერიის წინ მიმდებარე ტერიტორია შოთა ყავლაშვილმა შეარჩია, რომელიც მაშინ თბილისის მთავარი არქიტექტორი და XX საუკუნის 70-იან წლებში განხორციელებული ძველი თბილისის სარეკონსტუქციო პროექტის ავტორი გახლდათ. მაშინ ის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რესტავრაციაზე მუშაობდა და პროექტში ეს ადგილი ჩემი ქანდაკებისთვის ჰქონდა მონიშნული. შემდეგ მუშაობაში არქიტექტორი გია ჯამბერიძე ჩაერთო და პროექტიც განხორციელდა. და იცით, თავიდან რა ერქვა მას?! "ჭიაკოკონობა" დავარქვი.

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ წარმოშობით ქართლიდან, სოფელ კავთისხევიდან ვარ. პატარაობაში სოფელში რომ ჩავდიოდი, ცეცხლს ვანთებდით, კოცონის გარშემო ვცეკვავდით და ვთამაშობდით. ეს სახელწოდებაც სწორედ იმ პერიოდიდან მქონდა შერჩეული...

ფიგურების შუაგულში ცეცხლიც უნდა ყოფილიყო. მისი იმიტაციის შესაქმნელად, ქვევიდან განათება უნდა დამონტაჟებულიყო, მაგრამ მაშინ ამის საშუალება არ იყო. ფიგურების წრის გარშემო მოკირწყვლაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ რახან ნამუშევარი თბილისობისთვის ვერ მოესწრებოდა, წინა დღეს ბალახებით დაფარული ბელტები მოიტანეს და ირგვლივ შემოაწყვეს.

"ბერიკები" რომ გაიხსნა, შევარდნაძე და ლიგაჩოვი (საკავშირო ცეკას მდივანი. - რედ.) მოვიდნენ. ხელოსნები დარბოდნენ და მეძებდნენ, ამ დროს მე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ ვიდექი. ასეთ დროს ყოველთვის მორიდებით ვარ ხოლმე..."

2-1643616522.jpg

"ქანდაკება ეკუთვნის ხალხს და არა მტრედებსა და ყვავებს"

"სხვადასხვა ქვეყანაში ქანდაკებებს სულ ვაკვირდები. მგონია, ქანდაკება ეკუთვნის ხალხს და არა მტრედებსა და ყვავებს. წარმოიდგინეთ, როგორი შედევრები დგას პედესტალებზე და ამ დროს იქ მტრედების ბუდეა, ზამთარში ზედ ყვავები სხდებიან. რაც უფრო დაბლაა ნამუშევარი, მით უფრო კარგია. ადამიანს ქანდაკებასთან ისეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, როგორიც ცოცხალ არსებასთან. რამდენჯერაც "ბერიკებთან" გავივლიდი, ქანდაკებებზე სულ ბავშვები დაცოცავდნენ და ფიგურები გაპრიალებულია... ამ კომპოზიციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლამდე, ერთხელ მოსკოვიდან დამირეკეს. კანადის თავდაცვის მინისტრს თბილისში ყოფნისას რომელიღაც რუსულ ჟურნალში "ბერიკაობის" ფოტო უნახავს. იმ პერიოდში ის უკვე პენსიაზე იყო, მოსწონებია და სურვილი გამოუთქვამს, ტორონტოში საკუთარი თანხით დაედგა ასეთივე ფიგურები. ამ წინადადებაზე უარი არ მითქვამს, ერთი და იგივეს ვერ გავიმეორებ, მაგრამ მსგავსი კონსტრუქციის მიხედვით სხვა ფიგურები გავაკეთე. ძეგლის გახსნაზე ქართველი მომღერლებიც უნდა მიეწვიათ, მაგრამ შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს გეგმაც აღარ განხორციელებულა..."

კონკიდან გეზი რიყის პარკისკენ ავიღეთ. იქ ამერიკის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი 2011 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა:

"რამდენიმე მოქანდაკეს რეიგანის ძეგლის ესკიზის გაკეთება დაავალეს და ერთგვარი შიდა კონკურსი მოეწყო. გადავწყვიტე, ხანში შესული პრეზიდენტი ახალგახსნილ პარკში სკამზე ჩამომჯდარი ყოფილიყო. ესკიზებისა და პლასტელინში გაკეთებული ფიგურის ფოტოების წარდგენის შემდეგ მითხრეს, რომ ყველაზე მეტად სკამზე ჩამომჯდარი რეიგანის ქანდაკების იდეა მოსწონებიათ, რომლის გვერდითაც მსურველები ფოტოების გადაღებას შეძლებდნენ. მუშაობას შევუდექი... ქანდაკება ბრინჯაოში მამა-შვილმა - ოლეგ და პაატა გელაშვილებმა ჩამოასხეს, ხოლო არქიტექტორი მარინა მაისურაძეა..."

დაბოლოს, სახელოსნო...

რიყის პარკიდან სახელოსნოში გადავინაცვლეთ, სადაც მოქანდაკე დღის უმთავრეს ნაწილს ატარებდა. ფანჯრის რაფასა და თაროებზე პატარა თაბაშირის ფიგურები ეწყო. რამდენიმე მათგანის ბრინჯაოში ჩამოსხმა ჰქონდა გეგმაში. სხვადასხვა სქესის, ასაკისა და სოციალური ფენის ადამიანთა ფიგურებს შორის ქართული ტიპაჟებიც იყო და - არა მხოლოდ:

"ჩემს ყველა კომპოზიციაში ფიგურებია. სახეებს წარმოდგენით ვქმნი და მერე, როცა ფიგურებს ვუყურებ, მინდა, მელაპარაკებოდნენ, მეთამაშებოდნენ, სხვადასხვა საკრავზე უკრავდნენ, მე კი ვიჯდე და ვუსმენდე. ადამიანების გარეშე არ შემიძლია", - თქვა ღიმილით.

დამშვიდობებისას მითხრა, მინდა, შენი ქანდაკება გავაკეთო და როცა მოიცლი ხოლმე, სახელოსნოში შემომიარეო. მისმა წინადადებამ კი გამახარა, მაგრამ შეწუხება მომერიდა და არ მივსულვარ. გული მწყდება, თუმცა, რაღა დროს?!

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ავთანდილ მონასელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ანა კალანდაძე