"პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ და გემოვნებით შეიმოსონ" - გზაპრესი

"პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ და გემოვნებით შეიმოსონ"

"ხშირ შემთხვევაში ტელეწამყვანების ჩაცმულობა საერთოდ არ მომწონს! ვთვლი, რომ ძალიან სწორია, ტელეწამყვანის სტილზე დიზაინერმა იმუშაოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირad, საინფორმაციოს წამყვანებს ისე აცვიათ, ვერ ვიგებ, დილის წამყვანია თუ დაბადების დღეზე მიდის გადაცემის შემდეგ", - ამბობს დიზაინერი, მოდელი, ტელერადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელიც გვარების დასახელებასაც არ ერიდება...

- ადამიანს რომ დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს, გავლენას ბევრი რამ ახდენს, პირველ რიგში, ოჯახი და გარემოცვა. მაგრამ დღეს დახვეწილი გემოვნების ჩამოყალიბებისთვის ინტერნეტის საშუალებით ათასნაირ პლატფორმაზეა წვდომა...

- არ თვლით, რომ კარგი გემოვნება თანდაყოლილი ნიჭია?

- თანდაყოლილი ნიჭი არის თუ არა, ნამდვილად არ ვიცი... ვთქვათ, კოკო შანელის შემთხვევა ავიღოთ, ეს იგივეა, როგორც დღეს - დემნა გვასალიაა მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც 90-იანების სამოსი "გაისროლა". ეს სამოსი არ იცის მსოფლიომ, მათთვის ახალი და განსხვავებულია. შეიძლება კოკო შანელიც ის ადამიანი იყო, რომელმაც პირველმა გაისროლა და ეს გასროლა ხალხმა აიტაცა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დახვეწილი გემოვნება მაინცდამაინც თანდაყოლილი ნიჭია, უფრო - სწორ დროს, სწორ ადგილზე გამოჩენილი საშუალებაა.

- როგორ ქვეყნებში გიყვართ მოგზაურობა?

- ვერ გეტყვით, რომ არჩევანს კონკრეტული ჩამონათვალიდან ვაკეთებ. უფრო იმის მიხედვით ვირჩევ, თუ რისი ნახვა მინდა იმ პერიოდში. პირველად 16 წლისა სტამბოლს ვეწვიე. ამ მოგზაურობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან საქართველო იმ პერიოდში სრულიად ჩაბნელებული და განადგურებული იყო. დამხვდა მეგაქალაქი, რომელიც საქართველოზე ასჯერ განვითარებული გახლდათ. ყველაფერი შედარებითია და დღეს სტამბოლი სხვა ქალაქებს რომ შევადაროთ, შეიძლება "დაიჩაგროს", მაგრამ იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან გავედი, დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და იმდენად შემიყვარდა, უკვე ცამეტჯერ ვარ ნამყოფი...

სტამბოლის შემდეგ ვეწვიე პრაღას, პარიზს... ვიყავი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი კიდეც ამერიკაში. შემდეგ დუბაიsa და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ვიცხოვრე რაღაც პერიოდი. ამ ყველაფრის მერე პანდემია დაიწყო და ჩავიკეტეთ, თორემ იტალიაში ვაპირებდით წასვლას.

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძი გემოვნების მქონე?

- ქალბატონებიდან მისაბაძად გემოვნებიანი არიან: ნინო ცქიტიშვილი, თაკო ჩხეიძე, მაკა ასათიანი. ყოველთვის ლამაზად ჩაცმულია თეონა თავართქილაძე, ფრანგი ქალის ჩაცმულობის შთაბეჭდილებას მიტოვებს. უფროსი თაობიდან - ნანი ბრეგვაძე. ახალგაზრდა თაობიდან ბევრია გემოვნებიანად ჩაცმული, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მათი სახელები და გვარები სულ მავიწყდება.

- ამბობენ, რომ ქართველი მამაკაცები ადრე უფრო გაბედულად და თანამედროვედ იმოსებოდნენ...

- ალბათ იმიტომ, რომ მოდის ტენდენციებმა თავისი ქნა. მთელ მსოფლიოში ასეა - მოდამ თავისი ხაზი დატოვა, რომლის გავლენასაც, გინდა თუ არა, მაინც მიhყვები. რაც ტრენდულია, ის ნივთი უნდა იყიდო, ხელში გეჭიროს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ასე გამოდის, რომ ამ ყველაფრის მონაა უკვე ადამიანი.

საქართველოში კარგად ჩაცმულ მამაკაცებში დავასახელებ ირაკლი მაქაცარიას. გამორჩეულია ავთანდილ ცქვიტინიძე, მაგრამ დიზაინერია და უნდა ეცვას კიდეც კარგად.

- კახა კალაძე, გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი)?..

- კახა კალაძე ნამდვილად გამოირჩევა გემოვნებიანი ჩაცმულობით... უცნობის ჩაცმულობა მე არ მომწონს, რადგან მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბნელი 90-იანების თბილისიდან ვერ გამოვედით.

img-7795-1643884362.jpeg

- რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ?

- არც ერთი პოლიტიკოსის ჩაცმულობა არ მომწონს, პირიქით - გასაკრიტიკებელია! ქართველი პოლიტიკოსები ვერ მიხვდნენ, რომ მათთვის ცალკე დრესკოდია, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო, არის და იქნება: ეს არის კლასიკური სამოსი და არა ის, რაც მათ აცვიათ, ჯამბაზებივით. ტელევიზიით, პოლიტიკურ გადაცემებს თუ ვუყურებ, ვერ ვიგებ, პოლიტიკოსები არიან თუ რესტორნიდან გამოსული გამძღარი ადამიანები... ყოვლად დაუშვებელია, წვერი არ გაიპარსონ და ისე გამოვიდნენ. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ! სწორედ ამ დამოკიდებულებით უდგებიან საქმიანობას და იქაც იგივე მდგომარეობაა. ყველაფერი პატარა საფეხურებიდან იწყება და მერე პასუხისმგებლობაც იზრდება. არ შეიძლება, პოლიტიკოსს მოუწესრიგებელს ვხედავდეთ!

- ბევრს ნინო ბურჯანაძისა და ეკა ტიკარაძის გემოვნება მოსწონს...

- ჩვენ ახლა ზოგადად ვსაუბრობთ და არა გამონაკლისებზე... ნინო ბურჯანაძეს ოჯახიშვილობა, გარემოცვა და განათლება არ აკლია. როგორც პოლიტიკოსს, ძალიან სწორად აცვია, მაგრამ ამას ვერ ჩავუთვლით მაღალ გემოვნებასა და მოდაში. რაც შეეხება ეკა ტიკარაძეს, ის ჩემი მეგობრების მეგობარი აღმოჩნდა, ცოტა მერიდებოდა, იმდენი ვიხუმრე ამ ქალბატონზე... არ ვთვლი, რომ მას ოდესმე სწორად ეცვა ან ვარცხნილობა ჰქონდა კარგად შერჩეული.

- ტელეწამყვანებს რამდენად გემოვნებიანად აცვიათ?

- ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ხშირ შემთხვევაში, ტელეწამყვანების ჩაცმულობა საერთოდ არ მომწონს. ტელეწამყვანის სტილზე დიზაინერმა უნდა იმუშაოს, რათა ისე არ ჩაიცვას, როგორც მოესურვება. უმეტესობას არასწორი ვარცხნილობა და მაკიაჟი აქვს. მადლობა ღმერთს, სახის კანის მოვლა დაიწყეს. ადრე ეს პრობლემაც იყო და როდესაც ამაზე ვსაუბრობდი, ბევრჯერ არასწორად ქვა მომხვდა... არაერთ მოუწესრიგებელ ტელეწამყვანს ვხედავ ეკრანზე.

საბედნიეროდ კარგებიც არიან... მაგალითად, მუდამ მოწესრიგებულია ია ფარულავა. ძალიან კარგად აცმევდა მაია ასათიანს ავთო ცქვიტინიძე და ა.შ.

- უფროსი თაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ დღეს თბილისური მოდა, სტილი დაიკარგა...

- არაფერიც არ დაკარგულა, უბრალოდ, თბილისი განვითარდა. უფროსი თაობის წარმომადგენლები ცდილობენ, ახალგაზრდა თაობა თავიანთ დროსა და გემოვნებაში მოაქციონ, ყველა მიმართულებით. სანამ ახალგაზრდა თაობას გასაქანს არ მივცემთ, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ისე ჩაიცვან, როგორც უნდათ... არ სურთ, ჩაიცვან ის სამოსი, რომელსაც გაურკვეველი ფორმა აქვს, - შავი სამოსი, რომელსაც მთელი თბილისი ატარებდა და უფროსი თაობა დღემდე ატარებს. ახალგაზრდებi უპირატესობას უფრო კომფორტულ და ნორმალური ღირებულების სამოსს ანიჭებენ. ჩაცმულობაში თავისუფლებას გამოხატავენ და მოდი, ყველას მივცეთ საშუალება, საუკეთესო წლები ისე გაიარონ, როგორც სურთ! მთავარია, ადამიანმა ის არ ჩაიდინოს, რითაც სხვას დააზარალებს. იყო პერიოდი, როცა ორი საყურე მეკეთა, არაერთი განსხვავებული სამოსი მეცვა და თმასაც ვიღებავდი. ხალხი ძალიან აგრესიულად მიყურებდა, მაგრამ ისე მსურდა ყოფნა... ახლანდელი და მაშინდელი გიორგი რომ შევადაროთ, ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანია.

უფროსი თაობა ვერ გამოვიდა იმ ცხოვრებიდან, რაც მას ჰქონდა: ზოგს საბჭოთა კავშირი ენატრება, ზოგსაც - ქუჩური ცხოვრება. დაგვანებონ, რა, თავი!

- დღეს ჩვენში ძალიან მძიმე ფონია. ასეთ ვითარებაში რამდენად შეიძლება, ადამიანები გემოვნებიანად და მოვლილად გამოიყურებოდნენ?

- სულ ვბრაზდები და ვჩხუბობ - რომ ელემენტარული ჰიგიენისთვის არანაირი ფული საჭირო არ არის! ადამიანები ყოველთვის იბანდნენ ხელებს, ტანს და დეზოდორანტი თუ არ იყო, სოდას იყენებდნენ... თუ სუფთად ყოფნა გინდა, ეს ძალიან ადვილია. წყალი და საპონი ყველგან არის და თუ ძვირად ღირებულ სუნამოს არ დაისხამს, ამის გამო არავინ გაჰკიცხავს. რაც შეეხება გემოვნებიან შემოსვას, თუ გემოვნება არ გაქვს, ამისთვის არაერთი აპლიკაცია არსებობს, სადაც სხვადასხვა ბლოგერი უამრავ რჩევას იძლევა. ვიღაცას შეიძლება ივ სენ ლორანის პერანგი ეცვას, ცისფერი ან შავი. გასაგებია, ივ სენ ლორანის პერანგს ვერ ვიყიდით, მაგრამ იმავე ფერის პერანგის ყიდვა ხომ შეგვიძლია იაფად ან "მეორადებში"?!

- თავად იძენთ "მეორადებში" სამოსს?

- რა თქმა უნდა. როდესაც რამე განსხვავებულის და საინტერესოს შეძენა მინდა, "მეორადებში" მივდივარ. იქ ზოგჯერ შარვალს ვიღებ და მერე ჩემს მკერავთან ისე გადავაკეთებ, როგორც მსურს. დღეს ჩემი ჩაცმულობა უფრო ჩვეულებრივი, ჩემი გადმოსახედიდან გემოვნებით შერჩეულია. ნებისმიერს შეუძლია ჩემს "ინსტაგრამგვერდზე" გადავიდეს და ნახოს. ჩემს გარდერობშია ძვირად ღირებულიც, საშუალოფასიანიც და "მეორადიც". "მეორადებში" კარგი რამეები შეგიძლია აღმოაჩინო. მაგალითად, "ორბორტიანი" პიჯაკები თბილისის ბაზარზე ძალიან რთული სანახავია, "მეორადებში" კი კარგი ხარისხისას მისაღებ ფასში შეიძენ. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, - გიო, რატომ ამბობ, "მეორადებში" რომ ყიდულობო?.. მე მინდა, ხალხმა დაინახოს, გემოვნებიან ჩაცმას დიდი თანხები არ სჭირდება... ხანდახან არის შემთხვევა, სამოსი მაცვია, რომელიც ყველას მოსწონს და ყველა მეკითხება, სად იყიდეო? არავინ იჯერებს, რომ "მეორადებში" შეძენილი შარვალი შეიძლება იყოს, რომელშიც ოთხი ლარი გადავიხადე...

ადრე დალი ჩიტალაძეს ძალიან კარგი გადაცემა ჰქონდა, სადაც ხალხს უჩვენებდა, მინიმალური თანხებით როგორ შეეძლოთ, კარგად შემოსილიყვნენ. როგორც უკვე ვთქვი, ოჯახი და გარემოცვა დახვეწილ გემოვნებას გიყალიბებს, მაგრამ თუ გარემოცვას შეცვლი, გემოვნებაზეც იმოქმედებს. ამიტომაც აუცილებლად სწორი გარემოცვა უნდა ვიპოვოთ, სადაც კიდევ უფრო განვვითარდებით.

მანანა გაბრიჭიძე