"ჭრიჭინასავით ვარ, პატარ-პატარა მიზნები სულ მქონდა" - გზაპრესი

"ჭრიჭინასავით ვარ, პატარ-პატარა მიზნები სულ მქონდა"

ქართველი მუსიკოსი მარიამ ქირია მთელმა ქვეყანამ შეიყვარა. გოგონა სოციალურ ქსელში პანდემიის დროს გამოჩნდა და რამდენიმე ხმაში შესრულებულ მის ორიგინალურ ვიდეოებს უამრავი მსმენელი ჰყავს. მას "ტკბილხმიანი მუსიკოსიც" კი შეარქვეს. ხშირად ბევრი ცნობილი ადამიანი აზიარებს მარიამის ინტერპრეტაციით შესრულებულ ცნობილ სიმღერებს.

მუსიკოსი წლებია გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულია. მეგობრებთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა. როგორც თავად ამბობს, გერმანელებს ძალიან მოსწონთ ქართული სიმღერები და ამიტომაც, ყოველთვის სავსეა დარბაზი, აპლოდისმენტები და ოვაციებიც არ წყდება.

- თბილისში გავიზარდე. მუსიკას დედამ მაზიარა - ორსულობის დროს მუცლად მყოფებს სულ გვიმღეროდა და თვლის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წლინახევრის ვიყავი, ჯერ ლაპარაკიც არ შემეძლო, მე და დედაჩემი ერთად რომ ვმღეროდით. დედა თურმე მეორე ხმაში "გამეპარა", მე დავრჩი ისევ პირველში, მაშინ დიდი ამბავი ატეხა, მეზობლებსაც მოასმენინა. არავის სჯეროდა, მაგრამ ჩემებმა მაშინ შეამჩნიეს, რომ მუსიკალური ვიყავი. მოგვიანებით დედა, ჩემი ძმა და მე სამ ხმაში სულ ვმღეროდით. 10 წლით უფროსი და მყავს, იმ წლებში ის არ იყო საქართველოში, გერმანიაში გახლდათ. უშუქობისა და უგაზობის წლებში ვისხედით ბინაში "კერასინკასთან" და სანთლის შუქზე ვმღეროდით. ასე "ფერადად" გავატარეთ მთელი ბავშვობა. ყოველთვის მქონდა მუსიკასთან შეხება, დავდიოდი ფორტეპიანოზე, ოპერაში ბავშვთა გუნდში, ვიოლინოზე, სიმღერაზე. გერმანულ ვალდორფის სკოლაში შეგვიყვანეს მე და ჩემი ძმა. იქ დიდი აქცენტია გაკეთებული შემოქმედებით მხარეზე, ხელოვნებაზე და იქაც მუსიკასთან, ინსტრუმენტებთან მქონდა შეხება.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს წავედი გერმანიაში და მალევე აღმოვაჩინე მუსიკალური უმაღლესი სასწავლებელი. ძალიან მინდოდა, იქ ჩამებარებინა, მალევე იყო მისაღები გამოცდები. სერიოზულად უნდა მოემზადო ასეთ დროს მუსიკის თეორიაში, მაგრამ მოსამზადებლად დრო აღარ მქონდა. არც ის ვიცოდი, როგორ უნდა მოვმზადებულიყავი, ძალიან მიამიტი ბავშვი ჩამოვედი საქართველოდან, 19 წლის ასაკში. დავადე თავი და ასე მოუმზადებლად გადავწყვიტე, გამოცდები ჩამებარებინა. მივედი გამოცდაზე და დავუკარი ფორტეპიანოზე. მეორე საგანი აირჩიეო, რომ მითხრეს, ვოკალი-მეთქი, ვუპასუხე. ალბათ ეგონათ, ვიმღერებდი მოცარტს ან სხვა კლასიკას შევასრულებდი. როგორც წესი, მიგაქვს ნოტები, უნდა თქვა, რას იმღერებ, დაგიჯდება კომისიის წევრი, გაგიწევენ აკომპანემენტს და უნდა იმღერო. ბუნებრივია, ასეთ რამეს ელოდნენ ჩემგან. რომ მკითხეს, რას იმღერებო? ვუპასუხე, ქართულ სიმღერას-მეთქი. გაოცდნენ. ფილმში "თოჯინები იცინიან" რომ არის, "თოლიას" ვიმღერებო, და ყველას გაოცებული სახე აქვს, ეს სცენა იყო.

- რა იმღერეთ?

- "ხარება და გოგიას" ვიმღერებ-მეთქი. ისიც ვუთხარი, ქართული სიმღერები ერთ ხმაში არ იმღერება და კომისიის წევრებს გთხოვთ, გამიწიოთ თანხლება-მეთქი. ბანი თქვენ მომეცით, - მივმართე ერთ წევრს, მერე სხვებსაც და რომ ვმღეროდი, თან ხელით ვაჩვენებდი, როგორ უნდა მოეცათ ბანი, ზემოთ აეწიათ თუ ქვემოთ ჩაეწიათ. აი, ასე, აკომპანემენტი ანუ თანხლება გავაკეთებინე კომისიის წევრებს. აღფრთოვანებულები და გაოცებულები იყვნენ, ასეთ რამეს არავინ ელოდა. წესით, გამოცდის შემდეგ ელფოსტით უნდა მიმეღო შეტყობინება, ჩავირიცხე თუ არა, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და იქვე მითხრეს, რომ ჩარიცხული ვიყავი და დოკუმენტიც გადმომცეს. მიუხედავად იმისა, რომ თეორიასა და სხვა საგნებში არ ვიყავი ისე კარგად მომზადებული, როგორც სხვა სტუდენტები იქნებოდნენ, იმდენად ორიგინალური იყო ეს ყველაფერი, რომ ჩავირიცხე. ახლა რომ მითხრას ვინმემ, იგივე გააკეთეო, ვერც გავბედავ ასეთ რამეს, მაგრამ როცა პატარა ხარ, არაფრის გეშინია, სხვანაირი თავდაჯერებულობა გაქვს.

- 19 წლის გოგონასთვის უცხო ქვეყანაში ასეთი თამამი ნაბიჯი ალბათ, გარკვეულწილად სკოლის დამსახურებაც იყო.

- ვალდორფის სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურ გზაზე იდგეს. რაც სჭირდება, იმაში ავითარებენ და შეგრძნება გაქვს, ასეთი რომ ხარ, ეს არის სწორი. შინაგანი სიმშვიდე გიყალიბდება და ეს ძალიან დამეხმარა. ახლაც სულ ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება იყო, იმ სკოლაში რომ შემიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა სკოლის ბავშვები დაგვცინონდნენ, მათ არ ესმოდათ ჩვენი არაორდინალური ვალდორფული სასკოლო პროგრამა. ჩემი მშობლები ამ სკოლის დამფუძნებლებთან მეგობრობდნენ და მისი გახსნის ლოდინში ერთი წლით გვიან შეგვიყვანეს. გერმანულიც კარგად ვიცოდი, ალბათ ამანაც განაპირობა გერმანიაში ჩემი სითამამეც... რომ მოვდიოდი გერმანიაში, დედაჩემმა მითხრა, - მარიამ არ დაგავიწყდეს, მთელი დედამიწა შენი სამშობლოაო. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ დრო რომ გავიდა, დედას ნათქვამი ძალიან დამეხმარა: თავჩაქინდრული კი არ წამოვედი, საცოდავი ემიგრანტის განცდა კი არ მქონდა, ვფიქრობდი, მეც ისეთივე უფლებები მაქვს, როგორიც სხვებს-მეთქი.

- კომისიის წევრები ხმებში რომ აგყვნენ და ქართულად მღეროდნენ, რა ემოცია იყო?

- პროფესორები ქართულ სიმღერას იცნობდნენ. მათთვის უცნაური იყო, რაც მე გავაკეთე. თავის ქება გამომდის, მაგრამ აღფრთოვანებულები იყვნენ. დღეს კი გერმანიაში უკვე მოყვარულებმაც იციან ქართული სიმღერა. 4 წელი ვისწავლე და ჩემმა ყველა ჯგუფელმა იცოდა მრავალხმიანი ქართული სიმღერა. შუადღეს საჭმელად რომ გავდიოდით, გზაში ვმღეროდით ხმებში აჭარულ, კახურ, მეგრულ სიმღერებს. 2013 წელს სწავლა რომ დავამთავრე, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერება იყო, სტუდენტები გარს რომ მეხვეოდნენ და ერთად ვმღეროდით. მერე ეს დამაკლდა.

screenshot-20220131-123007-photos-1-1643885842.jpg

- როგორც ვიცი, გერმანიაში გუნდსაც ხელმძღვანელობთ.

- სწავლა რომ დავამთავრე, იმ წელს ჩავიბარე პირველი გუნდი, მერე მეორე დაემატა, მესამე და ახლა სამ გუნდს ვხელმძღვანელობ. ეს არის ჩემი სტაბილური შემოსავალი. ორი გუნდი იმ შენობაშია, სადაც უნივერსიტეტია, მესამე ეკლესიის გუნდია.

- უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება იოლად შეძელით? დიდი აუდიტორია გყავთ?

- თავიდან კულტურული შოკი მივიღე, როდესაც დავინახე, რომ ყველაფერი წუთი წუთზე, წამი წამზე იყო გათვლილი. გამიჭირდა ფეხის აწყობაც. დღემდე მაინც ვერ შევეგუე აქაურ მენტალიტეტს. ჩემი მეგობრები აქ არიან ბრაზილიელები, ქართველები, ებრაელები, ეგვიპტელი. არც ერთი ახლო მეგობარი გერმანელი არ მყავს, არა იმიტომ, რომ ცუდები არიან, არამედ განსხვავდებიან მენტალიტეტით. ვერავინ მიხვდება, რომ გერმანიაში არ დავიბადე და გავიზარდე, ისე შემიძლია ავუწყო ფეხი ყველაფერს, მაგრამ ემოციურად არ მაქვს ის კავშირი მათთან, რაც უნდა მქონდეს... ისე მოხდა, რომ ყოველთვის სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. ბევრჯერ გამიმართლა, მაგრამ მარტო ეს არ არის. ზოგიერთი ადამიანი რომ დაისახავს მიზანს და ამ დროს გარშემო ვერაფერს ხედავს, ასე არასოდეს ვყოფილვარ. ჭრიჭინასავით ვარ - პატარ-პატარა მიზნები მქონდა, მაგრამ აქეთ-იქით ყოველთვის ვიყურებოდი და ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს, სულ რაღაც საინტერესო პროექტები იყო. დღეს ჩემი შემოსავალი არის მუსიკა და ქართული მუსიკის პოპულარიზაცია გერმანიაში. აქ დატვირთული ცხოვრებაა და უფრო პროდუქტიული ხარ. ბევრს ასწრებ, მაგრამ ისიც გჭირდება, რაც არის საქართველოში, - რომ ყველა წამი არ გაქვს დაგეგმილი. იქ რომ ჩავდივარ, ვისვენებ.

- როგორ შემოიკრიბეთ გარშემო საინტერესო ქართველები?

- გერმანელებს არ აქვთ ის ძველი კულტურა, რაც ჩვენ გვაქვს და ეს სწყურიათ, ამიტომ ყოველთვის კარგი სავიზიტო ბარათი იყო ხალხური სიმღერები ჩვენთვის. თინათინ წერეთელთან ერთად ვმღერი ქალაქურ სიმღერებს და ესეც აინტერესებთ. ხალხურებს ვმღერით 6 ადამიანი. სხვა ქართველებთან ერთად სექსტეტი გვაქვს ჩამოყალიბებული და დიდი ანშლაგია ჩვენს კონცერტებზე. ვასწავლი ქართულ სიმღერებსაც.

ასევე ვალდორფის სკოლელია ირაკლი შერმაზანაშვილი. გერმანიაში რომ ჩამოვიდა, ჰამბურგის მახლობლად იყო და წამოაყენა იდეა, - მოდი, შევკრიბოთ რამდენიმე ქართველიო, - და ასე ჩამოყალიბდა სექსტეტი. ყველანი სხვადასხვა ქალაქში ვართ, ამიტომ წინასწარ ვთანხმდებით, რომელი სიმღერები გვინდა რეპერტუარისთვის, კონცერტის წინადღეს ვხვდებით, მთელი დღე ვამუშავებთ სიმღერებს და მეორე დღეს გვაქვს კონცერტი. ყველანი პროფესიონალები არიან და ზუსტად იციან, რა გვჭირდება. მაგალითად, ჩვენთან არის დავით კინწურაშვილი, რომელიც ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ამ ხალხს არ სჭირდება ბევრი დრო მეცადინეობისთვის. უნდა ნახოთ - ინგრევა დარბაზი, როცა კონცერტი გვაქვს.

- ძალიან პოპულარული ხართ სოციალურ ქსელში. ყველა თქვენს სიმღერებს უსმენს და აზიარებს. როგორ გაჩნდა იდეა, რომ ერთ მარიამს რამდენიმე ხმაში ჩაგეწერათ ვიდეოები?

- მყავს აკაპელა, ტრიო, რომელიც ამჟამად "დაპაუზებულია". ვართ სამი გოგონა: ებრაელი, ქართველი და ბრაზილიელი. ვმღერით ჩვენი ქვეყნების სიმღერებს და კონცერტებიც გვქონდა. წარმატებული პროექტია. მინდოდა, ამ გოგოებთან ერთად სულხან ცინცაძის სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ ზუსტად დაემთხვა ლოკდაუნის პერიოდს და არ გვქონდა უფლება, ერთმანეთს შეხვედროდით. დროს არ დავკარგავ-მეთქი, ვიფიქრე და შევეცადე, ხმებში ჩამეწერა "თოლია". თავიდან სამ ხმაში გავაკეთე, რადგან სამნი ვიყავით, მერე დავამატე მეოთხე და მეხუთე. რადგან ლოკდაუნი არ მოიხსნა, გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა. მეგობრებისთვის ჩავწერე და სოციალურ ქსელში დავდე, რაც ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა. საერთოდ არ ველოდი ხალხის ასეთ რეაქციას. რომ ვნახე მნახველთა რაოდენობა, გაოცებული დავრჩი. ამას მოჰყვა "ლურჯი იები". მწერდნენ საქართველოდან მესიჯებს, - ახლა მანქანაში ვზივარ და გისმენო, და სხვა ამგვარი, და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მეც საქართველოში ვიმყოფებოდი. იმდენად მახარებდა ეს მესიჯები, რომ ერთ-ერთi მიზეზი გახდა, გამეგრძელებინა და ჩამეწერა სხვა სიმღერები: "ლურჯი იები", "ანგელოზად მოხვალ", "ინათებს მალე" და ა.შ. რომ მოგწონს ის, რასაც აკეთებ და ამას გამოხმაურებაც მოჰყვება, ეს კარგი ბალანსია.

- სხვადასხვა ხმაში ჩაწერა და მონტაჟიც არ იქნება ადვილი...

- ეს პირდაპირ პანდემიასთან არის კავშირში. ასე გამომდიოდა: მე, მე და მე, ყველა ხმაში და მეუხერხულებოდა კიდეც, რომ ვუყურებდი: ვაიმე, რამდენი მარიამია, არ იტყვის ხალხი, გაგიჟდა ეს გოგოო?! მაგრამ იძულებული გავხდი, გამეკეთებინა, რადგან მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალება არ მქონდა და ხმებში სიმღერა მინდოდა. რაც შეეხება მონტაჟს, თუ ვინმე დააპირებს ამის გაკეთებას, ვეტყვი: ნერვები საათივით აწყობილი უნდა ჰქონდეს, რადგან ძალიან შრომატევადია. მით უმეტეს, თუ ისეთი მეწვრილმანეა, როგორიც მე ვარ. ახლა "თოლიას" ვიდეოს რომ ვუყურებ, გული მისკდება, იმდენი ხარვეზია... ზოგადად, დილით რომ დავიწყებ სიმღერის ჩაწერას, შეიძლება ვერც კი მივხვდე, დღემ როგორ ჩაიარა, არც მომშივდეს, არც მომწყურდეს. დღის შუქი მჭირდება ვიდეოსთვის და ვიდეოს მერე ცალკე ვიღებ. მონტაჟსაც და სხვა ყველაფერსაც თავად ვაკეთებ ტელეფონით, მეტროში თუ ვარ, ის 15 წუთიც შემიძლია უქმად არ დავკარგო.

- რა ინსტრუმენტებზე უკრავთ?

- ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ვიოლინოზეც, მაგრამ ვირტუოზი არც ერთში არ ვარ. მთავარი ჩემთვის მაინც ვოკალია.

- ვიდეოებიდან ჩანს, რომ ცეკვაც კარგად გეხერხებათ.

- ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ჰამბურგში დავდიოდი სვინგზე. ძალიან მიყვარს ცეკვა. ვიდეოში - "გაზაფხულის ბრალია" - ცეკვით რომ მოვდივარ, ალბათ ვიღაცა იფიქრებს, რომ ეს შემთხვევითობაა, მაგრამ ყოველი დეტალი, რომელი ბგერის დროს რომელი მოძრაობა გამეკეთებინა, გააზრებული და ნაფიქრია.

- აღნიშნეთ, რომ თქვენი და გერმანიაში ცხოვრობს. ისიც ჩართულია ამ პროცესებში?

- ჩემი და მხატვარია, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის სხვა წევრები: დედა, მამა და ძმა. ჩემს დას თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე მხატვარია, ჰამბურგში სამხატვრო სკოლა აქვს. ჩემი მშობლები და ძმა საქართველოში ცხოვრობენ. ბოლო დროს ვხვდები, ძალიან მჭირდება საქართველოსთან კავშირი და ამიტომ, ხშირად ჩამოვდივარ. ზაფხულში ვიყავი, საახალწლოდაც...

- გერმანიიდან როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე მოვლენები?

- პოლიტიკური ვითარება აქედან რომ გაიგო, რთულია: იქაურებს რომ ვეკითხები, მეუბნებიან, შენ კი არა, ჩვენც ვერ გავიგეთო... ისე, ყველაფერი მაინტერესებს, თუკი რაიმე ახალი შემოვა. მინდა, რომ ჩამოვალ, უცნაურად არ ვიგრძნო თავი და ყველაფერი ვიცოდე.

mariami1-1643885825.jpg

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააზიარა თქვენი ვიდეო, რა რეაქცია გქონდათ?

- სამზარეულოში ვაკეთებდი რაღაცას და მეგობრისგან მომდის შეტყობინება, ვხსნი და - დევს პრეზიდენტისა და ჩემი ფოტო ერთმანეთის გვერდიგვერდ და აწერია: "მარიამ ქირია". გაოცებული ვიყავი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე წავიკითხე. მოულოდნელი იყო, მაგრამ - სასიხარულო, უღრმესი მადლობა მას და ყველა გულშემატკივარს. ის ერთი წელი, სანამ ასეთი პოპულარული გავხდებოდი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მაძლევდნენ სტიმულს, მგულშემატკივრობდნენ. მახსოვს ყველა მათგანი, მადლობა მათ!

- რა გეგმები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?

- იმდენი მოულოდნელობა და სიხარული იყო, რომ ვეღარ ვეწევი გეგმებითა და სურვილებით, ვნახოთ, დრო რას მოიტანს. ჩემი სიმღერების კარგი შემფასებელია მამა. სანამ ახალ ვიდეოს დავდებ, ჯერ მამას ვუგზავნი და ვეკითხები, როგორ მოსწონს. თავისი მხატვრული თვალით აფასებს. მამა არ მღერის, მაგრამ კარგი მსმენელი და მაყურებელია... ყოველთვის მაქვს გამოყოფილი დრო იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. როცა ამხელა სითბო და დადებითი განწყობა მოდის, შეუძლებელია, პასუხი არ დაუბრუნო. მეც ყველა მესიჯს, ყველა კომენტარს სათითაოდ გულისყურით ვკითხულობ და მიხარია, ამხელა დადებითი ემოცია რომ მოდის. დიდი სტიმულია, როდესაც გიგზავნიან ვიდეოს, სადაც მათი შვილი შენს მუსიკაზე ცეკვავს. იმაზე მეტი საჩუქარი რა უნდა იყოს, როდესაც გწერენ, - ისე ცუდად ვარ და შენ გამიხალისე ცხოვრებაო... მადლობა ყველას ამ სიყვარულისთვის!

თეა ხურცილავა