"ძველი კარგად უნდა იცოდე, რომ ახალი შექმნა" - გზაპრესი

"ძველი კარგად უნდა იცოდე, რომ ახალი შექმნა"

ხალხური სამოსის მრავალფეროვნებით მეგი ბეჟანიშვილი წლების წინ მოიხიბლა და გადაწყვიტა, სხვადასხვა კუთხის სამოსი და აქსესუარები თანამედროვე ელემენტებით შეექმნა. ამბობს, რომ ქალისა და მამაკაცის ძველქართული სამოსი ყოველდღიურობაშიც პრაქტიკულია, ელეგანტური და ყველასგან გამოგარჩევს.

- კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დამთავრების შემდეგ ბიზნესის სკოლაში გავაგრძელე სწავლა. ერთხანს ვმუშაობდი მარკეტინგის მენეჯერად, რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, ბოლოს გავხსენი ჩემი სარეკლამო კომპანიაც. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი მოდელირებაზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ დავამთავრე. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ვკერავდი. ხელსაქმე დედამ შემაყვარა. მატერიალურად გვიჭირდა და სულ მისი შეკერილებით დავდიოდით. დედა ახლაც მეხმარება, როდესაც რამის მოსწრება მინდა და ვერ ვახერხებ. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, კერვა პროფესიულად შემესწავლა, რაშიც ქალბატონი ციალა გეგენავა დამეხმარა. სტუდენტობის დროს დავინტერესდი აბრეშუმის წარმოებით. არ მასვენებდა ფიქრი აბრეშუმის ფაბრიკის აღდგენაზე. საჯარო ბიბლიოთეკაში გავეცანი უამრავ ლიტერატურას იმის შესახებ, თუ როგორ იწარმოებოდა საქართველოში ქსოვილები და აღმოვაჩინე საინტერესო მასალები ქართულ სამოსზე. იმ პერიოდში ქარგვითაც დავინტერესდი და საპატრიარქოსთან არსებულ უფასო კურსებზეც ვიარე, სადაც ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ვინც კიდევ უფრო შემაყვარა ეს საქმე. ვიკვლევდი ინფორმაციას ქართული ტანსაცმლის შესახებ მუზეუმებშიც, კატალოგებშიც, ინტერნეტშიც. ქართული სამოსი სისადავით, სილამაზითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ძველ დროშიც კი იმდენად დახვეწილი იყო, რომ საკმაოდ უსწრებდა მსოფლიო მოდას. ხომ ტანზეა მომდგარი ჩოხა, მაგრამ პრაქტიკულობა არ აკლია, არ გრძნობ მხრებში შებოჭილობას, როდესაც გაცვია. ჩოხა ეცვათ ბრძოლისას. ამიტომაც ვიფიქრე, სამსახურში ან შეხვედრებზე რატომ არ უნდა ვიაროთ ქართული ტანსაცმლით-მეთქი და გადავწყვიტე, ძველი და ახალი სტილის ნაზავი შემექმნა. ადრე თუ მხოლოდ სადღესასწაულოდ იყენებდნენ ნაციონალურ სამოსს, ახლა უკვე იმის მოთხოვნა გაჩნდა, გაილამაზონ ყოველდღიურობა.

- რითი დაიწყეთ თავიდან, აქსესუარებით თუ ტანსაცმლით?

- კარგა ხანს ვერ ვბედავდი დაწყებას, შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა ადმინისტრაციული საქმეები საკუთარ თავზე აიღო და დავიწყე პალტოების კერვა, თანდათან აქსესუარებიც დავამატე, ფაფანაკებსაც ვკერავდი. ფაფანაკი მამაკაცის ქუდის უძველესი სახეობაა. ადრე ეს იყო ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავი, რომელიც მხოლოდ თავის თხემს ფარავდა, წრის ფორმა ჰქონდა და თასმებით მაგრდებოდა ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფას ქსოვილს აკრავდნენ და ქარგავდნენ. ფაფანაკი იმერული ქუდის სახელითაც არის ცნობილი, ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. რაც შეეხება დანიშნულებას, როგორც თმის აქსესუარი, ძირითადად გავრცელებული იყო იმერეთსა და გურიაში. სამშვენისის ფუნქციის გარდა, როგორც საბრძოლო იარაღს, ისედაც იყენებდნენ - მასში შურდულივით ქვას ათავსებდნენ და მიბმული გრეხილით ჭიმავდნენ.

272753310-1442005339575566-1654993163395184818-n-1644480073.jpg

ერთხელ მომხმარებელმა მომწერა, იქნებ სცადოთ და "აბადოკი" გააფორმოთ ფაფანაკითო? ჩემამდე სხვებიც კერავდნენ მსგავსს, მაგრამ პირველი "აბადოკი" რომ გავაკეთე და სოციალურ ქსელში ავტვირთე, ბევრს მოეწონა. თმის სამაგრებსაც, ე.წ. ბაფთებსაც ვკერავ და ყვავილებით ვაფორმებ. ფოტოებს რომ ვტვირთავ ჩემ გვერდზე, თან განმარტებებსაც ვურთავ ხოლმე. მაგალითად, როდესაც კესანები მოვქარგე, აღმოვაჩინე, რომ საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე, რომელსაც განსხვავებული სახელით იცნობენ სხვადასხვა კუთხეში. მისი შესატყვისია მთაში - "არდამივიწყოები", ქართლში - კონკიძველა, ზემო იმერეთში - ციცინო, რაჭაში - თიკნიყურა და ა.შ. ახლა მანქანით ვქარგავ, დანარჩენი ყველაფერი ხელით იკერება, ზოგჯერ მძივებითაც ვაფორმებ აქსესუარებს, გრეხილებსაც ხელით ვაკეთებ ძაფებისგან. საერთოდ, ხელით ქარგვა მომწონს და მინდა აქტიურად ამ ტექნიკაზე გადავიდე.

- როგორც ვხედავ, სამკერვალოში საპატარძლო კაბების არჩევანიც გაქვთ.

- ადრე მეტი დრო მქონდა და ვკერავდი. რაც მესამე შვილი შემეძინა, ვეღარ ვახერხებ, მხოლოდ მზა რაც მაქვს დარჩენილი, იმას ვთავაზობ მსურველს. საპატარძლო კაბებსაც ქართული ორნამენტებით ვაფორმებდი. ყველა მაჩვენებდა ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს, ასეთი კაბა გვინდაო, მაგრამ მე ჩემს ვარიანტს ვთავაზობდი, ძველქართულ მოტივებზე და მოსწონდათ. ე.წ. მწვანე პასპორტები რომ გაუქმდა, იმ დღეს იმდენმა იკითხა, საპატარძლო კაბის შეკვეთებს ვიღებდი თუ არა, რომ გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი?.. პანდემიის პერიოდში, რა თქმა უნდა, ნაკლები მოთხოვნა იყო საპატარძლო კაბებზე, თუმცა გაყიდვები საერთო ჯამში, მაინც არ შემცირებულა, - საჩუქრებად ყიდულობდნენ აქსესუარებს. ისე დაემთხვა, რომ პანდემიამდეც ძირითადად, ონლაინგაყიდვებზე ვიყავი გადართული და ეს სერვისი უკვე აწყობილი მქონდა. ერთი სიტყვით, მომზადებული შევხვდი ახალ რეალობას.

- ამბობენ, რომ საკმაოდ რთულია ჩოხის შეკერვა. ესეც შეგისწავლიათ...

- ზუგდიდში ჩავედი, ჩოხის კერვა რომ მესწავლა იმ ადამიანისგან, ვინც ძველებური მეთოდებით კერავდა. საოცარი ქალბატონი და პროფესიონალია ჩემი ოსტატი, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ყველაფერი რთულია, ვიდრე არ იცი და როდესაც ისწავლი, მერე გეადვილება. საერთოდ, ძველი კარგად უნდა იცოდე, ახალი რომ შექმნა.

- ასევე გაქვთ მამაკაცისა და ბავშვის ხაზებიც, მათ რას სთავაზობთ?

- ძირითადად, გოგონების კაბებს ვკერავ და მინდა, ბიჭების ხაზიც დავამატო. მამაკაცებს ყაბალახები მოსწონთ, ასევე - ყელსახვევი ხევსურული ნაქარგებით. თან ისე იხდენენ ყველაფერს, როდესაც ვხედავ ვინმეზე ჩემს ნამუშევრებს ან ვინმეს ჩემს კაბაში გამოპრანჭულს, სიხარულს ვერ ვმალავ. ყაბალახის მოხვევის 15-მდე წესია და ზოგი ისე გემოვნებიან და ორიგინალურ გადაწყვეტას მოუძებნის ხოლმე, გაოცებული ვრჩები.

271816102-324197979482153-642021778213799381-n-1644480087.jpg

- რაც შეეხება სამუშაო მასალას - გადამწყვეტ მნიშვნელობას ქსოვილის ხარისხს ანიჭებთ? ეს ხომ ფასზეც აისახება.

- ნატურალური ქსოვილებით ვკერავ, ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ვცდილობ, რასაც ვქმნი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. თავდაპირველად საკმაოდ ძვირად ღირებული ქსოვილებით ვკერავდი, რაც ფასს ზრდიდა, მერე მოვისმინე კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მოწოდებით, რომ ვისაც ხელეწიფებოდა ამ ტანსაცმლის კერვა, შეძლებისდაგვარად იაფი ყოფილიყო. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. თავიდან გამიჭირდა ქსოვილების შედარებით დაბალ ფასად შოვნა, მაგრამ უფლის წყალობით, ეს პრობლემაც მოგვარდა.

- სამი პატარა გყავთ. როგორ ახერხებთ ამხელა ოჯახის გაძღოლას და საქმის კეთებას ერთდროულად?

- ძალიან მშველის ის, რომ სამკერვალო სახლთან ახლოს მაქვს. როდესაც რამე სჭირდებათ ბავშვებს, უცებ მივირბენ ხოლმე მათთან. მუშაობის პროცესი შრომატევადია და ბუნებრივია, დიდ დროს მოითხოვს. როცა გინდა, მაღალი ხარისხი იყოს, პატარა გადაცდომებსაც ვერ აპატიებ საკუთარ თავს. ჩემი საქმის წარმატებით გაძღოლაში მეხმარება მეუღლე ზაზა მღებრიშვილი, რომელიც პროფესიით გრაფიკული დიზაინერია. ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელიც ის არის. ძალიან მოსწონს თავისი პროფესია, ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა ხოლმე სამსახურში და მერე როდის დაბრუნდება შინ, შვილებთან. 3 გოგონა გვყავს - 6-ის, 4-ის და წლინახევრის. როდესაც გულით გინდა აკეთო შენი საყვარელი საქმე, გზასაც გამონახავ და დროსაც, მთავარი სურვილია.

ნინო ჯავახიშვილი