"ის ნამუშევარი იყო ჩემი სული, გული, ჩემი ბავშვობა" - გზაპრესი

"ის ნამუშევარი იყო ჩემი სული, გული, ჩემი ბავშვობა"

ბელგიის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქ გენტში ქართველი მხატვრის, ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. "ტექსტილის მუზეუმში" ელენეს მიერ ქსოვილითა და ძაფით შესრულებული 40-მდე ტილოა წარმოდგენილი. როგორც მხატვარს, ერთ თავის ლექსში აქვს ნახსენები, "თეთრი ფიფქების შეღებვით, მუნჯად სიარულისას და ბრმა თვალებით ხატვით" იქმნება მისი ნამუშევრები.

- რა შეგიძლია თქვა საკუთარ თავზე რამდენიმე სიტყვით?

- ელენე ფიფია ცასა და მიწას შორის არის გამოკიდებული, ზღვა ემოციის მატარებელი, სიცოცხლესა და მზეზე უზომოდ შეყვარებული, ძალიან ბედნიერი, როცა ცისკენ მიიწევს და მოწყენილი, როცა უნდათ მიწაზე მყარად დასვან.

- როდის დაიწყე შემოქმედებითი ცხოვრება?

- ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. სკოლის პერიოდიდანვე განსაზღვრული მქონდა ჩემი გზა და ვიცოდი, უნდა მეხატა.

- ის სტილი, რომელიც შენს შემოქმედებაში ჩანს, პრიმიტივიზმის სახელითაა ცნობილი. სურათის შეგნებულ გამარტივებას მიმართავ სახელოვნებო წარმატების მისაღწევად?

- განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ნამუშევრები შეიძლება მივაკუთვნო პრიმიტივიზმს, თუმცა ამაზე წინასწარ არ მიფიქრია. საერთოდ, როცა გადავხედავ ხელოვნებაში არსებულ სტილებსა და მიმდინარეობებს, ვცდილობ არასდროს შემოუშვა ჩემში ბოლომდე. მინდა ჩემებურად გამოვხატო თავი და სასურველის მისაღწევად მაქსიმუმს ვაკეთებ. ხელოვნების ლაბირინთებში მოგზაურობამ და იმის გარკვევამ, რომელი მხატვარი რას როგორ აკეთებდა, შეიძლება დაგაკარგვინოს ინდივიდუალიზმი, ეს ძალზე საფრთხილოა. ჯერ არ მქონია მცდელობა, ნამუშევრები რომელიმე კონცეფციაზე დაყრდნობით შემექმნა. ჩემი ორიენტირი ემოციური დამოკიდებულებაა სამყაროს მიმართ, ყოველდღიურობის ჩემებურად ასახვა. ზოგადად მომწონს პრივიტივიზმი. ეს მიმდინარეობა დამთვალიერებლის ფართო დიაპაზონს მოიცავს და როგორც მხატვარს, მაძლევს საშუალებას, უტრირებულად წარმოვაჩინო ფორმაც და შინაარსიც; ჩავრთო იუმორი, ირონია. თუმცა მიუხედავად დიდი ენერგეტიკისა, ჩემი ნამუშევრებიდან ფარულად ჟონავს სევდა და ამას სხვებიც აღნიშნავენ. ეს ცხოვრების სევდაა, რომელიც რატომღაც, არასდროს მტოვებს.

- და მაინც, როგორია შენი ხედვა, რომელიც იწყება ერთი კონკრეტული ლოკაციიდან...

- ჩემი ხედვა ჩემსავით ცვალებადია და ყოველთვის იცვლება ლოკაციის შესაბამისად. ახალი ნამუშევრების სერია, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ, რადიკალურად განსხვავებული იქნება; ისეთი, თითქოს სხვა მხატვარმა შექმნა.

- გენტში, ტექსტილის მუზეუმში გაიხსნა შენი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. მოგვიყევი ამ მართლაც საამაყო ფაქტის შესახებ.

- საზღვარგარეთ გამოფენის მოწყობაზე ვოცნებობდი, თუმცა ვერ ვახერხებდი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინიციატორი და ორგანიზატორი გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი მადონა ბერიძე, რომელმაც ბელგიაში ჩამოაყალიბა სტუდია თავის ორ მეგობართან (თამუნა ახალაია, ხათუნა სიჭინავა) ერთად. მათი ხელშეწყობით გაიმართა ეს გამოფენა. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ მანუჩარ სამუშიას. მისი სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ჩემი ბელგიაში გამგზავრება. ტექსტილის მუზეუმი იდეალური სივრცეა ჩემი ნამუშევრებისთვის, რადგან სამუშაო მასალა (ქსოვილები, ძაფები) პირდაპირ ტექსტილთანაა დაკავშირებული.

- შეკვეთებზე არ მუშაობ, არა?

- ასეა, მაგრამ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მეგობრის გამოგზავნილი ფოტოსურათის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი. იმხელა სიხარული გამოიწვია მუზეუმის ადმინისტრაციის თანხმობამ გამოფენის თაობაზე, რომ მომენტალურად გადავწყვიტე შენობის ფოტო "გამეცოცხლებინა".

- გამორჩეული ნამუშევარი, გამორჩეული ფერი, გამორჩეული ისტორია შემოქმედებიდან...

- ბავშვობიდან რატომღაც, ყვითელისა და ლურჯის შეხამებას ვანიჭებ უპირატესობას. ვთვლი, რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს...

- რელიგიური თემატიკაც გაინტერესებს...

- ეს ცალკე მიმართულებაა. ამ ხაზითაც ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი, თუმცა არც ერთი არ დავიტოვე. ისინი სარიტუალო დანიშნულებისაა და შესაწირავი სახით, მოქმედ ტაძრებსა და მონასტრებში დავაბინავე... რელიგიურ თემაზე შექმნილი "გარდამოხსნა" მიმდინარე გამოფენაზეა. გამოფენის დასრულების შემდეგ ვაპირებ ქალაქ გენტში არსებულ ქართულ ტაძარს გადავცე.

- ხელოვნება და ოჯახი - როგორ ახერხებ ამ ორი სფეროს ჰარმონიზებას?

- ეს რთული საკითხია, მაგრამ - კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა - ეს პრინციპი აქაც მუშაობს. ბედნიერი ვარ, რომ დროში ყველაფრის განაწილებას ვასწრებ. ამაში მეუღლე ძალიან მეხმარება. რომ არა მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, ბევრი რამ შეუძლებელი იქნებოდა.

- გეგმებსაც გაგვანდობ?..

- როცა საქართველოში დავბრუნდები, ნამუშევრების ახალი სერია შეიქმნება სახელწოდებით "ცასა და მიწას შორის". ამ ხაზში გაერთიანებული იქნება თემები მიწიერი და არამიწიერი სამყაროების ზღვარზე არსებულ მოვლენებზე, ფერებსა და ფორმებზე დაყრდნობით. შესრულების ტექნიკაც იქნება რადიკალურად განსხვავებული, არაამქვეყნიური. ასევე ვფიქრობ შევქმნა "გენტის ხედები", რომელსაც შევასრულებ ჩანახატების, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების მიხედვით.

- პირველი გამოფენა გაიხსენე...

- ჩემი პირველი გამოფენა თბილისში იყო, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეაში. ეს იყო გამოფენა-კონკურსი. ერთ დღეს, მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, ბებიამ მომიტანა გაზეთი, სადაც იყო სტატია ამ გამოფენა-კონკურსის შესახებ. სტატიას დართული ჰქონდა მხატვრის ფოტოსურათი, რომელიც გამოვიყენე ახვლედიანის პორტრეტის შესაქმნელად. ნამუშევარი შევასრულე ძაფებით. გამოფენაზე გავიმარჯვე. გახარებული ვიყავი, მაგრამ საშინლად მოვიწყინე, რადგან ჩემი პირველი ნამუშევარი, პატარა ნაქარგი პეიზაჟი ამ გამოფენაზე დაიკარგა. ის იყო ჩემი სული, გული, ჩემი ბავშვობა. დარწმუნებული ვარ, დღეს ვიღაცის კედელს ამშვენებს. მასში სიამოვნებით გავცვლიდი ნებისმიერ ნამუშევარს.

272279634-1583602445344358-8270954860009142432-n-1644482751.jpg

- ამბობენ, რომ დაუმორჩილებელი ხელოვანი ხარ...

- ძალიან ჯიუტი სტუდენტი ვიყავი. ერთხელ ჩემმა ფერწერის პედაგოგმა ნატურმორტი დაგვილაგა. არ მომეწონა მაგიდაზე დაყრილი ჩემთვის უინტერესო საგნები. რადგან ჯგუფში ჩემ გარდა არავინ იყო, ვისარგებლე შემთხვევით, გამოვაღე ფანჯარა და "ნატურმორტი" ფანჯრიდან "მივაბრძანე". სხვათა შორის, ახლა უფრო მრცხვენია, ასე რომ მოვიქეცი, მაგრამ იმ დღეს იმ ნატურმორტზე მუშაობას სიკვდილი მერჩივნა!

კიდევ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: აბიტურიენტობის პერიოდში ხატვაზე დავდიოდი მასწავლებელთან. სახელოსნოში გვქონდა მოლბერტები, რომელზეც ტილოს ვამაგრებდით. მშვიდად არ შემეძლო ხატვა. ისე ემოციურად და ტემპში ვხატავდი, რომ ჩემი მოლბერტი მუდმივად ზანზარებდა. ამიტომ პედაგოგმა ბეჟან შველიძემ ჯაჯგა-ჯუჯგა ელენა დამარქვა.

- პატრიარქი და შენ...

- 90-იანებში, ცისფერ გალერეაში ტარდებოდა ჯგუფური გამოფენა პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით. გამოფენილი მქონდა საეკლესიო თემატიკა ("ჯვარცმა", "ხარება")... შევყევი სხვისი ნამუშევრების დათვალიერებას და დავშორდი ჩემს კუთხეს... უცებ გალერეის ბოლოში აღმოვჩნდი. შორიდან ექოსავით მესმის ხმა: ელენე ფიფია, ელენე ვინ არის? - მე ვარ, - ძლივს წარმოვთქვი. მეუბნებიან, პატრიარქს უნდა შენი ნახვაო. ისე დავიბენი, აღარც მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით. იდგა და უყურებდა ჩემს ნამუშევარს. მერე დამლოცა და მკითხა, რას როგორ ვაკეთებდი. უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო ეს შეხვედრა...

როლანდ ხოჯანაშვილი