"დღეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება" - გზაპრესი

"დღეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება"

წარმოუდგენელია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გულგრილად აკვირდებოდე, ამ ქვეყანაზე თუ ოდნავ მაინც შეგტკივა გული... ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, როგორ აფასებს ამ მოვლენებს ბევრისთვის საყვარელი პოეტი, ექიმი ნანა ცინცაძე...

- რას ფიქრობთ, როცა ერთმანეთთან წაკიდებულ ქართველებს ხედავთ?

- მეც თქვენსავით, გულისტკივილით ვაკვირდები, როგორ არ ინდობენ ერთმანეთს ჩვენი თანამოძმენი და ეს ძალიან მაწუხებს. იმდენად მაწუხებს, რომ სოციალურ ქსელებში საერთოდ აღარ შევდივარ - არ მინდა ნერვები მოვიშალო და ერთი ჯგუფის მიერ მეორის ლანძღვა-დამცირებას დავაკვირდე. თუ ადამიანს რაღაც საკითხზე თავისი აზრი აქვს, ეს მისი უფლებაა, საჯაროდ გამოტანილი ლანძღვა კი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხომ არ შეიძლება ყველაფრის გამო ლანძღვა-გინება და ომი ავტეხოთ? ხშირად ვფიქრობ: თუ როგორმე "ოქროს შუალედს" არ გამოვნახავთ, ამ ქვეყანაში ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. კატეგორიულობა და სიჯიუტე ჩემთვის ისეთი თვისებებია, რომლებიც ადამიანის დაბალ გონებრივ განვითარებაზე მიუთითებს. რაც უფრო მოქნილია გონება, მით ნაკლებად იყენებს ასეთ არასწორ, არასერიოზულ მეთოდებს. არ შეიძლება ყველაფერზე იკამათო და ყველაფრის გამო შენს მოყვასს ჯიბრში ჩაუდგე. ამას მე სიყვარულის ნაკლებობით ვხსნი. სულ მახსენდება "კავკასიური ცარცის წრე": როცა პატარა მიშიკო აბაიშვილს ორივე ქალი თავისკენ ექაჩება, გრუშე ხელს გაუშვებს და ამბობს: ბავშვს შუაზე ხომ ვერ გავგლეჯთ, ვერ ვიმეტებო... რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, შეეცდები ნაკლები ტკივილი მიაყენო.

- ჩვენში ყველაზე მეტად მაინც პოლიტიკაზე კამათობენ, ბოლო ხანებში კი, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. როგორ ფიქრობთ, ამ საკითხში საქართველოს უფრო ხისტი და მწვავე პოზიცია უნდა ჰქონდეს?

- მე ყოველთვის დათმობის მომხრე ვარ. იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს და არა ომით ან წითელი ბაირაღების ფრიალით, რა თქმა უნდა, დათმობა სჯობს. ყოველთვის გონივრული, პრაგმატული გადაწყვეტილებების მომხრე ვარ, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ყოველთვის ვერ ხერხდება. არა მგონია, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა მხოლოდ რუსეთის ან უკრაინის საზღვრებით შემოიფარგლოს, ამიტომ კონსენსუსი და რაღაც საკითხებზე შეჯერება აუცილებელია. ჩემი სურვილია, ეს ისე შეძლონ, რომ უკრაინელი ხალხი არ დაზარალდეს.

- თქვენი დაკვირვებით, დღევანდელი საქართველო სწორი გზით მიდის?

- დავიწყოთ იმით, რომ 32 წელია საქართველო უკიდურესი კატაკლიზმების წინაშე იმყოფება, შეიძლება ითქვას, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონია. ალბათ, ამის ბრალია, რომ საქართველო ასე დაცლილი ადრე არ ყოფილა. ვინც აქედან ემიგრაციაში წავიდა, 90 პროცენტს ოჯახის რჩენა არ შეეძლო. ეს ხალხი იძულებული გახდა, თავი უცხო ქვეყნისთვის შეეფარებინა. რას გაჰყავს ხალხი ქვეყნის გარეთ? - პირველ რიგში, სიდუხჭირეს და შიმშილს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმე მას შემდეგ გახდა, რაც პანდემია დაიწყო. ყველაფერი, რაც საარსებოდ აუცილებელია, ორჯერ მაინც გაძვირდა. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებას უძლებენ და მათთვის თუნდაც, კომუნალური გადასახადების გაზრდა უფრო დიდ გაჭირვებასA და სიღატაკეს ნიშნავს. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა მიყვარს და მასზე გული შემტკივა. სამწუხაროდ, ადრე ეს სულ სხვა ქვეყანა იყო, სადაც რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობდნენ. როგორ ფიქრობთ, მთავრობა, რომელიც თავის ხალხს ამ მდგომარეობამდე მიიყვანს, უნდა მომწონდეს? - იქნებ ამაზე ვინმემ მიპასუხოს.

- ხელისუფლების მომხრეები ხშირად იხსენებენ "სისხლიან 9 წელს", მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ასეთი გაჭირვება არ იყო...

- ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება რაღაც კონსენსუსს მიაღწიონ და ანგარიში ჩემნაირ ხალხს გაუწიონ, ვისაც სურს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა გვარებიც კი არ იცოდეს? იმის საშუალება მაინც მოგვცენ, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ! ხომ არ შეიძლება მთელი სამეგობრო ან სამეზობლო პოლიტიკის გამო ჩხუბობდეს? ვინ იტყვის, რომ მოსწონს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება? - ალბათ, არავინ! ავიღოთ თუნდაც, ჩვენი პოლიცია: სადაც სჭირდება, ძალასაც ამეტებს, მაგრამ თუ არ სჭირდება, საერთოდ ვერაფერს ხედავს. თითქოს, ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობთ და რაღაც უცნაურ, უჩვეულო ცენტრიფუგაში ვტრიალებთ. ისიც სამარცხვინოა, რაც თანამედროვე ქართულ კულტურაში ხდება და საერთოდ, რომელ სფეროს უნდა შეეხო, სადაც ნორმალური სიტუაციაა, სადაც კისერს არ მოიტეხ?

- ალბათ ყველაზე სამარცხვინო მაინც ისაა, რომ ერთ მხარეს ქართველი ხალხი დგას, რომელიც 300-400 ლარზე ცხოვრობს და მეორე მხარეს - ერთი მუჭა ჩინოვნიკები 5, 10, 15-ათასლარიანი ხელფასებით.

- გარდა ამ ხელფასისა, მათ სხვადასხვა ბიზნესი და სოლიდური შემოსავალი აქვთ. იმას, ვინც ამდენი ფული კაცმა არ იცის, რა გზით იშოვა, შეუძლია "ბრინკა" დაუძახოს უნიჭიერეს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა. უფრო მეტიც, ტარიელ მკლავაძესავით ზემოდან დაჰყურებდეს და ისე ექცეოდეს, რომ მის შემხედვარეს, ამ ქვეყანაში ცხოვრებაც აღარ გინდა.

- იქნებ ახალგაზრდები ამ უსამართლობის გამოც ტოვებენ საქართველოს?

- რა თქმა უნდა, უსამართლობაც სერიოზული მიზეზია. მთელი უბედურება კი ის არის, რომ სხვაგან სახელი და გვარიც კი არ ხარ, უცხოეთში იაფფასიანი მუშახელი ბრძანდები, რომელიც გაწეული შრომის მიხედვით ფასდება. არსებობს ანდაზა - "სადაც მე არ ვარ, ყველგან კარგია" - ალბათ, ემიგრაციაში ამ კატეგორიის ხალხი მიდის; ხალხი, რომელმაც აქ თავისი ნიჭისა და უნარის გამოყენება ვერ მოახერხა; გარბიან, რადგან თავს სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობენ. მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა. ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანაში შეძლებენ საკუთარი პიროვნების გამოვლენას. ახალგაზრდა შენს დაკრულზე არ გაივლის და შენც, მორალური უფლება არ გაქვს, დაუშალო, რადგან ასეთი ქვეყანა დაახვედრე... სამწუხაროდ, ბევრი მიდის და ეს ჩვენი ერის დაქცევა, მისი გენოფონდის განადგურებაა. იმდენად მცირე ერის შვილები ვართ, რომ აქ თითოეული ადამიანი ძვირფასია. ეს ქართველი ერის დასასრულის დასაწყისი და ჩვენი ტრაგედიაა. ადრე ქართველი კაცი თავის ფესვებს ვერ თმობდა და არსად მიდიოდა, თუ წავიდოდა, მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე, რომელსაც უზარმაზარი ასპარეზი სჭირდებოდა და თავისი ნიჭით საქართველოს ასახელებდა.

241829203-4692833840762082-2813311975528469308-n-1644484310.jpg

- ახლა კი, როგორც დიდი მწერალი ამბობს, "საშოვარს გადაყოლილი, გათითოკაცებული ერი ვართ", თქვენც ეთანხმებით ამ სიტყვებს?

- საუბედუროდ, ეს სიტყვები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა. მარტო ეს კი არა, დღესაც აქტუალურია "გოგია უიშვილი" და "ტარიელ მკლავაძე", "შემოდგომის აზნაურები" და "ჯაყოს ხიზნები". დღეს ჩვენ, ყველანი, "ჯაყოს" ხიზნები ვართ - ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება - ამას ვხედავთ, მაგრამ სიმართლის თქმის გვეშინია. არსებობა და სიცოცხლეც კი გაგვიძვირეს; ისეთი განცდა მაქვს, რომ ჰაერიც გაძვირდა და რატომ გვიკვირს, რომ ჩვენი ერი ვეღარ მრავლდება, რომ ქართულ ოჯახებში ერთი შვილის მეტი აღარ იზრდება? ეს ჩვენივე ხელით მოწყობილი ერის გენოციდია, სხვა სიტყვას ვეღარ ვპოულობ. სამწუხაროდ, ის, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში რაღაც შეცვალოს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე. მათ ეს ქვეყანა არ უყვართ!

- თქვენი აზრით, თუ არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- ალბათ, კიდევ ერთი ილია ჭავჭავაძე უნდა გაჩნდეს, რომელსაც ბოლოს აუცილებლად ტყვიას ესვრიან. ფაქტია, რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, სხვაგვარად ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. სახელმწიფოებრივ ფასეულობათა სრული გადაფასებაა საჭირო, რომ რადიკალური ცვლილებები დაიწყოს, რომლის გარეშეც საქართველო მკვდარია. დიახ, ეს არის მკვდარი ქვეყანა, სადაც ადამიანი თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით კი არ ფასდება, აქ ყველაფერი ნაცნობობაზე, ნათესაობაზე, ურთიერთობებზეა დამოკიდებული. აუცილებლად თავხედი უნდა იყო და ყველანაირი საზიზღრობის ჩადენა შეგეძლოს, რაღაცას რომ მიაღწიო. ნორმალური, ადამიანური საქციელით აქ ვერაფერს მიაღწევ. ამ პრობლემებზე თითქმის ყველგან, ყველა ნორმალურ საზოგადოებაში მსჯელობენ, მაგრამ სიტყვები არაფერია, თუ მას ქმედება და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყვება.

ხათუნა ჩიგოგიძე