ქართველი მოგზაურის ახდენილი ოცნებები - გზაპრესი

ქართველი მოგზაურის ახდენილი ოცნებები

კოვიდპანდემიის მიუხედავად, ლამის მთელი მსოფლიო შემოიარა. სამშობლოში რამდენიმე დღით რჩება და შემდეგ ახალ სამოგზაურო გეგმას ადგენს. მხოლოდ 2021 წელს 14 ქვეყანაში იმოგზაურა. მის ანგარიშზე 51 ქვეყნის მონახულებაა. სოსო ნებიერიძე ისეთ ადგილებში ჩასვლაზე ოცნებობს, რომლის შესახებ ბევრმა არც იცის. ერთ-ერთი ასეთი რამდენიმე დღის წინ მოინახულა - გრენლანდიაში მინუს 30 გრადუსზე გიგანტური აისბერგების სამყარო ილულისატი ნახა, რომელიც 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. კიდევ უამრავი ოცნება აქვს და სჯერა, რომ აუცილებლად აიხდენს. მოგზაურისთვის ეს ჰობიც არის და შემოსავლის წყაროც...

- ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ: მარხილში შებმული ძაღლები, ჩრდილოეთის ციალი, აისბერგები, ადგილობრივი ესკიმოსები, ვეშაპები... ეს ადგილი თეთრი ზღაპარია, რომელიც გონებიდან არ იშლება. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც, უზარმაზარი აისბერგები იყო, რომლებსაც ჩემ გარდა, სხვებიც დამუნჯებული უყურებდნენ. ვისეირნე ძაღლებშებმული მარხილით. ჰასკები საკმაოდ სწრაფად დაქრიან და როდესაც გარშემო მინუს 30 გრადუსია, სიცივეს შეუჩვეველი ადამიანისთვის ეს საკმაოდ ძნელი ასატანია, მაგრამ მთლიანად გადავეშვი ამ საოცარ სამყაროში და ვცდილობდი, "წვრილმან დისკომფორტზე" არ მეფიქრა. ყოველთვის მაინტერესებს ახალი ტრადიციების გაცნობა და მხოლოდ სიცივის გამო ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყოდი.

nebieridze9-1644484510.jpg

- როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები გრენლანდიაში, მკაცრი ზამთრის პირობებში?

- მოსახლეობის 90% ესკიმოსია. ზამთარში ძირითადად შენობებში არიან, გარეთ იშვიათად გამოდიან. საშუალო ტემპერატურა მინუს 20 გრადუსი იყო, თუმცა ოკეანის სიახლოვის გამო, უფრო მწვავედ იგრძნობოდა. დღის შუქი დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათით გვქონდა. ყოველი მეათე გრენლანდიელი თევზჭერის ინდუსტრიაშია დასაქმებული. ეს საქმიანობა და ზღვის პროდუქტები, კუნძულის ეკონომიკის მამოძრავებელია. ცხოვრება საკმაოდ ძვირია. მაგალითად, კუნძულზე ერთი დონატი და ერთი ბოთლი წყალი 4-5 ევრო ღირს, რაც იმ პირობებში ლოგიკურიც არის. ადგილობრივებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ და არ უჭირთ. ულამაზეს ფერად ფინურ სახლებში ცხოვრობენ. სხეულის, სახის ყველა ნაწილი დაფარული თუ არ მქონდა, იმდენად შემაწუხებელი იყო სიცივე, რომ კი არ მციოდა - მწვავდა. დღის შუქზე ვცდილობდი, ბევრი რამ მომესწრო. გავიცანი ესკიმოსი, რომლის ძაღლებსაც 40 კილომეტრზე შეუძლიათ მარხილის ტარება, რაც დიდ უპირატესობად ითვლება, რადგან ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს...

წინასაახალწლოდ ლაპლანდიაში, სანტას სოფელში ვიყავი და ასე მგონია, ბედნიერების სამყაროში ვიმოგზაურე. ვნახე სანტა, რომელმაც საჩუქრების შემოთავაზების ნაცვლად, მასთან ერთად ფოტოს გადაღებისთვის 45 ევრო გამოგვართვა!.. ამაზე კარგად ვიხალისეთ. ასევე ვნახეთ მარხილში შებმული ირმები, ელფები და ბედნიერი ბავშვები, მაგრამ ძალიან ციოდა. მე სითბოს მოყვარული ვარ და მეგონა, აღარასდროს გავთბებოდი. ამიტომ იქიდან დაბრუნებული პირდაპირ მადეირაში გავემგზავრე, სადაც პლუს 25 გრადუსამდე ტემპერატურა დამხვდა.

nebieridzd-2-1644484524.jpg

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ მოგზაურობამდე?

- მოგზაურობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. როდესაც ვინმეს აეროპორტში ვაცილებდი, მშურდა, რომ ახალ ქვეყანას ნახავდა. პირველად ოცნება მამიდამ ამიხდინა - 11 წლისა ტრაბზონში წამიყვანა. მანქანით წავედით და შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. ახლა ის ქალაქი განსაკუთრებულად აღარ მეჩვენება, მაგრამ მაშინ მეგონა, მსოფლიოში ულამაზეს ქალაქს ვათვალიერებდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მოგზაურობა მინდოდა. ერთ ადგილას გაჩერება აღარ შემიძლია. ამა თუ იმ ქვეყანაში რომ ჩავდივარ, ახალ მარშრუტს ვგეგმავ... ერთი სიტყვით, სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და იმავდროულად, ენის საზაფხულო კურსებზე დავდიოდი, რომლის ფარგლებშიც სამჯერ ვიყავი საბერძნეთში. ძალიან მომეწონა იქაურობა. მერე ჩემი პატარა ბიზნესი წამოვიწყე და იქიდან შემოსულ თანხას მთლიანად მოგზაურობაში ვხარჯავდი. ყველა ხარჯი წინასწარ მქონდა განსაზღვრული, სიურპრიზების წინაშე რომ არ აღმოვჩენილიყავი.

- ალბათ, დაუვიწყარი ქვეყნების სიაც გაქვთ, არა?

- კი. ბიზნესსაქმიანობის გამო ჩინეთში ვიყავი, იქიდან კი ადვილია ფილიპინებში წასვლა, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. პირველად იქ მოვამზადე ბლოგი, ფოტოები და ვიდეოები გავავრცელე, თანდართული ტექსტებით, რასაც დიდი ინტერესი მოჰყვა. ჰოდა, ვიფიქრე, ისედაც სულ ვმოგზაურობ და რატომაც არა - სხვასაც გავუზიარებ-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი ბლოგერობა. არასდროს დამავიწყდება პუერტო პრინცესა - ეს ის ადგილია, რომლის გზაზეც ულამაზესი პეიზაჟებია. ფაქტობრივად, ტროპიკულ ჯუნგლებში გაჭრილ გზას მივუყვებოდი. გავიარე რამდენიმე სოფელიც და ვნახე, ხალხი როგორ ცხოვრობს ხის ქოხებში. ბუნებაში პატარა ქოხები იდგა, ლაღი და მხიარული ხალხით დასახლებული... სასტუმროში ცივი წვენი დამახვედრეს, სამახსოვროდ კისერზე ნიჟარებისგან აწყობილი მძივიც დამკიდეს, ჩემოდანი ხელიდან გამომგლიჯეს და ოთახისკენ გამიძღვნენ. მშვენიერი სასტუმრო აღმოჩნდა - საუზმითა და კარგი "სტაფით". ოთახში ინტერნეტი არ იყო, მხოლოდ ეზოში, ერთ კონკრეტულ ადგილზე "ვიჭერდი", მაგრამ "სულს ღაფავდა"... საერთოდ, მთელ ელ ნიდოში ინტერნეტის პრობლემა იყო, თუმცა ეს სულ არ გიშლის ხელს, თავი ბედნიერად იგრძნო. ელ ნიდო ნამდვილად ზღაპარია. იქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და განვითარებული ინფრასტრუქტურა უნდა დაივიწყო; ბედნიერებას განიჭებს ბუნების საოცარი სილამაზე, სულ რამდენიმე ქუჩისგან შემდგარი პატარა სოფელი, ძირითადად კაფეებით, ბარებითა და მაღაზიებით, პლაჟები კი ისეთი საუცხოვოა - აი, ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ისეთი...

ისე, ჩემს სამ ფავორიტ ქვეყანას დავასახელებ. მათ შორის არის კუბა. იქ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე-20 საუკუნეში ვინაცვლებდი. ძალიან უყვართ ტურისტები. გულღია, მხიარული და სიმღერა-ცეკვის მოყვარული ხალხია. კუბაში აუცილებლად დავბრუნდები. წარმოიდგინეთ, მე-20 საუკუნეში გიწევთ მოგზაურობა. ზოგჯერ წყალიც წყდებოდა, რამდენჯერმე შუქიც ჩაქრა. ქუჩებში ძალიან ცოტა მანქანა დადის. დამამახსოვრდა მათი სასაზღვრო კონტროლი: როგორც ხშირად ხდება, ქართული პასპორტის დანახვისთანავე ცალკე გამიყვანეს, ჩამოსვლის მიზეზი მკითხეს, ასევე - სად ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ, ამა თუ იმ ქვეყნის ვიზა ან ბეჭედი რატომ მაქვს, კარგი ბიჭი ვარ თუ არა... არ ვაჭარბებ, მართლა უამრავი "ბავშვური" კითხვა დამისვეს, ოღონდ აგრესიულად კი არა, ძალიან "ჯიგრულად". დაუვიწყარია ვარადეროს სანაპიროები. აუცილებლად სანახავი ადგილია ალ კაპონეს სახლი, რომელსაც ისეთი ლამაზი ხედები აქვს ზედ სანაპიროზე, რომ ალბათ სამოთხე ასეთია...

nebieridze3-1644484548.jpg

კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვინახულებდი მალდივებს, რომელიც ძალზე საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით. მუსლიმანური ქვეყანაა და დედაქალაქთან ახლოს ისეთი პროვინციებია, ბიკინებითა და თამამი საცურაო კოსტიუმებით გავლა რომ არ შეიძლება. სამ ქვეყანას შორის დავასახელებ ინდონეზიას, რომელიც სანახაობრიობასთან ერთად, იაფიცაა - ვგულისხმობ მაღალი დონის სასტუმროს, საკვებ ობიექტებს, მარკეტებს.

- დიდი ინტერესი მოჰყვა თქვენს ფოტოებს აფრიკიდან...

- აფრიკა განუმეორებელია თავისი ფერებით. კენია ჩემი მეუღლის საოცნებო ქვეყანა იყო. მასაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში მომყვება, რომლებიც თავად აინტერესებს... აფრიკაში პირველად ვნახეთ ცხოველები ველურ გარემოში. საფარაში მიღებული შთაბეჭდილება შეუცვლელია. მტაცებლები ზოოპარკში ნანახი ცხოველებისგან სრულიად განსხვავდებიან... ფოტოებზე მუშაობა იქ კიდევ ცალკე ბედნიერებაა. საინტერესო იყო გეპარდების ფოტოისტორია: დიდხანს ვცდილობდი, ისინი ობიექტივში მომექცია. საფარის მინდორში ძალიან ლამაზ წაქცეულ ხეზე გეპარდი ავიდა და კილიმანჯაროს მთების ფონზე თითქოს პოზირება მოინდომაო - საოცარი კადრი გამიმზადა...

მასაი-მარას ტომში სტუმრობის შესაძლებლობა მქონდა. ეს ერთგვარი ტურია. როგორც ვიცი, ტურისტული კომპანია, რომელიც მათთან შეხვედრის ორგანიზებას კისრულობს, მიღებული თანხიდან წილს ტომის წარმომადგენლებსაც უხდის... ბელადი ჰყავდათ, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა. ძალიან თბილად მიგვიღეს. გვიჩვენეს, როგორ აშენებენ სახლებს, შიგნით შეგვიყვანეს და დაგვათვალიერებინეს. სხვათა შორის, სახლს ქალები აშენებენ. საერთოდაც, ქალები შრომობენ, მამაკაცები ძირითადად ისვენებენ. შესაძლოა, აქედან არცთუ ისე სახარბიელოდ ჩანდეს მათი ცხოვრება, მაგრამ ისეთი ბედნიერები არიან, ლამის შემშურდა... მასაი-მარას ტომს ლომების წესი თუ პრინციპი აქვს გადმოტანილი - ძუ ლომები ნადირობენ, ხოლო ხვადები ნანადირევს მიირთმევენ... მამაკაცები იქაურობას იცავენ, თუმცა არავითარი საფრთხე არ არსებობს...

ცივილიზაციას მოწყვეტილი არიან, მაგრამ ეს სრულებით არ თრგუნავთ, პირიქით, ლაღები არიან. მანახვეს ცეცხლის დანთების პროცედურა. ასანთის არსებობის შესახებ იციან, მაგრამ მაინც, ცეცხლს ვირის ნაკელისა და ჯოხების ხახუნით ანთებენ. თავს ძირითადად, მეცხოველეობით ირჩენენ, უამრავი ძროხა და თხა ჰყავდათ. რძე და ყველიც ჰქონდათ. წყალს მდინარიდან ეზიდებოდნენ. გამაკვირვა იმან, რომ ყველა ტომს თავისი სკოლა ჰქონდა. მთავრობა განათლებაზე ზრუნავს: იქაური კანონის თანახმად, მშობელს, რომელიც სკოლაში შვილის მიყვანას თავს აარიდებს, პატიმრობა ემუქრება.

- "განსაკუთრებული" კერძი თუ გაგისინჯავთ?

- გურმანი არა ვარ, არც ექსპერიმენტები მიყვარს, მაგრამ ტაილანდში შამფურზე შემწვარი მორიელი შევჭამე, ქუჩაში დელიკატესივით იყიდება. ნაძლევი წავაგე და მომიწია. მეგონა, საშინელი გემო ექნებოდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი - ჩიფსის გემო ჰქონდა... ასევე არასდროს დამავიწყდება საჰარის უდაბნოში მზის ჩასვლისას ქვიშაზე დანთებულ ცეცხლზე მოდუღებული ჩაის გემო...

- კოვიდპანდემიის პირველ ხანებში შეზღუდვები გქონდათ...

- როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, მივხვდი, რომ შინ ვერ გავჩერდებოდი და გადავწყვიტე, საქართველო უფრო ახლოდან გამეცნო. მაშინ ვნახე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და მეგონა, სხვა ქვეყანაში, სადღაც უდაბნოში ვიყავი. ზებრა და ჟირაფი აკლია და, აფრიკაა... ასევე ძალზე საინტერესოა ლეჩხუმი, რომელიც რატომღაც ისეთი გაპიარებული არ არის, როგორიც საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები.

ვწუხვარ, რომ მანამდე არ მქონდა ნანახი რაჩხას ჩანჩქერი, ასევე - ქულბაქის მწვანე ტბა, იქიდან კი საოცრებათა ტყეში შევედით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის. უამრავი ხავსმოდებული ხე საოცარ სანახაობას ქმნის. თავი ჯადოსნურ ზღაპარში მეგონა. მწვანე ტბაზე კალმახის დაგემოვნება გვინდოდა, მაგრამ საკალმახე დაკეტილი დაგვხვდა... უამრავი ფოტო გადავიღე და შევეცადე, ეს ქვეყნის მხარე, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელებისთვის სხვაგვარად დამენახვებინა. ვიცი, ბევრი ადამიანი უკვე დაინტერესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გამიკეთებია.

ლალი პაპასკირი