"ქუჩაში ადამიანები ნაძალადევად იღიმიან..." - გზაპრესი

"ქუჩაში ადამიანები ნაძალადევად იღიმიან..."

"უკვე აღარც გვახსოვს, ოდესმე ვცხოვრობდით თუ არა ქვეყანაში, სადაც ჭურვების ჩამოცვენის ან რომელიმე შენობისთვის ალყის შემორტყმის საფრთხე არ არსებობდა... მოსახლეობა ამბობს, რომ მედია აზვიადებს და ომის საფრთხე ასეთი რეალურიც არ არის. როდესაც ჟურნალისტები ადამიანებს კითხვას უსვამენ, ეშინიათ თუ არა, ღიზიანდებიან, მაგრამ გულის სიღრმეში თავადაც ხვდებიან, რომ ომი მაინც გარდაუვალია, საკითხავი მხოლოდ ისაა, რა მასშტაბის იქნება..." - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო "გზასთან" საუბრისას.

რუსეთის კატეგორიული უარის მიუხედავად, უკრაინის (ასევე, დასავლეთის ქვეყნების) სადაზვერვო სამსახური მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მასშტაბურია რუსეთის სამზადისი, ამიტომ პროგნოზები სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა. მოსახლეობაში პანიკა ჯერჯერობით არ შეინიშნება, მაგრამ მათ შეშფოთებას იწვევს ის, რომ რუსეთის შემოჭრის რეალური საფრთხის გამო სულ უფრო მეტი ქვეყანა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ.

ოლესია იახნო:

- ქუჩაში ადამიანები ნაძალადევად იღიმიან... საზღვარგარეთიდან მუდმივად მწერენ და მირეკავენ: რა ხდება თქვენს ქვეყანაში, ჩამოდით, სანამ დროაო; მიგზავნიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ფოტოებს, ვიდეოებს, სადაზვერვო სამსახურის ან საერთაშორისო მედიის მიერ კოსმოსიდან გადაღებულს ან დამუშავებულს. გააქტიურდნენ ტროლები - უამრავი ფეიკნიუსი ვრცელდება, თუ როგორ ხოცავენ ან ავიწროებენ ჩვენი სამხედროები ეროვნებით რუს მოქალაქეებს. ამის ბევრს სჯერა... რუსეთის მთავარი მიზანია, ემოციურად, ფსიქოლოგიურად გატეხოს ჩვენი ხალხი. აქ დიდ როლს თამაშობს ჩვენი სლავური წარმომავლობა: უფროსი თაობა და მისი გავლენით ბევრი ახალგაზრდაც განიცდის რუსულ გავლენას. ბოლოს და ბოლოს, უამრავი რუსი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მათ რუსეთში ნათესავები, ოჯახის წევრები ჰყავთ და ამ ხალხს მთლიანობაში ნაკლებად ადარდებს ნატო, ქვეყნის ნათელი, სტაბილური მომავალი. არ უნდათ ომი, ქუჩაში შეიარაღებული ხალხი დარბოდეს, ზარბაზნები გრუხუნებდეს, მშვიდობა უნდათ - თუნდაც რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ფასად. მათი გავლენით და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, პოსტსაბჭოთა ნოსტალგია აქვთ, როდესაც ყველანი ერთად, "ძმურად" ცხოვრობდნენ. რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს და "ტვინების გამორეცხვის" მეთოდით წარმატებას აღწევს - თითქოს ამერიკას სურს ომი, რათა ნატოში ძალით შეგვათრიოს და აქ ბაზები განალაგოს, რომ შემდეგ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთს შეუტიოს... საბედნიეროდ, ახალგაზრდების უმეტესობას არ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება. მაგრამ ზოგი ისევ რუსული პროპაგანდის მსხვერპლია და ვერ იჯერებს - ნატოში რომც არ შევიდეთ, რუსეთი არც მაშინ აიღებს ხელს უკრაინის დაპყრობის ზრახვაზე. ყველას ერთი პასუხი აქვს - პუტინს არ სურს ომი, ეს ჩვენ ვიწვევთ მას, ამერიკის და დასავლეთის წაქეზებით. აქ ზოგიერთს მართლა სჯერა, რომ რუსეთი სირიაში ტერორისტებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყო შესული...

- პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველას, მათ შორის დეპუტატებსა და ბიზნესმენებს, ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. რას ფიქრობთ, დაბრუნდებიან?

- სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამას რუსეთის მიერ დაფინანსებული ტროლებისგან ცინიზმით გაჯერებული კომენტარები მოჰყვა, მაგრამ ეს არის სავსებით მართებული მოწოდება. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს მხოლოდ ბიზნესის საკეთებელი ადგილი არ არის. როდესაც ამერიკელები, ბრიტანელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არსად არ მიდიან და ამბობენ, რომ ეს მათი სახლია და უკრაინის ბედს გაიზიარებენ, დიახ, ისინიც უნდა დაბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ადგილი აქ არ არის. ყველას შეუძლია წასვლა, ბიზნესმენს, პოლიტიკოსს, დეპუტატს, დიპლომატს, მაგრამ არსებობს მორალი და ზნეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე გავალდებულებს, განსაცდელის დროს ზურგი არ აქციო. ამ დღეებში, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირისა და თვის წინ, უკრაინაში ასობით მოხალისე ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან. ზოგიერთი მათგანი 2014 წლიდან აქ არის და ამ წლების განმავლობაში თავადაც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში, ზოგი ჩვენს მოქალაქეებს წვრთნიდა და ინსტრუქტაჟს უტარებდა. იმიტომ, რომ საერთო მტერი გვყავს - რუსეთს ვებრძვით, რომელიც "საბჭოთა კავშირი 2"-ის შექმნას ცდილობს... მაგრამ არის მეორე ნაწილიც, რომელსაც რატომღაც აქამდე ვერ ვამჩნევდი: სხვადასხვა ასაკის ადამიანები ქუჩაში დადიან და ერთმანეთს ეროვნული თემატიკის სიმბოლოებს, დროშებს, უკრაინის დროშის ფერების გულსაბნევებს, სანთლებს ჩუქნიან. რამდენიმემ მადლობა მითხრა სამოქალაქო აქტიურობისთვის. ამით გვანახვებენ, რომ დამოუკიდებელი უკრაინა მათთვის ძალიან ძვირფასია. სხვათა შორის, მოხუცებიც მიდიან მოხალისეებთან და ეკითხებიან, რა სჭირდებათ, ხომ არ შეუძლიათ დაეხმარონ? ინტერნეტში გავრცელდა შეიარაღებული მოხუცების ფოტოები, რომლებიც მზად არიან სამშობლოს დასაცავად. მაგრამ უკრაინელ ხალხს ომი კი არა, მშვიდობა სურს. რუსეთმა ეს უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებს, ტყვიაზე ტყვიითვე უპასუხებს.

ასე რომ, დღეს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის დრო არ არის. შეიძლება, ზელენსკის მიმართ უამრავი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ახლა ისტერიკა და "ცხელი თავების" მოქმედება ისევ და ისევ უკრაინას დააზიანებს. ისეთი მდგომარეობაა, თითქოს ასანთის ღერის გაკვრაც საკმარისია, რომ დენთის კასრი აფეთქდეს. ჩვენ ამ ასანთს არ უნდა გავკრათ...

- რამდენად გაქვთ დასავლეთის თანადგომის იმედი?

- ზოგიერთი განცხადებიდან, ზოგის ქმედებიდან ირკვევა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, ევროპაში ომი არ დაიწყოს, მაგრამ თუ დასავლეთი შესაბამის დონეზე არ იაქტიურებს, ძალიან მალე ვნახავთ, რომ რუსული ტანკი სხვა ქვეყნის საზღვრებსაც მიადგება. მივიღებთ იმას, რაც გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულმა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ 2008 წელს თქვა, როდესაც სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად თბილისში, თავისუფლების მოედანზე იდგა: დღეს აგრესიის მსხვერპლი საქართველოა, ხვალ უკრაინა იქნება, შემდეგ - ბალტიისპირეთი და ბოლოს პოლონეთის ჯერიც დადგებაო... ეს უკვე რეალურია. აშკარაა, რომ რუსეთს ეკონომიკურმა სანქციებმა უკან ვერ დაახევინა. რუსეთის მოსახლეობისთვის მთავარია "დერჟავა" და შემდეგ - სხვა ყველაფერი...

ukraina-3-1645094829.jpg

- როგორ ფიქრობთ - რამ შეიძლება რუსეთს ამ ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინოს?

- უკვე არ მაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი ამხელა ჯარს ჩვენი საზღვრებიდან მოხსნის და თავის ბაზებზე დააბრუნებს. ბელარუსში საველე-სამხედრო ჰოსპიტალი აქვთ გახსნილი, მობილიზებულია სატანკო ბატალიონები... უამრავი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ - დიდი თუ მცირე, ძნელი სათქმელია - ომი იქნება. ეს პუტინს რუსეთში რეიტინგის ასამაღლებლად სჭირდება: მოსახლეობას უნდა უჩვენოს, რომ რუსეთი არავის წინაშე უკან არ იხევს. მათ იციან, რომ დამშეულ რუს ხალხს ასეთი იდეოლოგია მშვენივრად კვებავს... კიევამდეც რომ დააპიროს ჩასვლა, ამის შესაძლებლობა არ მიეცემა, მაგრამ მაინც ვამბობ - ასეც რომ მოხდეს, ის ვერ შეძლებს თუნდაც დროებით აღებული ტერიტორიების გაკონტროლებას. ცალკე საკითხია, ჩვენ როგორ დავზარალდებით. უკრაინა რა ვითარებაში დარჩება - ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო გადაიწევს თუ პირიქით, უფრო დავუახლოვდებით ამ ორგანიზაციას, გამოუვალი გარემოებების გამო?.. არის ვერსია, რომ უკრაინაში შესაჭრელად სამხედრო ძალების თავმოყრა სხვა არაფერია, თუ არა საინფორმაციო ოპერაცია, რაც ნაკლებად სარწმუნო მგონია, მაგრამ თუკი ასეა, შესაძლოა იმას ემსახურებოდა, რომ ყირიმისა და დონბასის კონტროლის დე ფაქტო ლეგიტიმაცია მომხდარიყო. კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება, თითქოს კრემლი შეეცდება უკრაინის პროფესიული სამხედრო ნაწილების განადგურებას, რათა გვაიძულოს ახალ მოლაპარაკებებზე მისი პირობებით. ასე უკვე მოხდა მინსკში 2015 წელს. ლაპარაკობენ ასევე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესაძლებლობაზე სარაკეტო დაბომბვით, სახმელეთო ჯარების მასშტაბური შეჭრის გარეშე... ასეა თუ ისე, ვფიქრობ, ომი რეალურია, უბრალოდ აგრესორს მომზადება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სასაზღვრო რაიონებში რუსული ჯარების რაოდენობა 25 იანვარს შეადგენდა 74-76 ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, ახლა კი ეს რიცხვი 90-95-ს აღწევს.

- ეს რას ნიშნავს?

- ერთი ტაქტიკური ჯგუფის რაოდენობა 1 000 კაცამდეა; ამას ერთვის სამხედრო ტექნიკა, არტილერია, სპეციალური ლოგისტიკური, ელექტრონული და საინჟინრო ნაწილები და ა.შ. აუცილებლად გასათვალისწინებელია პირადად პუტინის დაქვემდებარებაში მყოფი როსგვარდია და ე.წ. კადიროვცები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ როგორც საოკუპაციო, ისე ანტიპარტიზანული მოქმედებისას – უკრაინელთა დივერსიული ოპერაციებისგან ზურგის დასაცავად. მათ რუსეთშიც კი "საოკუპაციო ძალებს" უწოდებენ. შესაბამისად, ადვილი გამოსათვლელია, რა რაოდენობის ძალაა თავმოყრილი უკრაინის საზღვართან.

ის ძალები, რომლებიც ადრე საზღვრიდან შედარებით მოშორებით, დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდნენ, ახლა საზღვრისპირა ბანაკებში არიან განთავსებული. რუსეთი როგორც კი ბოლო დეტალებს მოაგვარებს, პროვოკაციებზე გადავა, რათა ჩვენი სასაზღვრო ჯარი ჩაითრიოს და ისე შეასაღოს თავის მოსახლეობას, თითქოს "უწყინარ წვრთნებს" ატარებდა და ამ დროს უკრაინულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა, ჰოდა, თავისი მოქალაქეების დახოცვაზე საკადრისი პასუხის გაცემა მოუხდა. ასე მოიქცა არც ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს, საქართველოში და შერჩა. ახლა შერჩება თუ არა, ამაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თანამედროვე მსოფლიო უახლოეს მომავალში.

ლალი პაპასკირი