ოჯახის სამი წევრის ხორცშესხმული იდეა - გზაპრესი

ოჯახის სამი წევრის ხორცშესხმული იდეა

აქ ყველა აქსესუარზე ნაქარგი ხელით სრულდება. ასეა გაფორმებული: საყელოები, ბაბთები, ჩანთები, შარფები, ბერეტები... დიდ ყურადღებას იქცევს სხვადასხვა ქსოვილისგან შექმნილი საყელო, რომელიც როგორც ვინტაჟურ, ისე თანამედროვე სტილში მზადდება. პროდუქცია გათვლილია როგორც უფროსი ასაკის მომხმარებელზე, ისე ბავშვებზე. ამჟამად საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ყველაფერი ოჯახის სამმა წევრმა წამოიწყო. დაწვრილებით პროექტის შესახებ სალომე გოგიჩაიშვილი გვიამბობს.

5-1645097167.jpg

- აქსესუარების დამზადება ჩვენი საოჯახო საქმიანობაა, მაგრამ დღეს უკვე ათამდე თანამშრომელი გვყავს, აქედან 3 მქარგველი და 2 მკერავია. ჩვენს საქმიანობაში ჩემი ფუნქცია წარმოების პროცესების დაგეგმვაა. დედა ძალიან ხელმარჯვე ადამიანია. არაკომერციული მიზნით ყოველთვის რაღაცებს ქარგავდა, ქსოვდა, ქმნიდა. მის ნამუშევრებს მე და ჩემი დაც ვატარებდით და ის ნივთები ყველას მოსწონდა. ჩემი და ჩემი დის ნაქარგებიც ყურადღებას იქცევდა. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა ნამუშევრები სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და ეს საქმე ბიზნესად გვექცია. ასე რომ, პროექტის სულისჩამდგმელები ვართ დედა - ცირა მდივანი, ჩემი და - გვანცა გოგიჩაიშვილი და მე. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვართ, დედა ფსიქოლოგია, ჩემი და - ფილოლოგი და სხვადასხვა პროფესიის სამი ადამიანი ამ საქმემ გაგვაერთიანა. შემდგომი განვითარება კი ბაზარმა მოითხოვა, როცა მივხვდით, რომ ხალხს პროდუქცია მოსწონდა. თავიდან დავიწყეთ მხოლოდ ბაფთებით და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. შემდეგ საყელოები დავამატეთ. 2019 წლის მარტიდან აქტიურად ვმუშაობთ. პანდემიის პერიოდში დაიწყო განვითარება და დღეს რომ ვუყურებ ჩვენს პირველ ნამუშევრებს, საკმაოდ დიდი ზრდა-ტრანსფორმაცია განიცადა. უკვე თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან ხარისხიანია. მე და ჩემი ოჯახის წევრები ამ საქმეში მთელ გულსა და სულს ვდებთ.

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები და რა სარგებლობს ყველაზე მეტი მოწონებით?

- მრავალფეროვანი ქსოვილია და მომხმარებელი თავად აკეთებს არჩევანს. რასაკვირველია, ჩვენს რეკომენდაციებსაც ვუზიარებთ. ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვმუშაობთ. ვთქვათ, ვიღაცის საყვარელი მომღერალია ბიონსე, საყვარელი ყვავილი - იასამანი ან სურთ, საყელოზე მელაკუდას ფიგურა, ასეთ შეკვეთებსაც ვასრულებთ და ვცდილობთ, პროდუქტი ყველას სურვილს მოვარგოთ. ბევრს რისკის ეშინია, ამიტომ ურჩევნია ისეთი აქსესუარის შეკვეთა, რომელიც უკვე ნანახი აქვს და ფოტოებიდან იცის, როგორ გამოიყურება. ძირითადი დაინტერესებაა ყვავილებით, სხვადასხვა მცენარით. ნამუშევარი რაც უფრო ფერადი და მასიურია, მით უფრო მოსწონთ. ჩვენი დაკვირვებით, საყელო სადა სამოსს უხდება და ადამიანები ცდილობენ, ლუქი ფერადი აქსესუარით გაახალისონ. საყელოებს ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ. ჩვენი ნამუშევრების გაყიდვების 80-90% ნაქარგებია, ნაკლები - სადა სტილი. ვფიქრობ, პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდა იმან გამოიწვია, რომ ჩვენი ნამუშევარი ხარისხითა და ვიზუალით გამოირჩევა. მზადდება მამაკაცის ბაფთებიც, რომლებსაც პერანგის საყელოს ფორმა აქვს.

5-1645097180.jpg

- ყველაზე ხშირად რომელი ფიგურა ან მცენარე მოგიქარგავთ?

- ტრენდულია საკურას ხე, წითელი ყვავილები, შავი ტოტებით. ბოლო პერიოდში ეს საყელო ყველაზე გაყიდვადია, ხოლო ბავშვების შემთხვევაში, სხვადასხვა ფიგურასთან ერთად, სასკოლოდ აქტუალური ხდება ანბანამოქარგული საყელო და ამ კუთხით სექტემბერი ყოველთვის დატვირთული გვაქვს. პერიოდულად მე, დედა და ჩემი და ახალ კოლექციაზე ვიწყებთ მუშაობას და ვცდილობთ, თვეში ერთხელ პროდუქციას 5-6 ახალი მოდელი შევმატოთ. საგაზაფხულოდ კი მაისურების დამატებასაც ვგეგმავთ.

ანა კალანდაძე