ხელოვნური ტერასები - გზაპრესი

ხელოვნური ტერასები

ქართველი ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მდიდარი სამიწათმოქმედო ტრადიცია. საქართველო, წინა აზიასთან ერთად, პურეული კულტურის ჩასახვის ერთ-ერთ კერად ითვლება. ამის დადასტურებაა ენდემური ჯიშები, რომელთა მოყვანასაც ქართველი მეურნე მე-20 საუკუნეშიც კი მისდევდა. პურეულის გარდა, სამიწათმოქმედო კულტურა სხვა დარგებსაც მოიცავს, როგორებიცაა: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა. ისინიც არანაკლებ განვითარებული იყო ძველ საქართველოში. თითოეული დარგი სხვადასხვა ინტენსივობით იყო წარმოდგენილი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. ამის მიზეზი კი ბუნებრივი პირობები გახლდათ. ქართველმა კაცმა ამ პირობებს იმთავითვე აუღო ალღო და თავის ინტერესებს დაუქვემდებარა. ამის ერთ-ერთი ნიმუშია ხელოვნური ტერასები, რომლის შესხებაც მოგიყვებით.

თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი, ალმანახ "ჯავახიანის" მთავარი რედაქტორი, ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი დავით სართანია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული იმ პროექტების მონაწილე და კოორდინატორია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მესხეთში ტრადიციული ბუნებათსარგებლობის ფორმების წარმოჩენა და მნიშვნელობის გააზრებაა.

- ბატონო დავით, მოდი, ჯერ განვმარტოთ, რას წარმოადგენს ხელოვნური ტერასები?

- ტერასები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ხელოვნურად შექმნილი რელიეფია. იგი დამრეცი რელიეფის მქონე ადგილებში კეთდებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება. დამრეცი, დაქანებული მიწის ზედაპირის სავარგულებად გამოყენების ამ ხერხს ქართველებმაც უხსოვარი დროიდან აუღეს ალღო და თითქმის ყველგან გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი მესხეთში.

- როგორ კეთდებოდა ისინი?

- თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ტერასები სწორი ზედაპირის მქონე ველებზე არ კეთდება. რელიეფი აუცილებლად დაქანებული უნდა იყოს. ასეთი რელიეფი ხომ ნიადაგის დამუშავებას აძნელებს და, რაც მთავარია, დამუშავებულ ნიადაგს ზემოდან წამოსული ნალექების ნაკადი ადვილად ჩამორეცხავს ხოლმე და რამდენიმე წელიწადში სახნავ-სათესად უვარგისი ხდება. ამ გარემოებების თავიდან ასაცილებლად მეურნემ მიაგნო შესანიშნავ ხერხს და დაიწყო დაფერდებული ნაკვეთის საფეხურებად გარდაქმნა. ხელოვნური ტერასები ორგვარი იყო: უკედლო და კედლიანი. იქ, სადაც ფერდობი მცირედ იყო დაქანებული, გუთნით ხვნისას ზედაპირი გარკვეულ მონაკვეთზე თავისთავად სწორდებოდა, რაც შეამჩნია მიწათმოქმედმა და მიზანმიმართულადაც დაიწყო ამგვარი ხვნა. გარკვეული სიგანის დავაკება რომ მიიღო, შემდეგ მის პარალელურად, უფრო ზემოთ, მეორე საფეხურზეც ამგვარი დავაკება შექმნა. ასე მივიღეთ უკედლო ტერასები, რომლებსაც ქვედა მხარეს ნიადაგის ჩამოშლისგან დამცავი რაიმე ხელოვნური ბარიერი არა აქვს. ასეთ ტერასებს მესხეთში "ლარებს" ეძახიან და ჩვენც ასე ვუწოდოთ. მეორე სახის ტერასებს მრავალი სახელი აქვს. ჩვენ ერთ-ერთი გამოვიყენოთ - "დარიჯი". ლარები შემდეგნაირად კეთდებოდა: მეურნე ხვნას იწყებდა ფერდობის ძირში და თანდათანობით ღრმა ხვნაზე გადადიოდა. რაც უფრო ზემოთ ინაცვლებდა ხნული, მით უფრო ღრმა გამოდიოდა, ამიტომ ნიადაგი მოცემულ ფერდობზე ნელ-ნელა ვაკდებოდა და ბაქანს ქმნიდა, მის თავზე კი ახალი საფეხურის მოწყობას იწყებდნენ. ამრიგად ტერასების რამდენიმე იარუსს იღებდნენ. თითო ლარის სიგანე 4-5-დან 20-30 მეტრამდე იყო, ხოლო სიგრძე ფერდობის სიდიდეზე გახლდათ დამოკიდებული. რაც შეეხება დარიჯებს - ძალიან დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა და მისი ქვედა მხარე აუცილებლად უნდა ამოშენდეს ან ხის ჯებირებით, ან ქვის ყორით. მესხეთში ყველგან ქვაა გამოყენებული.

261134308-1085600812283337-8446497209872319644-n-1645097347.jpg

- რატომ?

- პასუხი მარტივია: მესხეთის იმ ადგილებში, სადაც ამგვარი ტერასები გვხვდება, ხის მასალა ნაკლებია. შორიდან რომ მოეტანათ ხე, შეიძლებოდა, მაგრამ იგი დროთა განმავლობაში დალპებოდა და ხელახლა მოუწევდათ გაკეთება, რაც არცთუ ისე ადვილი იქნებოდა. ქვა კი იქვე ბლომად მოიპოვებოდა, რადგანაც ეს ტერასები ყველგან მდინარის გასწვრივ ხეობებშია გამართული.

- ტერასების ამ ორ ფორმას შორის მხოლოდ ეს განსხვავებაა?

- არა, სხვაცაა. ჯერ საკუთრივ ტერასების კონსტრუქციაზე, აგების ტექნიკასა და განლაგებაზე მოგახსენეთ. თუ ტერასების ამ ორ ფორმას სიდიდის მიხედვით შევადარებთ ერთმანეთს, ვნახავთ, რომ ლარები საკმაოდ დიდ ფართობს იკავებს, დარიჯები კი - მცირეს. ამის მიზეზი ისევ ბუნებრივი პირობებია: დარიჯები ხომ მდინარის გასწვრივ არსებულ დაფერდებებზე კეთდება და იქ მეტი მასშტაბი არაა. კიდევ ის განსხვავებაა, რომ ლარები არ ირწყვება, დარიჯებისგან განსხვავებით. ლარებზე პურეული მოჰყავთ, ოროკოებზე კი - ხილი, ბოსტნეული და ვაზი.

- პურეულს მორწყვა არ სჭირდება?

- საქმე ისაა, რომ პურეული ანუ მარცვლოვანი კულტურების ჭირნახული, ადამიანს მეტი სჭირდებოდა, ვიდრე ბოსტნეული და ხილი. ამიტომ უფრო დიდ ფართობზე სწორედ მარცვლოვანებს თესავდა. დიდი ფართობის მორწყვას ვერ ახერხებდა, მაგრამ აქ მეურნემ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ იპოვა გამოსავალი. ლარების ხელოვნური მორწყვა არ ხდება, რადგანაც ისინი მდინარის სიახლოვეს არ მდებარეობს, მაგრამ ქართველ მეურნეს ასეთ პირობებში მიუგნია ტენის შენარჩუნების მახვილგონივრული ხერხისთვის: ნიადაგი სამჯერ მუშავდებოდა. პირველად ნაკვეთი შემოდგომაზე პირწმინდად იხვნებოდა ჰორიზონტალურად, ლარების გასწვრივ (ამას "გათერძვა" ეწოდებოდა), შემდეგ კი იმავე წესით იხვნებოდა, ოღონდ უკვე საპირისპირო მიმართულებით და მას "აოშვა" ერქვა. მესამე ხვნა ზამთრის დაწყებამდე ხდებოდა და მას "ჩაღარვას" უწოდებდნენ. ვინაიდან ყოველი კვალი მიწის ბელტებით იყო შეზვინული, ეს ზვინები ხელს უშლიდა ზედაპირულ ჩამონადენს. ასე მიიღწეოდა ნიადაგის ეროზიისგან დაცვა, წყალგამტარობა ნიადაგში და საბოლოო ჯამში - მაღალმოსავლიანობა.

271895654-370179654473940-4560141855734808817-n-1645097365.jpg

- რამდენად ძველია ეს ტრადიცია?

- ჯერ ერთი, ხელოვნური ტერასების გაჩენამდე არსებობდა მდინარის კალაპოტის ცვლილებებით მიღებული ხელოვნური ტერასები, რომელსაც ადამიანი იმთავითვე იყენებდა. შესაძლოა, მათზე დაკვირვებით შექმნა მან ხელოვნური ტერასები. რაც შეეხება ამ უკანასკნელის სიძველეს, არქეოლოგიური გათხრებითაა დადასტურებული მესხეთში უძველესი ტერასები. უკედლო ტერასები დღესაც ფართოდაა ათვისებული, სადაც ძველად მოჰყავდათ მარცვლეული და კარტოფილი. სხვა მდგომარეობაა კედლიანი ტერასების შემთხვევაში. დარიჯები გამოყენებული იყო მევენახეობისა და მეხილეობისთვის. ვინაიდან მათ სასაქონლო ხასიათი დაკარგული აქვს, შესაბამისად, დარიჯებიც უფუნქციოდაა დარჩენილი. თუ მევენახეობისა და მეხილეობის პროდუქტებს კვლავაც გამოუჩნდება მყიდველი და მისი ფასი აიწევს, დარიჯების გაცოცხლებაც დაიწყება. ამასთან, დარიჯები ხომ კულტურის ობიექტები და ერის საგანძურია. სასიამოვნოა, რომ მათი აღდგენის პროცესი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, მცირე მასშტაბით, მაგრამ დღესაც მიმდინარეობს.

- მესხეთი საკმაოდ დიდი მხარეა. სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ სამცხე-ჯავახეთი შემოდის. მის ფარგლებს გარეთ ხომ კიდევ უზარმაზარი ტერიტორიაა. ხელოვნური ტერასების ტრადიცია წარსულში ყველგან იყო მესხეთში თუ არა?

- ყველგან იყო, თუმცა ყველგან - კონკრეტული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკაში დარჩენილ მესხეთის ნაწილში ჩვენმა ექსპედიციამ ბევრ ადგილას დააფიქსირა როგორც ლარები, ისე დარიჯები. ფოტომასალაც მოგვეპოვება, სადაც ხელოვნური ტერასები კარგად ჩანს. საინტერესო ისაა, რომ მდინარის გასწვრივ მოწყობილ ქვისკედლიან ტერასებზე დღესაც ვაზი ვნახეთ გაშენებული.

- ლარებზე რას იტყვით?

- თურქეთის რესპუბლიკაში მდებარე ისტორიული მესხეთის ამ ნაწილში, სამწუხაროდ, ლარები უფუნქციოდ დაგვხვდა. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, რომ მასზე ადრე პურს თესავდნენ, მაგრამ ახლა ეს საქმიანობა გარჯად არ უღირთ: უმჯობესია ვიყიდოთო, ასე უფრო იაფი გვიჯდებაო. საბედნიეროდ, მესხეთის ჩვენს ნაწილში ლარებზე ხვნა-თესვა არ შეწყვეტილა.

- საინტერესო საკითხს მივადექით: როგორ უნდა შევაფასოთ ქართველი მეურნის ეს ტრადიცია?

- შემეცნებითის გარდა, ბუნებათსარგებლობის ტრადიციული ფორმების შესწავლას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ადამიანი ხანგრძლივი დაკვირვებით ამოიცნობდა მოცემულ გარემოში ოპტიმალურად ყველაზე სასარგებლო ბუნებათსარგებლობის ხერხებს, რითაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს იღებდა. საუკუნეების მანძილზე იგი ხვეწდა და ავითარებდა ამ ხერხებს, იღებდა დიდ სამეურნეო გამოცდილებას. ამ რიგშია ხელოვნური ტერასებიც, რომლებიც გარემო პირობების გათვალისწინების შესანიშნავი მაგალითია, ამიტომ ინდუსტრიულ ეპოქაშიცაა გამოსაყენებელი. ვინაიდან მაღალსარგებლიანი ტრადიციული სამეურნეო ფორმების ნაწილი დავიწყებას მიეცა, იგი გამოსაკვლევი და დასანერგია თანამედროვე ეპოქაშიც. ტექნიკური პროგრესი ძალიან წინ წავიდა, მაგრამ ბუნებრივი პირობები, როგორიცაა რელიეფი, ხომ იგივე დარჩა? ამიტომ თანამედროვე მეცნიერებამ უნდა მოახერხოს ამ რელიეფის დაუზიანებლად, სამეურნეო საქმიანობის გაადვილებისა და ეკონომიკური რენტაბელურობის მიზნით ამ ხერხის გამოყენება. აქ ტრადიციის გათვალისწინება არასდროს არაა ზედმეტი.

შორენა მერკვილაძე