"როცა ვხედავ, საყვარელი ადამიანი ბედნიერია, ეს მეც მაბედნიერებს..." - გზაპრესი

"როცა ვხედავ, საყვარელი ადამიანი ბედნიერია, ეს მეც მაბედნიერებს..."

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავისი ოქროს მედლების მდიდარ კოლექციას კიდევ ერთი შემატა - იგი პარიზის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა. სპორტსმენის მეტოქე ფინალურ დაპირისპირებაში იაპონელი სიოჩი ჰაშიმოტო იყო. ქართველმა ახალგაზრდამ მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა და ასე მოიპოვა ოქროს მედალი.

2021 წელს ლაშა მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა და დღეს ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც სამივე დიდი შეჯიბრება - ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული. 20 წლის იყო, პირველად ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი რომ მოიპოვა, ამის შემდეგ იყო ბევრი დიდი წარმატება. შარშან ტოკიოდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, რაც მის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალია. ამ მაჩვენებლითაც ქართულ ძიუდოში ერთადერთია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გულშემატკივრების რჩეულიც გახდა და "2021 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის" ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ლაშა ორი ვაჟის მამაა. მან 2016 წელს შექმნა ოჯახი მოცეკვავე სალომე არაბულთან.

272924161-1616253735405859-5219821702108812314-n-1645098906.jpg

- გასულ კვირას პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდით. რამდენად ძლიერი მეტოქე გყავდათ და რას იტყვით ამ გამარჯვებაზე?

- ჩემთვის ყველა შეჯიბრება მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული იყო საფრანგეთი, სადაც გულშემატკივრების მეტი მხარდაჭერა მქონდა, ეს კი დიდ სტიმულს აძლევს სპორტსმენს. რაც შეეხება ამ შეჯიბრებას, ოლიმპიური თამაშების შემდეგ ასეთი დასაწყისი საკმაოდ კარგია. ჩემთვის ეს წელი ახალი იმედებით დაიწყო. ახლა გრძელდება მზადება შემდეგი თამაშებისთვის. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიჭიდაო და ასე შევამოწმო საკუთარი შესაძლებლობები; რომ გავიგო, რა შეცდომებია გამოსასწორებელი, რათა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო ფორმაში ვიყო. რამდენიმე წელში ისევ ოლიმპიური თამაშები იქნება.

- რა განცდაა, როცა გამარჯვებული კვარცხლბეკზე დგახარ და საქართველოს ჰიმნი ჟღერს?

- განსაკუთრებულად დიდი გრძნობაა, როცა ბევრს შრომობ და იმარჯვებ. იმ დროს უამრავი ადამიანია შენ გარშემო გაერთიანებული, შენთან ერთად იბრძვიან, ეს გათავისებული მაქვს და დიდ მოტივაციას მაძლევს. ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემთან ერთად გულშემატკივარს უხარია, ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება.

- ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შარშან "მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცის" ტიტული მოგანიჭათ, ამას ელოდით?

- ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყვნენ წარდგენილი ამ ნომინაციაზე, მაგრამ გულშემატკივრების მხარდაჭერით, განსაკუთრებით ქართველების, ეს ტიტული მე მოვიპოვე. ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით, მათი დამსახურებაა. ერთია, რომ შენ იბრძვი, იმეტებ თავს და მაქსიმუმს აკეთებ, მაგრამ როდესაც გულშემატკივარზეა დამოკიდებული შენი გამარჯვება და წარმატებას აღწევ, ამ დროს უზომოდ ბედნიერი ხარ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ ერთი ქართველის წარმატება ყველა ქართველის წარმატებაა. მადლობა ამისთვის!

- ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს სპორტში, მაგალითი ხდებით. შეგიძლიათ რჩევა მისცეთ, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, რომ მათაც მიაღწიონ გამარჯვებებს.

- თუ ადამიანი იშრომებს, აუცილებლად მიიღებს შედეგს.

- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

- ყველას აინტერესებს, როგორ მივაღწიე მიზანს, წარმატებას. პირველ რიგში აუცილებელია შეიყვარო შენი საქმე. შენი არჩევანი უნდა გსიამოვნებდეს, აუცილებლად უნდა დაიხარჯო იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. გამარჯვებების მოპოვება ადვილი არ არის, რადგან მსოფლიოში ბევრი ადამიანი იბრძვის ერთი მიზნისთვის და მათზე მეტად უნდა გინდოდეს გამარჯვება. ეს სურვილი გონებაში, სხეულში, სულში უნდა გაგიჯდეს, რომ თავი გაწირო. აბსოლუტურად ყველაფრის დათმობა უნდა შეგეძლოს; რასაც აკეთებ, იმ საქმეს თავი უნდა მიუძღვნა. წარმოუდგენელი შრომა, ნებისყოფა, თავდადება, საქმის სიყვარული გჭირდება - ერთმანეთზეა ეს ყველაფერი მიბმული და რომელიმეს გარეშე არაფერი გამოვა.

- როგორი იყო სპორტში პირველი ნაბიჯები?

- როდესაც პატარა ხარ, ენერგიით სავსე, გინდა, ეს ენერგია სადმე დახარჯო. მერე ეტაპობრივად გიყვარდება. მოგწონს, რასაც აკეთებ. როდესაც შრომა უკან გიბრუნდება და წარმატებას აღწევ, მეტი მოტივაცია გიჩნდება. 11 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. არაფრით განვსხვავდებოდი თანატოლებისგან, ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, რომელსაც უბრალოდ მოსწონდა სპორტის ეს სახეობა. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, ამ გზას უნდა გავყოლოდი. 18 წლიდან იწყება სერიოზული შეჯიბრებები, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატები. თუ გახდები საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ შენს ასაკში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე შეგიძლია ჭიდაობა და უკვე თავს სპორტსმენად გრძნობ, რადგან შენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაგაქვს.

- პირველი მედალი რა ასაკში აიღეთ?

- როცა ვვარჯიშობდით, მწვრთნელები შიდა ჩემპიონატს დარბაზში ატარებდნენ. მაშინ დარბაზის პირველობაზე მესამე ადგილი დავიკავე, პატარა ვიყავი. ჯერ აუცილებლად დარბაზში უნდა მოგეპოვებინა გამარჯვება, რომ მერე რომელიმე რეგიონში წაეყვანე მწვრთნელს. ეს ძალიან დამეხმარა, რადგან დაუმსახურებლად არსად წავუყვანივართ. შეჯიბრებაზე წასვლა იმ შემთხვევაში მიწევდა, თუ გამოვიჩენდი თავს და სხვებს ვაჯობებდი. ასე ტარდებოდა საქართველოს შიდა ჩემპიონატები. შემდეგ ახალი ეტაპი იწყება და უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი. გამარჯვებებმა გარკვეულწილად შემაყვარა სპორტის ეს სახეობა, მით უმეტეს, რომ თავიდან არავისგან გამოვირჩეოდი, სულ ვაგებდი და საინტერესო იყო ჩემთვის, როდის გავიმარჯვებდი. ამისთვის ბევრი ვიშრომე.

- წაგების შემდეგ მეტი მოტივაცია გიჩნდებოდათ?

- რა თქმა უნდა, არ ვნებდებოდი. ვერ გავიხსენებ ისეთ პერიოდს, როცა წავაგე და ხელი ჩავიქნიე. პირიქით, ვაგრძელებდი ვარჯიშს, უფრო კარგი შედეგი რომ მქონოდა. ვიცოდი, შრომა აუცილებლად დამიფასდებოდა. ყოველთვის აღვნიშნავ: თუ ბავშვს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ის ვარჯიშს არ გააცდენს. არ უნდა ეძებდე გასამართლებელ მიზეზს, რომ დღეს გააცდინე. ყოველთვის შეიძლება გამოვნახოთ დრო ვარჯიშისთვის, მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეგვიშალოს ხელი. ახალგაზრდა როდესაც უმიზეზოდ გააცდენს ვარჯიშს, უნდა ფიქრობდეს, რომ დააშავა სპორტის წინაშე და ამის გამოსწორებას უნდა შეეცადოს.

- სკოლაში მასწავლებლების მხარდაჭერა გქონდათ?

- ყველა ხელს მიწყობდა. არ მეგულება ადამიანი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს, როდესაც ხედავს, რომ ის რაღაცის მიღწევას ცდილობს, მონდომებულია. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახი იყო. ამ მხარდაჭერის გარეშე არა მგონია, ადამიანმა რამეს მიაღწიო. საერთოდ, ფართოა ჩემი გულშემატკივართა წრე... ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, როგორ დაიხარჯებიან, როგორ მოინდომებენ. ყოველთვის უნდა ეცადო, ყველაფერში პირველი იყო, ყველაზე ადრე უნდა მიხვიდე ვარჯიშზე და ყველაზე დიდხანს ივარჯიშო, მეორეს უნდა აჯობო. კონკურენცია აუცილებელია. გარკვეული პერიოდი შეიძლება დაეზაროს ადამიანს რაღაცის კეთება, მაგრამ უნდა შემოუძახო თავს და რაც შეიძლება მეტი გააკეთო იმ სფეროში, სადაც ხარ. პასიურობით წარმატების შანსი ნაკლებად გექნება.

whatsapp-image-2022-02-14-at-2304-1645098952.25.jpeg

- 20 წლისამ ოლიმპიური ოქრო მოიპოვეთ...

- ყველა სპორტსმენის ოცნებაა, ოლიმპიური თამაშები მოიგოს და გახდეს ჩემპიონი. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო. მაგრამ წარმატებამ არ უნდა მართოს ადამიანი. თუ გინდა, კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიო, ის ყველაფერი უნდა დაივიწყო და ახალი ფურცლიდან დაიწყო ახალი მიზნისთვის ბრძოლა. იმ მომენტში ის წარმატება გიხარია, ყველას უხარია, მაგრამ კიდევ ხომ უნდა გააკეთო რაღაც...

- მოგებული გაქვთ მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადა... ფაქტობრივად ყველაფერი, რისთვისაც იბრძვიან სპორტსმენები. ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ამდენისთვის რომ მიმეღწია, ბევრი ვიშრომე. არ ვაპირებ დანებებას, მინდა, რამდენჯერმე გავიმეორო ის შედეგები, რასაც უკვე მივაღწიე. ამის რესურსიც მაქვს, მოტივაციაც, სურვილიც და არაფერი მიშლის ხელს, რომ მიზანს მივაღწიო. ერთი ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ მომავალი გამარჯვებებისთვის და დანარჩენი გამოჩნდება.

- პირველი ქართველი ძიუდოისტი ხართ, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა. სამწუხაროდ, შარშან ოლიმპიური ოქრო ვერ აიღეთ და საქართველოში ვერცხლის მედლით დაბრუნდით, ალბათ გულდაწყვეტილი ხართ და ამიტომ გინდათ, მორიგი ოლიმპიური ოქრო მოიპოვოთ და გაიმეოროთ ის შედეგი, რაც 20 წლის ასაკში გქონდათ...

- საოცარი შეხვედრა იყო. უდავოდ, საუკეთესო მეტოქე მყავდა. რთულია, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო მეტოქე, შეაგუო იმას, რომ მან შეიძლება წააგოს შეხვედრა. მე ეს შევძელი! შეგუებული იყო აზრს, რომ შეიძლებოდა ეს შეხვედრა წაეგო, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე რაღაც ვერ გამომივიდა. არა უშავს, ეგ არაფერი. საქმე გრძელდება და შეიძლება კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. ვეცდები, ორი საუკეთესო სპორტსმენის შეჯიბრება ჩემი გამარჯვებით დასრულდეს.

- ქუჩაში ალბათ ბევრი გულშემატკივარი გხვდებათ. როგორ ხვდებით მათ და ხომ არ შეგცვალათ პოპულარობამ?

- სრულიად გააზრებული მქონდა გულშემატკივრის დამოკიდებულება, როდესაც სპორტული ცხოვრება დავიწყე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ მათ მხარდაჭერას. ჩემთვის მისაღებია, მეტ მოტივაციას მაძლევს, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ ჩემი წარმატებით ამაყობენ. უზომოდ ბედნიერი ხარ, როდესაც ხედავ, მათაც მთელი არსებით უხარიათ შენი გამარჯვება, მთელი გულით, ემოციით გესაუბრებიან და ამ დროს გგონია, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ისინიც შენთან ერთად შრომობდნენ, შენთან ერთად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ეს მოტივაციას კი გაძლევს ადამიანს, მაგრამ ისიც შეგნებული უნდა გქონდეს, რომ არ უნდა გაგაყოყოჩოს, არ უნდა შეიცვალო.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ძალიან დატვირთულია. თითქმის მთელი დღე ვარჯიშზე ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეჯიბრებაზე მიწევს გასვლა და სხვას ვერაფერს ვასწრებ. დროის უმეტეს ნაწილს სპორტს ვუთმობ.

- მეუღლე რამდენად არის ამ პროცესებში ჩართული?

- მეუღლე ჩემ გვერდითაა და ძალიან მეხმარება. ორი პატარა გვყავს, მათ აღზრდას ძალიან დიდი დრო და ყურადღება სჭირდება - ამ ყველაფერზე მეუღლე ზრუნავს. მე სახლში თითქმის არასდროს ვარ: ხან "ზბორებზე" გახლავართ, ხან - ვარჯიშზე. მეუღლე ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს, რომ კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწიო.

13512123-1353733677977114-6878251752129269710-n-1645098965.jpg

- უფრო მეტი გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე... როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- ორი შვილი მყავს, 3 და 4 წლის ბიჭები. მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახურ გარემოში გავატარო, მათ გვერდით ვიყო, რომ ერთად გავიდეთ სადმე. ვცდილობ, ბავშვები სპორტულად გავზარდო. ჩემი მეუღლე, სალომე "სუხიშვილებში" ცეკვავდა. როდესაც შვილები გაგვიჩნდა, დროის პრობლემა იყო და დიდი მსხვერპლი გაიღო, საყვარელი საქმისთვის თავის დანებებამ მოუწია და შვილების აღზრდით არის დაკავებული. სრულად მიდგას მხარში... ადამიანი როდესაც ცუდ ხასიათზე და მოწყენილია, სხვასაც უფუჭებს განწყობას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით ემოციას. ვცდილობ, სიხალისე და დადებითი განწყობა შევიტანო ყველგან. თუ ადამიანი კარგს ეძებს, ის აუცილებლად იპოვის ამ კარგს, თუ ეძებს ნეგატივს, ამის პოვნაც არ არის პრობლემა. დადებითი განწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სპორტსმენს აქვს სხვა პრობლემა, ეს აუცილებლად აისახება მის შედეგზე. მარტო ვარჯიშს არ მოაქვს შედეგი, ამაში მთლიანად, გონებრივადაც უნდა იყო ჩართული, რომ განვითარდე. როგორც ფიზიკურად მჭირდება შრომა, ასევე გონებრივად უნდა განვიხილო ჩემი მოწინააღმდეგის ყველა ნაბიჯი, მისი ტაქტიკა და ამას აზროვნება სჭირდება. ვის როგორ უნდა ეჭიდაო, ეს უნდა გააანალიზო. სულ ჩართული უნდა იყო და თუ ადამიანს პირად ცხოვრებაში რამე პრობლემა გაქვს, ძნელი იქნება მიზნის მიღწევა. წარმატებაში ისიც ძალიან მეხმარება, რომ ოჯახში მაქვს სიმშვიდე და მეუღლე ძალიან მიდგას მხარში. სალომეს მადლობა ამისთვის!

whatsapp-image-2022-02-14-at-2301-1645099068.58.jpeg

- ხშირად ანებივრებთ მეუღლეს სიურპრიზით?

- საერთოდ, მიყვარს ადამიანების გახარება და სიურპრიზების მოწყობა, მით უმეტეს, მეუღლისთვის. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ადამიანს საჩუქარს ვუკეთებ. როცა ვხედავ, საყვარელი ადამიანი ბედნიერია, ეს მეც მაბედნიერებს.

თეა ხურცილავა