"ნიჭს მუშაობისას უფრო ავითარებ, ვიდრე - სწავლისას" - გზაპრესი

"ნიჭს მუშაობისას უფრო ავითარებ, ვიდრე - სწავლისას"

მხატვარმა იზა წურიაშვილმა ბავშვობაში აღმოჩენილი ნიჭის მეტად განვითარება პანდემიის პერიოდში დაიწყო: ინტერნეტის მეშვეობით, თავისი ნახატები ფართო საზოგადოებას უჩვენა. მისმა ნამუშევრებმა ძლიერი ინტერესი გამოიწვია. ქართველებთან ერთად, იზას შემოქმედებით უცხოელებიც ინტერესდებიან. მათ შორის გახლავთ იტალიელი შეფ-მზარეული - ენცო ნერი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, ასევე - გერმანელი მხატვარი... მალე იზას 7 ნამუშევარი პოლონეთშიც "გაემგზავრება"...

izas-nakhati-01-1645779683.jpg

- ხატვა ბავშვობიდან მეხერხებოდა. როცა პირველი კლასის მოსწავლე ვიყავი, სკოლიდან "წუნა და წრუწუნას" ქორწილის ერთ-ერთი ეპიზოდის დახატვა დამავალეს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ხატვა რომ შემეძლო. დასახატად დედაჩემი დაჯდა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ მითხრა, - თავად დახატეო. დავჯექი და დავხატე. - უი, რა კარგი გამოგივიდაო, - შემაქო. ასე აღმოვაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი მქონდა (იღიმის)... მეორე კლასში ვიყავი, როცა სამხატვრო სკოლაში შევედი, სადაც სწავლების 4-წლიანი კურსი იყო. გამოფენებში ხშირად ვმონაწილეობდი. პატარა ასაკის კვალობაზე, კარგად ვხატავდი - მაქებდნენ... მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, არქიტექტურის რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიის განხრით... წლების განმავლობაში არქიტექტორად ვმუშაობდი. 2 წლის წინ, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსი დავასრულე... ამ ხნის განმავლობაში, ვერ ვიტყვი, სულ ვხატავდი-მეთქი, მხოლოდ სახლისთვის ან მეგობრისთვის, ისიც წელიწადში ერთხელ თუ დავხატავდი რამეს. არც ვფიქრობდი, რომ ჩემი ნახატები გაიყიდებოდა... პანდემია რომ დაიწყო, სამსახურში ძველებურად ხშირად აღარ დავდიოდი. მაშინ ჩემთვის იასამნები დავხატე და "ფეისბუკზე" განვათავსე. ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, - სოციალურ ქსელში ნახატებისთვის გვერდები არსებობს, სადაც შეგიძლია, შენი ნამუშევრებიც გამოაქვეყნოო. ასეც მოვიქეცი და "იასამნებს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა: მწერდნენ - ძალიან მოგვწონს, ხომ არ ყიდიო?.. ერთ-ერთ ქალბატონს მივყიდე. შემდეგ სოციალურ ქსელში, უკვე ჩემი გვერდი შევქმენი და ნახატებს იქ "ვდებდი", თან - ვყიდდი. ჩემი მეორე ნახატი გერმანელმა მხატვარმა იყიდა (თავად სხვა განხრით ხატავს)... 1 წელია უკვე, რაც აქტიურად ვხატავ. ახლა 7 ნახატი პოლონეთში უნდა გავგზავნო. იქ მყოფ ქართველს ჩემი ნახატები პოლონელი მეგობრისთვის უჩვენებია, რომელსაც ძალიან მოსწონებია... შეძენა გადაწყვიტა...

izas-nakhati-05-1645779734.jpg

- თქვენს ძირითად საქმიანობად უკვე მხატვრობა იქცა, არა?

- კი, ნელ-ნელა ასე მოხდა. შეკვეთებს ხშირად ვიღებ. ახლახან რამდენიმე შეკვეთა სიყვარულის თემაზე მივიღე...

iza-2-1645779751.jpg

- საკუთარი სურვილით, ძირითადად, რა თემებზე ხატავთ?

- სიყვარულის თემა მომწონს... ცხენები მიყვარს. ჰოროსკოპის მიხედვით, ცხენის წელში ვარ დაბადებული (იცინის). ცხენს და გოგოს ერთად ვხატავ ხოლმე. ალბათ, ამ დროს საკუთარ თავსაც წარმოვიდგენ...

- როგორ ფიქრობთ, დამთვალიერებლებს რა ხიბლავთ თქვენს ნამუშევრებში?

- ალბათ ის, რომ ნახატებში დადებითი ემოციები იგრძნობა. უფრო მეტი "თბილი" ფერია...

izas-nakhati-06-1645779763.jpg

- პროფესიული განათლების მიღება სხვა სფეროში რატომ გადაწყვიტეთ?

- მიმაჩნია, რომ როცა ნიჭი გაქვს, მას მუშაობის დროს უფრო ავითარებ, ვიდრე - სწავლისას. თან, საქართველოში სწავლების ისეთი დონე არ არის, რომ დიდად წაადგეს ადამიანს... ახლა მინდა, ხატვის სფეროში განვვითარდე, უფრო მეტს მივაღწიო, ცნობილი გავხდე და ჩემი ნახატები რაც შეიძლება ბევრ სახლში იყოს (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი