"ხულოში ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა გვაქვს" - გზაპრესი

"ხულოში ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა გვაქვს"

ნათია ჭელიძე, დეა თავართქილაძე და ანა აბულაძე თანატოლებთან ერთად ბევრ კარგ ინიციატივას რეალობად აქცევენ ხულოში და როგორც ამბობენ, სტერეოტიპებსაც ამსხვრევენ.

ნინო ჯავახიშვილი

ნათია ჭელიძე:

- ხულოს საჯარო სკოლაში ვსწავლობ, მე-12 კლასში ვარ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი როგორც მოხალისე, ასევე წითელ ჯვარში. ვთანამშრომლობ სხვა ბევრ ორგანიზაციასთანაც. აქაურ ახალგაზრდებს ბევრ სერვისზე არ მიგვიწვდებოდა ხელი, ონლაინმა კი მოგვცა შესაძლებლობა, სხვადასხვა პროექტში ჩავრთულიყავით. თავიდან სკეპტიკურად განეწყვნენ ჩვენ მიმართ, მაგრამ მალევე ავიყოლიეთ სხვებიც...

დღეს საქართველოში არ არის დაცული მოქალაქეების უსაფრთხოება გზებზე. გადავწყვიტეთ, ჩვენი მოკრძალებული აქტივობით შეგვემცირებინა საცობები და უსაფრთხო გაგვეხადა გადაადგილება. ამიტომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოვხატეთ ზებრა გადასასვლელები. პროექტი განხორციელდა "ახალგაზრდები მაღალმთიანი აჭარისთვის" ფარგლებში. ჩვენი წამოწყებებით ვცდილობთ ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, გარდა ამისა, არაფორმალურმა განათლებამ ნათლად დაგვანახვა სწავლის მნიშვნელობა.

დეა თავართქილაძე:

- ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში ახალგაზრდული ფრთა შეიქმნა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა თანატოლებმა რეგიონებში არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ბევრი არაფერი იციან. არადა, სასიკეთო და სასარგებლო საქმეების კეთება შეიძლება. ზაფხულში ბრიტანეთის სახლი დაგვიკავშირდა და ხულოში ინგლისური ენის სპეციალისტი ჩამოვიდა. ეს პროექტი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, ბავშვების მხრიდან დიდი ჩართულობა იყო. ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლეთ...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად წამოვიწყეთ კამპანია და დავიწყეთ თანხის შეგროვება. ვიყიდეთ სათამაშოები, პროდუქტები და საახალწლოდ დაახლოებით 10 ოჯახს დავეხმარეთ.

ანა აბულაძე:

- საახალწლო კამპანიის დროს, სულ რაღაც 2 კვირაში, 1.500 ლარამდე შეგროვდა, ხულოს დრამატულ თეატრში საახალწლო ღონისძიებაც ჩავატარეთ და ბილეთები გავყიდეთ, მოსახლეობამაც ჩარიცხა თანხა და ასე შევძელით გაგვეხარებინა რამდენიმე ოჯახი. კიდევ, გამოვყოფ პროექტს, რომლის ფარგლებში 400-ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ და სოფელ ღურტის საჯარო სკოლა თანამედროვე მწერლების წიგნებით მოვამარაგეთ. ახლა ვმუშაობთ პროექტზე "აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ", ღია კინოთეატრის მოწყობას ვგეგმავთ, მომავლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებიც გვაქვს. ხულოში ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობაა და კარგი იქნება, თუ გაჩნდება ადგილები, სადაც შევძლებთ შეხვედრას და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებას.