ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში
ვაიშნავიზმი ინდუიზმის ორი მთავარი მიმართულებიდან ერთ-ერთია და ღმერთ "ვიშნუს" თაყვანისცემას ნიშნავს. ამ მიმდინარეობის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი უმთავრესი ღმერთის სახით ვიშნუს თაყვანისცემაა, ხოლო რამა, კრიშნა, ნარაიანა, კალკი, ჰარი, ვიტობა, ვენკატესვარა, შრინათჯი და ჯაგანათჰიარი უზენაესი ვედური ღმერთის, ვიშნუს განსხვავებული ინკარნაციებია.
ვაიშნავიზმის ფუძემდებლად მე-15 საუკუნის ინდუისტური რელიგიური მქადაგებელი და რეფორმატორი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ითვლება, რომელსაც ვაიშნავები რადჰასა და კრიშნას ერთსახიერებად მიიჩნევენ.
კრიშნას თაყვანისცემა 5000 წლით თარიღდება. თუმცა, ამ მიმდინარეობამ ინდოეთის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში გავრცელება მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ მოძღვრების პოპულარიზაცია დასავლეთში 1960 წლიდან იწყება, როცა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელმა შორილა პრაპჰუპადამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა და მაშინდელ მეამბოხე თაობას სულიერი სიყვარულისა და მშვიდობის თაობაზე უქადაგა.
საქართველოში ვაიშნავიზმის შესახებ ცნობილი 80-იანი წლებიდან გახდა. დღეს უკვე ვაიშნავებს თბილისში საკუთარი შეკრების ადგილი, აშრამი აქვთ, სადაც ყოველდღიური მსახურება აღევლინება. გამორჩეულია კვირა დღის რიტუალი, რომელსაც მეც დავესწარი ჩემი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის გამო...
მისი უწმინდესობა მაჰარაჯა დაიანანდა სვამი ქართველ ვაიშნავებთან შესახვედრად ინგლისიდან ჩამოვიდა. სულიერი მოძღვრისაგან ლექცია-ქადაგების მოსასმენად და კირტანში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ვაიშნავი თავს ავჭალის აშრამში იყრის. რიტუალი რამდენიმე საათს გრძელდება.
სულიერი მოძღვარი მორწმუნეებთან შეხვედრას ლექციით იწყებს, ქადაგებისას ამონარიდებს ვაიშნავიზმის მთავარი წმინდა წიგნიდან - ბჰაგავად-გიტადან და სხვა წმინდა წერილებიდან კითხულობს.
ლექციის შემდეგ პრასადი იწყება. კვირის პრასადზე სტუმრებს საკვებით უმასპინძლდებიან. "პრასადი" ჰქვია ქვაბს, რომელშიც მორწმუნეებისთვის საკვები მზადდება. თავად ტერმინი კი "წყალობას" აღნიშნავს.
ვედური სიბრძნის მიხედვით, ქალის სტატუსი მამაკაცისაზე დაბალია, თუმცა, მათ შორის განსხვავება მანამდე არსებობს, სანამ ადამიანებს მატერიალური ცნობიერება გააჩნიათ. ქალისა და მამაკაცის გონება რომ არ აფორიაქდეს, პრასადის დროს აშრამის სივრცე ორად იყოფა: საკვებს მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე მიირთმევენ. სადილი ვიშნუს მოწოდებულად მიიჩნევა, წმინდაა, ამიტომ, სასურველია, თითოეულ დამსწრეს თეფშზე ნამცეციც არ დარჩეს.
პრასადს კირტანი ცვლის. მედიტაცია კირტანი უძველესი იოგური პრაქტიკაა, რომელიც მიზნად ადამიანის გულში სიყვარულისა და თანაგრძნობის გააქტიურებას ისახავს. კირტანი ქალღმერთ რადჰასა და ღმერთ კრიშნას ქალური და მამაკაცური საწყისების თაყვანისცემას ეფუძნება. ამ ღვთისმეტყველებაში რადჰა-კრიშნა ღმერთის ყოველგვარი გამოვლინების მთავარი წყაროა. მარტივი და მხიარული მედიტაცია გულის ცენტრის ენერგიის გასაფართოებლად ცეკვის, სიმღერის, რადჰა-კრიშნას სახელებისა და მანტრა "ჰარე კრიშნას" გალობით, კირტანული მუსიკისა და ტაშისცემის ერთობლიობით მიიღწევა და ინსტრუმენტების თანხლებით სრულდება. ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ჰარმონიუმი, ციმბალები, მრიდანგა, კარატალები ან დასარტყამი ინსტრუმენტები. ჰოლისტიკური მედიტაცია პოზიტიური ენერგიის საშუალებით გონებასა და გულს ააქტიურებს. გულის ცენტრი დადებითი ტალღებითა და დიდი სიხარულით იხსნება და მონაწილეები სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის განეწყობიან. მათი რწმენით, გულის ცენტრში ცეკვით, სიმღერითა და ექსტატური განწყობით დაგროვილი ენერგია და მისით მოგვრილი მშვიდობისა და სიხარულის განცდა სულის ღრმა შრეებს კურნავს. ეს უარყოფითი ენერგიის პოზიტიურად გარდაქმნის ყველაზე ეფექტური პრაქტიკაა.
პერიოდულად მორწმუნეები სხეულისა და გონებიდან გამომავალი ენერგიის გულის ცენტრისაკენ მიმართვას ყოველგვარი მოძრაობის გარეშე სიმშვიდესა და სიჩუმეში ცდილობენ. დუმილი მედიტაციურ მდგომარეობას აღრმავებს. ამ დროს აკვირდებიან საკუთარ სუნთქვას, სუნთქვის მოძრაობას, საკუთარ აზრებსა და ემოციებს.
ვაიშნავიზმის მოძღვრება სულის ციკლურ ევოლუციას, ანუ სიკვდილის შემდეგ მის სხვა სხეულში გადასახლებას აღიარებს. ეს პროცესი მანამ გრძელდება, სანამ სული სრულყოფილების სტადიას არ მიაღწევს. მოძღვრების მიხედვით, წინა ცხოვრების, წინა ცხოვრებაში მისი დამსახურების მიხედვით იბადება ადამიანი შემდგომ ცხოვრებაში ლამაზი, უშნო, მდიდარი ან ღარიბი.
შორენა ლაბაძე