ხელოვნებათმცოდნე მასწავლებლის ინტერიერის "სამკაული" - გზაპრესი

ხელოვნებათმცოდნე მასწავლებლის ინტერიერის "სამკაული"

პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი-ხელოვნებათმცოდნეა და დღეს - ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხელოვნების პედაგოგი. ბავშვობაში მისი ძირითადი გასართობი წიგნები, მხატვართა ალბომების თვალიერება, ჩანახატებისა და ლექსების წერა იყო. ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ჰუმანიტარული საგნებით უფრო იყო დაინტერესებული და სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით სცადა განვითარება.

2-1646649557.jpg

სალომე გოლეთიანთან პირველი ინტერვიუ 10 წლის წინ ჩავწერე, როცა პოლიმერული თიხითა და ქსოვილებით თოჯინებს აკეთებდა, გამოფენებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მერე რამდენიმეწლიანი წყვეტა ჰქონდა ხელნაკეთი ნივთების შექმნის მიმართულებით, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაშიც, გავიდა დრო და, უფროსი მასწავლებლის სტატუსით ბავშვებთან მუშაობას დაუბრუნდა. მანამდე სხვა სფეროებშიც საქმიანობდა. ცოტა ხნის წინ კი ახალი იდეა გაუჩნდა.

ჩანაფიქრის რეალიზებისთვის მთავარი მოტივატორი მისი მეგობარი აღმოჩნდა და დღეს უკვე ერთად უძღვებიან ინტერიერისთვის დეკორატიული ფიგურების შექმნის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცოტა ხანია მათი ხელით შექმნილმა ნივთებმა "დღის შუქი" იხილა, ყურადღება მალევე მიიქცია თავისი ორიგინალური და განსხვავებული ვიზუალის წყალობით. ვინაიდან არ არსებობს რამე სტანდარტი თუ ყალიბი, თითოეული "მუყაოს ქანდაკება" ყოველ ჯერზე თავიდან იბადება და ეს ექსკლუზიურ თვისებას სძენს.

5-1646649585.jpg

სალომე გოლეთიანი:

- ხელოვნებაში სხვადასხვა მიმდინარეობა მომწონს და არასდროს არა ვარ ერთ კონკრეტულ თემაზე ორიენტირებული. ერთი პერიოდი განსაკუთრებით გამიტაცა კუბიზმმა და დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობარს ჩემს იდეებზე რომ ვესაუბრებოდი, კუბისტური ნიღბის მსგავსი დეკორატიული სადგამის შესახებაც ვუამბე. მან მხარი ამიბა და მითხრა, რომ ეს საქმე გამომივიდოდა. არ ვიცოდი, ჩემი იდეა რა მასალაში განმეხორციელებინა, თიხასთან ადრეც მქონია შეხება, მაგრამ ცოტა რთულია, ძერწვის ცოდნისა და ღუმლის გარეშე შესაფერისი შედეგი მიიღო. ამ საქმეშიც ჩემი მეგობარი დამეხმარა, მუყაოს ტექნიკით მუშაობა შემომთავაზა და მას შემდეგ საქმეს აქტიურად მოვკიდეთ ხელი.

3-1646649569.jpg

ნამუშევრის შექმნის პროცესი რამდენიმეეტაპიანია. თავდაპირველად ესკიზი იხატება, მერე იჭრება სასურველი ფორმის მუყაო. მის ფენებს შორის მთელ მოცულობაზე მავთულის კარკასი მაგრდება, რაც სიმყარეს აძლევს. რამდენიმე ფენა ქაღალდი წებოთი იფარება, შემდეგ აკრილით იღებება, დამცავი ქსოვილი ეკვრება და ნამუშევარი ხან მაღალი ხარისხის ლაქით მუშავდება, ხან მის გარეშეა და "მატი" რჩება. ლაქით დაფარვისას ნამუშევარი კერამიკის ასოციაციას იწვევს და ბევრისთვის ეს ვარიანტი უფრო მისაღებია. ადამიანების გემოვნება მრავალფეროვანია, ზოგს კუბიზმი არ მოსწონს და უპირატესობას რეალისტურ ხელოვნებას ანიჭებს, ამიტომ დროთა განმავლობაში შევეცადეთ, ყველა სეგმენტის თვალთახედვა გაგვეთვალისწინებინა და ნამუშევრების სტილი მომხმარებელთა ინტერესიდან გამომდინარე გაგვეფართოებინა. ახლახან შევქმენით ლამაზი დეკორი საბავშვო ოთახისთვის. ვფიქრობ, მსგავსი ნივთები გაამართლებს. დაახლოებით 4 თვეა, რაც ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი და ვინც ჩვენი სადგამები მიიღო, ყველა კმაყოფილი დარჩა, - საკმაოდ კარგ ე.წ. რევიუებს გვიწერენ, რაც ძალიან მახარებს. ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე, არ მოვეშვა, სულ სიახლეები შევთავაზო ხალხს. მომავალში შეიძლება ამავე ტექნიკით სანათები, სამკაულის საკიდი და სხვა ნივთებიც დავამზადო. საერთოდ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როცა მსოფლიოში არასტაბილური სიტუაციაა. თან, სპონტანურობა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია და ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში ეს მიდგომა უფრო ამართლებს.

ანა კალანდაძე