უკრაინის პრეზიდენტის ოჯახი და მისი ცხოვრების დეტალები - გზაპრესი

უკრაინის პრეზიდენტის ოჯახი და მისი ცხოვრების დეტალები

მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული და მსოფლიო ლიდერები ცდილობენ, რუსი აგრესორი როგორმე შეაჩერონ. უკრაინის ქალაქები კვლავაც იბომბება. სამწუხაროდ, ინგრევა და ნადგურდება შენობები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. უმძიმესი სანახავია ის კადრები, თუ როგორ ცდილობენ ექიმები დაჭრილი ბავშვების გადარჩენას. მარდად უმკლავდებიან უკრაინელები ოკუპანტის შემოტევებს და დღეს მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტ ზელენსკის. ბევრს წერენ მედიაში 44 წლის ზელენსკის სიმამაცეზე, რომელიც 2019 წლის 20 მაისიდან უკრაინის პრეზიდენტია. არჩევნების პირველ ტურში ხმების 30,24% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ტურში კი ხმების 73,23 პროცენტით პეტრო პოროშენკო დაამარცხა და უკრაინის მე-6 პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტობამდე იცნობდნენ როგორც შოუმენს, კომიკოსს, რეჟისორს, პროდიუსერსა და სცენარისტს. სტუდია "კვარტალ-95"-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და ლიდერი იყო, 2010-2012 წლებში ტელეარხ "ინტერის" მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი. მონაწილეობდა ფილმში "ხალხის მსახური", სადაც პრეზიდენტის როლს თამაშობდა. 2019 წელს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა და თვლიდა, რომ შოუმენი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებდა. თუმცა ზელენსკიმ მალევე დაამტკიცა თავისი სამშობლოს სიყვარული და ის, რომ ქვეყნის უდიდესი პატრიოტია.

დღეს ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი საბოლოოდ დაამარცხებენ იმპერიაზე მეოცნებე რუსეთს და მის ლიდერს, ამაში მას მთელი მსოფლიო დაეხმარება. ყველანი ვხედავთ, როგორი ერთიანია უკრაინის ირგვლივ მთელი მსოფლიო.

ზელენსკის ბიოგრაფია

უკრაინის მე-6 პრეზიდენდი ვოლოდიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს ქალაქ კრივოი-როგში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. როგორც ირკვევა, მისი წინაპრებიც ომში იბრძოდნენ. მისი პაპა, სიმიონ ზელენსკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წითელ არმიაში მსახურობდა, სიმიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს მოკლეს (ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. მაშინ განადგურდა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია). ზელენსკის მამა, ალექსანდერ ზელენსკი მეცნიერი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტიკისა და კომპიუტერული ტექნიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

"მან აღზარდა ბევრი მეცნიერი და ბიჭების მთელი თაობა. ისინი გახდნენ კანდიდატები და მეცნიერებათა დოქტორები", - ამბობდა პრეზიდენტი მამაზე. დედა, რიმა ზელენსკაია ადრე ინჟინრად მუშაობდა, ამჟამად დიასახლისია. პრეზიდენტის მშობლები დღესაც კრივოი-როგში ჩვეულებრივ, საბჭოთა დროინდელ კორპუსის ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობენ. როგორც მედიაში წერენ, ბინაში ძველი რემონტი და კედლებზე "კვარტალ 95"-ის უამრავი აფიშაა გაკრული...

7c3d296fa6068d064c4a33c8f0f2fb47-1646730366.jpg

ხშირად აქვეყნებს ზელენსკი მშობლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში და საჯაროდაც ესიყვარულება. ერთ-ერთ ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: "დედა! მამა! მიყვარხართ!" ადგილობრივ მედიასთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტის მამა ამბობს, რომ მისმა შვილმა არაერთხელ შესთავაზა მათ საცხოვრებლად კიევში გადასვლა, მაგრამ უარი უთხრეს: "ყოველთვის გვთავაზობს კიევში გადასვლას, მერე მანქანის ყიდვა მოინდომა. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი. მოკრძალებული ადამიანი ვარ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მამა ერთ-ერთ ინტერვიუში. მათ ჰყავთ მეორე შვილი, რომელიც ექიმია. დაწყებითი სკოლის ასაკამდე ზელენსკი ოთხი წელი მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში ცხოვრობდა, რადგან მამამისი იქ მუშაობდა. სკოლა კრივოი-როგში დაამთავრა. 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და საგანმანათლებლო გრანტი მიიღო ისრაელში სასწავლებლად, მაგრამ მამამ მაშინ წასვლის ნება არ მისცა. მან კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

17 წლის იყო, ადგილობრივ "კავეენს" რომ შეუერთდა. მოგვიანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ "ზაპოროჟიე-კრივოი-როგ ტრანზიტში", რომელმაც მონაწილეობა მიიღო "კავეენის" უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ წელს შექმნა ზელენსკიმ "კვარტალი 95". 1998-2003 წლებში ეს გუნდი "კავეენის" უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ძირითადად მოსკოვში და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო დადიოდა და შოუებს მართავდა.

2003 წელს გუნდმა შოუების შექმნა დაიწყო უკრაინული ტელეარხ "1+1"-ისთვის, 2005 წელს კი ზელენსკიმ ტელევიზია "ინტერში" გადაინაცვლა. წარმატებული იყო მისი სამსახიობო კარიერა, რამდენიმე ფილმში მონაწილეობდა. 2008 წელს გამოჩნდა ფილმში "სიყვარული დიდ ქალაქში". 2011 წელს გადაიღეს ფილმებში - "საოფისე რომანი, ჩვენი დრო" და "რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ", 2014 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა "სიყვარული დიდ ქალაქში 3", მანამდე ითამაშა ფილმში "8 პირველი პაემანი". როგორც ამბობენ, მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2015 წელს გადაღებულმა სერიალმა "ხალხის მსახური". ამ სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის, ვასილი გოლობოროდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს. იგი იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება...

1-15-1646730420.jpg

პოლიტიკური ნაბიჯები

აქტიურად უჭერდა ზელენსკი მხარს ევრომაიდანის მოძრაობას. დონბასის ომის დროს აქტიურად იდგა უკრაინული არმიის გვერდით და ფინანსურადაც დაეხმარა დონბასში მებრძოლ ბატალიონს. დონბასის რეგიონში ომი რომ დაიწყო, "კვარტალ 95"-მა უკრაინის არმიას 1 მილიონი გრივნა შესწირა. ამ პერიოდში ზოგიერთმა რუსმა პოლიტიკოსმა და მსახიობმა მოითხოვა, შეედგინათ პეტიცია, რომ ზელენსკის რუსეთში მუშაობა აკრძალოდა. 2018 წლის მარტში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური პარტია "ხალხის მსახური", რომელიც "კვარტალ 95"-ის წევრებმა და სერიალ "ხალხის მსახურის" შემქმნელებმა ჩამოაყალიბეს. 2019 წლის მარტში გერმანულ "შპიგელთან" ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღედგინა ხალხის ნდობა პოლიტიკოსების მიმართ და შემოეყვანა პოლიტიკაში პროფესიონალი კადრები. მან აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო საბოლოოდ დაამარცხა. საარჩევნო კამპანიის პარალელურად განაგრძობდა გასტროლებს თავის ჯგუფთან ერთად და აშარჟებდა თავის ოპონენტებს.

ზელენსკის დაპირება ხალხისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. პრეზიდენტი ზელენსკი მაშინ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსი სეპარატისტები აკონტროლებენ სიტუაციას, 8-წლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებდა. მართლა არ დაუკლია მცდელობა, ეს პრობლემა დიპლომატიურად თავიდანვე პუტინთან მოეგვარებინა, მაგრამ აგრესორთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო. ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ცდილობდა რუსეთი, ეკონომიკურად დაესუსტებინა უკრაინა. საზღვართან ვითომ წვრთნების საბაბით გადაიყვანა ჯარი, მთელი მსოფლიო კი მოუწოდებდა, ომი არ დაეწყო. ელაპარაკებოდნენ კიდეც ამერიკის და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ვითომ ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა გაითამაშა, მაგრამ მალევე დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობა აღიარა და 24 თებერვალს გამთენიას ქვეყანაში შემოიჭრა.

1-14-1646730406.jpg

პირადი ცხოვრება

ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკაია ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა ეს ლამაზი გოგონა უნივერსიტეტში აღმოაჩინა და მიაქცია ყურადღება. 17 წლის ზელენსკის მისი ტელეფონის ნომრის მოძიება დაუწყია, მაგრამ ვერ აღმოუჩენია. თუმცა მალევე გამოუნახავს გაცნობის საბაბი. დაინახა, რომ გოგონას ხელში ფილმის კასეტა ეჭირა და სთხოვა. ასე გამოართვა თურმე ტელეფონის ნომერი... ინტერვიუებში ხშირად იხსენებს, როგორ ეძებდა უნივერსიტეტში მისული ამ გოგონას. ოლენაზე სხვა ბიჭიც ყოფილა იმ დროს შეყვარებული, რომელსაც ზელენსკიმ შესთავაზა, ვისზეც თავად გოგონა შეაჩერებდა არჩევანს, იმასთან დარჩენილიყო. გოგონამ უპირატესობა ვოლოდიმირს მიანიჭა და მას შემდეგ 8 წელი შეყვარებულები იყვნენ, 2003 წელს კი ოჯახი შექმნეს. შეუღლებამდეც ერთად საქმიანობდნენ. ოლენას იმდენად მოსწონდა შემოქმედებითი პროცესი, რომ ხშირად დადიოდა სპექტაკლებზე, შემდეგ იდეები შესთავაზა და თვითონაც მივიდა მინიატიურებით. დროთა განმავლობაში მასაც შესთავაზეს გუნდთან ერთად სხვა ქალაქებში მოგზაურობა და ამ გუნდის წევრიც გახდა...

ოლენა პროფესიით არქიტექტორია, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ არც მას უმუშავია თავისი სპეციალობით, რადგან შეყვარებული გოგონა მომავალი მეუღლის საქმიანობამ მიიზიდა და კარგი სცენარისტი დადგა. ამბობენ, რომ მასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის "კვარტალ 95"-ის წარმატებაში. დღემდე ჩართულია ამ საქმიანობაში და, როგორც ამბობენ, კარგადაც ახერხებს სამუშაოსა და საოჯახო საქმეების შეთავსებას. ის ბევრ დროს უთმობს შვილების აღზრდას, უყვარს კულინარიული შედევრების მომზადება, რითაც მისი ქმარი აღფრთოვანებულია.

2004 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ალექსანდრა (საშა) ახლა უკვე 17 წლისაა, მეორე შვილი - კირილო 9 წლის. ალექსანდრა ერთ-ერთ ფილმში პროტაგონისტის ქალიშვილის, საშას როლს თამაშობს. 2016 წელს გოგონა საბავშვო შოუში მონაწილეობდა და პრიზად 50.000 გრინვა მოიგო. ხშირად მოგზაურობს წყვილი შვილებთან ერთად.

2019 წლამდე ოლენა არასდროს იძლეოდა ინტერვიუს. "მე არასაჯარო ადამიანი ვარ, მაგრამ ახალი რეალობა თავისი წესების დაცვას მოითხოვს და ამის შესრულებას მაქსიმალურად ვცდილობ... ვერ ვიტყვი, რომ საჯაროობა ან პრესასთან ურთიერთობა ჩემთვის სტრესულია, თუმცა მაინც კულისებში დარჩენას ვამჯობინებ. ჩემი ქმარი ყოველთვის წინა პლანზეა, მე კი ჩრდილში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, თუ რა არ მიყვარს, ვიპოვე საჯაროობის სასარგებლო მხარეები. ერთ-ერთი მათგანი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მიმართ ადამიანების ყურადღების მიპყრობაა", - ამბობდა ოლენა მას შემდეგ, რაც უკრაინის პირველი ლედი გახდა. ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ცოლი მისი საუკეთესო მეგობარია, ძალიან ენდობა და რომ მასზე ძლიერ დადებით გავლენას ახდენს.

როგორც პრეზიდენტის ოჯახის წევრები ამბობენ, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა (ცხადია, ომამდელ პერიოდზეა ლაპარაკი), ზელენსკი მაქსიმალურად ცდილობს მეუღლესა და შვილებთან ყოფნას, მათთან ერთად დროის გატარებას.

ომის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ცოლთან ერთად გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

"დღეს 2022 წლის 14 თებერვალია. მე და ჩემი ცოლი ამ ვიდეოს ასე უბრალოდ არ ვიღებთ. მნიშვნელოვანია, ყველას ვაჩვენოთ, ერთად ვართ, სახლში ვართ, უკრაინაში", - ამბობს ზელენსკი ამ ვიდეოში და ვალენტინობას ულოცავს ყველას. "გილოცავთ ყველას ვალენტინობას. გვინდა გითხრათ - გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს უკრაინა", - აცხადებდა ზელენსკის მეუღლეც.

რამდენიმე დღეში კი ყველაფერი შეიცვალა და მთელი ქვეყანა მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ოჯახი უკრაინაში რჩება. "ჩემს ოჯახში მოღალატეები არ არიან. ჩვენი ინფორმაციით, მე მტრის ნომერი პირველი სამიზნე ვარ. მათ უკრაინის განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით სურთ", - აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკაიამ "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ემოციური სტატუსი დადო: "ჩემო ძვირფასო ხალხო, უკრაინელებო! დღეს ყველას გიყურებთ, გიყურებთ ტელევიზორში, ქუჩაში, ინტერნეტში, ვნახულობ თქვენს შეტყობინებებს და ვიდეოებს. მე ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვცხოვრობ ამ ქვეყანაში. ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი ბრბოა, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის ნათქვამი. იმიტომ, რომ ბევრი უკრაინელი არ არის ბრბო, ეს ჯარია. დღეს მე არ ვარ პანიკაში და არ ვტირი. ვიქნები მშვიდი და თავდაჯერებული. ვიქნები ჩემს ქმართან და თქვენთან ერთად. მიყვარხართ თქვენ, მიყვარს უკრაინა!"

თეა ხურცილავა