ომი, აკრძალული იარაღი, ხმები საქართველოში გაჩენილი რუსული კომპანიების შესახებ - გზაპრესი

ომი, აკრძალული იარაღი, ხმები საქართველოში გაჩენილი რუსული კომპანიების შესახებ

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული სტრატეგიული შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასულიყვნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინიდან "ამერიკული ბირთვული იარაღის" შინ დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა. მართალია, პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა თავის განცხადებაში, როდესაც რუსული არმიის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა გვამცნო და არც ლავროვის განცხადებებში შეინიშნებოდა მეტი სიცხადე, მაგრამ ვინაიდან სტრატეგიულ შემაკავებელ ძალებში ბირთვული იარაღიც იგულისხმება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დიქტატორს მისი გამოყენებაც შეუძლია. უკრაინულმა გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" პუტინის განცხადებისთვის დათმობილ წერილს სათაურად დააწერა: "მე-3 მსოფლიო ომის ზღვარზე: პუტინს ბირთვული იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს".

რამდენად რეალურია რისკი იმისა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ატომური იარაღის ამოქმედებას და საერთოდ, რა ტიპის საფრთხეების წინაშე დგას მსოფლიო - ამის შესახებ შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი და ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრებიან.

გიგა ინაშვილი:

- შანსი იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მინიმალურია. ამ ეტაპზე მათ ამის საჭიროება არ აქვთ. ტრადიციული კონვენციური შეიარაღებით საბრძოლო მოქმედებების ამ მასშტაბებში გაგრძელების რესურსი რუსეთს ჯერჯერობით საკმარისად აქვს. ეს აჟიოტაჟი უფრო მეტად უკრაინის ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად.

- როგორი შეიძლება იყოს ატომური ბომბის სითბური სიმძლავრე, გამოსხივება და როგორ აისახება ის ადამიანების ჯანმრთელობაზე?

- ბირთვული შეიარაღება სამი სხვადასხვა დონის არსებობს: ქვედა დონე არის ტაქტიკური ბირთვული მუხტები, რაც ძირითადად 5 კილოტონამდე სიმძლავრის საარტილერიო ჭურვებს მოიცავს; შემდეგ მოდის ოპერატიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღება - ესაა 500 კმ-მდე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ბირთვული მუხტები სიმძლავრით 50-100 კილოტონა; ბოლო, ყველაზე მაღალი დონე - სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ავიაციიდან ჩამოსაყრელი, მაღალი სიმძლავრის ბირთვული ბომბებია. ამ შემთხვევაში მუხტების სიმძლავრე რამდენიმე ასეული კილოტონიდან რამდენიმე მეგატონის ფარგლებში ვარირებს.

- როგორია ატომური იარაღის გამოყენების პროტოკოლი?

- საერთოდ, ყველა ატომურ ქვეყანას ამ იარაღის გამოყენების საკუთარი პროტოკოლი და პროცედურების თანამიმდევრობა აქვს. მაგალითად, ასეთია შეერთებულ შტატებში "ოქროს კოდის" პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, გამორიცხულია ბირთვული შეიარაღების გამოყენება ერთი ადამიანის გადაწყვეტილების საფუძველზე. პროცედურა ისეა გაწერილი, რომ ნებისმიერი დონის ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების საბრძოლო ქვედანაყოფამდე მისასვლელად მაღალი დონის რამდენიმე სამხედრო-პოლიტიკური ფიგურის დასტურია საჭირო. დაახლოებით მსგავსი პროტოკოლი მოქმედებს რუსეთშიც. თუმცა ყველა შემთხვევაში, ასეთი ბრძანების გაცემის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

- გავრცელდა მოსაზრებაც, რომ რუსული არმიის არსენალში ბირთვული/ატომური იარაღის გარდა, სხვა სახის იარაღიც არსებობს, რომლის გამოყენება სავალალო იქნება უკრაინისთვის. მათ შორის საუბარია კლიმატურ იარაღზეც. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?

- კლიმატურ იარაღზე მუშაობა "ცივი ომის" პერიოდში დაპირისპირებულ ბანაკებში აქტიურად მიმდინარეობდა. დღემდე ყველაზე ცნობილი პროექტებია ამერიკული HAAღP და რუსული Сура, რომლებიც დიდ ფართობზე გაშლილ ანტენების კომპლექსს წარმოადგენდა და, სხვადასხვა ვარაუდით, დედამიწის იონოსფეროზე უნდა მოეხდინა გარკვეული ზემოქმედება. თუმცა დღესდღეობით რომელიმე ქვეყნის არსენალში გლობალური მოქმედების კლიმატური იარაღის არსებობა ბოლომდე დადასტურებული არ არის და მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

- იმაზეც იყო საუბარი, რომ რუსეთმა უკრაინაში ვაკუუმური ბომბები გამოიყენა. როგორც ცნობილია, ასეთი ტიპის ბომბის გამოყენება დანაშაულად მიიჩნევა. რა ტერიტორიის განადგურება და რა ტიპის ზიანის მიყენება შეუძლია მას ადამიანებისთვის?

- დიახ რუსეთის საჰაერო ძალებმა გასულ დღეებში ხარკოვის სიახლოვეს გამოიყენეს სტანდარტული 500 კგ-იანი ОДАБ-500 და განსაკუთრებულად მაღალი სიმძლავრის 7 100 კგ-იანი АВБПМ-ის ტიპის ვაკუუმური, იგივე მოცულობით-დეტონირებადი ბომბები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Смерч-ის და მძიმე რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა TOC-1 "სოლნცეპიოკი/ბურატინოს" თერმობარული რაკეტების გამოყენებაც. ყველა ეს საბრძოლო მასალა გამოიყენება საფორტიფიკაციო ნაგებობებში ან დასახლებულ პუნქტში გამაგრებული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მოცულობით დეტონირებადი აფეთქება, ჩვეულებრივი ფუგასური აფეთქებისგან განსხვავებით, მთლიანად ანგრევს და ანადგურებს ბეტონის ნაგებობებს და იქ მყოფ ცოცხალ ძალას. რა თქმა უნდა, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მისი გამოყენება სამხედრო დანაშაულის ტოლფასია. ОДАБ-500-ის ტიპის ბომბებს რუსული ავიაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოებულ ყველა ომში იყენებდა, მათ შორის აფხაზეთის და 2008 წლის ომშიც. ამ ბომბის აფეთქებისას ცოცხალი ორგანიზმები 100 მეტრამდე რადიუსში ნადგურდება. მაღალი სიმძლავრის АВБПМ-ის გამოყენება კი ომში პირველად დაფიქსირდა, ეს ბომბი დეტონაციისას 350 მეტრამდე რადიუსის ზონაში ანადგურებს ადამიანებს.

ზურაb ბატიაშვილი:

- ვფიქრობ, პუტინისა და ლავროვის მხრიდან ატომურ იარაღზე საუბარი და მინიშნებები თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შანტაჟის ნიშნებს შეიცავს. აუცილებლად მოუწევს პუტინს ძალიან მძიმე საფასურის გადახდა უკრაინაში შეჭრისთვის და არ იქნება ეს ერთჯერადი - ათწლეულები გაგრძელდება ის შედეგები, რაც ეკონომიკურ სანქციებს მოჰყვება.

- რუსეთის სამხედრო რესურსებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება: ზოგის მიხედვით, რუსეთმა თავისი სამხედრო რესურსის თითქმის 100% უკვე გამოიყენა და ახლა უკრაინელმა ხალხმა მხოლოდ მცირედს უნდა გაუძლოს, ზოგიერთის ვერსიით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან არმიის არსენალში, ბირთვულის გარდა, სხვა სახის იარაღიცაა, რომლის გამოყენებაც სავალალო იქნება უკრაინისთვის. ასევე საუბარია საზღვაო ფლოტზეც...

- ყველაზე სანდოდ პენტაგონის ინფორმაცია მიმაჩნია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკვე გამოიყენა უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალების თითქმის 100%. მოსკოვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კი, რუსეთს აქვს ფლოტი და უკრაინა საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ ცარიელი ფლოტით რას იზამს მოსკოვი ან ხმელეთზე ვის აბრძოლებს?.. რაც შეეხება კონვენციით აკრძალულ იარაღს, მისი გამოყენება რუსებს ძალზე ძვირად დაუჯდებათ. ბოლომდე იზოლაციაში მოექცევიან და იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე დღეს არიან. მაგალითად, დღეს მსოფლიოში უკვე საუბარია იმაზე, რომ საერთოდ აკრძალონ ნავთობითა და გაზით მასთან ვაჭრობა. ასე რომ, რუსეთის წინაშე დგას საფრთხე იმისა, რომ ეკონომიკა საერთოდ ჩამოექცეს და მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების სტანდარტებს დაუბრუნდეს. ამიტომ ბევრჯერ მოუწევს რუსეთს დაფიქრება იმაზე, ამის შემდეგ კიდევ რას გამოიყენებს და რას - არა.

1-raketa-1647247557.jpg

- რუსეთში უკვე არსებული ეკონომიკური კრიზისის და ქვეყანაში დამყარებული რეჟიმის მომიზეზებით, საქართველოში უკვე საკმაოდ ბევრი რუსი ჩამოვიდა. საზოგადოების ნაწილი ამას საფრთხედ აღიქვამს. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

- ეს ნამდვილად საფრთხეა. ჯერ ერთი, ვინც ნამდვილად პუტინის რეჟიმს გამოექცა - მაგალითად, ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტები, - აეროპორტიდანვე გააბრუნეს უკან. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ძალიან ბევრი რუსი გამოექცა შიმშილს, ქაოსსა და რეჟიმის სისასტიკეს საქართველოში, ჩვენმა ქვეყანამ ეს ხალხი მიიღო და დააპურა, მაგრამ მისმა დიდმა ნაწილმა 1921 წელს ყველაფერი გააკეთა საქართველოს "გასაბჭოებისთვის"!.. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს რუსებთან დაკავშირებით. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა შეძლონ, ათასობით შემოსულ ადამიანში გაარჩიონ, ვინ სპეცაგენტია და ვინ - რეჟიმს ან ეკონომიკურ კრიზისს გამოქცეული მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი სავიზო რეჟიმია. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით დაიწყო. შესაბამისად, რუსების აქ შემოსვლა ნამდვილად საფრთხის შემცველია, მით უფრო, რომ სინამდვილეში, რუსი ხალხის უმეტესობა სწორედაც რომ პუტინის მხარდამჭერია.

- უკრაინული წარმოშობის საბჭოთა დისიდენტი, საბჭოთა "კაგებეს" ოფიცერი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები იური შვეცი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლება საიდუმლოდ გაურიგდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ რუსეთიდან ჩამოტანილ ტვირთებს ქართული აქციზით გაყიდიან სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ეს ყველაფერი ამერიკის ხელისუფლებამ იცის და ამ პროცესს აკვირდება. ამასთან, საქართველოში უკვე გაიხსნა 200-მდე რუსული კომპანია, რომელიც ამ საქონლის შემოტანასა და დახარისხებას უზრუნველყოფს. თქვენი ვერსია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

- თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთში სანქციების გვერდის ავლით შეიტანს რაიმე პროდუქციას, ძალიან გულუბრყვილოა. დღევანდელ მსოფლიოში ვერავინ ვერავის მოატყუებს. თუ საქართველოში იმ რაოდენობის პროდუქცია წამოვა, რაც მას არ სჭირდება, და მერე აღმოჩნდება, რომ ეს პროდუქცია რუსეთში შედის, ამას ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება. თან ყველაფერი ამით არ ამოიწურება და საბოლოოდ საქართველოც რუსეთთან ერთად სანქციების ქვეშ მოჰყვება.

ხათუნა ბახტურიძე