გივი სიხარულიძე: "უკრაინელები ნამდვილი რაინდები ყოფილან!"
ეს სიტყვები ზუსტად ასახავს უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებს, რომლებმაც ათასობით ადამიანს ცრემლი და უბედურება მოუტანა! ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ უკრაინისკენაა მიპყრობილი. ამ ტრაგედიაზე მისთვის ჩვეული ემოციურობით გვესაუბრება მწერალი გივი სიხარულიძე.
- ბატონო გივი, როგორ ფიქრობთ, რატომ დაუშვა თანამედროვე მსოფლიომ მსგავსი ტრაგედია?
- იცით, ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე დიდი, მონსტრი ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ, პატარა ქვეყნებს არაფრად მიიჩნევენ, უფრო მეტიც, ამ ქვეყნებით თამაშობენ.
- საქართველოზეც ასე ფიქრობთ?
- საქართველოც ხომ პატარა ქვეყანაა! ამერიკის ზოგიერთი შტატი ჩვენზე უფრო დიდია და როცა ამბობენ, აქ სამხედრო ბაზები უნდა გაიხსნასო, მიკვირს: რა ბაზები, როცა ერთი ტურისტული ბაზისოდენა ტერიტორია გვაქვს?!
- უკრაინას ხომ მთელი მსოფლიო ეხმარება და იქ მიმდინარე მოვლენებს ყველა განიცდის?
- უკრაინა ევროპის შუაგულში მდებარეობს, თანაც, ეს საკმაოდ დიდი ქვეყანაა, ბევრად დიდი საქართველოზე! მიუხედავად ამისა, ხომ ვხედავთ, იქ რა ამბავი დატრიალდა?! გეფიცებით, უკრაინის ამბებს რომ ვუყურებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ; ღამე რომ ვიძინებ, ვტირი და დილით რომ ვიღვიძებ, ისევ ვტირი! სხვათა შორის, რუს და უკრაინელ ბავშვებზე გული ერთნაირად შემტკივა: უკრაინელები თავიანთ ქვეყანას და მშობლიურ მიწას იცავენ, რუსები კი გაბრიყვებულები არიან.
- რუს ჯარისკაცებს გულისხმობთ?
- სწორედ რუს ჯარისკაცებზე გესაუბრებით: მათი უმრავლესობა 18-20 წლის პატარა ბიჭია. თვითონ ამბობენ, რომ სად მიდიოდნენ, არც კი იცოდნენ. გაბრიყვებულები არიან - მათ რომ ვუსმენ, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, ამიტომ მათი გენერლობა ისე მეზიზღება, როგორც შავი ჭირი! გამოდის, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად გაწირეს. უკრაინელებიც მეცოდებიან, თუმცა, მათ იციან, რომ თავიანთი სამშობლოსთვის იბრძვიან და იღუპებიან. აბა, რა ვთქვა?.. ისინი ნამდვილი რაინდები ყოფილან. ამხელა მონსტრი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი ხომ არ არის! ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა, რომ ორივე მხარეს ახალგაზრდები და პატარა ბავშვები იხოცებიან!
- რა განცდა გქონდათ, როდესაც რუსულმა ავიაციამ სკოლები, საბავშვო ბაღები და კლინიკები დაბომბა? მათ შორის, ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოც იყო...
- ხომ გითხარით, ასეთ ამბებს რომ ვიგებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ-მეთქი! 78 წლის კაცი ვარ და ჯერ არ გამიგონია, ომის დროს ვინმეს საბავშვო ბაღი და ონკოლოგიური საავადმყოფო დაებომბოს. ეს ჩემთვის ყოვლად აუხსნელი და გაუგებარი ბოროტებაა. ვინც ბავშვს სიცოცხლეს წაართმევს, სადისტია და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რაც რუსეთმა ჩაიდინა, მსოფლიო დანაშაულია.
- უკვე ბევრი ფიქრობს, რომ პუტინი არაადეკვატურ ბრძანებებს გასცემს და თვითონაც არაადეკვატურია...
- მე კი ვფიქრობ, რომ ქართველებმა თავი უნდა შევიკავოთ ასეთი მწვავე შეფასებებისგან, თორემ დაზარალებულები ისევ ჩვენ დავრჩებით. ერთი ბეწო ქვეყანაში ვცხოვრობთ და რუსებმა რომ მოინდომონ, მარტო ერთი წკიპურტით გაგვანადგურებენ. უკრაინა 43-მილიონიანი ქვეყანაა, ვაჟკაცურად იბრძვის, მაგრამ ხომ ვხედავთ, იქ რა უბედურება დატრიალდა? ხომ ხედავთ, პუტინი რას ამბობს?!. დღევანდელი რუსეთი ქვეყანა კი არა, მონსტრია, რომელიც მსოფლიოს გადაყლაპვას აპირებს! მართალია, დასავლეთის ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, მაგრამ ის თავისას მაინც არ იშლის. კიდევ კარგი, უკრაინა ევროპაში მდებარეობს და მის გამო დიდი ამბავი ატყდა. ამ ლამაზ მამაც ხალხს მთელი მსოფლიო გვერდში დაუდგა. მეც აღფრთოვანებული ვუყურებ მათ საქციელს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უკრაინელები ნამდვილი რაინდები ყოფილან!
- ბატონო გივი, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს ჩვენს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მედიასთან საუბრისას განაცხადა - ომი უკრაინაშია და არა ჩვენთანო...
- კი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ?.. რუსეთს ხმამაღლა გინება დავუწყოთ?.. აქვე, 20 კილომეტრში, ახალგორთან, რუსული ტანკები დგანან, შემოვლენ და გაგვანადგურებენ. მე ერთი რამ ვიცი: ჩემი სამშობლო ყველასგან გაწირული და გაუბედურებულია და პრემიერი სხვანაირად თუ იტყოდა, შეიძლება ჩვენც დავებომბეთ. სხვათა შორის, მეც მეშინია, ცუდი რამ არ მოხდეს. პრემიერი სწორად მოიქცა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რუსეთს ომში რომ ვერ მოვერევით, ეს ფაქტია. 30 წელზე მეტია, ეს უბედურება არ მთავრდება, ისედაც ამდენი ახალგაზრდა გავწირეთ და ახლა ეს თაობაც უნდა დაიღუპოს?.. მე ყველა ერი მიყვარს, მაგრამ ამავდროულად, პოლიტიკოსები და მათი გენერალიტეტი საშინლად მეზიზღება. ხომ ვხედავთ, რომ დაუნდობლები არიან? ამას ვინც ხედავს, ყველა ქვეყნის მთავრობა თავის ხალხს უფრთხილდება. ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ, ამიტომ უფლება არ გვაქვს, წინასწარ წაგებული ომები წამოვიწყოთ და ახალგაზრდა ბიჭები უაზროდ გავწიროთ. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: უკრაინა ისევ უკრაინად დარჩეს და ეს სისხლის ღვრა შეწყდეს. მე მგონი, ეს ყველა ნორმალური, მშვიდობისმოყვარე ადამიანის ნატვრა და სურვილია.
ხათუნა ჩიგოგიძე