რატომ დაიწყო პუტინმა ომი და რას უქადიან ვარსკვლავები უკრაინას - გზაპრესი

რატომ დაიწყო პუტინმა ომი და რას უქადიან ვარსკვლავები უკრაინას

ხათუნა ნოელი ერთობ საინტერესო ვერსიებს გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი, ვის გაუღიმებს ომის ღმერთი და რას უქადიან ვარსკვლავები რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს.

- დავიწყოთ პუტინით. მის ასტროლოგიურ რუკაში გასულ თვეში, ანუ თებერვალში, ძალიან რთული ასპექტები იყო. ამ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ძალიან რთული, არასასურველი პერიოდი ექნება. ასტროლოგიაში არსებობს ნეგატივის სხვისკენ გადატანის მეთოდი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს ნეგატიური პერიოდი აქვს, შეიძლება, თავისი არასასურველი ენერგეტიკა სხვისკენ მიმართოს და პირადი ხიფათი თავიდან აირიდოს. პუტინს ისეთი მძიმე ასპექტები ჰქონდა, რომ შესაძლებელი იყო მისი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, არათუ ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირადმა ასტროლოგებმა ურჩიეს, დაეწყო ომი და თავისი მძიმე ენერგეტიკა სხვისკენ გაეშვა.

- ე.ი. პუტინი ასტროლოგის მომსახურებით სარგებლობს?

- ასტროლოგების მთელი გუნდი ემსახურება. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოში ცნობილი ასტროლოგი პაველ გლობა. პუტინი ერთადერთი ლიდერი არ არის, ვინც ასტროლოგების მომსახურებით სარგებლობს. რაც შეეხება უკრაინასთან ომს, ეს ერთი ან ორი დღის და კვირის დაგეგმილი არ არის. ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ მოახლოვდა თებერვალი, პუტინის კარის ასტროლოგებმა ნახეს, რომ საფრთხე ემუქრება და სპონტანურად დაიგეგმა ომი. არა, ბატონო, პუტინის პირადი რუკა დიდი ხნის წინაა შესწავლილი და გაანალიზებული. ვფიქრობ, 24 თებერვალი, თარიღი, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მართლაც ასტროლოგების მიერაა შერჩეული, ვინაიდან ეს თარიღი სრულიად შესაფერისად გამოიყურებოდა სპეცოპერაციის დასაწყებად, მხოლოდ სპეცოპერაციისთვის - როგორც თავად პუტინი უწოდებს - და არა ფართომასშტაბიანი ომისთვის. სპეცოპერაცია უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ სამდღიანი. ჩვენ ხომ უკვე ვიცით, მთელი ეს საომარი მოქმედება ბლიც-კრიგზე ჰქონდა გათვლილი. ამ კაცს იმედი ჰქონდა, რომ მისი "ძლევამოსილი" რუსული არმია სამ დღეში დაიპყრობდა უკრაინას, ჩამოაგდება ზელენსკის და ა.შ. დათქმულ ვადაში იმიტომ ვერ ჩაეტია, რომ მოულოდნელი წინაღობა დახვდა, პუტინი არ ელოდა იმგვარ წინააღმდეგობას, როგორიც უკრაინაში დახვდა. ჰიტლერივით მოუვიდა - ისიც ხომ ბლიც-კრიგით გეგმავდა საბჭოთა კავშირის დაპყრობას.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ფრონტის ხაზზე, რა დროში შეიძლება დასრულდეს ომი?

- ომი მალე არ დასრულდება! მიუხედავად ამისა, ამ კვირაში ძალიან საინტერესო ასპექტები გამოიკვეთება, მთელი კვირის განმავლობაში ნეპტუნისა და იუპიტერის შეერთება მოხდება. ეს კი არანაირად არ უწყობს ხელს მიზანდასახულობას. ამასთან, 10 მარტს მერკური გადადის თევზების ზოდიაქოში. მერკური ეს არის კომუნიკაციები, მენტალობა... მერკური თევზების ზოდიაქოში უაღრესად მძიმეა, ამ ტრანზიტმა შეიძლება ყალბი ინფორმაციის გავრცელების, შეცდომების დაშვების და მოტყუების ალბათობა გახადოს შესაძლებელი.

- რატომ შეიძლება ეს ყოველივე მძიმე იყოს რუსეთისთვის და არა უკრაინისთვის? მერკური თევზების ზოდიაქოში მხოლოდ პუტინისთვის ხომ არ გადავიდა.

- ძალიან ლოგიკური კითხვაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნეპტუნი ქმნის ნეგატიურ ასპექტს რუსეთის ასტროლოგიურ მზესთან. ასტროლოგიურ რუკაში მზე განასახიერებს ქვეყნის მეთაურს. ე.ი. ნეპტუნი კონკრეტულად რუსეთის მეთაურის ანუ პუტინის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ პუტინი უფრო მეტად მოსწყდება რეალობას და უფრო მეტად აიხლართება თავის მიერვე შექმნილ გაუგებრობაში.

- რას უქადიან ვარსკვლავები უკრაინასა და ზელენსკის?

- გამარჯვებას, მხოლოდ ცოტა გაჭიანურდება ეს ამბავი. პუტინი არ დაიხევს უკან, ვიდრე მთლიანად არ ამოწურავს თავის რესურსს. ამ თვალსაზრისით, რუსეთისთვის განსაკურებულად მძიმე იქნება მაისი, 10 მაისიდან ურანი შეუერთდება რუსეთის რუკაში მდებარე ვენერას, რაც რუსეთის ხაზინის დაცარიელების, დეფოლტის მაჩვენებელია. რაც შეეხება ზელენსკის, მას აქვს საშიში მომენტები. როგორც იცით, სამჯერ უკვე სცადეს მისი მოკვლა, რაც ამ თვეში კიდევ განმეორდება. ამასთანავე, მის რუკაში ჰარმონიული ასპექტებიც არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზელენსკი სამართლიანობისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის, უნდა ვიფიქროთ, რომ სამყარო მის მხარეს იქნება. მისი შემართება, გამბედაობა, ლიდერის თვისებები ქვეყანას აუცილებლად წინ წაიყვანს.

- იქნება თუ არა ეს მარცხი რუსეთისთვის განაჩენი?

- რუსეთისთვის გარდამტეხი მომენტი დადგება აპრილის პირველივე რიცხვებისთვის. სინამდვილეში, რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს ხომ არ დაიწყო, 2014 წლის 20 თებერვალს გადავიდა პირველად შეტევაზე. ამ დღეს ცაზე ნეგატიური ასპექტები დაფიქსირდა. ასტროლოგიური კანონზომიერების გათვალისწინებით, აპრილში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება. თუ მსოფლიო ამ შესაძლებლობებს შესაბამისად გამოიყენებს, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. მარტო ზელენსკი ვერაფერს გახდება, მსოფლიომ უნდა დაუჭიროს მხარი. ამის შემდეგ რუსეთის სვლა-გეზი უკვე სხვა იქნება.

- რა გველის ჩვენ?

- ჩვენს ქვეყანაში ომი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ივნისამდე არაფერი ჩანს.

- ქვეყნის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე რას იტყვით?

- ეს ყოველთვის იყო და ისევ იქნება. ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსთაველზე ან კონცერტია, ან კარავი დგას. ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება, თუმცა განსაკუთრებული, რამაც შეიძლება შედეგი მოიტანოს და ქვეყანამ სახეცვლილება განიცადოს, არაფერი ჩანს. ამ ქვეყანაში ახლა რაიმე ცვლილების განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. გაზაფხულის მეორე ნახევარში ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანა გაუმჯობესების გზაზე დააყენოს. ოღონდ რამდენად იქნება ამის ნება, არ ვიცი: ასეთი, პოზიტიური ასპექტები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ უშედეგოდ ჩაუვლია.

- ე.ი. ისევ ვერ ვასრულებთ ჩვენს მისიას?

- სამწუხაროდ, ვერა. ჩვენი ქვეყნის ბოლო ასტროლოგიური რუკა იწყება 2018 წლის 16 დეკემბრიდან, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები და ჩვენ გავხდით ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა. ძალიან რთული რუკაა - ცვლილებები, კრიზისები... ამ რუკის მიხედვით, ჩვენი მისია სამშობლოს სიყვარულია. წესით, ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისთვის პირველი რიგის ამოცანა სამშობლოს კეთილდღეობა უნდა იყოს. ვასრულებთ? თავად განსაჯეთ! 2024 წელს, როდესაც კონსტიტუციაში კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება ამოქმედდება, ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიური რუკა ისევ გამოიცვლება და კიდევ ერთი შანსი მოგვეცემა. იქნება მაშინ მაინც გამოიბერტყონ ყურები და ჰკითხონ ასტროლოგებს, როდის რა ჯობს.

- დღეს მთელი ჩვენი ყურადღება ომზეა გადართული და თითქმის დაგვავიწყდა პანდემია, რომელმაც ორი წლის წინ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია დასრულდა?

- დიახ, თანაც დიდი ხნის წინ.

- რას გულისხმობთ?

- ომიკრონი რომ დაიწყო, პანდემია უკვე ჩავლილი იყო.

ხათუნა ბახტურიძე