ემიგრანტობის აუტანელი "სიმსუბუქე" - გზაპრესი

ემიგრანტობის აუტანელი "სიმსუბუქე"

ქალბატონი ბელა კუპატაძის წერილი ემიგრაციაშია დაწერილი და იმ ტკივილზე გვიამბობს, რაც ალბათ სამშობლოდან შორს მყოფ ნებისმიერ ადამიანს ეუფლება. წერილის სტილი დაცულია:

"ღამით, როცა მთელი დღის მუშაობით ძალაგამოცლილი სხეულით, ლოგინზე ეშვები (რადგან ბევრს გაუკვირდება და ხეს აქაც ფული კი არა, ფოთლები ასხია), საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენილს ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლების ყოველდღიური მარაგიც არ აყოვნებს. თითქოს ყველამ ვიცით, რომ მარტივი არ იქნება... მარტივი არც სამშობლოში ყოფილა და უცხო ქვეყანაში როგორღა იქნებაო? - ფიქრობ. იცი, რომ ბოლოს და ბოლოს, შეეჩვევი... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და არც შენ იქნები გამონაკლისი... დგები და მიდიხარ, იმედებით და მიზნებით სავსე, სანამ რეალობა მაგრად არ შეგეჯახება... სამოგზაუროდ წასულ ადამიანს მსგავსი განცდები არ ეუფლება, მაგრამ საკმარისია გააცნობიერო, რომ აქედან დიდი ხნით ვერ წახვალ და ამის მიზეზი ყველასთვის სხვადასხვაა, იაზრებ რა სამშობლოსგან მოწყვეტილობას, უმალ შიში და ნოსტალგია გიპყრობს. შიში იმისა, რომ ვერ იპოვი საკუთარ ადგილს, ვერც აქ და შენს ქვეყანაშიც დაგვიანებული იქნება; შიში იმისა, რომ წლობით ნაშენები კავშირები გაწყდება, ადამიანებს შეიძლება დაავიწყდე, რადგან ღრუბლებს იქით ხარ.

მე ვიცი, არასოდეს არავინ დამავიწყდებით, პირიქით, მონატრებამ უფრო შემახსენა, რომ ძალიან მყვარებიხართ.

გენატრება ყველაფერი: შენი ეზოთი დაწყებული, სახლის აგურებით დამთავრებული; ტყემლით დაწყებული და მჭადის ფქვილით დამთავრებული; ახლობლებით დაწყებული და ქუჩაში გამვლელით დამთავრებული;

ყველაფერი სამშობლოსთან ასოცირებული სხვა ფერს იძენს და მერე შენვე იკარგები ამ ფერებში, ჰოდა, მეც დავიკარგე. ვინმე იფიქრებს შენ რა გიჭირსო?! ემიგრანტს რა უნდა უჭირდეს?!

ერთი შეხედვით, ცხოვრება მართლაც, თითქოს ბევრად გიმსუბუქდება, მაგრამ ეს სიმსუბუქე აუტანელ ტვირთად იქცევა და იმაზე მეტად გამძიმებს, ვიდრე ის პრობლემა, რასაც გამოექეცი.

ხვდები, რომ კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი უმაღლეს ნიშნულს აღწევს და მარტოობის განცდას ვეღარ აკონტროლებ; მარტოობა ჰორმონების დონეზეც კი გიპყრობს. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ დაპაუზდი და ჩართვის ღილაკს ვერ პოულობ.

აწმყო? აქ ხშირად, უაწმყოო დღეებია. ასეთ დღეებში მხოლოდ თქვენი მოკითხვები მაძლებინებს, რომლის პასუხიც ყოველთვის ერთია: "კარგად ვარ". აბა, ემიგრანტს რა უნდა უჭირდეს?!

ისღა დაგრჩენია, გაუსაძლისს გაუძლო, იმ მომავლის იმედით, რომ დაბრუნდები, აუცილებლად დაბრუნდები!

ფიქრებში ჩაძირულს, ბოლოს და ბოლოს, ჩამეძინება და მალე ისევ წამომახტუნებს მაღვიძარა.

სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი - ქართველ ემიგრანტ ქალებს მინდა მივულოცო 8 მარტი და თითოეული მიზნის და ოცნების ასრულება ვუსურვო. ბედნიერ და მშვიდობიან დღეებს გისურვებ!"

მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც ბელა ემიგრაციაშია, მაგრამ უკვე მოასწრო ქველმოქმედებაში ჩართვა და როგორც ამბობს, რამდენიმე ოჯახი გაახარა კიდეც... გარკვეული ხნის წინ ამ ქალბატონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, როგორც მარიამ სანოგოს შვილის ძიძასთან და როგორც ამბობდა, მარიამის წყალობით, მას შემდეგაც არ გასჭირვებია სამუშაოს პოვნა, რაც ოჯახს ძიძა აღარ სჭირდებოდა. თუმცა, ემიგრაციაში წასვლა მაინც გადაწყვიტა:

- საქართველოდან ჩემი წამოსვლა გარდაუვალი იყო, სხვაგვარად ჩემი ცხოვრება შეჩერდებოდა. ჩემი მზე ისევ მარიამ სანოგოა. მისი დიდი წვლილია იმაში, რომ დღეს მე კარგად ვარ. ცხოვრებაში ბევრჯერ წავქცეულვარ, მაგრამ ყოველთვის შევძელი წამოდგომა, წელში გასწორება... მართალია, დღეს მიძნელდება ემიგრაციაში ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არაა... ყველაზე მეტად უმადურობას ვერ ვეგუები და ამიტომაც, ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე მადლობას გადავუხდი კალაძეს, ბელა ალანიას, მარიამ სანოგოს, ლიზი იმნაძეს და კიდევ ბევრ ადამიანს ჩემთვის დახარჯული ენერგიისთვის...

რაც შეეხება ჩემს ქველმოქმედებას: სულ მიყვარდა ვინმეს გახარება, სულ იმის ფიქრში ვიყავი, სხვისთვის ბედნიერება მიმენიჭებინა. ახლა კი ჩემი ევროპელი მეგობრების მხარში დგომით, ბევრი ოჯახი გავახარე. მე მყავს ფავორიტი მარიამო, რომელსაც მის კუთვნილ სახლს გადავცემთ სულ მალე. არიან ოჯახები, რომლებსაც უფლის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით, აღარ შიათ. ძირითადად ევროპელი ქველმოქმედების წყალობით.

სხვათა შორის, ამჯერად უკრაინიდან წამოსულ ადამიანებს ვეხმარებით. აი, ამწუთას დიდი ოდენობით ნობათს ვახარისხებთ... მე დღეს ვარ უკრაინელი! მე მინდა მყავდეს ზელენსკისნაირი პრეზიდენტი. ვწუხვარ, რომ ჩვენ ერთმანეთის ქილიკში ვატარებთ დროს და ქვეყნის მმართველებს არ სცალიათ ხალხისთვის...

სხვისთვის სიტყვის "მიყვარხარ" თქმა შეიძლება არაფერს ნიშნავს, ჩემთვის კი მთელი ცხოვრებაა და ამიტომაც ვცდილობ, ყველას გავუფერადო დღეები ისე, როგორც შემიძლია და იმედი მაქვს, მალე ჩემი ცხოვრებაც გაფერადდება. მალე გერმანიაში გაიხსნება ფონდი და მხოლოდ საქართველოში მყოფ ადამიანებს დავეხმარებით. წინ ბევრი კარგი სიახლე გველის...

ლიკა ქაჯაია