რა შეიძლება მოჰყვეს ოკუპანტების ყოფნას ატომურ სადგურთან - გზაპრესი

რა შეიძლება მოჰყვეს ოკუპანტების ყოფნას ატომურ სადგურთან

ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ იმ საფრთხეზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ატომურ ელექტროსადგურებს უკავშირდება. ცნობილია, რომ ზაპოროჟიეში პერსონალი აგრძელებს ატომური ელექტროსადგურის ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს (მათ ბირთვული ობიექტი გასულ კვირას დაიკავეს). "უკიდურესად შეშფოთებული ვარ", - აღნიშნა გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ და დასძინა, რომ რუსულმა სამხედროებმა გამორთეს ფიჭური კავშირგაბმულობის ზოგიერთი საშუალება და ინტერნეტი, რაც ატომურ სადგურთან კომუნიკაციას ართულებს და მისი ექსპლუატაციის პროცესს საფრთხეს უქმნის.

რა საფრთხეს შეიცავს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება? - ამ კითხვით ქართველ ენერგეტიკოსს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს მივმართეთ.

- ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ინსტრუქციაში არის ჩანაწერი, როდისაა დარღვეული ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობა... ზაპოროჟიეში არ მომხდარა რადიაციული ფონის მომატება, მაგრამ იყო ხანძარი და მისი მიმართულებით სროლა, ეს უკვე მისი მუშაობის უსაფრთხოებისთვის პრობლემის შემქმნელია და განიხილება, როგორც უსაფრთხოების დარღვევა. ეს ძალზე სერიოზულად დასაცავი ობიექტია და ამიტომაც ატყდა ასეთი ხმაური. მაგალითად, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს 30-კილომეტრიანი სანიტარიული დაცვის ზონა ჰქონდა და ამ ზონაში თუკი რაიმე უჩვეულო ხდება, ყველაფერი განიხილება, როგორც საფრთხე ატომური სადგურის დაცვისთვის.

- ასეთ დროს რა შეიძლება მოხდეს?

- ყველაზე ცუდი სურათი წარმოვიდგინოთ. ზაპოროჟიეს გარდა, ძალზე მძიმე სიტუაციაა სამხრეთ უკრაინაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურში, სადაც სამი ენერგობლოკი დგას. იქიდან 30 კილომეტრში რუსები არიან და ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ჩერნობილში ავარია რომ მოხდა, ეს გამოწვეული იყო პერსონალის შეცდომისა და სადგურის კონსტრუქციის არასრულყოფილების გამო, ამიტომ მოხდა კატასტროფა. ზაპოროჟიეს სადგური უკეთეს პირობებშია, იქ არ დგას ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩერნობილის სადგურში იყო, მაგრამ ნებისმიერ პროცესს ხომ უნდა მართვა?! პერსონალი მუშაობს, მას სჭირდება აბსოლუტური სიმშვიდე, არადა, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ადამიანი ფსიქოლოგიურად შეიძლება გაუწონასწორებელი გახდეს... ატომურ ენერგობლოკებს აქვს დამცავი გარსი და ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი სიმყარე. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა სიმტკიცეზეა გაანგარიშებული ამ სადგურების დამცავი გარსი. ჩერნობილის შემდგომ, წინა საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ატომური სადგურების კვლევები დახურეს, აქედან გამომდინარე, ამ პრობლემასთან სერიოზული სამეცნიერო შეხება ჩვენ ნაკლებად გვქონდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონტინენტი რომ კეთდებოდა, ისე იყო გათვლილი, რომ თუკი რაიმე მოხდებოდა, რადიოაქტიური ნივთიერებები გარსშივე უნდა დარჩენილიყო და გარემოში არ გაფანტულიყო, ანუ გარსის სიმდგრადე იმაზე იყო გაანგარიშებული, რომ სამხედრო თვითმფრინავის დაჯახების შემთხვევაშიც არ უნდა დაზიანებულიყო. თუ სადგურების გარსაცმები ისეა გაანგარიშებული, რომ გარკვეული კალიბრის ყუმბარები არ შეუქმნის საფრთხეს და ჰერმეტულობის დარღვევა არ მოხდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი შეიარაღება 90-იანი წლების შეიარაღებასთან შედარებით 10-ჯერ და მეტადაა გაზრდილი, სადგურები კი ძველი სტანდარტების დონეზე დარჩა. ის 2-მეტრიანი ფრთოსანი რაკეტები, რაც დღეს უკრაინის თავზე ცვივა, ამ გარსაცმელს რომ მოხვდეს, შეიძლება ვერ გაუძლოს. განსაკუთრებით პრობლემატურია სადგური, რომელიც მუშაობს. ვფიქრობ, რაღაცნაირად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მსოფლიოს მობილიზება, უნდა შეთანხმდნენ - მტერია თუ მოყვარე, ამას არა აქვს ახლა მნიშვნელობა, - რომ ის ტერიტორიები იყოს დაცული და ორივე მხარემ ე.წ. სანიტარიული ზონიდან გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები, ან იქნებ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ, იგივე გაერო, რომ იმ ტერიტორიებზე შევიდნენ მშვიდობისმყოფელები და როგორც ყველაზე საშიში ობიექტები, დაიცვან. გაცილებით სერიოზული პრობლემებია ჩერნობილის მიმართულებით. მართალია, იქ ატომური სადგური არ მუშაობს, მაგრამ 21 სამარხია. ამ სამარხებს გვარ-სახელი კი არ აწერია, ადგილებიც გასაიდუმლოებულია... მეოთხე ბლოკი სარკოფაგშია. ეს სარკოფაგი 2 მილიარდი დოლარი დაჯდა 2011 წელს და 65-წლიანი ვადა აქვს. სამარხებიდან დაწყებული, სარკოფაგით დამთავრებული, ყველაფერს მართვა სჭირდება და იქ უნდა იყოს მუდმივად პერსონალი, რომელიც მდგომარეობას აკონტროლებს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სამხედრო იერიში დაიწყო ამ მიმართულებით და ვისაც ოკუპირებული აქვს ახლა ის ტერიტორიები, ისინი იქიდან განდევნეს. ამ ოპერაციის დროს რა მოხდება, არავინ იცის. ამიტომ ვამბობ, კუნძულები უნდა გაკეთდეს, იქ თოფის გასროლა კი არა, თოფიანი კაციც არ უნდა შეუშვან. არსებობს გამოთქმა: ყუმბარა მაიმუნის ხელში რომ მოხვდეს, ამაზე დიდი საშიშროება არაფერი არისო. იმ ტერიტორიაზე არაკვალიფიციური პიროვნება საერთოდ არ უნდა შედიოდეს, არათუ ავტომატგადაკიდებული. თუ მოხვდა ბალისტიკური რაკეტა და დაირღვა სადგურის ჰერმეტულობა, ეს მსოფლიო კატასტროფა იქნება. 15 ელექტრობლოკია სულ უკრაინაში. თეორიულად შეუძლებელია, 15-ვე აფეთქდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა, არც ნატო დაგვჭირდება, აღარც გაერო, აღარც რუსეთი, აღარც უკრაინა და ევროპა, საერთოდ მოისპობა და დამთავრდება ყველაფერი.

- საინტერესოა, რა სიმძლავრისაა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური და რამხელა არეალს აწვდის ელექტროენერგიას?

- უკრაინის ელექტრომომარაგება დაახლოებით 7 000 მეგავატია, ზაპოროჟიეში დღეს ერთი 1 000-მეგავატიანი სადგური მუშაობს. საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ამიტომ რუსებს უნდათ ამ ელექტროსადგურის განადგურებით მთლიანად გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკა, რაც საშინელებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, - რუსეთის საჰაერო სადესანტო დანაყოფი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაცვის უკრაინელ წევრებთან ერთად ვაკონტროლებთ სადგურს და არავითარ შემთხვევაში ნებას არ მივცემთ უკრაინელ ნაცისტებს, რაიმე პროვოკაცია მოაწყონო. საბჭოთა კავშირში ოფიციოზის ნათქვამი ყოველთვის უკუღმა უნდა წაგეკითხა, ახლაც ამით ის აშანტაჟებს უკრაინას, - თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, ამ სადგურზე ჩავიდენთ რაღაცას, რაც თქვენ დაგბრალდებათო.

- როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს სადგური ჩერნობილზე დიდია, არა?

- დიახ. ჩერნობილში 4 ენერგობლოკი იყო, აქ 6-ია, აქედან მხოლოდ ერთია ექსპლუატაციაში. თუ მუშა მდგომარეობაში მყოფ ბლოკს მოხვდა რამე, ქიმიური ჯაჭვური რეაქცია დაიწყება, რომელიც მეტისმეტად სწრაფად მიმდინარეობს... ასევე პრობლემატური იქნება, თუ რეზერვში მყოფ ბლოკს მოხვდა: თუ ჰერმეტულობა დაირღვა, რადიოაქტიური ნივთიერებები გარემოში ამოირქვევა. რომ იცოდეთ, თითოეულ ბლოკში 66 ტონა ურანია. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ურანია მთელ ტერიტორიაზე განფენილი. ბუნებრივია, ეს მშვიდობიან პერიოდშიც საფრთხის შემცველია და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში - მით უმეტეს.

- ეს ხომ რუსეთსაც შეუქმნის საფრთხეს! ფიქრობთ, რომ ამის მიუხედავად, არ გაფრთხილდებიან?

- საფრთხეზე ფიქრობს ჭკვიანი კაცი, მაგრამ კაცისთვის, რომელიც შეურაცხადად მიგვაჩნია მთელ მსოფლიოს, საფრთხეები არ არსებობს. მარტო უკრაინელებს კი არა, იქ განლაგებულ ჯარს რას უზამს?!. დღეს რასაც აკეთებს არაბირთვული იარაღით, ესეც საფრთხეა რუსეთისთვის, მაგრამ აკეთებს. ეჭვი მეპარება, მისი გონება სწვდებოდეს იმას, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ სადგურების აფეთქებას. ატომური იარაღის გასროლა კიდევ სხვაა - მარტო ერთ კაცზე არ არის დამოკიდებული, რადგან უამრავი ბარიერი არსებობს, სანამ სისრულეში მოიყვანს და ვიღაცებს შეუძლიათ, დაბლოკონ, რაღაც გააკეთონ, მაგრამ როდესაც "გრადის" ტიპის რაკეტებია პირდაპირ "მიმჯდარი" ქალაქთან, როდესაც ბალისტიკურ რაკეტებს ისვრიან, ეს უდიდესი საფრთხეა. ჩერნობილის "ღრუბელმა" მაშინ დასავლეთ საქართველომდე მოაღწია. ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თორემ ქარი რა მიმართულებით და საით წაიღებს ამ რადიაციულ ნარჩენებს, არავინ იცის. თუ რადიოაქტიური ღრუბელი მოდის და ამ დროს წვიმს, წვიმას თან მოაქვს ის ნივთიერებები. მაშინ, 1986 წელს, აფხაზეთში, სამეგრელოსა და გურიაში მივაგენით დაბინძურებულ ჩაის პლანტაციებს. იმ წლის ჩაის მოსავალი გასაყიდად არსად გასულა, ისე განადგურდა...

s-1647259058.jpg

- ამჟამად, ჩერნობილის ტერიტორიასაც აკონტროლებენ რუსები...

- იქ არის ყველაზე მთავარი საფრთხე. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ, მეოთხე ენერგობლოკი სარკოფაგში ჩასვეს, ანუ ჩამარხეს. იქ 150 ტონა ურანი იყო, ბლოკი მთლიანად გაიხსნა და მისი შეჩერება მხოლოდ სარკოფაგის გაკეთებით იყო შესაძლებელი. 2011 წლამდე ვარგისი გახლდათ, 2011-ში კი 46-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა ახალი სარკოფაგის შექმნაში, რაც 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. როგორც აღვნიშნე, მისი ექსპლუატაციის ვადა 65 წელია, მაგრამ ამ სარკოფაგსაც სჭირდება მართვა. იქ ზის სპეციალისტი, რომელიც ზომავს და აკონტროლებს, რა ხდება სარკოფაგში. გარდა მეოთხე ბლოკისა, იქ კიდევ არის 1 000-მეგავატიანი ბლოკი, რომელიც დაკონსერვებულია, იქიდან ურანი გამოტანილია და ჩამარხულია. მის მართვას ახორციელებს სპეციალური პერსონალი, ასევე, ხშირად ჩადიან ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ამოწმებენ არსებულ მდგომარეობას. აუცილებელია, ოკუპანტებმა იქაურობა დატოვონ. უნდა შეიგნონ: რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, რადიაციამ საზღვრები არ იცის.

თეა ხურცილავა