რაჭა-თბილისის გზა და ხის ნივთები, რომელსაც მეგობრები ქმნიან - გზაპრესი

რაჭა-თბილისის გზა და ხის ნივთები, რომელსაც მეგობრები ქმნიან

პირველი თბილისში ცხოვრობს, მეორე - რაჭაში. ისინი ერთობლივად საქმიანობენ და ხის ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. პროდუქცია უმთავრესად სოფელ ხვანჭკარაში, ბექას სახლთან, ფარდულში იქმნება. თუმცა, ზოგჯერ ხელით გამოთლილ ნივთებს, საბოლოო სახის მიღებამდე, რაჭიდან დედაქალაქში "გამომგზავრებაც" უწევს - ამის მიზეზზე ფატი გვიყვება.

- თავდაპირველად ქვებით ვქნიდი ნახატებს. ეს იდეა, ბავშვის მოლოდინში, დეკრეტში ყოფნის დროს გამიჩნდა. ასეთი ნამუშევრები სხვადასხვა უცხოურ საიტზეც მქონდა ნანახი. რომ მოვიძიე, საქართველოში სოციალურ ქსელში ქვის ხელოვნების გვერდი არავის ჰქონდა და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მემუშავა. 2020 წელს რაჭაში დასასვენებლად ვიყავი, სადაც ბექა გავიცანი, მისი ხელნაკეთი ნივთებით დავინტერესდი და ერთობლივად მუშაობა შევთავაზე. მას შემდეგ, ჩვენი პროდუქციის რეალიზებას ონლაინ ვახდენთ. მაგალითად შეკვეთა გვაქვს მაგიდაზე ან სანათზე. ბექა რაჭაში ქმნის ნივთს და თუ შეღებვა, ლაქით დაფარვა ან დამუშავება სჭირდება, ამას უკვე თბილისში მე ვაკეთებ. თუ ბევრი შეკვეთაა, მეც ჩავდივარ რაჭაში და ერთად ვმუშაობთ, ხოლო თუ ცალკეული ნივთია, მიგზავნის. თბილისში ერთ-ერთ კვების ობიექტში სტუმართან ურთიერთობის ლიდერის პოზიციაზე ვმუშაობ, ხოლო ბექა რაჭაში სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და დისტანციურად ვათანხმებთ დეტალებს. უმთავრესად შეკვეთებზე ვმუშაობთ და ინდივიდუალურ სურვილებსაც ვითვალისწინებთ. ასე ვაკეთებთ ჭადრაკს, სათამაშოებს, ჟურნალის მაგიდებს, სკამებს, სანათებს და ინტერიერის სხვა ნივთებს.

4-1647259955.jpg

- სამუშაო მასალის მოძიებაზე ალბათ, ძირითადად ბექა ზრუნავს, არა?

- თუ ხე კარგად არ არის გამომშრალი და ასე ვთქვათ დაძველებულია, შეიძლება დასკდეს, ასე რომ, მისგან ხარისხიანი პროდუქტი ვერ შეიქმნება. ბექას ბაბუა ხის ოსტატია, ალბათ შვილიშვილს მისგან გენეტიკურად გამოჰყვა ნიჭი. ბექას ბაბუა ჯონდო და ბებია ლუნა აქტიურად გვგულშემატკივრობენ. მასალას ზოგჯერ ვყიდულობთ, ასევე ვეძებთ რიონის ნაპირებზე გამორიყულ ხესაც. ძირითადი მასალა ნაძვი და ფიჭვია, იშვიათად კაკლის ხე - ამით ძირითადად ბეჭდებს, გულსაბნევებსა, საყურეებს ან სხვა დეტალებს ვთლით.

ბექა მორიდებული, თავმდაბალი ადამიანია. თავიდან არ ეგონა, მისი ხელნაკეთი ნივთი ვინმეს მოწონებას თუ დაიმსახურებდა, მაგრამ ჩემი აქტიურობის შედეგად, ერთობლივ საქმიანობაზე დამთანხმდა.

ამ ეტაპზე არანაირი დანადგარი, ჩარხი არ გვაქვს, მასალას ხელით ვამუშავებთ. ხელით ითლება ჭადრაკის ფიგურებიც. ზოგჯერ ამის გამო გარკვეულ შეკვეთებზე უარის თქმა გვიწევს, დანადგარების შეძენა კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

5-1647259943.jpg

- შეკვეთები ძირითადად დედაქალაქიდან გაქვთ თუ რეგიონებიდან?

- ყველაზე მეტად დედაქალაქი აქტიურობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რეგიონები ჩამორჩება. ჩვენს ნივთებს ხშირად ყიდულობენ ბათუმშიც. აქვე გავიხსენებ ერთ საინტერესო შემთხვევას: რამდენიმე თვის წინ, საფრანგეთიდან დაგვიკავშირდა ერთ-ერთი შოკოლადის ქარხნის დირექტორი, რომელსაც თავის პროდუქციისთვის ყუთების დამზადება უნდოდა. საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო, 7 თვეში 5 ათასი მცირე ზომის ყუთი უნდა დაგვემზადებინა. თანამშრომლებთან საპრეზენტაციოდ ოფისში 2 ყუთი გავუგზავნეთ, რომელშიც საკმაოდ კარგი თანხა გადაგვიხადა. სამწუხაროდ, ამ ამბიდან მცირე ხანში შოკოლადის ქარხანა დაიწვა. მუშაობა ახლახან განაახლეს, თუმცა აღარ შემხმიანებიან.

ანა კალანდაძე