"რომ არა გამოცდილი კოლეგები, შეიძლება ბევრჯერ გამერისკა" - გზაპრესი

"რომ არა გამოცდილი კოლეგები, შეიძლება ბევრჯერ გამერისკა"

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ გიგანი ომის დაწყებამდე უკრაინაში მუშაობდა და ცხელი წერტილიდან გვაწვდიდა ოპერატიულ და ობიექტურ ინფორმაციას. რა არის საველე ჟურნალისტიკის ხიბლი, რა უნდა გაითვალისწინონ კოლეგებმა, რომლებსაც ომის პირობებში უწევთ მუშაობა და რის ფასად უჯდებათ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება ცხელი წერტილიდან იღებს?

- ჩემი თავდაპირველი არჩევანი არ ყოფილა ჟურნალისტიკა. ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე, მაგრამ მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც სტაჟირება დავიწყე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში. მაშინ შემიყვარდა პროფესია, რომელიც დაკავშირებულია ადრენალინთან. საველე ჟურნალისტიკის ინტერესმა და ტელევიზიაში გატარებულმა იმ 2 წელმა გადამაწყვეტინა, მაგისტრატურაში ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. 2012 წლიდან დღემდე ვმუშაობ ჩემი პროფესიით, ერთხანს უცხოურ ამბებს ვაშუქებდი და არ მიწევდა გადაღებებზე სიარული. როდესაც უკრაინაში სიტუაცია დაიძაბა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა იკითხა, ჰქონდა თუ არა ვინმეს სურვილი, წასულიყო უკრაინაში, რაც ვფიქრობ, სწორი მიდგომაა: შეუძლებელია, დაავალო ვინმეს, წავიდეს ქვეყანაში, სადაც შეიძლება ომი დაიწყოს. მაშინვე გამოვთქვი სურვილი. უფროსი დამპირდა, თუ ძალიან დაიძაბებოდა სიტუაცია და ვეტყოდი, რომ აღარ შემეძლო მუშაობის გაგრძელება, ყველაფერს გააკეთებდა ჩემს დასაბრუნებლად. ომის დაწყებამდე ოპერატორთან ერთად, 7-8 დღით ადრე ჩავედი, აქტიურად ვმუშაობდით და ვერთვებოდით თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- ძალიან მძიმედ. დაოჯახებული არ ვარ, მამა გარდაცვლილია, მყავს დედა და უფროსი და... გადაწყვეტილებიდან 2 საათში უკვე ფრენა მქონდა და დედას რომ ვუთხარი, მიპასუხა: თუ ჩემი სიკვდილი გინდა, წადიო...

საომარი მოქმედებები რომ მართლა დაიწყებოდა, ამის მოლოდინი მქონდა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, დეპუტატებს ვესაუბრებოდით, მაინც იმედს გამოთქვამდნენ, რომ ასე მთელი ქვეყნის მასშტაბით ომი არ დაიწყებოდა. ფიქრობდნენ, მხოლოდ დონბასში გამწვავდებოდა სიტუაცია. ერთია, წარმოიდგინო, რას ნიშნავს ომის პირობებში მუშაობა და მეორე, თავად აღმოჩნდე ომის ქარცეცხლში. რასაც შორიდან უყურებ, აბსოლუტურად განსხვავებულია რეალობისგან. იმპროვიზაცია ცვლის აბსოლუტურად ყველაფერს, იქცევი სიტუაციიდან გამომდინარე, არასდროს არ იცი, რა მოხდება... როდესაც კიევში გაისმა საჰაერო განგაშის სიგნალი, იმ დღიდან ჩვენი გადაღებაზე გასვლა უკვე ნიშნავდა იმას, რომ ან ცოცხალი დავბრუნდებოდით, ან - ვერა. თავიდან ჯერ კიდევ არ გვქონდა გააზრებული, რა მდგომარეობაში და სად ვიყავით. მანქანის დაქირავებაც ჭირდა. ვინც დაგვთანხმდა, მანაც დაახლოებით 5 კილომეტრის მონაკვეთზე 100 დოლარი გამოგვართვა. ასეთ პირობებში გვიწევდა მუშაობა და გადაადგილება, მაგრამ მაინც ვახერხებდით. როდესაც კიევთან ახლოს დაიწყო საომარი მოქმედებები და საათში ერთხელ გვესმოდა განგაშის სიგნალი (ეს იყო მეორე ღამეს), მაშინ უფრო გავიაზრეთ, რომ რეალურ ომში ვიყავით და ყოველ წამს შეიძლებოდა, თავდასხმების მსხვერპლი თითოეული ჩვენგანი ყოფილიყო. იმ დღიდან ვემორჩილებოდით წესებს და მხოლოდ შუალედებში, როდესაც საჰაერო სიგნალი არ იყო, ვცდილობდით გამოვსულიყავით ქუჩაში და გვემუშავა. კომენდანტის საათი რომ გამოცხადდა, მაშინ გარეთაც ვეღარ გავდიოდით: ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქუჩაში გავიდოდა, დივერსანტად ჩაითვლებოდა, ამიტომ 2 დღე ბუნკერიდან გვიწევდა მუშაობა.

24 თებერვალს, ომის პირველსავე დღეს, სასტუმროები დაიხურა და ჩვენც გამოგვიშვეს იმ მიზეზით, რომ თავშესაფარი არ ჰქონდათ. შეგვასახლეს სხვა სასტუმროში, სადაც თავმოყრილი იყო მედია თითქმის მთელი მსოფლიოდან. სასტუმროს შესასვლელიდან ჰქონდათ ჩართვები. მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები გავდიოდით და ვიღებდით, რა ხდებოდა ქუჩებში. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო კვარტალზე იგეგმებოდა შტურმი, ეს სასტუმრო კი სწორედ სამთავრობო კვარტალში იყო. გვითხრეს, რომ იქაურობა უნდა დაგვეტოვებინა. ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა, შემდეგ მან ჩამწერა კიდეც, მკითხა, ვბრუნდებოდით თუ არა ჩვენს ქვეყანაში? - არა-მეთქი, ვუპასუხე. ყველანი წავიდნენ თავ-თავიანთ საელჩოებში და შემდეგ ისინი საკუთარ ქვეყნებში დააბრუნეს. პირველ ეტაპზე ამბობდნენ, რომ საზღვარზე გადასვლა სახიფათო იყო, მერე გვითხრეს, საზღვარზე გადასვლის რისკი სჯობდა კიევში დარჩენას. მაშინ დადგა ჩვენი წამოსვლის საკითხიც.

- როგორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა?

- მართლაც საოცარი ხალხია, ჟურნალისტები გაოგნებული ვიყავით უკრაინელების ქცევით. სრული საბრძოლო მზადყოფნა ჰქონდათ. ომის დაწყებამდეც და დაწყების დღიდანაც ამბობდნენ, არსად მივდივართ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და თუ საჭირო გახდება, ხელში იარაღი ავიღოთო. ერთ დღეში 100 000 მოხალისე მოგროვდა და თითქმის გაუტოლდა იმ რუსულ ძალას, რომელიც საზღვართან ჰყავდათ მობილიზებული. აქტიურად მუშაობდნენ დივერსანტების წინააღმდეგ, რომლებიც მოედვნენ მთელ დედაქალაქს. რიგითმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ არავისთვის უნდა ესწავლებინათ მისამართი; თუ დაინახავდნენ საეჭვო მოქმედებას, უნდა მიემართათ სამხედროების ან პოლიციისთვის. თუ ამის საშუალება არ ჰქონდათ, თვითონვე იჭერდნენ. ასეთი საბრძოლო განწყობა მართლაც პატივსაცემია. მოხალისეები ეხმარებოდნენ როგორც არმიას, ასევე რიგით მოქალაქეებს და მათ შორის ჩვენც, უცხოელებსაც. დაგვეხმარნენ, როდესაც საზღვრის გადასაკვეთად ქალაქიდან ქალაქში გადავაადგილდებოდით სახმელეთო გზით. მატარებლის ლოდინში მთელი ღამე ყინვასა და სიცივეში რომ არ ვყოფილიყავით, ამისთვის ყველაფერი იღონეს. დიდი პატივისცემა ჩემგან უკრაინელ ხალხს!

- კადრი ან შემთხვევა, რამაც ბევრი რამ გადაგაფასებინათ, რა იყო?

- რამდენიმე ასეთი მომენტი მქონდა. განგაშის პირველი სიგნალის შემდეგ (მანამდე თითქოს ბოლომდე ვერ აღვიქვამდი ომის საშიშროებას და საშინელებას), ჩემთვის სამყარო შეიცვალა ისევე, როგორც იქ მყოფი უკრაინელებისა და ყველა ადამიანისთვის, აბსოლუტურად ამოყირავდა ყველაფერი. იმ სიტუაციაში არ ვიცოდი, რეალურად როგორ მემოქმედა, ადგილზე უნდა მესწავლა ბევრი რამ. მთელი ამ დროის განმავლობაში შიში არ მიგრძნია და ეს მაკვირვებდა. ვფიქრობდი, სადღაც შიგნით ხომ არ მიგროვდება და ცუდ მომენტში არ ამოხეთქოს-მეთქი ერთიანად. ერთადერთხელ შემეშინდა ძალიან, როდესაც ჩემი ფანჯრიდან დავინახე, რომ ჩვენი შენობის წინ ისროდნენ. მოპირდაპირე შენობის სახურავზე ყოფილან ჩასაფრებული დივერსანტები. ვერ მივხვდი, რა ტიპის იარაღიდან გვესროდნენ და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვიცოდი, იმ დროს ჩემს კოლეგებს ეძინათ. სასწრაფოდ გავაღვიძე ბიჭები და ვუთხარი, თავშესაფარში ჩასულიყვნენ. რამდენიმე მეტრი გვაშორებდა მათგან, მე კი ფანჯრიდან მქონდა თავი გაყოფილი, რათა კარგად დამენახა, რა ხდებოდა. ეს სახიფათო იყო, მაგრამ იმ მომენტში ვერც ვფიქრობდი ამაზე. დაბოლოს, ძალიან მძიმე იყო მომენტი, როდესაც საევაკუაციო მატარებელში ავედით - ცარიელი, გაყინული ვაგონები ხის სკამებით... არაფერი ჰგავდა რეალობას, სიცოცხლეზე, თანამედროვეობაზე არაფერი მიანიშნებდა. თავი მეგონა წინა საუკუნის ომში. ვაგონში ამოვიდა ორსული ქალი მეუღლით და 3 ბავშვით. ქალი ტიროდა, მეუღლე ამშვიდებდა... ასეთ დროს არა მგონია, სწორი იყოს, რომ მიკროფონით მივარდე. მაშინ მივხვდი, როგორ ებრძოდნენ ჩემში ერთმანეთს ჟურნალისტი და ადამიანი. 4 გადამღები ჯგუფი ვიყავით და ყველას გვიტრიალებდა თავში ამ კადრების გადაღება, მაგრამ შემრცხვა საკუთარი თავის და ფიქრების. ეს ოჯახი მირბოდა გაურკვეველი მიმართულებით, არ იცოდნენ - სად და რამდენი ხნით და შენ ამათი გადაღება როგორ შეგიძლია-მეთქი?!. - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ამიტომაც არ გადავიღეთ.

- ამდენ ემოციას ცრემლების გარეშე როგორ უმკლავდებოდით?

- ხომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ნახვა და გააზრება, მაგრამ არ მიტირია მაშინაც კი, როდესაც ჩემს კოლეგებს ურეკავდნენ ატირებული შვილები. მაშინაც კი ვეუბნებოდი თავს, რომ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი. ბევრისგან მოვისმინე, ომში წასული ჟურნალისტი თავშესაფარში კი არა, ომის შუაგულში უნდა იყოსო. ვთქვათ, მე არ მყავს შვილი და ოჯახი და მიღირს გარისკვა, მაგრამ როდესაც მყავს ოპერატორი, 2 შვილის მამა და ყოველდღე ატირებულები ურეკავენ ბავშვები, როდის დაბრუნდებიო, რა უფლება მაქვს ან მე, ან კომპანიას, რომ ვუთხრათ, გარისკე და ტანკს შეუვარდიო?!

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეთ და გულისტკივილი გამოთქვით საზოგადოების, ასევე კოლეგების მხრიდან „იმედისა“ და იქ მომუშავე ჟურნალისტების შეურაცხყოფის გამო...

- ბევრჯერ მომისმენია ბრალდებები, რომ არასწორ საინფორმაციო პოლიტიკას ვატარებთ, რომ პუტინის გამარჯვება გვსურს და ა.შ. აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, ენა ბევრი რამის მთქმელია, მაგრამ ახლა ვეღარ შევძელი გაჩუმება - როდესაც უკრაინაში გყავს ჯგუფი, საათში ერთხელ გერთვებიან და გეუბნებიან, რომ რუსული საოკუპაციო ძალები უტევენ უკრაინას, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და ჩვენ ამას ვაკეთებთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ამ დროს ჩვენი მისამართით ასეთი კომენტარები აკეთო და იძახო, პუტინის გამარჯვება სურთო, დიდი უსამართლობაა. ადვილია, თბილისში თბილად იჯდე კლავიატურასთან და ლანძღო ადამიანები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს უკრაინას არ ტოვებენ; ეუბნებოდე, არასწორ მხარეს დგახარო. როგორ ვიყავით მე და ჩემი ოპერატორი არასწორ მხარეს, როდესაც კონფლიქტის ეპიცენტრიდან ვაშუქებდით მიმდინარე მოვლენებს?!

- საქართველოში დაბრუნებულმა რამდენიმე ადამიანსაც გადაუხადეთ განსაკუთრებული მადლობა დახმარებისთვის, მათ შორის, გიორგი ვაშაძეს...

- უკრაინიდან რომ გამოგვეღწია, მართლაც უამრავი ადამიანი დაგვეხმარა: ნინო გიორგობიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, ჩვენი უსაფრთხოება რომ უზრუნველეყო, ასევე, საქართველოს საელჩო უკრაინაში. უკვე საზღვართან მისულებს, ბოლო სადგურზე დაგვხვდნენ მოხალისეები და გვითხრეს ან თავშესაფარში გადაგიყვანთ, სადაც განუსაზღვრელი ვადით დარჩებით, ან სამდღიან რიგში დადგებით, რომ საზღვარი გადაკვეთოთო. გაუსაძლისი ყინვა იყო, თან 3 ღამისა და 4 დღის ნამგზავრები ვიყავით, გადაღლილები, ნაშიმშილები, დასტრესილები და კიდევ 3 დღე გაძლება რთული იქნებოდა. ამ დროს დაგვეხმარა გიორგი ვაშაძე და ნახევარ დღეში გადმოვკვეთეთ რუმინეთის საზღვარი. ამიტომაც ვარ ამ ადამიანების მადლიერი, კიდევ ბევრ სხვასთან ერთად.

275435670-5019119098133577-705372891354347956-n-copy-1647261226.jpg

- რა გასწავლათ ამ ომმა როგორც ჟურნალისტს და რა არის ყველაზე მთავარი ცხელ წერტილებში მუშაობისას?

- სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო - ალბათ მაინც ეს არის ყველაფერზე მთავარი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამას ვახერხებდი. ოქროს წესია, რომ არც ერთ კადრად არ ღირს ჟურნალისტის სიცოცხლე. მართალია, არაერთი ისტორიული და უნიკალური კადრი შემოგვრჩა სწორედ იმიტომ, რომ გარისკეს და არ გაითვალისწინეს ეს რეკომენდაცია, მაგრამ ალბათ ესეც თვითონ ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მე რომ არ მყოლოდა უფროსი და ჩემზე გამოცდილი კოლეგები, შეიძლება, ბევრჯერ გამერისკა კადრის გამო საკუთარი სიცოცხლით. ომში გამოუცდელმა შეიძლება დაუშვას ეს შეცდომა და მეც მითქვამს, მოდი, წავიდეთ და გადავიღოთ, როგორ ისვრიან, რაკეტა როგორ ჩამოვარდა და ა.შ. ჩემი ოპერატორი კი ამ დროს მეუბნებოდა: მარიამ, არც ერთი კადრი არ ღირს ჟურნალისტის სიცოცხლის ფასად და გაჩერდიო. ასეთ სიტუაციებში ჯობს, პანიკას არ აჰყვე და მობილიზებული იყო საქმის კეთებაზეც და თავის გადარჩენაზეც.

ნინო ჯავახიშვილი