უკრაინელი დევნილის ნაამბობი - გზაპრესი

უკრაინელი დევნილის ნაამბობი

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის რუსულენოვან სექტორზე უკრაინელი ბოგდანა რომანოვა სწავლობდა და ჭიათურელ კურსელთან მეგობრობდა. მარიკა ხვედელიძე და ბოგდანა ერთად დადიოდნენ საბჭოეთის საწინააღმდეგო მიტინგებზე, უსმენდნენ დისიდენტებს, პატრიოტებს და არც ერთი არ ფიქრობდა მაშინ, რომ ათწლეულების მერეც რუსული იმპერიალიზმი ორივე მათგანის სამშობლოს მიწასთან გასწორებას მოინდომებდა... როცა ისინი ერთად მივიდნენ მერაბ კოსტავას პანაშვიდზე, ფიქრობდნენ, რომ ამხელა მსხვერპლი საკმარისი იქნებოდა სამარადჟამოდ, მაგრამ ასე არ მოხდა... რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ჭიათურაში მარიკას მასთან კავშირი არ გაუწყვეტია, ამხნევებდა მეგობარს. დასავლეთისკენ გაეშურა რომანოვა, ისევე, როგორც ბევრი ისეთი უკრაინელი, რომლებსაც იარაღის ხელში აღება არ შეეძლოთ. მარიკას დახმარებით, ბოგდანამ სპეციალურად ჟურნალ "გზას" თავისი ემოციური წერილი მოგვაწოდა, რომლის თარგმანსაც ახლა გთავაზობთ:

"ბოლო დრომდე არ მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველაზე ცუდ კოშმარებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკრაინის აღმოსავლეთში 8 წელია გრძელდება. კიევი ყველასთვის საიმედო და ურყევ ადგილად დარჩა. ასეთი უნიკალური ისტორიის მქონე დედაქალაქის ხელყოფა შეიძლება? - ეს წარმოუდგენელია...

ომის დაწყების შესახებ არ ვიცოდი. დილით ადრე დარეკეს სხვა ქვეყნიდან ნათესავებმა, - დაბომბვა დაიწყოო. ვიხუმრე: ახალი ამბები ნაკლებად მოისმინეთ-მეთქი. არადა, დღეები გავიდა ამ საშინელებაში. სირენის, აფეთქების, გასროლის ხმა ჩვეულებრივ ამბად იქცა: თავშესაფრად ქცეული ავტოსადგომისკენ უწყვეტად მიდიან ადამიანები.

275459644-285400017047722-5624240283460451820-n-1647865105.jpg

ამ დღეებში გავიგე, რომ მაკიაჟის გარეშეც შეიძლება "ხალხში გასვლა". თავშესაფარში, სიცივის მიუხედავად, ერთ ადგილას უნდა დაჯდე. იქ რაც შეიძლება თბილი ტანსაცმლით უნდა ჩახვიდე და არა იმით, რაც ლამაზია. თუ გცივა, ქურთუკზე შეგიძლია ქმრის ხალათი მოიცვა და ამის გამო არავინ გაგაქილიკებს. თავშესაფარში მყოფებმა სწრაფად მოვაგვარეთ საქმეები: მიკროტალღური ღუმელი, ქვაბი, ტრენდული დივნები ჩვენი ბინებიდან ავტოსადგომზე ჩავიტანეთ. ზოგმა ლეიბებიც წამოიღო, რადგან ღამით სკამზე ჯდომა არ შეეძლოთ, ბავშვებსაც ლეიბებზე ეძინათ.

ჩვენ ვხედავდით ჰორიზონტზე შავი კვამლის ღრუბლებს, გვესმოდა აფეთქებები, რომლებიც უფრო და უფრო ახლოვდებოდა და, მაინც გვიჭირდა დაჯერება, რომ ეს ჩვენთან რეალურად ხდებოდა...

მერე მივიღეთ გადაწყვეტილება. მეზობელმა თქვა, ხვალისთვის ლვოვის ბილეთები შეიძლება ვიშოვოო. მერე მკითხა, ჩემთან ერთად წამოხვალო? დავთანხმდი. შემდეგ ჩემოდნიდან ჯინსი ამოვიღე, რომ მის ნაცვლად ლეპტოპი ჩამედო (ყველა საკონტაქტო ნომერი, ანგარიშები, კონტრაქტები აქ მაქვს) და გავუდექით გზას. ტაქსის მძღოლმა სადგურამდე მიგვიყვანა და ფულის აღება არ სურდა. ამბობდა, დრო არ არისო. ჩვენ გადავიხადეთ და მძღოლი დავარწმუნეთ, რომ ეს თანხა მოხალისეობრივი დახმარება იქნებოდა და არა ანაზღაურება. მოგვიანებით ეს ფრაზა არაერთხელ დამეხმარა, ადამიანები დამერწმუნებინა, რომ თანხა აეღოთ...

ლვოვისკენ საევაკუაციო მატარებელი 5 წუთში გავიდა. არ მეგონა, ასე სწრაფად თუ შევძლებდი მანქანიდან ვაგონისკენ სირბილს ჩემი "განგაშის ჩემოდნით", რომელიც ლეპტოპმა დაამძიმა. ოთხზე გათვლილ კუპეში ხუთი ადამიანი კიდევ მოვიხმეთ. ხალხი იჯდა ყველგან, იატაკზეც კი. რამდენიმე კუპე შიგნიდან გადაკეტილი იყო, ზედმეტი ხალხის შეშვება არ სურდათ. რა თქმა უნდა, კომფორტულად მგზავრობა გაცილებით სასიამოვნოა, მაგრამ ზრდილობა არ მაძლევდა უფლებას, საწოლზე დავწოლილიყავი, როცა სხვებს - ჩემოდნებზე ჩამომსხდრებს ვესტიბიულში ან პირდაპირ იატაკზე ეძინათ...

კიევისა და ლვოვის სადგურები რომ გავიარეთ, მატარებლებში დასადგომი ადგილებიც კი აღარ იყო. ხალხმა ბაქანზე ჩანთები და ჩემოდნები დატოვა, როგორმე ვაგონში რომ შეტეულიყვნენ. ლვოვის მატარებლის კუპეში შეუშვეს ბიჭები ინდოეთიდან, რომლებიც კიევში ავეჯის ქარხანაში მუშაობდნენ, ასევე პროგრამისტები კოლუმბიიდან, კიეველი ოჯახი სამი გოგონათი და კატით... რიგრიგობით იძინებდნენ მგზავრები ზედა თაროებზე, მიჯრით ისხდნენ ქვედა თაროებზე. ადამიანები ცდილობდნენ, ერთმანეთი გაერთოთ და უქონელთათვის სათადარიგო საკვები გაეზიარებინათ.

ლვოვის რკინიგზის სადგურამდე ძლივს მივაღწიეთ. ვინც პოლონეთისკენ მიდიოდა, ხალხის მასა რომ გაერღვია, წარმოუდგენელი ძალის გამოყენება მოუხდა. მხოლოდ ბავშვებს აძლევდნენ წინ წასვლის უფლებას, "ზედმეტ" ნივთებს პლატფორმაზე ყრიდნენ, ვაგონამდე რომ მისულიყვნენ. ქაოსი მხოლოდ დასაწყისში იყო, მერე ყველაფერი მოწესრიგდა. მოგვიანებით მატარებლები გავიდა და მღელვარებამაც გაიარა, რადგან მიხვდნენ, რომ ქვეყნის დატოვება სავსებით შესაძლებელი იყო...

მე ეს არც მიცდია. ავტობუსით წავედი კურორტ ტრუსკავეცში, სადაც ბინის ან სასტუმროს ოთახის დაქირავება კიდევ ერთი თავსატეხი აღმოჩნდა. შესაძლებელი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმემართა, რომლებიც სასწრაფოდ თავშესაფარში მომათავსებდნენ, მაგრამ ასე არ გავაკეთე. რატომ? - ასეთი დახმარება, პირველ რიგში, მცირეწლოვანთა დედებს სჭირდებათ. ზრდასრულს შეუძლია დამოუკიდებლად გადაჭრას საკუთარი პრობლემები. კერძო სასტუმროში, ცენტრში გადავწყვიტე დროებით გაჩერება. მეპატრონე აქტიურად იღებდა ლტოლვილებს და არ სურდა ჩემგან ფულის აღება. კიდევ ერთხელ ვთქვი ფრაზა: ეს არ არის ანაზღაურება, ეს მოხალისეობრივი წვლილია. უსაქმოდ არ გავჩერებულვარ სასტუმროში. სამზარეულოში ხახვს ვარჩევდი, კარტოფილს ვთლიდი და ჭურჭელს ვრეცხავდი. ჩემნაირი მოხალისე ბევრი იყო. ყველა ცდილობდა, ერთმანეთს დახმარებოდა და ომზე ფიქრისთვის თავი დაეღწია.

ორი დღის შემდეგ ევროპაში წასვლა გადავწყვიტე. ტაქსის მძღოლმა, რომელმაც წინადღეს ყველა საკონტროლო პუნქტი მოიარა, გაარკვია, სად იყო საზღვრის კვეთის უფრო მოკლე ხაზი. მანამდე საზღვარი ასე არასდროს გადამიკვეთავს, ამიტომ ვშიშობდი. საბაჟოზე ხალხს მოტანილი ჰქონდა ჩაი, ყავა, სენდვიჩები. ეს ყველაფერი უფასო გახლდათ. დევნილებს გამუდმებით უმასპინძლდებოდნენ მოხალისეები ჩიზქეიქებით, ბლინებით, ხელნაკეთი ნამცხვრებით. უკრაინელი ხალხი ძალზე სტუმართმოყვარეა (აქვე ერთი საინტერესო სიტყვა თქვა დანამ "ხლებოსოლნიი" და მკითხველს, ბუნებრივია, ეცოდინება, რას ნიშნავს მარილი და პური უკრაინელებისთვის).

საზღვრის გადაკვეთას დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. საბაჟოს გზაზე საოცარი ოჯახი შემხვდა. ჩემს მსგავსად, კიევი ქართველმა მამამ, თავისი სამი ქალიშვილით დატოვა. კაცს ცოლი მოუკვდა და თვითონ ზრდის გოგონებს. ის საქართველოს მოქალაქეა, შვილები კი უკრაინის, ამიტომ შესაძლოა, პრობლემა შექმნილიყო, მაგრამ მესაზღვრეებმა ადამიანურად გაითვალისწინეს მათი მდგომარეობა, ოჯახის წევრები არ დაუშორებიათ და ერთად წავედით ვარშავაში...

პოლონელებმა უკრაინელებს ძალზე თბილი დახვედრა მოგვიწყვეს. არავინ დარჩენილა მშიერი, ყველა გაათბეს... საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო არა მარტო ჭამა, ტანსაცმლის არჩევაც. უფასო საცხოვრებლებიც შემოგვთავაზეს, კონსულტაციებიც. თავად ვარშავაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუზეუმები უფასოა უკრაინელებისთვის; საჭიროა მხოლოდ უკრაინული პასპორტის ჩვენება. ტროლეიბუსები, შენობები, კაფეები უკრაინის დროშებითაა მორთული. მოხალისეები მზად არიან მათ ყველაფერში დაეხმარონ. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ევროპაში ლტოლვილებისთვის ფრენები უფასო გახადა...

იმედია, ეს ომი მალე დასრულდება და ამ დღეებს ცუდი სიზმარივით გავიხსენებთ..."

როლანდ ხოჯანაშვილი