შვილისთვის მოქსოვილი ქუდით დაწყებული საქმე და გზა, სხვადასხვა აქსესუარის შექმნამდე - გზაპრესი

შვილისთვის მოქსოვილი ქუდით დაწყებული საქმე და გზა, სხვადასხვა აქსესუარის შექმნამდე

პროფესიით არქიტექტორი ნინა ჭუჭულაშვილი საკუთარი ხელით ქმნის სხვადასხვა ორიგინალურ აქსესუარს. ჰყავს ორი შვილი: 10 წლის სანდრო და 2 წლის ელენე. საქმეს მათი აღზრდის პარალელურად უძღვება. ბავშვის ხაზთან ერთად, ქალისა და მამაკაცის აქსესუარებსაც ქმნის. ნამუშევრების უმეტესობა ქვილთის ტექნიკითაა შესრულებული, რაც სხვადასხვა ფერადი ქსოვილის კომბინაციას გულისხმობს და ამგვარ ნივთებს ჩვენში არცთუ ცოტა თაყვანისმცემელი ჰყავს. პროდუქციას კომპოზიციურად ფერში აწყობილი ფოტოების კოლაჟის სახით წარმოადგენს, რითაც ყურადღებასაც იქცევს და მისი ნახელავის აღქმასაც აადვილებს. ბოლო პერიოდში ნინას ხელით შექმნილი ნივთები ინტერნეტში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით საზღვარგარეთაც სტაბილურად იყიდება, თუმცა, შეკვეთების რაოდენობის მხრივ მაინც საქართველო ლიდერობს.

2-1647865260.jpg

- ჩემი საქმიანობა 11 წლის წინ დაიწყო, როცა პირველ შვილს ველოდებოდი. მისთვის ქუდი და სხვა აქსესუარები მოვქსოვე. რადგან იმ დროს სახლში ვიყავი, იდეა გამიჩნდა საბავშვო ნივთები გამეკეთებინა და ონლაინ გამეყიდა. ქუდებითა და სათამაშოებით დავიწყე. ამის შემდეგ უფროსებმაც დაიწყეს ქუდების შეკვეთა. ეტაპობრივად მომხმარებლის ინტერესისა და სურვილის გათვალისწინებით, სხვადასხვა ნივთიც შევმატე: თმის სამაგრები, სამკაული, საყელოები, ბაფთები, საფულეები, ჩანთები. სამუშაოდ მასალას თბილისში, სხვადასხვა ქსოვილის მაღაზიებში ვიძენ. ადრე ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ სანდროს აუტიზმი აქვს და თერაპიაზე ტარება სჭირდება, ამიტომ ოფისში მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. ახლა საქმეს შინ ვაკეთებ. როცა ვიცლი და თავისუფალი დრო მრჩება, მაშინ ვმუშაობ: ვქარგავ, ვქსოვ და ვკერავ. ნაქარგებს უფრო მეტად საზღვარგარეთ ვყიდი, რადგან შრომატევადია და შესაბამისად ფასიც მეტი აქვს.

6-1648112008.jpg

საქართველოში უფრო ხშირად ბიუჯეტური ნივთები იყიდება და ვცდილობ ესეც გავითვალისწინო. ფერებსა და ქსოვილს ჩემი გემოვნებით ვარჩევ. მოდის ტენდენციებს ამ კუთხით მინიმალურად ვითვალისწინებ... ჩემთვის მთავარია ნივთი ვიზუალურად ლამაზი იყოს. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური ბაფთები და საყელოებია, რადგან ბიუჯეტურია, უცხოდ გამოიყურება და საკმაოდ კარგია სასაჩუქრედ. ასევე, ჩიტებმა გამოიწვია დიდი ინტერესი, მისი თმის სამაგრიც მაქვს შექმნილი და გულსაბნევიც. თავიდან ერთმა გოგონამ შემიკვეთა და როცა შევკერე, სხვებსაც მოუნდათ და არაერთი შევქმენი. განსაკუთრებით დატვირთული 2021 წლის წინა პერიოდი აღმოჩნდა, როცა პანდემიის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო და საჩუქრებს ვერსად იყიდდი. შეიძლება ითქვას, რაც იმ დროს შევქმენი, ბოლო ნივთამდე ყველაფერი გაიყიდა. ამ ეტაპზე ისევ იმ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, რაც უკვე შექმნილი მაქვს და ვერაფერს შევცვლი. ელენე ჯერ პატარაა და ძნელია მის ინტერესებზე ისაუბრო, სანდრიკას კი ძერწვა უყვარს. ვფიქრობ, რით შეიძლება დაკავდეს მომავალში. იდეა გამიჩნდა, როცა წამოიზრდება, სახელოსნოს გავაკეთებ, რომ ისიც თავის ინტერესისამებრ ჩაერთოს ამ საქმეში.

ანა კალანდაძე