"თითოეული ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია" - გზაპრესი

"თითოეული ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია"

მინდვრის ყვავილები, კესანები, იასამნები, გვირილები, ვარდები - ყველა ყვავილი მის ნამუშევრებში იმდენად ბუნებრივი და ნამდვილია, რომ ხშირად სთხოვენ, გაუგზავნოს ყვავილის ნერგები და თესლები. ნაია გვიმრაძე 6 წლის წინ ლენტებით ქარგვამ გაიტაცა და ეს საქმე დამოუკიდებლად შეისწავლა. ახლა უკვე თვითონ შეასწავლის დაინტერესებულ ქალბატონებს ამ საქმეს.

- ბავშვობაში ვქსოვდი და ძაფებითაც ვქარგავდი. ჩემი დიდი ბებია ძალიან კარგად ქსოვდა. მეუბნებიან, მარგალიტა ბებოს ჰგავხარო. კარგა ხანს გვქონდა შემონახული მისი მოქარგული სუფრა და თეთრეული. ლენტებით ქარგვა გვიან, 30 წლისამ ვისწავლე. პროფესიით დაწყებითების მასწავლებელი ვარ, 7 წელი ვიმუშავე სკოლაში და მერე თავი დავანებე. ჩემი პროფესია მიყვარდა, ბავშვებთან ურთიერთობაც მომწონდა, არასდროს ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ მითქვამს მათთვის, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, ეს სულ სხვა რამეა. წლების განმავლობაში სხვებსაც ვასწავლიდი, 64 მოსწავლე მყავდა სულ. ბევრს აქვს სურვილი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, ვერ უსწავლიათ. ძალიან უნდა გინდოდეს და გიყვარდეს, რომ გამოგივიდეს. ძირითადად, მაინც 50 წლის ზემოთ ქალბატონები მოდიან, თუმცა 5 წლის გოგონაც მოუყვანიათ, რომელიც დღეს უკვე 8 წლისაა და მშვენივრად ქარგავს. საკმაოდ რთული სასწავლია და დიდ დროს მოითხოვს. ეს ის საქმეა, რაც მამშვიდებს, მსიამოვნებს. შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი ვიპოვე.

- როგორ იქცა გატაცება შემოსავლის წყაროდ?

- თავდაპირველად დროის გასაყვანად, ჩემთვის მოვქარგე რამდენიმე სურათი. ბევრი მასალა მიფუჭდებოდა, ვიდრე სრულყოფილად დავეუფლებლოდი. რამდენიმე თვე მოვუნდი ერთ სურათს, ჩემს ექიმს ვაჩუქე და ძალიან მოეწონა. ვინც მასთან ნახა, შემიკვეთა, ამასობაში სხვებმაც ნახეს და ასე დავიწყე შეკვეთებზე მუშაობა. ერთსა და იმავე სქემაზეც კი 2 ერთნაირი სურათი არასდროს გამომდის. ძირითადი თემატიკა მაინც ყვავილები და პეიზაჟებია, პორტრეტებიც. მეტი პოპულარობით ერთხანს იასამანი სარგებლობდა, შემდეგ - ბალერინა და ბროწეულები. არადა, ყველაზე რთული სწორედ იასამნების კეთებაა, დიდ დროს მოითხოვს. თითოეული წვრილი ყვავილი ცალ-ცალკე კეთდება. იასამნის ერთ ტოტს 60-70 ყვავილი მაინც სჭირდება, დღეში კი 40-ზე მეტის დამზადებას ფიზიკურად ვერ ვასწრებ. ყვავილების აწყობამდე სქემაზეც მაქვს სამუშაო. გარდა მზა სქემისა, მაქვს საავტორო ნამუშევრებიც. ჯერ ვხატავ, შემდეგ ვქარგავ. სამუშაოდ განწყობაც უნდა გქონდეს. ზოგჯერ ერთ ნამუშევარს გვერდით გადავდებ და სხვას, ახალს ვიწყებ. ხშირად ერთდროულადაც მიწევს რამდენიმე სურათზე მუშაობა. ყველაზე მეტად მთებში მიმავალი ბებია და შვილიშვილის სურათი მიყვარს, ზურგზე ყვავილების კალათი რომ ჰკიდიათ. ეს სურათი სადღაც ვნახე, შემდეგ ტილოზე გადავიტანე და დავამუშავე. როდესაც მოვქარგე, ვთქვი, მოვა დრო და მეც გაგვივლი-მეთქი ამ გზას. და კიდევ, "იასამნები" მიყვარს გამორჩეულად.

274805783-377874763784745-6555572644787415969-n-1647970313.jpg

- თქვენი ყვავილების ნამდვილისგან გარჩევა უჭირთ...

- "იასამნები" და "ვარდები" დავდე ერთ-ერთ სახელოვნებო ჯგუფში და იმდენი მწერდა, ერთი ძირი რა ღირს, სადაური ჯიშია, ჰიბრიდია, საქართველოშია გამოყვანილი თუ არა, რეგიონებში ვგზავნიდი თუ არა? - რომ ბოლოს დავიღალე და დავწერე, რომ ეს არ არის ბუნებრივი იასამნები და ვარდები, ვქარგავ, ნერგებს არ ვყიდი-მეთქი.

- ძალიან იშვიათად იმეტებთ თქვენს ნამუშევრებს გასაჩუქებლად, რატომ?

- ძალიან უნდა მიყვარდეს ადამიანი, უნდა იცოდეს, რამდენად ღირებულია ეს ნამუშევრები ჩემთვის და მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია გაჩუქება. და კიდევ მაშინ, როდესაც ვიცი, ვიღაცას ძალიან მოსწონს და არ შეუძლია ყიდვა. თითოეული ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია, იოლად ვერ ვიმეტებ.

- სამუშაო მასალად ატლასის ლენტების გარდა, რას იყენებთ?

- შუშას, მარგალიტებს - ეს არის ძირითად სამუშაო მასალა. სამკაულებსაც ვაკეთებ: საყურეებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებსა და თმის სამაგრებს, რისთვისაც შუშის ქვებს, აბრეშუმისა და შიბორის ლენტებს, სუტაჟის თასმებს ვიყენებ. უახლოეს მომავალში ჩემი პირველი გამოფენაც მექნება და აუცილებლად დაგპატიჟებთ.

- მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი