"ტიტრებში ჩემი სახელი რომ დაეწერა, სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე" - გზაპრესი

"ტიტრებში ჩემი სახელი რომ დაეწერა, სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე"

"დიდ ეკრანზე ტიტრებში ჩემი სახელი და გვარი რომ დაეწერა, სიხარულის ცრემლები ვერ შევიკავე. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში გადადგმული თითოეული კარიერული ნაბიჯი სწორი არჩევანი იყო, აქამდე რომ მოვედი და აი, ეს მეოცნებე გოგო ახლა ვდგავარ აქ, ჩემი ოცნების წინ..." - ამბობს გვანცა ზაკალაშვილი, რომელიც თავის შთამბეჭდავ წარსულსა და სამომავლო გეგმებზე ლოს-ანჯელესიდან გვესაუბრა.

- როგორ აღმოჩნდით ჰოლივუდში და თქვენი შთაბეჭდილებები იქაურობაზე?

- მოგეხსენებათ, აქ დიდი კონკურენციაა და მაღალი სტანდარტის პროფესიონალებს ითხოვენ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შიში, რამდენად შევძლებდი მისიის შესრულებას, მაგრამ როგორც კი ვიწყებ მუშაობას, მთელი გონებით იქ ვარ, იმ საოცარ სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია. ფილმზე თჰე სეცრეტ ოფ ჟოყ მხატვარ-დეკორატორად, დიზაინერად ვიმუშავე, მანამდე კი შესარჩევი კონკურსი გავიარე, შემდეგ - გასაუბრება. ჩემი ნამუშევრები დაათვალიერეს, შემაქეს და რამდენიმე დღეში სატელეფონო ზარიც გაისმა; მითხრეს, რომ ჰოლივუდის ფილმების ერთ-ერთმა რეჟისორმა - მაქ ბარტლმა და მხატვრული კოსტიუმების ხელმძღვანელმა ანდრეა სორენტინომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, ნამუშევრები მოეწონათ. მკითხეს, თუ ვიყავი მზად ჰოლივუდში სამუშაოდ? ეს ჩემთვის საოცრების ტოლფასი იყო.

მუშაობის პროცესი ხანგრძლივი, დამღლელი და ასევე, სასიამოვნო გახლდათ, რადგან მუშაობა მომიხდა მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალპროფესიულ გუნდთან ერთად. რომში ვმუშაობდით პიერო ტოზის სახელოსნო-სტუდიაში ისტორიული კოსტიუმების უდიდეს იტალიელ მხატვართან, რომელსაც შექმნილი აქვს კოსტიუმები ლეგენდარული ფილმებისა და ოპერებისთვის. ორჯერ აქვს მოგებული David di Donatello-ს და BAFTA Award for Best Costume Design - საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ჯილდო, ხუთჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე" საუკეთესო კოსტიუმებისთვის. ამ სტუდიაში მუშაობა უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. რომში ლაბორატორიული სამუშაოების შემდეგ გავემგზავრე ლოს-ანჯელესში, ამ საოცარ ხელოვანთა ქალაქში.

28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაიმართა ფილმის პრეზენტაცია. მოწვეული გახლდათ კინო, ტელე და თეატრის უამრავი ვარსკვლავი. ფილმის ჩვენების შემდეგ უამრავი კომპლიმენტი და მადლობა გადაგვიხადეს მთელ შემოქმედებით ჯგუფს.

ფილმმა The secret of Joy 10 ჯილდო მიიღო...

- როგორც ვიცი, წინ ძალიან საინტერესო სამუშაო გაქვთ...

- დიახ. ნიუ-იორკში გავიცანი არაჩვეულებრივი ხელოვანები - ლიკა და ვიქტორ სირელსონები. ვიქტორი გახლავთ პრეზიდენტი Dანცინგ ჩრანე Iნც.-ისა, რომელიც ნიუ-იორკში 1996 წელს დაარსდა და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სურვილი გამოვხატე და შემოთავაზებებიც მივიღე ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ... ვიმუშავებ მიუზიკლზე, რომელსაც მანჰეტენზე წარადგენენ თეატრის მაყურებლის წინაშე. სპექტაკლის სახელწოდებაა "შერეკილები - მიუზიკლი არაფერზე". მის მაყურებელს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელის.

- ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ თქვენს ანგარიშზე უკვე მრავალი წარმატებაა.

- პირველ რიგში, ჩემი ყველა წარმატებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა პედაგოგსა და პროფესორს. განსაკუთრებული მადლობა მზია ყვავიაშვილს, რომელმაც ხატვა პროფესიულ დონეზე შემაყვარა და შემასწავლა.

ახლა მახსენდება გია ბუღაძის სიტყვები, რომელიც ყოველთვის მგულშემატკივრობდა და ხელს მიწყობდა პროფესიულ განვითარებაში. ერთ-ერთ რეკომენდაციაში ასეთი ფრაზა დამიწერა: "ის თავდაუზოგავად სწავლობს, ყოველთვის გამოირჩევა აქტიური გონებითა და მიზანსწრაფულობით..." ამ მიზანსწრაფულობის, თავდაუზოგაობის შედეგია წარმატებული კარიერა.

10419586-924165524279471-103905308340150399-n-1648110072.jpg

ჩემი პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯები ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში გადავდგი. დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ კოლეჯის დირექტორის - გურამ ქლიბაძის მიმართ, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო. კოლეჯი წარჩინებით დავამთავრე. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, სადაც კვლავ გამიმართლა - ბატონ გივი თოიძის ჯგუფში მოვხვდი. მის ღვაწლსა და წოდებებზე არ შევჩერდები, აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ბატონი გივის ნამუშევრები დაცულია რამდენიმე ქვეყნის უმსხვილეს მუზეუმებში და ასევე, ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში... მისი რეკომენდაციით უამრავ გამოფენასა და კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი კარიერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონკურსი, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ იყო გამოცხადებული. 3 თვე ვემზადებოდი და იტალიური ენაც საკმაოდ კარგად ავითვისე. რა თქმა უნდა, იყო უძილო ღამეები, თუმცა ამად ღირდა... რომის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის კურსზე ჩავირიცხე. სწავლის პერიოდში, აკადემიის პროფესორ პაოლო ფერუცის რეკომენდაციით, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა...

ჩემი ოცნება იყო უდიდესი სცენოგრაფისა და კოსტიუმების მხატვრის, ფრანჩესკო ძიტოს ჯგუფში მოხვედრა. სახელმწიფო გამოცდები რომში წარმატებით ჩავაბარე და წინ გასაუბრება მელოდა, სადაც პატივი მქონდა პირველად მენახა ახლოს ეს ადამიანი-ლეგენდა. ნამუშევრების პორტფოლიომ მაღალი შეფასება დაიმსახურა და ბოლოს ძიტოს სტუდენტი გავხდი, შემდგომ მისი ასისტენტი. ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო. ყველა მის აქტივობაში ვმონაწილეობდი, ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა სახელმწიფო თეატრში, მათ შორის რომის სახელმწიფო ოპერაში, სადაც ლეგენდარული ადამიანები გავიცანი. მათთან მუშაობამ მომცა მაღალი პროფესიონალიზმის საფეხურზე ასვლის საშუალება.

მანანა გაბრიჭიძე