"ოჯახს, რომელიც ბელარუსიდან ჩვენთან ჩამოვიდა, ქვეყნის დატოვება აიძულეს" - გზაპრესი

"ოჯახს, რომელიც ბელარუსიდან ჩვენთან ჩამოვიდა, ქვეყნის დატოვება აიძულეს"

"მგონი, არ არსებობს ქართველი, რომელსაც დღეს ისევე არ სტკივა, როგორც უკრაინელს: ჯერ ერთი - იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი სიტუაცია უკვე გავიარეთ, მაგრამ ჩვენი ომი უფრო ხანმოკლე იყო... კარგად გვესმის, რომ რაკი უკრაინას "დაარტყეს", ჩვენც "დაგვარტყამენ"... - ამბობს ლიზა ვადაჭკორია, რომელთანაც სტუმრები ბელარუსიდან ჩამოვიდნენ, რადგან მათ თავიანთ ქვეყანაში პატიმრობა ემუქრებოდათ...

- 90-იან წლებში, ომის მერე, ყველაფერი დავკარგეთ. ქვეყანაში დევნილობა, უმუშევრობა იყო, პროდუქტები არ იშოვებოდა... საქართველოში ურთულესი პერიოდი იდგა. 1994-95 წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი გაჭირვება იყო (მაშინ მცირეწლოვანი ბავშვი მყავდა), ბელარუსიდან მეგობრებისგან მიწვევა მივიღეთ - ჩამოდით, ჩვენთან ნორმალური სიტუაციააო (მაშინ ხელისუფლებაში ლუკაშენკო ჯერ არ იყო). გავემგზავრეთ... ჩემი გოგონა იქ საბავშვო ბაღში შევიყვანეთ... რამდენიმე უმძიმესი წელი ბელარუსში გავატარეთ. დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც მიგვიღო, დაგვიმეგობრა... სხვათა შორის, რუსებისგან განსხვავებით, ბელარუსები ბევრად უფრო გულთბილი და კარგი ხალხია... რა თქმა უნდა, 1997 წელს საქართველოში დავბრუნდით - სხვა ქვეყანაში ვერ გავძელით: მშობლები აქ გვყავდა, სახლი აქ გვქონდა (იქ ქირით ვცხოვრობდით)... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ხალხი, ვინც ბელარუსში კარგად მიგვიღო, ოდესმე იძულებული გახდებოდა, იქიდან გამოქცეულიყო. როდესაც ვიღაც ამბობს, - აქ კარგი ცხოვრებისთვის ჩამოდიანო, ფარისევლობად მიმაჩნია. საქართველოში კარგი ცხოვრება არ მინახავს - უღარიბესი ქვეყანაა. როგორ შეიძლება, აქ კარგი ცხოვრებისთვის ჩამოხვიდე? ის ოჯახი, რომელიც დღეს ჩვენთანაა, ზუსტად ვიცი, ბელარუსიდან რატომ წამოვიდა: თავის დროზე იქ დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ. ქვეყნიდან წამოსვლა აიძულეს. რაც დღეს რუსეთში ხდება - სიტყვა "ომის" წარმოთქმის გამო ხალხს ციხეში სვამენ, ბელარუსშიც ანალოგიური სიტუაციაა. არ იფიქროთ, რომ იქ ხალხი კარგადაა, ლუკაშენკოს ყოფნა უხარიათ... საკუთარი სახლიდან გამოქცევა არავის უნდა. უბრალოდ, იქაურ სიტუაციას ვეღარ ეგუებიან. 1 თვე ციხეში უკვე ისხდნენ. საპროტესტო განწყობაში მეორედაც რომ შენიშნონ, 15-წლიან პატიმრობას მიუსჯიან. საქართველოში Putin Khuylo"-ს რომ ვიყვირებთ, ყველა ტაშს დაგვიკრავს, იქ კი პირველ ჯერზე, 1 თვეს ციხეში ჩაგსვამენ, მერე კი - დამიჯერე, 15-წლიანი პატიმრობა არ მოგინდება... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ბელარუსელი სტუმრები კარგად იყვნენ. უპატიოსნესი ხალხია. უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ძალიან წუხან. პოლონეთში გამგზავრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ქართველების გულთბილი დამოკიდებულება ახსოვთ, ამიტომ აქ ჩამოსვლა ამჯობინეს. ქართველებისთვის ეს მხოლოდ პლუსი იქნება: სხვა თუ არაფერი, ბინა იქირავეს და ვინც პანდემიის დროს დაზარალდა, ბინას ვერ აქირავებდა და ტიროდა - შემოსავალი არ გვაქვსო, ახლა შემოსავალი გაუჩნდათ... სწორად გამიგეთ: ვინც რუსეთში ხმის ამოღება სცადა, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ზოგი ევროპაში წავიდა, ზოგი - საქართველოში და ა.შ. ამიტომ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფნა უნდათ, რადგან აქ თავისუფლების მაღალი ხარისხია. ღარიბი, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს. ვინც კომფორმისტი და პუტინისტია, დამიჯერეთ, ის რუსეთში ზის და ტაშს უკრავს. შეიძლება აქ შემოსული რუსები ხმამაღლა არ ყვირიან, რომ პუტინის რეჟიმს გმობენ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იმედი აქვთ, რუსეთში დაბრუნდებიან. აქ რომ ხმა ამოიღონ, ჩათვალეთ, თავიანთ ქვეყანაში ვერასოდეს ჩავლენ...

ის მიამიტური აზრი, რომ პუტინს და მის ხროვას საქართველოს დასაპყრობად რამე საბაბი სჭირდება, სასაცილოა. 2008 წელი გავიხსენოთ: საბაბი სჭირდებოდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაებომბა, ტერიტორიები წაერთმია?! იცი, რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა რა თქვა? ლუგარის ლაბორატორია რაღაც საეჭვოა, ამერიკულია. ბარემ ხომ არ დავბომბოთო?.. ჯერ ერთი, ბევრი რუსი ქვეყანაში შემოვიდა და წავიდა - შემოსვლა დროებით სჭირდებოდათ, თუნდაც - ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, რომლებსაც უბრალოდ, ციხე ემუქრებათ, რამე რომ დაწერონ. ვინც აქ შემორჩა, ეს ის რაოდენობა არ არის, ყაყანი რომ ავტეხოთ - ვაიმე, რუსული სკოლები უნდა გაგვიხსნანო! მაგალითად, ბელარუსმა, რომელიც ვიცი, რომ მეორე წელია, საქართველოში ცხოვრობს, შვილი ევროპულ სკოლაში შეიყვანა, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება. ამ ხალხს კარგად ესმის, რომ აქაურობას უნდა მოერგონ, რაკი ჩამოვიდნენ... რუსები სოციალურ ქსელში სიტყვა "ომსაც" კი ვერ წერენ (ვარსკვლავებით მიანიშნებენ), რადგან ამის გამო, მათზე საქმე აღიძვრება. ქართველების ნაწილი აგრესიულად რომ წერს - რუსები წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, ბუნტი ატეხონ, პუტინი ჩამოაგდონო, ეს ასეთი მარტივი არ არის: ნახევარი რუსეთი სწორედ პუტინის რეჟიმს უჭერს მხარს, ნახევარი კი - გაოგნებულია. ციხე და სიკვდილი რომ გემუქრებოდეს, ქუჩაში გახვალ და იყვირებ? საპროტესტო გამოსვლებს პუტინი მაშინვე სისხლით ჩაახშობს...

სულითა და გულით ვემხრობი იმ სოლიდარობას, ვინც თუნდაც, რუსთაველზე დგას და უკრაინას, ომში წასულ ბიჭებს გულშემატკივრობს... დაღუპული ბიჭების გამო გული მტკივა, ძალიან განვიცდი...

ეთო ყორღანაშვილი