"ყველა, ვინც დღეს იბრძვის, დარწმუნებულია, რომ ეს იქნება უკანასკნელი ომი რუსეთთან" - გზაპრესი

"ყველა, ვინც დღეს იბრძვის, დარწმუნებულია, რომ ეს იქნება უკანასკნელი ომი რუსეთთან"

მაშა ნუჟნა მეუღლესა და 2 შვილთან ერთად უკრაინაშია და არ აპირებს იქაურობის დატოვებას. სჯერა, რომ რუსეთს ცოცხალი ძალა მალე გამოელევა და აღარ ეყოლება ჯარისკაცები, მაგრამ უკრაინელებს არასდროს გამოელევათ ძალა და არ დანებდებიან!

- კიევში დავიბადე და გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლაც. მყავს მეუღლე და 2 გოგონა - 12 და 7 წლის. ჩემი ქმარი პროგრამისტია, დღემდე მუშაობს პროფესიით, მე ინტერიერის დიზაინერი ვარ. სწორედ თებერვლის ბოლოს ვასრულებდი 2 ობიექტს, 27-ში უნდა ჩამებარებინა და აი, როგორ აირია ყველაფერი. ბედნიერები ვიყავით. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ძველ რიტმს.

კიევში ბინა იმ ქარხნის მახლობლად გვქონდა, რომელშიც უკრაინა იარაღს აწარმოებს. რუსეთი იმუქრებოდა, რომ პირველს სწორედ ამ ადგილს დაბომბავდა. ზუსტად ვიცოდით, რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევდით და ჩვენი ქალაქები უცებ არ დანებდებოდა მტერს. ასეც მოხდა. თუ რომელიმე ქალაქს იღებენ, დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. ხერსონშიც კი მოსახლეობა უკრაინის დროშით ხელში გამოდის ქუჩებში და ომს აპროტესტებს, არ ეშინიათ. მხოლოდ მაშინ შეიძლება აიღო ქალაქი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა დანებდება, ასეთი რამ კი არ მოხდება! მართალია, რუსეთი დიდ ზარალს გვაყენებს და ხოცავს ჩვენს ხალხს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ცოცხალი ძალა გამოელევა, აღარ ეყოლება ჯარისკაცები, ჩვენ კი არასდროს გამოგველევა ძალა! გამორიცხულია სრულმასშტაბიანი შემოჭრა ყველა ქალაქში, რადგან ამისთვის რუსეთს სამჯერ მეტი ტექნიკა და ცოცხალი ძალა სჭირდება.

276027168-5027285990693314-5626424069976911742-n-copy-1648453839.jpg

თავიდან გვეგონა, მხოლოდ დონბასზე შეჩერდებოდნენ და ამით ამოიწურებოდა კონფლიქტი, მაგრამ როდესაც უკვე რეალურად დავდექით ომის საშიშროების წინაშე, მშობლებთან ერთად მოვილაპარაკეთ და დავგეგმეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. ბავშვები გავაფრთხილეთ, თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყებოდა, დარჩენილიყვნენ იქ, სადაც იყვნენ და ჩვენ თვითონ მივაკითხავდით წამოსაყვანად. გოგონები სკოლაში და ბალეტზე დადიოდნენ. 27 თებერვლისთვის საბალეტო სკოლაში კონცერტი იყო დაგეგმილი, ახლა კი ეს შენობა დანგრეულია... მოსწავლეებს სკოლებში უტარებდნენ ტრენინგებს ევაკუაციის წესებზე, ასმენინებდნენ განგაშის სირენის ხმას, რადგან მანამდე ბავშვებს კი არა, ჩვენც არ გვქონდა გაგონილი.

24 თებერვალს, როდესაც კიევში ბომბების ჩამოყრა დაიწყეს, ბავშვები გავაღვიძეთ, ჩავსხედით მანქანაში და წავედით აგარაკზე, სადაც ძირითადად, ზამთარში მივდივართ. წინასწარ შევიძინეთ პროდუქტი. ეს სახლი კიევიდან მოშორებით არის და ვფიქრობდით, ჩვენთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნებოდა, რადგან გვეგონა, რუსები შეტევას აღმოსავლეთიდან დაიწყებდნენ. პირველი 4 დღე შედარებით მშვიდად ვიყავით, მალევე ჩამოვიდნენ მეუღლის მშობლებიც და ჩემი ძმაც ცოლ-შვილით. ჩემი ძმა ქალაქ ბუჩაში ცხოვრობდა, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა. კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინი, გოსტომელი და ვიშგოროდი კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა. ამიტომაც გამოერიდნენ იქაურობას.

28 თებერვალს უკვე ჩვენთანაც გამოჩნდა რუსული ტექნიკა. არ გვეგონა, ასე ღრმად თუ შემოიჭრებოდნენ. ამ დასახლებულ პუნქტში, სადაც ჩვენი აგარაკი მდებარეობს, სულ დაახლოებით 1 100 მოსახლეა. რუსი სამხედროები ტყვიებს ესროდნენ ღობეებს, ჭიშკრებს, რათა შეგვშინებოდა, გარეთ არ გამოვსულიყავით და მათი ტექნიკა არ გადაგვეღო. მართალია, დიდი რისკის ფასად, მაგრამ მაინც ვიღებდით, ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ!..

მეორე დღეს უკვე აღარ გვქონდა შუქი, ინტერნეტი, სატელეფონო კავშირი, არ ვიცოდით, სად იყვნენ ჩვენი მეგობრები, ახლობლები. ეს საშინელება იყო. დღე და ღამე ისროდნენ, ჩვენთან ახლოს რამდენიმე სახლი ააფეთქეს. ნამსხვრევებმა დააზიანა ჩვენი სახლიც და მეუღლის მანქანაც. 10 დღე უწყლოდ ვრჩებოდით და არ ვიცი, როგორ გავძლებდით, რომ არა ეზოში გაუქმებული ჭა. სულ ცხრა ვიყავით, ამიტომ საჭმელს ვანაწილებდით. ბავშვები დამატებას გვთხოვდნენ და შაქრიან წყალს ვასმევდით, შიმშილის გრძნობა რომ დაგვეკმაყოფილებინა მათთვის. ეკონომიას ვაკეთებდით, რადგან არ ვიცოდით, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა იქ ყოფნა. უცებ გაიზარდნენ ჩვენი შვილები. როდესაც სროლა არ არის, ისინი თამაშობენ, იცინიან, ცოტა ხნით ავიწყდებათ ყველაფერი, მაგრამ ძალიან შეიცვალნენ, საშინელ სიზმრებს ხედავენ. ყველაზე რთული რა იყო, იცით?.. როდესაც საკვების განსაზღვრულ ულუფას ვაწვდიდი მათ და არც ერთი ლუკმით მეტს! საჭმლის დამატებაზე უარს რომ ვეუბნებოდი, ეს საშინელება იყო. მერე ამასაც მიეჩვივნენ. აგარაკიდან რომ წამოვედით, ავტოგასამართ სადგურზე ბუტერბროდები ვიყიდეთ და გოგონებმა მკითხეს, - ახლა მაინც თუ შეიძლება, მეორეც შევჭამოთო? კი-მეთქი, ვუპასუხე და არ დაიჯერეს, რომ მეორის აღების უფლება ჰქონდათ. მამშვიდებდნენ, დედა, ნუ გეშინია, მშივრები არ ვართო, - ალბათ მე რომ არ მენერვიულა და მედარდა, ამიტომ. ხომ რამდენიმე კვირა გავიდა ომის დაწყებიდან და თითქოს მთელი საუკუნეა გასული...

- რატომ არ დატოვეთ ქვეყანა, ბევრმა ხომ გაარიდა ბავშვები ომს?

- არასდროს გვიფიქრია უკრაინის დატოვებაზე და სხვა ქვეყანაში თავის შეფარებაზე. გვჯერა, მაქსიმუმ ერთი თვე და ყველაფერი დამთავრდება. მე ვმართავ ავტომანქანას და შემეძლო ბავშვებთან ერთად წასვლა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა გამეკეთებინა ეს?! ახლა შედარებით დაცულ ადგილას ვართ. ერთ-ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ ჩემი მეუღლის მეგობრებთან და მათ ოჯახებთან ერთად და დღეს პირველად შედარებით მშვიდად ვიგრძენი თავი. შევქმენით საინფორმაციო ჯგუფი, ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც დაკარგულია. ჩემი მეგობრის მშობლები მარიუპოლში არიან და ძალიან ვნერვიულობთ მათზე. რამდენი ადამიანია, ვისაც ეძებენ, ვისზეც არ იციან, მკვდარია თუ ცოცხალი. ყოველდღე ვკითხულობთ ახლობლებს, ნაცნობებს, მეზობლებს, მთავარი საზრუნავი კი ჩვენი არმიაა. რაც შეგვიძლია, ვეხმარებით ომში წასულ მეგობრებს, ჯარისკაცებს. ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები უცხოელი კოლეგების ხელშეწყობით აგროვებენ თანხას არმიისთვის, მოხალისეებისთვის. უფუნქციოდ არც ქალები ვართ. დღესაც ჩემს უფროს გოგონასთან ერთად ვქსოვდით შესანიღბ ბადეებს, ხვალაც იქ მივდივართ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ დიდებიც და პატარებიც - ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ არ დავტოვეთ ჩვენი ქვეყანა!

- არც კი ვიცი, რა გითხრათ, როგორ გაგამხნევოთ. ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობისთვის...

- ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული იყო სახლიდან წამოსვლა. ავიღეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთები, რუსებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში: ისინი სადაც კი რამეს ნახავენ, არაფერს ტოვებენ, ყავის ჭიქებსაც კი, ეს ხომ მათი ხელწერაა. წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლებოდა შესულიყვნენ ჩვენს ლამაზ სახლში, სადაც ბევრი რამ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენივე ხელით გავაკეთეთ; იმ სახლში, სადაც ჩვენი მეგობრები მოდიოდნენ; სადაც შვილების დაბადების დღეებს აღვნიშნავდით; სადაც უამრავი ბედნიერი დღე გვქონდა გატარებული და ძალიან, ძალიან მიჭირდა ემოციებისგან თავის შეკავება...

გაძლიერებს თავს დამტყდარი განსაცდელი. ერთხელ წავიკითხე, 300 წლის განმავლობაში ყოველი მეორე უკრაინელი ომობს რუსეთთანო. მახსოვს, სკოლაში გვიშლიდნენ უკრაინულად წერას და საუბარს, ლაპარაკსაც... ასე რომ, ეს ბრძოლა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა და ყველა, ვინც დღეს იბრძვის, დარწმუნებულია, რომ ეს იქნება უკანასკნელი ომი რუსეთთან. ამიტომაც არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ. უკან დახევა კი არა, ზოგჯერ მგონია, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია, თითქოს ბოლომდე არ დავხარჯულვართ.

გვაძლიერებს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი მხარდამჭერი ვიდეოები, საპროტესტო გამოსვლები, სანქციები რუსებისა და რუსეთის წინააღმდეგ ჩვენთვის იმედისმომცემია. ვიბრძვით, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან მთელი მსოფლიოა, რუსეთის უკან კი - არავინ! ეს მაფიქრებინებს, რომ მალე დაიშლება ბოროტების იმპერია. უკრაინელები ხუმრობით ამბობენ: რუსეთის არმიამ ისწავლა ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, ხოლო უკრაინაში დიპლომი დაიცვაო, და ეს სიმართლეა.

- ომმა და თავგანწირვამ სხვა თვალით დაგანახვათ თქვენი თანამემამულეები?

- ბოლო 30 წელი ჩვენი ქვეყანა და ხალხი ასეთი ერთიანი არასდროს მინახავს, რაც ძალიან მეამაყება. იმ უკრაინელებს, ვინც ემიგრაციაში არიან, თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება სურთ. ისინი კი, ვინც უკეთესი მომავლისთვის საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდა, საკუთარ სამშობლოში დარჩენას არჩევს.

- ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება მთელი მსოფლიოდან, მაგრამ საინტერესოა, ყველაფერზე მეტად რა გჭირდებათ?

- ჰუმანიტარული დახმარება შემოდის და როცა იქნება, ალყაში მოქცეულ ქალაქებამდეც მიაღწევს, მაგრამ ახლა, როგორც მოხალისეებისგან ვიცით, ყველაზე მეტად გვჭირდება ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, სხვადასხვა სახის რაციები, სამუხლეები, ტაქტიკური ხელთათმანები, ტაქტიკური ნიღბები, დრონები, ძირითადად, მედიკამენტები და სამხედრო აღჭურვილობა.

kievi-copy-1648453854.jpg

- როდესაც ომი დამთავრდება...

- ერთ საღამოს ვსაუბრობდით, რას გავაკეთებთ ომის დამთავრების შემდეგ და ვთქვით, - მოდი, საქართველოში წავიდეთ, სადაც კარგად დავისვენებთ, დავათვალიერებთ ულამაზეს ადგილებს, მივირთმევთ უგემრიელეს ხინკალსა და ხაჭაპურს, დავლევთ განთქმულ ქართულ ღვინოს და ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერები ვიქნებით-მეთქი. ამის შემდეგ გოგონები სულ მეკითხებიან, როდის დამთავრდება ომი და როდის წავალთ საქართველოში ხინკლისა და ხაჭაპურის დასაგემოვნებლადო?.. შეიძლება, ეს ყველაფერი ახლა სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხვალინდელ დღეზე ფიქრი და ოპტიმიზმი გვაცოცხლებს.

- დიდი მადლობა, ასეთ რთულ პერიოდში რომ დამთანხმდით ინტერვიუზე და გპირდებით, როდესაც ომი დამთავრდება, საქართველოში მე და ჩემი მეგობრები აუცილებლად გიმასპინძლებთ.

- მადლობა მხარდაჭერისთვის!

P.S. რთული იყო, ემოციების გარეშე მომესმინა ამ ახალგაზრდა ქალისთვის. კარგა ხანს ვუმალეთ განცდები ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს ცრემლების შეკავება ვერც ერთმა ვერ შევძელით - საკუთარის გარდა, ერთმანეთის სამშობლოს ბედზეც ვტიროდით, რაც ძალიან გვადარდებდა და გვაერთიანებდა კიდეც...

ნინო ჯავახიშვილი