სანთლები ქილაში - იურისტის რეალიზებული გატაცება - გზაპრესი

სანთლები ქილაში - იურისტის რეალიზებული გატაცება

საჯარო სექტორში პროფესიით არის დასაქმებული, თუმცა, მცირე ხნის წინ დეკორატიული სანთლების დამზადება დაიწყო და სწორედ ეს გახდა ჩემი დაინტერესების მიზეზი...

თურმე ადრეული ასაკიდან იტაცებდა ქსოვა, ქარგვა, ხატწერა, მაგრამ აბიტურიენტობისა და სტუდენტობის პერიოდში ხელოვნებასთან კავშირი გაწყვიტა. სანთლები ყოველთვის მოსწონდა და რამდენიმე ჰქონდა კიდეც, თუმცა, როცა თავად წამოიწყო ეს საქმე, ინტერესმაც მოიმატა და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნა მოინდომა. აღსანიშნავია, რომ ვიზუალურად ლამაზი სანთლები არომატების ფართო არჩევნითაც გამოირჩევა. ამ ეტაპზე ვარდისფრის, იისფრისა და ნაცრისფრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. მომხმარებელთა შორის ლიდერობს შავი ვანილის, ვარდის, ქოქოსის, დარიჩინის, საკურას და მსგავსი "ცნობილი" არომატები, თუმცა არანაკლებ ინტერესს იწვევს სხვადასხვა ყვავილისა და ხილის ხაზიც. არის კიდევ ერთი, ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი არომატი, "უდი", რომელიც შეიძლება ითქვას, ტყის მცენარეების კომბინირებულ ვერსიას წარმოადგენს და ისეთ ასოციაციას ქმნის, თითქოს სადმე გარე სივრცეში, სუფთა ჰაერზე ხარ. როგორც ნინო ამბობს, მის წამოწყებას მეუღლე ნოდარ ძოწენიძე აქტიურად უჭერს მხარს და ცოლისთვის ქმრის ამგვარი გვერდში დგომა დიდი სტიმულია.

- სამსახურსა და სანთლების დამზადებას ერთმანეთს ვუთავსებ. სამსახურში ჩვეულებრივი 8-საათიანი სტანდარტული გრაფიკი მაქვს და ვცდილობ, დრო ისე დავგეგმო, რომ ძირითად საქმეში ხელი არ შემეშალოს. სანთლებზე საღამოს ვმუშაობ. ერთი ოთახი სახელოსნოდ მაქვს გამოყოფილი, სადაც ჩვენი სანთლები იქმნება, იქვე შრება, იფუთება და ადრესატებთან იგზავნება.

2-1648554384.jpg

ხელოვნებისადმი ჩემი მიდრეკილება რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა: მაკიაჟს ვაკეთებდი, არა ვიზაჟისტის დონეზე, მაგრამ ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საკუთარ თავსაც როცა საჭირო იყო, ლამაზად ვხატავდი. ასევე ბევრს ვქსოვდი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. მინერალური ქვებისგან სამკაულს ვაკეთებდი და ორიგამიც მიტაცებდა. ერთ დღესაც მირჩიეს, სანთლის მიმართულებითაც მეცადა ძალები. ამან დამაფიქრა. ჩვენს ბაზარს გადავხედე და იმ დროს, როცა მე ამ ყველაფრის შესწავლა გადავწყვიტე, მხოლოდ ყალიბის სანთლები ვნახე, რასაც ასევე ესთეტიკურ სანთლებსაც ეძახიან. გადავწყვიტე, ჩემი მიმართულება ყოფილიყო სანთლები ქილაში და ამ საქმის შესასწავლად მოვიძიე რამდენიმე უცხოელი სანთლის ოსტატი. მათ შორის ერთ-ერთი ფილიპინელი გოგონა, რომელსაც სანთლის მცირე ბიზნესი აქვს, საოცრად კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მან მასტერკლასი ჩამიტარა, თავისი გამოცდილება გამიზიარა და არაერთი ტექნიკური დეტალი შემასწავლა. მივხვდი, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და მეც სამუშაოდ შესაბამისი მასალების მოძიება დავიწყე.

4-1648554409.jpg

ყველაფრის გამოწერამ მომიწია, ასევე იმ ჭურჭლისაც, სადაც ისინი უნდა მომეთავსებინა. სწავლას, დამუშავების პერიოდს, იდეის განვითარება და ხორცშესხმას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან კი რეალიზება დავიწყეთ. მინდა ეს ნივთები განსხვავებული და ესთეტიკურად ლამაზიც იყოს, ამიტომ ყალიბში ჩამოსხმულ სანთლებს რომ ინდივიდუალური სახე მიეცეს, რაღაცებს ვამატებ. ასე მაგალითად, გოგონებს მაკიაჟს "ვუკეთებ", ყვავილებს ხელით ვხატავ და ასე ვცდილობ ნივთების გახალისებას. გარდა ამისა, სანთლები ბაც პასტელურ ფერებში გადავწყვიტე და მინდა ისეთი ტონი ჰქონდეს, თანამედროვე ინტერიერს რომ მოუხდეს და არ იყვიროს. დაბოლოს, ვიტყვი, ნამუშევრების ფოტოებსაც თავად ვიღებ, ფოტოაპარატით ან ტელეფონით. მცირე დეტალის კორექციასაც კი არ ვახდენ და არც ერთი ფოტო დამუშავებული არ არის. წინ კი ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი და ვიცი, საქმე არ მომაკლდება (იღიმის).

ანა კალანდაძე