რატომ იხსნიდა შარვალზე ქამარს სტომატოლოგის პაციენტი - გზაპრესი

რატომ იხსნიდა შარვალზე ქამარს სტომატოლოგის პაციენტი

ალბათ ნებისმიერი ექიმის სამედიცინო პრაქტიკაში ყოფილა თუნდაც რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც კურიოზს ვეძახით. ამჯერად სახალისო ამბებს სტომატოლოგი ქეთევან ოღიაშვილი და ენდოკრინოლოგი ნინო კაპანაძე გაიხსენებენ.

"პაციენტი რომელი ხართ?"

ქეთევან ოღიაშვილი:

- ეს შემთხვევა კარგა ხნის წინ მოხდა. სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც მაშინ ვმუშაობდი, კოსტავას ქუჩაზე იყო. სოფლიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი კლინიკაში შემოვიდა და მოსაცდელში დაჯდა. ხედავენ, რომ პაციენტები შედიან-გადიან, ამათ კი არავინ არაფერს ეკითხება. ყველას ჰგონია, ჩაწერილები არიან და თავიანთ რიგს ელოდებიან. როგორც წესი, პაციენტებს ასე ვიღებდით. ჰოდა, ისხდნენ ალბათ ერთი საათი. ბოლოს კაცი მივიდა რეგისტრატორთან და საყვედურით მიმართა: ყურადღებას რატომ არ გვაქცევთო? - ჩაწერილი ხართ? - ჰკითხა ქალმა. - არა, მაგრამ კონსულტაცია გვჭირდებაო. - კი ბატონო, ექიმს ვეტყვი და როგორც კი მოიცლის, გნახავთ; რომელი ხართ პაციენტი - ცოლი თუ ქმარიო? - რაო?.. - კაცი გაგიჟდა, - რას მეკითხებით, ეს ხომ გინეკოლოგიური კლინიკა არისო?.. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. იქვე, ჩვენგან ორი შენობის შემდეგ კერძო გინეკოლოგიური კლინიკა იყო, რომელსაც ამავე ქუჩიდან ჰქონდა შესასვლელი.

კარგს არაფერს იფიქრებ!

- ძველისძველია ეს ამბავიც. ჩვენთან სამკურნალოდ ყრუ ბიჭი დადიოდა ფონიჭალიდან. ყოველთვის ვიღაც მოჰყვებოდა, ჟესტების ენაზე მოლაპარაკე. ერთხელაც ოთახში მარტო შევიყვანეთ... დაჯდება, პირს გააღებს, მეტი რა ევალება?.. ეს ბიჭი ჩემთან ზის, მე ვმკურნალობ. გვერდით სავარძელთან ჩემი მეგობარი ზეინაბი მუშაობს. ყრუ ბიჭი დავსვი და ანკეტის შესავსებად მივბრუნდი. ბიჭი თურმე ადგა და შარვალზე ქამრის გახსნა დაიწყო... ამას ვერ ვხედავ, ზურგით ვარ და ვწერ. ჩემი ექთანი და ზეინაბი გაოცებული არიან, მაგრამ ხმას არ იღებენ. ფიქრობენ - რომ შემოვბრუნდები, რეაქცია მექნება. ზეინაბი სათვალის ზემოდან უყურებს ბიჭს და ხედავს - გარდა იმისა, რომ ქამარი გაიხსნა, ამ ქამარს შარვლიდან იძრობს... ზეინაბი წამოხტა, ამასობაში მეც მოვბრუნდი. ბიჭი რაღაცას ფათურობს, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნი, რას აკეთებს. ჩემი კოლეგა აყვირდა, მაგრამ ბიჭს ხომ არ ესმის. ამასობაში ქამარი ბოლომდე გამოიძრო... კარგს არაფერს იფიქრებ!.. თურმე, ნუ იტყვი... პირველად მობილურები რომ შემოვიდა, ლამის ჩვეულებრივი ტელეფონისხელა იყო და ის მობილური ეკიდა ქამარზე. როცა დაჯდა, იმდენად შეაწუხა, რომ მოხსნა გადაწყვიტა. დაიწყო ქამრის გახსნა, თან, სანამ ქამარს ბოლომდე არ გამოიძრობდა, მობილურს ვერ მოხსნიდა. ეს აგვიხსნა ჟესტებით მოსაუბრემ, როცა ოთახში შემოვიყვანეთ. თვით სიტუაცია ძალზე უცნაური და სასაცილო იყო. ბიჭიც მიხვდა, რაც მოხდა და თვითონაც ბევრი იცინა.

nino-2-1648554600.jpg

მეოთხედი ტაბლეტი

ნინო კაპანაძე:

- პაციენტს ვუნიშნავ წამალს, რომლის მიღების წესი ასეთია: 1-2 დღე - მეოთხედი ტაბლეტი, მერე - ნახევარი, შემდეგ - ერთი ტაბლეტი. ერთმა ქალბატონმა ვერაფრით გაიგო, რას ნიშნავს მეოთხედი ტაბლეტი. ფურცელზე დავუწერე ¼, დავხატე წრე, შუაში ჩავხატე ჯვარი, ნაწილი გავაშავე და ისრით მივუთითე - დილით უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ნახევარი ტაბლეტის ზომის ასახსნელად ასევე წრე დავხატე და წრის ნახევარი გავაშავე. ვერ მივხვდი, გაიგო თუ არა... ქალი სახლში წავიდა. ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, მისი ოჯახის წევრი მაინც გაიგებდა დანიშნულებას, მაგრამ ისევ თავად დამირეკა და მთხოვა, კიდევ ერთხელ ამეხსნა - რას ნიშნავს ტაბლეტის მეოთხედი. ალბათ 30 წუთი მაინც ველაპარაკე! ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ გავიმეორე ერთი და იგივე. იმას ჩემი მიცემული ფურცელი ეჭირა ხელში და ალბათ ჩაშტერებული უყურებდა. დავასრულეთ საუბარი, გავთიშე ტელეფონი და ხუთ წუთში ისევ მირეკავს...

"ჩიყვი ხომ არა მაქვს?"

- 31 დეკემბერია, ჩვეულებრივი სამუშაო დღე, დუშეთის საავადმყოფოში ვარ. ორის ნახევარზე ორი ქალი მოვიდა, მლეთიდან იყვნენ, საკმაოდ შორი გზიდან. ერთი მეუბნება: მაინტერესებს, ჩიყვი თუ მაქვსო? მე და ოფთალმოლოგმა ერთმანეთს გადავხედეთ, ორივე ერთი და იმავეს ვფიქრობდით: 31 დეკემბერს მისვლა ექიმთან, როცა გადაუდებელი არაფერი გჭირს, რატომ უნდა გადაწყვიტო? ან სახლში არაფერი გაქვს საქმე? ახალი წელი მოდის... მოკლედ, სიმპტომები გავარკვიო. რა გაწუხებთ? - ვეკითხები. ქალი მიხსნის: აი, როცა გავიქცევი, გული ამიფრიალდება ხოლმეო. - გაიქცევით თუ გაივლით-მეთქი? - არა, როცა გავიქცევიო. - კიბეზე რომ ადიხართ, ქოშინი გაქვთ? - არაო. - როცა ზიხართ, მაშინ შეგიმჩნევიათ ფრიალი? - არაო. რამდენჯერმე გაიმეორა, - როცა გავიქცევი, იმ დროს მიფრიალებს გული და ჩიყვი ხომ არა მაქვსო? - ეგ არ არის ჩიყვის სიმპტომი-მეთქი, - და თურმე როდის უწევს სირბილი?.. - აი, როცა ძროხა გაიქცევა და გავეკიდები, გული მაშინ მიფრიალდებაო...

"ეგ შეკითხვა არ უნდა დაგესვათ!"

- სტუდენტობის დროს, ფსიქიატრიაში ლექციებს გვიკითხავდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმ კორპუსში, სადაც მივდიოდით, პირველ სართულზე ქალების განყოფილება იყო, მეორეზე - მამაკაცების, მესამეზე ექიმები ისხდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მესამე სართულზე ავდიოდით. ყოველ მისვლაზე გვხვდებოდა ქალი, რომელიც თბილად გვეგებებოდა სიტყვებით: "მოხვედით, ბავშვებო? მოდით, მოდით, ქალბატონი მარინა (ჩვენი ლექტორი) ახლავე მოვა..." სულ ასე მშვიდად გვესაუბრებოდა. ჩვენ დიასახლისი გვეგონა, სანამ ერთმა სტუდენტმა არ ჰკითხა: უკაცრავად, ტუალეტი სად არისო? აი, მაშინ კი აყვირდა (შიზოფრენიკი ყოფილა): შენ იქიდან გამოგგზავნეს, არა?! სპეციალურად მეკითხები, სად არის ტუალეტიო!.. მერე გვითხრა ჩვენმა ლექტორმა: როგორ დამავიწყდა, რომ გამეფრთხილებინეთ, ეგ შეკითხვა არ უნდა დაგესვათ! სიტყვა "ტუალეტზე" აგრესია ეწყება, აი, "წყალი" რომ გეკითხათ, არაფერი მოხდებოდაო. ისე, ლექციების დაწყებამდე კი გვითხრეს - ბეჭედი და საყურე არ გაიკეთოთ, ჯვარი არ უნდა ჩანდეს და ჯობს, შარფიც არ გეკეთოთო...

ნანული ზოტიკიშვილი