უკრაინის ომის ფონზე რამდენად დაცულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება? - გზაპრესი

უკრაინის ომის ფონზე რამდენად დაცულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება?

მეგობარ უკრაინაში საერთაშორისო დამნაშავე პუტინის "ურდოს" შეჭრის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოებაც დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აღმოჩნდა. კიევის ფრონტზე ბლიც-კრიგის გეგმით წატეხილი ცხვირის შედეგად მტერს შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაუჩნდეს შედარებით სუსტ მეზობელთან "მცირე გამარჯვების" სურვილი, რასაც ჩვენი მხრიდან მუდმივი მზადყოფნა სჭირდება. სად ვართ ამ დროს და რას ვაკეთებთ? - ამ თემაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

- 2014 წლის თავდაცვის ეროვნული კონცეფციიდან გამომდინარე, რუსეთის აგრესიის ძირითადი შემაკავებელი თავდაცვის ძალებია; მისი აღჭურვილობა, სიძლიერე, დაკომპლექტება, მაღალი ბრძოლისუნარიანობა და ა.შ. კიდევ, აქტიური რეზერვი ტერიტორიული თავდაცვის ძალებია. მიღებული გვაქვს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მარტო შეიარაღებული ძალების მიერ დასაცავი არ არის, მთელმა ერმა უნდა დავიცვათ - რასაც დღეს უკრაინაში ვუყურებთ. იქ შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციებს ასრულებენ, ტერიტორიული თავდაცვის ძალები ძირითადად, ქვეყნის თავდაცვის ოპერაციებსა და ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩაბმული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მზადყოფნა რომ შევაფასოთ, კრიტერიუმები გვჭირდება. ამ კრიტერიუმებზე პასუხი უნდა გაგვცეს ხელისუფლებამ, თანამდებობის პირებმა, რომლებსაც აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა აქვთ, პლუს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტში არიან წარმოდგენილი. სხვანაირად ამ ნიუანსებზე წვდომა არ გვექნება; იქნება მხოლოდ ჩვენი ეჭვი და არა - დასაბუთებული მსჯელობა.

მაგალითად, თუ ჩემი შეიარაღებული ძალებით შემიძლია შევაკავო მხოლოდ 20-ათასიანი კონტინგენტი, ომის ალბათობა ძალიან მაღალია; რადგან რუსეთი ჩათვლის, რომ ძალიან სუსტები ვართ, 20 ათას კაცს უპრობლემოდ მოაგროვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შენსავე დაპყრობას გააგრძელებს. მაგრამ თუ რუსს 150-ათასიანი კონტინგენტის მობილიზება დასჭირდება (რეალურ სიტუაციაში, იმის პარალელურად, რაც დღეს უკრაინაში ხდება), ამ ამოცანის განხორციელებას ვერ შეძლებს და აქედან გამომდინარე, საქართველოში აგრესიაზე ხელს აიღებს. დიალოგზე რომ წამოვლენ, მერე უკვე შემდეგი კითხვები იქნება: მაგალითად, ცა დაკეტილია თუ არა? თუ მთლიანად არ არის, მაშინ რამდენადაა ეს გაკეთებული? თუ საერთოდ არ არის დაკეტილი, მაშინ ამდენი წელიწადი რას აკეთებდი?

აქ არანაირ საიდუმლო თემებზე საუბარი არაა, ყველაფერი ღია ციფრები და მონაცემებია, რომლებიც ჩვენს მტერს, რუსეთსაც ხელთ უპყრია. ჩვენ თავდაცვის დამტკიცებული გეგმების გახმაურებაზე არ ვსაუბრობთ, ეს არ გვჭირდება. გვინდა შევაფასოთ, რეალურად რამდენადაა ამოცანის შემსრულებელი ჩვენი თავდაცვის ძალები. თუ არ არის, რისი გაკეთება შეგვიძლია ფორს-მაჟორში, პროცესი როგორ დავაჩქაროთ, რათა უფრო ბრძოლისუნარიანი გავხადოთ.

თუ მაგალითად, პირადი შემადგენლობის ოდენობა არ გვყოფნის, სასწრაფოდ აქტიური რეზერვი უნდა გავიწვიოთ...

- ახსენეთ კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც პასუხს აგებს ამ ყველაფრის აღსრულებაზე. ამ თვალსაზრისით, როგორი რეალობა გვაქვს?

- ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ხელისუფლებიდან ან ოპოზიციიდან ვინც პასუხისმგებელია ამ ინფორმაციაზე, გააჟღეროს ეს ყველაფერი - დასხდნენ სასაუბროდ, დისკუსიაზე წამოვიდნენ და განვიხილოთ არსებული მდგომარეობა. განვსაზღვროთ, რა მდგომარეობა გვაქვს და როგორ უნდა გამოვასწოროთ ვითარება სწრაფად. თუ ასე არ არის, გამოვიდეს ხელისუფლება და ოპოზიციაც, აიღონ პოლიტიკური, მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ ისინი ამ ყველაფერს აკონტროლებენ და გვითხრან: მშვიდად გეძინოს, ქართველო ერო. არანაირი საფრთხე ამ მიმართულებით არ არის, ყველაფერს ვაკონტროლებთ, ხელშეკრულებებით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებით, შეიარაღებით, ცის დაკეტვით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით, ყველაფრით საკმარისზე მეტად უზრუნველყოფილი ვართ და ქვეყნის დაცულობის პრობლემას ვერ ვხედავთო... ჩვენი საზოგადოება თუ არ გააქტიურდა და არ მოითხოვა პასუხები, რომელიმე კორპუსს ისე მოხვდება რაკეტა და ხალხი ისე ამოწყდება, კაციშვილი წარბს არ შეიხრის, არც რაიმე პასუხისმგებლობას აიღებს...

- საით მიდის პროცესები, რამდენად შეიძლება მსგავსი რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ?

- უკრაინას მთელი მსოფლიო მხარს უჭერს, წამყვანი ლიდერები კრემლს აფრთხილებდნენ, სანქციებში მოაქციეს და მაინც, ხომ ვხედავთ, არ ჩერდება რუსეთის ლიდერი! ჰოდა, შენთან ვითომ რატომ არ გაუვა ეს ყველაფერი? რით ხარ დაცული? ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ რუსეთი აქაც შემოიჭრება, რადგან პუტინს თავისი მოსახლეობისთვის რაიმე წარმატების "ყიდვა" სჭირდება. თუ უკრაინის ფრონტზე მხოლოდ მარცხი განიცადა, ნეტავ რა იქნება ის სუსტი რგოლი, სადაც შეეცდება მინიმალური დანაკარგებით წარმატების მიღწევას?..

- რა არის გამოსავალი?

- გამოსავალი ისევ და ისევ საზოგადოების გააქტიურებაში, პასუხის მოთხოვნაშია. მნიშვნელობა არა აქვს, წინ ვინ დგას, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რადგან შენი შვილის, მშობლის, მეუღლის ყოფნა-არყოფნაზე ვლაპარაკობთ; ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნაზე ვსაუბრობთ და ამაზე ენის მოჩლექით საუბარი არ გამოგვივა. სიმართლე უნდა ვიცოდეთ და ის სათანადოდ შევაფასოთ... ბევრი კითხვაა. მაგალითად, არის კი თურქეთი ჩვენთვის იგივე, რაც პოლონეთი - უკრაინისთვის? ამაზე რაიმე ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომ სიცოცხლის გზის ფუნქციას იკისრებს? ისიც პოლონეთივით ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ანკარა ბოლომდე მხარში დაგვიდგება, ომი რომ დაიწყოს? თუ არ გვაქვს, ასე რატომ არ არის? რას აკეთებდა დიპლომატია ამდენ ხანს, მთელი 10 წლის განმავლობაში?..

- ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე მთავრობის უსაფრთხოების საბჭოა. რამდენად კარგად მუშაობს და აკეთებს თავის საქმეს?

- არ ვიცი, რადგან ამ თემაზე საბჭო არც კი შეკრებილა. ფაქტობრივად, გლობალური კატასტროფის წინაშე ვართ, მესამე მსოფლიო ომის ფაზაა დაწყებული და უშიშროების საბჭო არ იკრიბება ან თუ იკრიბება, რამე გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ - ვის რა დაევალა, პასუხისმგებელი ვინაა. რაღაც ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფო, ერი ცუდი სცენარისთვის ემზადებოდეს. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი ბერკეტი (იურიდიული, კანონიერი და რეალურად გადამწყვეტი) შეკავების პოლიტიკაა, რასაც თავდაცვის ძალები ახორციელებს. ამიტომ უნდა გამოვიდნენ და გვითხრან - მზად არის თუ არა თავდაცვის ძალები ამ ოპერაციის შესასრულებლად? კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს თუ არა? თუ ვერ ასრულებს, რა უშლის ხელს, რა უნდა გამოვასწოროთ.

usafrtxoeba-1648809960.jpg

- დაბოლოს: საით მიდის პროცესები უკრაინაში და ამ დროს ჩვენ როგორ გამოვიყურებით?

- რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. ოპერატიულ ველზე უკრაინელთა გამარჯვებას ყოველდღიურად ვუყურებთ. გარკვეულ მონაკვეთებში მარცხდება რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც საბრძოლო ინიციატივა უკვე დაკარგული აქვს. ის განცხადებაც, მტრის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომ გააკეთა - თურმე ამოცანა უკრაინის დაპყრობა არ ყოფილა და მარტო დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ოპერაციები გვაინტერესებსო, - ნიშნავს, რომ ოპერატიულ გეგმებს ცვლიან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რუსეთის მარცხით დამთავრდება. მაგრამ ვიმეორებ: მე მაინტერესებს საქართველოს უსაფრთხოება - ჩვენი მოსახლეობის, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ესა თუ ის თანამდებობის პირი კონკრეტულად რა - იურიდიული, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობის მატარებელია და ამაზე პასუხები უნდა მივიღოთ.

გელა მამულაშვილი