"საქართველო ჩემი სახლია" - გზაპრესი

"საქართველო ჩემი სახლია"

ეს ცნობილი ფრაზა არაერთ უცხოელ მოგზაურს თუ მისიონერს, კულტურის წარმომადგენელს და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს სტუმარმასპინძლობით აღფრთოვანებულ "დამპყრობელსაც" კი ხშირად უთქვამს, ამჯერად კი წარმოშობით იორდანელი ბიზნესმენის, ასემ აკურისგან მოვისმინეთ. მან გადაწყვიტა საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად და საკუთარი ბიზნესსაქმიანობა აქ გაეგრძელებინა. ასემი ქართული ცხვრის ხორცით ამარაგებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, როგორიცაა: ქუვეითი, გაერთიანებული საამიროები, კატარი, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი.

საქართველოს მიმართ ინტერესი ინტერნეტის მეშვეობით გაუჩნდა, ამ დროს ასემი სხვა ქვეყანაში, განსხვავებული ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, დროდადრო საქართველოში საინვესტიციო გარემოს შეისწავლიდა და ინტერესიც უღრმავდებოდა საქართველოში საქმიანობის დასაწყებად.

ასემმა საქართველოში შიდა პროცესებისა და ბიზნესმდგომარეობის შესწავლის მიზნით ერთი წელი იცხოვრა და გადაწყვიტა, საცხოვრებლად საქართველოში ოჯახით გადმოსულიყო:

"მე ვიყავი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, მაგრამ საქართველო იმ დღეს შემიყვარდა, როდესაც პირველად ჩამოვედი (2019 წელს). ჩემი მეგობრები და კოლეგები ყოველთვის მეკითხებიან: რა მოგწონს საქართველოშიო? ჩემი პასუხია, რომ ამ ქვეყანას აქვს მდიდარი კულტურა. აღმოჩნდა, რომ ანატოლიის, ევროპის, სპარსეთის, არაბეთის, ოსმალეთის და შორეული აღმოსავლეთის კულტურების ელემენტებმა გავლენა მოახდინა საქართველოს ეთნიკურ იდენტობაზე, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და სტუმართმოყვარე კულტურად. მეგობრებს ვეუბნები, რომ არსებობს ძეგლი "საქართველოს დედა", რომელიც გადაჰყურებს თბილისს, ეძღვნება სტუმართმოყვარეობას და მეგობრობას.

დღეს საქართველოს კულტურა უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე. ნებისმიერი მოგზაურისთვის საინტერესოა ეს ქვეყანა. მე და ჩემი ოჯახი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვერგოთ ამ მშვენიერ კულტურას და შევისწავლოთ ენა. ჩემი მეუღლე ცდილობს, ტრადიციული ქართული კერძები ჩვენი ოჯახის მთავარი კერძი იყოს.

img-20220319-wa0008-1648810302.jpg

სიამოვნებით ვცხოვრობ და ვმუშაობ მე აქ; ჩემი ცხოვრების წესი არაფრით განსხვავდება ქართული ოჯახებისგან. ჩემი ქალიშვილი სკოლაში სწავლობს, მეუღლე სახლზე ზრუნავს, მე კი რა თქმა უნდა, მთელი კვირა ვმუშაობ. შაბათ-კვირას მივდივართ შოპინგზე, შემდეგ მეგობრები ვიკრიბებით სადილზე და ქართული ღვინო ჩვენს თბილისურ საღამოებს განუმეორებელს ხდის. დროდადრო ლანჩზე ან სადილად ვსტუმრობთ ერთ-ერთ ლამაზ რესტორანს და ვტკბებით ორიგინალური კერძებით".

ასემი მდიდარი გამოცდილებით და კარგი საკონტაქტო კაპიტალით საქართველოში ჩამოვიდა ოჯახით, როგორც რიგითი იორდანელი, მაგრამ ამავდროულად, ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოზე შეყვარებული პერსპექტიული ხედვების ადამიანია. ქართველ ბიზნესპარტნიორთან, ირაკლი ტაბატაძესთან ერთად დაიწყო ქართული ცხვრის ხორცის შეტანა ქუვეითის ბაზარზე, ამჯერად კომპანია ყოველკვირა 10 ტონა ხორცს გზავნის სტაბილურად, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა.

როგორც ირაკლი ტაბატაძე ამბობს, საქართველოს საელჩო ქუვეითში, კერძოდ ბატონი კონსტანტინე ჟღენტი აქტიურად ჩაერთო ამ კარგ საქმეში და აქტიური მოლაპარაკებები აწარმოა ქუვეითელ წარმომადგენლებთან, რაც დასაფასებელია. ბატონი ირაკლი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია თუშური და იმერული ცხვრის ჯიში. სამწუხაროდ, იმერული ცხვარი, რომელსაც უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს და რომელზეც არ მოქმედებს კლიმატის ცვლილება, ბევრად რენტაბელურია თუშურ ჯიშთან შედარებით და ბევრად მაღალია მასზე მოთხოვნა ქუვეითის ბაზარზე. მაგრამ იმერული ცხვრის ჯიში გადაშენების პირასაა, სწორედ ამიტომ, მის მოშენებაზე უნდა ვიზრუნოთ და ხელი შევუწყოთ უძველესი, ტრადიციული, სოფლის მეურნეობის დარგის - მეცხვარეობის განვითარებას.

ვივიენი

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ქუვეითიდან