მინიატიურული მარწყვის ტორტები, სერვისი და ხასხასა ფერის მცენარეები - გზაპრესი

მინიატიურული მარწყვის ტორტები, სერვისი და ხასხასა ფერის მცენარეები

ლეილა მარშანია პროფესიით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 17 წელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობდა, ბოლო 13 წელი - ევროსაბჭოში, ხოლო 7 - სტრასბურგში. 2020 წელი, ისევე, როგორც ბევრისთვის, მისთვის სხვადასხვა გაგებით რთული აღმოჩნდა. მაშინ საფრანგეთში იმყოფებოდა. პანდემიის დასაწყისის პირველ ეტაპზე, „ლოკდაუნის“ დროს, 3 თვე ბინაში გამოკეტილი, სამსახურის საქმეს ონლაინ აგვარებდა და პარალელურად, პოლიმერიული თიხით ქმნიდა მინიატიურებს, რომლებიც არა მხოლოდ ხელისგულზე, არამედ თითზეც შეიძლება დაატიო.

ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო უმწეობის შეგრძნება აწუხებს, საქმეს გულს ვერ უდებს და თითქმის არაფერი გამოუძერწავს. და მაინც, დაამზადა გულსაბნევები უკრაინის დროშის ფერებში, რომლებიც ჯერ მეგობრებს ჩამოურიგა, შემდეგ კი გადაწყვიტა, სიმბოლურ ფასად, ქველმოქმედების მიზნით გაეყიდა და შემოსული თანხა უკრაინაში გადაერიცხა.

- მინიატიურული ნივთები ბავშვობიდან მიყვარდა. ევროპაში მოგზაურობის საშუალება რომ მომეცა, ასეთ ნივთებს ხშირად ვყიდულობდი. პირველად ერთი ციცქნა მაღაზიაში, ბრიუსელში გადავაწყდი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. იქ სხვადასხვა ნივთი იყიდებოდა: სახლები, თოჯინები, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ყვავილები, ნამცხვრები, სასმელები, სერვიზი და მეც ასეთ ნივთებს ვქმნი. როგორც მახსოვს, პირველი, რაც გავაკეთე, ტორტი იყო. გარდა იმისა, რომ დესერტები მიყვარს, განსაკუთრებით მსიამოვნებს ტორტების დეკორირების ყურება და ინტერნეტში ამგვარ ვიდეოს ხშირად ვადევნებ თვალს. ერთხელაც "იუთუბ" არხზე შემხვდა უკრაინელი, ხარკოველი მინიატიურისტი ქალის ვიდეოები. მისი ნამუშევრები ჩემთვის შთაგონების მომცემი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, მეც მეცადა პოლიმერიულ თიხაზე მუშაობა. ომის დროს ის ქალბატონი დაბომბვაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა. რამდენიმე კვირა ხარკოვში ჩარჩა და შემდეგ შვილებთან ერთად რუმინეთში წავიდა. ინტერნეტის დახმარებით პოლიმერიულ თიხაზე ყველაფერი შევიტყვე და ონლაინგაყიდვების მეშვეობით, სამუშაოდ ყველა საჭირო ნივთი შევიძინე. პირველი ნივთები 2020 წლის ზამთარში გავაკეთე, შემდეგ უფრო მეტი დრო დავუთმე ამ საქმეს. ძერწვის პროცესი განტვირთვის კარგი საშუალებაა. ამ დროს აბსოლუტურად ვეთიშები ყველა პრობლემას და მხოლოდ იმაზე ვკონცენტრირდები, რასაც ვაკეთებ. როგორც პროცესი, ისე შედეგიც გულს მიხარებს. მიყვარს ხასხასა ფერები, რითაც ცოტა ზღაპრული და იდეალისტური ნამუშევრები იქმნება. ყვავილებისა და დესერტების გარდა, ერთადერთი სხვა, რაც აქამდე გამიკეთებია, მაკიაჟის ნივთებია. საერთოდ, მაკიაჟი მიყვარს, ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ციცქნა ტუჩსაცხი მქონოდა და ამის ხათრით პოლიმერიული თიხით მაკიაჟის ნივთები გავაკეთე.

რა თქმა უნდა, ყველა მინიატიურისტისთვის ოცნებაა გააკეთოს რაც შეიძლება პატარა და რეალისტური ნივთი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ესთეტიკური და ვიზუალური სიამოვნება მივიღო.

- ტკბილეულისა და მცენარეების გარდა, ხომ არ აპირებთ, თქვენს ნამუშევრებს რაიმე სხვა თემაც შემატოთ?

- როგორც გითხარით, მინიატიურებზე მუშაობა უკრაინელი ქალის შთაგონებით დავიწყე. მაშინვე აღმოვაჩინე ბევრი სხვა უკრაინელი მინიატიურისტიც, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაა, „ინსტაგრამზე“ მხოლოდ განადგურებული და დანგრეული ქალაქების ფოტოებს პოსტავენ. იმედი მაქვს, მათ მალე მიეცემათ ძველებურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება. მოგვიანებით იაპონელი მინიატიურისტების ნამუშევრებსაც გავეცანი და მათ სტილს დიდი გავლენა აქვს ჩემს ნამუშევრებზე. ოცნებად მაქვს, იქ 6 თვით წავიდე და პატივსაცემი მინიატიურისტებიდან ერთ-ერთს მოწაფედ მივებარო.

თავიდან მუშაობა გერმანული პოლიმერიული თიხით დავიწყე, რომელიც 110 გრადუსზე პატარა ღუმელში ცხვება. მერე აღმოვაჩინე იაპონური მასალა, რომელიც ჰაერზე შრება და ყველაზე კარგი ხარისხის რეალისტური ყვავილები ამ მასალისგან გამოდის. სხვათა შორის, იაპონიაში ვარ ნამყოფი და სრულიად შოკირებული დავრჩი ამ ქვეყნით. გასაოცარი ხალხია, სამაგალითო მოქალაქეობრივი შეგნებით, რომელიც სხვაგან არსად მინახავს. მათ კარგად აქვთ შეგნებული, რომ თითოეულის მოვალეობაა, თავისი ქცევითა თუ ცხოვრებით საზოგადოების კეთილდღეობას ემსახუროს და არავის შეუქმნას დისკომფორტი. მაგალითად, მეტროში პლატფორმაზე რიგში დგები და მატარებელი რომ მოვა, მშვიდად შედიხარ ვაგონში. ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება, ზარის ხმაც გამორთული აქვთ.

- ჩვენთან პირიქით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2 წუთში შეიძლება არა მხოლოდ მოსაუბრის, არამედ მთელი სანათესავოს ამბავი შეიტყო...

- დიახ. მთელი იაპონური ფილოსოფიაც ხომ ესაა: შენ მსოფლიოს ნაწილი ხარ და არა - მთავარი პერსონა, არავის არ უნდა გადაახტე, პირიქით, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. იაპონიაში მოგზაურობა ჩემთვის გარდამქმნელი გამოცდილება იყო, რამაც ნათლად დამანახვა ჩვენი რადიკალურად განსხვავებული კულტურა, რომელიც მხოლოდ „მეზე“ ორიენტირდება. სამწუხაროდ, ჩვენში ძალიან გავრცელებულია ასეთი აზროვნება, - მხოლოდ მე ვიყო კარგად და სხვა დანარჩენი სულერთია, თუნდაც ქვეყანაზე ყველაფერი დამხობილაო. ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთისადმი ასეთი დამოკიდებულება უფრო და უფრო გამწვავდა, მაგრამ არსებობს ხალხის ისეთი ნაწილიც, რომელსაც საზოგადოებრივი შეგნება კარგად აქვს განვითარებული და, როგორც წესი, ეს ძირითადად ახალგაზრდობაა. ვერ ვხედავ, რომ მათ სათანადო პირობები აქვთ სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ქართველი ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. თუ ქვეყნიდან ყველა არ გაიქცა, მათი წყალობით ნათელი მომავალი აუცილებლად გვექნება.

1leila-copy-1648810926.jpeg

- საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავთ?

- 2020 წლის აგვისტოში სამსახურიდან წამოვედი. პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში მინდოდა, საქართველოში მშობლებთან ვყოფილიყავი, ჩემს სოფელში ჩავსულიყავი, ხეებს მოვფერებოდი და დრო ჩემიანებთან გამეტარებინა. ვფიქრობდი, 6 თვე დამესვენა და მერე სამსახურის ძებნა დამეწყო, საქართველოში ან ევროპაში. ჩემი და კანადაში ცხოვრობს და ამ დროს ჩემს 2 წლის დისშვილს პირველი ჯგუფის დიაბეტი დაუდგინეს, რომლის გამომწვევი სავარაუდოდ, "კოვიდის" ინფექცია გახდა. იმ დროს ჩემი და მეორე შვილს ელოდა. ყველაფერი დაკეტილი იყო, დამხმარედ ძიძას ვერ აიყვანდა. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, ყოველდღიურობის აწყობა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, ბავშვისთვის და მისი მშობლებისთვისაც რთული იყო და ჩემი დის დასახმარებლად კანადაში გავემგზავრე. ის კანადის მოქალაქეა. ოჯახის წევრების გარდა, ქვეყანაში არავის უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაა, საბუთების შეგროვების შემდეგაც ძალიან გამიჭირდა კანადაში ჩასვლა. როგორც იქნა, ჩავფრინდი. 2 კვირა კარანტინში ვიჯექი, შემდეგ უკვე დის ოჯახში მივედი და ვეხმარებოდი, რითაც შემეძლო. იქ ვიზიტორის ვიზით ვიმყოფებოდი, მუშაობის უფლება არ მქონდა და როგორც კი საშუალება მომეცემოდა, ვძერწავდი.

- ახლა ბავშვი როგორ არის?

- კარგად, მადლობა ღმერთს, იქ ჯანდაცვის სისტემა კარგად არის განვითარებული. თანამედროვე ტექნოლოგიური გამოგონებების მეშვეობით, მისი დაავადება მუდმივად კონტროლდება სპეციალური აპარატით. 24-საათიან რეჟიმში იძლევა მონაცემებს შაქრის დონის შესახებ და ასევე, პამპის მეშვეობით კანქვეშ ინსულინის უწყვეტი მიწოდება ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვებს ამის საშუალება არა აქვთ. აპარატი ძვირი ღირს და გარდა იმისა, რომ ქართველი ბავშვებისთვის მიუწვდომელია, მშობლებმა საკუთარი ხარჯით საზღვარგარეთიდან მათი ჩამოტანაც რომ მოახერხონ, შეიძლება, პროგრამულად ვერც იმუშაოს. ასე რომ, მართალია, ჩემი და შორს არის, მენატრება, მაგრამ მეორე მხრივ, მიხარია, რომ ისეთ ქვეყანაშია, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში უმაღლესი დონის თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით დაეხმარებიან.

- ახლა საქართველოში იმყოფებით და რას აპირებთ სამომავლოდ?

- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჯერჯერობით ვერაფერს ვგეგმავ, მინიატიურების კეთებაც კი მძიმეა ჩემთვის. ამჟამად სამსახურის ძიებაში ვარ და ვფიქრობ, ადამიანის უფლებების სფეროში დავბრუნდები. სტაბილურ სამსახურში მუშაობისა და გარკვეული თანხის დაგროვების შემდეგ, შეიძლება თბილისში პატარა მინიატიურების გალერეაც გავხსნა. კარგი იქნება, იქ სხვა ქართველი მინიატიურისტების ნამუშევრებიც გამოიფინოს. ამის დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ.

ანა კალანდაძე