"უკვე 70 წელს გადავცდი და არ მინდა ტრადიცია დაიკარგოს" - გზაპრესი

"უკვე 70 წელს გადავცდი და არ მინდა ტრადიცია დაიკარგოს"

ავთო სიხარულიძე გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შუა ამაღლებაში ცხოვრობს. ამ სოფელში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაა, ასევე, სიმონა დოლიძის ძეგლი. სოფლის ჩრდილოეთით, ბურნათის მთაზე კი უდაბნოს მონასტერი მდებარეობს. ეს სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერებისთვის. მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. ეს სოფელი სამკურნალო წყლებითაც ყოფილა ცნობილი და კიდევ იმითაც, რომ იქაურები თურმე საუკეთესო ქვის კეცებს ამზადებდნენ. ადრე ბევრი მისდევდა ამ საქმეს, მაგრამ როგორც ბატონი ავთო ამბობს, დღეს აღარავის აინტერესებს.

- კარგი სოფელი გვაქვს, გზაც არის, გაზიც, წყალიც, მაგრამ როგორც სხვა სოფლები, 90-იანი წლებიდან ჩვენიც თანდათანობით დაიცალა ხალხისგან. ადრე ჩაი იყო ჩვენი შემოსავლის წყარო, ახლა თხილი და ციტრუსია. მახსოვს, სკოლაში 300-400 ბავშვი დადიოდა, ახლა 100 თუ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ გვქონდა გართობის ამდენი საშუალება, ტელევიზორის საყურებლადაც კი 3 კილომეტრს გავდიოდით, მაინც ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, კარგად გასახსენებელი. იმ დროს ალბათ ვეღარ მოვესწრებით, მაგრამ მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს და სხვას არაფერს ინატრებს კაცი.

- ახლა თქვენს საქმიანობაზე მომიყევით - როდის და ვინ შეგასწავლათ კეცის გამოთლა?

- მამაჩემი და მისი ძმებიც - ყველანი ამ საქმეს მისდევდნენ. სხვაც ბევრი აკეთებდა სოფელში. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში პარასკევსა და შაბათს მიდიოდნენ კეცების "გამოსაღებად", რადგან კოლმეურნეობაში მუშაობდნენ და სხვა დღეებში არ ეცალათ. ერთად მუშაობდნენ და ერთად ისვენებდნენ, თავიანთი ხელით დაწურულ ადესასაც მიირთმევდნენ სადილზე. მერე მიდიოდნენ ჩოხატაურში და იქ ყიდდნენ.

10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მამას სულ თვალყურს ვადევნებდი, მაინტერესებდა, რას როგორ აკეთებდა და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი კიდეც. მისგან ვისწავლე კლდიდან კეცის "გამოღება" და გამოთლა. 12 წლისას უკვე დამოუკიდებლად შემეძლო მუშაობა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში ჩავაბარე, მერე ჯარში წავედი და თავი დავანებე. პროფესიით ბუღალტერი ვარ. კოლმეურნეობაში ჩაის მწონავადაც ვიმუშავე, ბრიგადირადაც, საწყობის გამგედაც, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველანი სამსახურების გარეშე დავრჩით, მაშინ მივუბრუნდი მამა-პაპის ხელობას. ეს იყო 1991 წელს.

- ალბათ ძალზე შრომატევადი და რთული საქმეა?

- ცოდნასაც მოითხოვს და ფიზიკური ძალაც სჭირდება. ქვისგან მხოლოდ კეცი კეთდება, მეტი არაფერი. ჩემი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მივდივარ. დილით ადრიანად გავუდგები ხოლმე გზას, კლდეში ვჭრი ქვას, ფორმას ვაძლევ და სახლში უკვე ნაწილობრივ დამუშავებული მომაქვს. ყველაფერი ხელით კეთდება. რომ გაიგოთ, როგორია სამუშაო პროცესი, უნდა ჩამობრძანდეთ და თქვენი თვალით ნახოთ. მართლაც შრომატევადია, ხომ იცით, იოლად არაფერი კეთდება. თიხის კეცებს, ძირითადად, იმერეთში აკეთებენ და უნდა ვთქვა, რომ თიხაზე მუშაობა გაცილებით იოლია. იმას ზელენ, ეს კი, როგორც გითხარით, კლდეში იკვეთება და ითლება. წელიწადში 150-ს მაინც ვაკეთებ. ადრე მეც ბაზარში დამქონდა, მაგრამ ახლა იმდენი შეკვეთა მაქვს, სამარშრუტოთი ვგზავნი. საზღვარგარეთაც წაუღიათ, მარტო ამერიკაში 80 ცალი მაინც მაქვს გაგზავნილი.

277028444-487365683100745-4780161008322543366-n-1648811194.jpg

- ვიცი, რომ სარეცხი საშუალებებით თიხის კეცების გარეცხვა არ შეიძლება, გახურებულ აირღუმელში არ უნდა შედგა და ა.შ. ქვის კეცები დიდხანს რომ გამოვიყენოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- წისქვილის ქვა მაგარია, კეცისთვის ქვა ცოტა რბილი უნდა იყოს, მაგრამ ცეცხლს უნდა უძლებდეს. თუნუქის ფურცელი უნდა გადააფარო ზედ, ერთ გახურებაზე 2 ხაჭაპურს გამოაცხობ. ისევე, როგორც თიხის არც ქვის კეცის გარეცხვა შეიძლება, ქსოვილით უნდა მოამშრალო და შეინახო.

ადრე მჭადსაც კეცზე აცხობდნენ, ხაჭაპურსაც, თევზსაც მასზე წვავდნენ, რაღაცნაირ განსაკუთრებულ გემოს აძლევს. სამწუხაროდ, დღეს აღარ აინტერესებთ ეს საქმე. 3 გოგო მყავს, მეუღლე 10 წელია გარდამეცვალა, ბევრს ვთხოვე ხელობის შესასწავლად მოსულიყო, გამომლაპარაკებელი მაინც მეყოლება-მეთქი, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ერთადერთი ჩემმა ძმისშვილიშვილმა გამოთქვა სურვილი და ვასწავლი. მე უკვე 70 წელს ვარ გადაცილებული და არ მინდა ტრადიცია დაიკარგოს.

ნინო ჯავახიშვილი