მამუკა მამულაშვილი: "იმედს ის მაძლევს, რომ რუსეთი სისხლისგან იცლება" - გზაპრესი

მამუკა მამულაშვილი: "იმედს ის მაძლევს, რომ რუსეთი სისხლისგან იცლება"

"უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ ყველგან მტერი გვყავს: ცაში, მიწაზე, წყალსა თუ კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. რაკეტების, ბომბების თვლა უკვე შევწყვიტეთ. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის, ჩვენმა მოსახლეობამ რომ ნორმალური ცხოვრება შეძლოს, იყვნენ თავისუფლები და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს... რუსული ტანკები უკრაინიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და ის ევროპული ოჯახის წევრი გახდება. თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის. მშვიდობა არის ერთადერთი გზა! დიდება უკრაინას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთი გამოსვლისას.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინა გამარჯვებას უახლოვდება, რუსეთმა თავისი სამხედრო ძალების 90% დახარჯა და ახლა უკრაინელ ხალხს ისღა დარჩენია, 10%-ს გაუძლოს; მეორე ნაწილის ვერსიით, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა - რაც ახლა ხდება, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და რუსეთს ძირითადი რესურსი ჯერ კიდევ არ აუმოქმედებია.

უკრაინაში დღეს შექმნილ მდგომარეობაზე, ქართველი მეომრების განწყობასა და პოზიციებზე ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი გვიყვება:

- რუსეთს უნდოდა, უკრაინა ბლიც-კრიგით აეღო. დამიჯერეთ, მოსკოვმა პირველი წუთებიდანვე გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი. უბრალოდ, ვერ გათვალა როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე უკრაინული არმიის მოტივაცია და თავისივე დაგებულ ხაფანგში თვითონვე აღმოჩნდა.

- თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უკრაინა რთულ მდგომარეობაშია. თქვენ რა განწყობა გაქვთ, მოვლენების როგორ განვითარებას ელით?

- ჩემი განწყობა ასეთია - რუსეთს ჰყავს ბარბაროსული არმია, რომელიც უკრაინელებზე რიცხობრივად ბევრად მეტნი და ნაკლებად მოტივირებულნი არიან. რუსეთი არ ცვლის თავის სამხედრო პოლიტიკას, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას ეფუძნება.

- უკრაინელების მოტივაციაზე ბევრი გვსმენია, მათ გვერდით მებრძოლი ქართველების შესახებ რას გვეტყოდით?

- ჩვენ არანაკლებ მოტივირებულები ვართ, ჩვენთვის ეს არის საქართველოს ერთიანობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლა. აქ ჩვენ ერთადერთი მეგობარი ქვეყნის გვერდით ვდგავართ და საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით.

- რატომ ფიქრობთ, რომ უკრაინა საქართველოს ერთადერთი მეგობარი ქვეყანაა?

- ვერასდროს დავინახე დასავლეთის ისეთი მხარში დგომა, როგორსაც უკრაინელებისგან ვხედავდი ჯერ კიდევ აფხაზეთში. დღეს საქართველოში სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ უკრაინელებზე, ბევრი მათზე ისე ლაპარაკობს, სინამდვილეში არც კი იციან, როგორი სულის ადამიანები არიან. მე ვიცი იმიტომ, რომ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რა თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი ბიჭების მხარდამხარ აფხაზეთში. ბევრმა უკრაინელმა შესწირა სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას. ერთხელ, როდესაც ტყვედ აგვიყვანეს, სოფელ შრომაში დაბანაკებული უკრაინელების ჯგუფი შეეცადა ჩვენს გამოხსნას. სამწუხაროდ, ყველანი დაიღუპნენ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს. გესმით, რას ნიშნავს ეს?! ეს კონკრეტული ამბავი პირდაპირაა დაკავშირებული იმ საქმესთან, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ უკრაინაში. ეს ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც აფხაზეთის ომში თავისი სამხედრო-საზღვაო დანაყოფები გამოგზავნა. სწორედ მათ გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა ზღვის სანაპიროდან და კოდორის ხეობიდან. 200 000 ქართველის სიცოცხლე იხსნა მათმა თავგანწირვამ და გმირობამ. სამწუხაროა, რომ დღეს ბევრმა ქართველმა ეს არ იცის და საქართველოს მთავრობა ამას არ აფასებს. ჩვენ, ხალხი ვაფასებთ, მაგრამ ხელისუფლება - არა.

- საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში რაიმე ტიპის პრობლემებს გიქმნით?

- პრობლემის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელს კი გვილახავს. ჩვენი სისხლით ვცდილობთ დავაბალანსოთ ჩვენი მთავრობის შეცდომები. არ გვინდა, ერთადერთი მეგობარი ქვეყნის შვილებს ქართველებზე შთაბეჭდილება შეეცვალოთ. ეს მცდელობა საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად გვიჯდება. აქ უკვე უამრავი ქართველი დაიღუპა.

- რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც თქვენ ქართველ მოხალისეებს მოუწოდეთ, თავი შეეკავებინათ უკრაინაში ჩამოსვლისგან...

- საქმე ისაა, რომ არიან ომში გამოუცდელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ქმნიან მოხალისეთა ჯგუფებს და აქ მოჰყავთ. ეს არ არის სწორი. თავად დილეტანტებს ასეთივე დილეტანტები მოჰყავთ. ჩვენ პროფესიულ სამხედრო დანაყოფს წარმოვადგენთ. უკრაინელებიც აღნიშნავენ, რომ ყველაზე მაღალი პროფესიული დონე გვაქვს. სწორედ ამით არის განპირობებული ჩვენი მცირე დანაკარგი ბრძოლის ველზე. გასაგებია, ბევრ ქართველს ბრძოლისთვის გული ანთებული აქვს, მაგრამ ეს არ არის თამაში. არ მინდა ქართველები ტყუილად დაიღუპoნ აქ, საქმე პროფესიულად უნდა გაკეთდეს. მე ვერავის ვერაფერს ავუკრძალავ, მაგრამ რეკომენდაციას, რჩევას კი მივცემ - ადამიანებმა, რომლებსაც ჯერ იარაღი არ სჭერიათ ხელში, სხვებს მაინც დაანებონ თავი. საზარბაზნე ხორცად ნუ აქცევენ ჩვენს ბიჭებს. პროფესიონალ სამხედროდ არ მიიჩნევა ის, ვინც მხოლოდ სამხედრო სამსახური გამოიარა, პროფესიონალი სამხედროა ის, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. ჩემს ბატალიონში მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანები არიან, ამიტომაც ვართ ეფექტურები ბრძოლის ველზე.

mamulashvilebi-1649071111.jpg

- როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება გაქვთ, გარდა იმისა, რომ 14 წლის ასაკში უკვე გამოცადეთ ტყვეობა. საბრძოლო უნარ-ჩვევებთან ერთად დიპლომატიც ხართ და რამდენიმე უცხო ენასაც ფლობთ. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ და რატომ არ ან ვერ იყენებთ ამ ცოდნას საქართველოში?

- რა გითხრათ?.. ის ფაქტი, რომ ადრეულ ასაკში მომიწია ბრძოლის ველზე ყოფნამ, მამაჩემის ფაქტორით იყო განპირობებული: მამა გენერალი გახლდათ და შესაბამისად, სამხედრო ბაზაზე გავიზარდე. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მამამ შემომთავაზა, თუ გინდა, წამოდიო. აფხაზეთში სხვა ჯარისკაცებთან ერთად, ავტობუსით გავემგზავრეთ.

- თქვენი ტყვეობის თაობაზე ლეგენდებს ჰყვებიან. სიმართლე როგორია?

- სიმართლე ასეთია: მამას მეთაურობით "სოხუმჰესზე" ვიყავით გამაგრებული. აფხაზებმა ჰესის დირექტორი გურამ ცხვარაძე მოკლეს, მისი ოჯახი კი ტყვედ აიყვანეს. ის პერიოდი იყო, რუსებმა რომ მოგვატყუეს - ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაგვიფორმეს, მძიმე ტექნიკა გაგვაყვანინეს და მერე დაიწყეს ფართომასშტაბიანი იერიში. 8 თუ 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა; მთელი ბატალიონი გვიტევდა, მათ შორის იყვნენ ჩეჩენი, ყაბარდოელი და რუსი მებრძოლები, რუსების მეთაურობით. რაღაც მომენტში ცეცხლი შეწყდა და ჩვენკენ ბავშვიანი ქალი წამოვიდა. გურამის მეუღლე აღმოჩნდა. აფხაზებმა ჩვენთან მოსალაპარაკებლად გამოუშვეს. როგორც ქალბატონმა მზიამ გვითხრა, მას ბავშვებიანად გაათავისუფლებდნენ, თუ ჩვენ ჩავბარდებოდით. გურამის მეუღლეს მალე აფხაზი დეპუტატიც მოჰყვა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ მათ ულტიმატუმს არ შევასრულებდით, რუსები მათთან დარჩენილ ორ ბავშვს დახვრეტდნენ. მამამ გადაწყვეტილება მიიღო და მე სხვებთან ერთად იარაღი მიწაზე დავდე. მამამ მოგვიანებით მითხრა, ტყვედ ჩავარდნისას წამით ვიფიქრე, რომ მომეკალი და შენთვის მძიმე ხვედრი ამერიდებინა, მაგრამ გადავიფიქრეო.

- თქვენი თანამებრძოლების თქმით, როდესაც აფხაზებმა დასახვრეტად გაგიყვანეს, თქვენ საკმაოდ თავდაჯერებული და მშვიდი იყავით. რა მოხდა იქ მაშინ ან როგორ გადარჩით?

- ამაზე მეც ბევრი მიფიქრია. მშვიდად ალბათ იმიტომ ვიყავი, რომ რეალობას ბოლომდე სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ბავშვი ვიყავი და რაღაც დიდ თამაშში წარმომედგინა თავი. რატომ არ დამხვრიტეს აფხაზებმა?.. სინამდვილეში, აფხაზებს არც უფიქრიათ ჩემი დახვრეტა, ფსიქოლოგიური ტერორი მომიწყვეს. სხვათა შორის, "წითელი ჯვრის" ან რომელიმე უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ, აფხაზები მათ ჩემს თავს აჩვენებდნენ, - ნახეთ, კავკასიელებს როგორი ტრადიციები გვაქვს, ბავშვებიც კი მეომრები გვყავსო. ისე გამოდიოდა, რომ აფხაზები ჩემით ამაყობდნენ...

- ტყვეობიდან როგორ გათავისუფლდით?

- სამთვიანი ტყვეობის შემდეგ აფხაზი მინისტრის 18 წლის ვაჟიშვილში გამცვალეს. იმ მინისტრის სახელი არ მახსოვს, გვარად ჯინჯოლია იყო.

- დანარჩენებს რა ბედი ეწიათ?

- დანარჩენები ომის შემდეგ გაცვალეს აფხაზ ტყვეებში. მამა ორწლიანი ტყვეობის შემდეგ, ბოლოს გათავისუფლდა. ნათქვამი ჰქონდა - მანამდე არ დაეტოვებინა ტყვეთა ბანაკი, სანამ იქ მისი ბოლო ჯარისკაცი იქნებოდა. ასეც მოხდა.

- ომის შემდეგ განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ საფრანგეთში მიგიღიათ. რატომ ვერ მოახერხეთ, რომ დიპლომატიაში მიღებული ცოდნა საქართველოსთვის გამოგეყენებინათ?

- შავი ზღვის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ წავედი საფრანგეთში და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სამწუხაროდ, დიპლომატია არც ყოველდღიურ ყოფაში გამომადგა და არც ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებდა ომის ალტერნატიული გზები. თეორიულად ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ ჩემს ქვეყანას ისეთი მეზობელი ჰყავს, დიპლომატიის პრაქტიკაში მისი გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია: რა დიპლომატიაზე უნდა ვესაუბროთ "პოლიტიკურ ხულიგნად" შერაცხილ იმპერიულ სახელმწიფოს, რომელიც თავისსავე დადებულ ხელშეკრულებებსა და პირობებს არღვევს?! რაც შეეხება ჩემს საბრძოლო გამოცდილებას, საქართველოს ხელისუფლებას ის რატომღაც არ დასჭირდა. საერთოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ჩემნაირი ადამიანები არ სჭირდება... ავდექი და უკრაინაში წამოვედი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსებმა კონფლიქტის ესკალაცია დაიწყეს, ანუ 2014 წელს და მას შემდეგ აქ ვარ.

272064597-263342259263068-2477582525018302960-n-1649071081.jpg

- დღეს არსებული რთული მოცემულობის მიუხედავად, იმედიანად ხართ განწყობილი. რა გაძლევთ ამის საფუძველს?

- იმედს ის მაძლევს, რომ რუსეთი სისხლისგან იცლება.

- ომის დაწყებამდე თქვენ ხელმძღვანელობდით სამოქალაქო თავდაცვისთვის მზადების ღონისძიებას. საქართველოში ისიც კი არ ვიცით, სამოქალაქო თავდაცვის სამსახური არსებობს თუ არა და ვინ ხელმძღვანელობს მას. როგორ წარმოგიდგენიათ - ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, არის თუ არა ჩვენთვის აუცილებელი, რომ სამოქალაქო თავდაცვის სექტორი ფუნქციონირებდეს?

- ეს მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია: სხვა თუ არაფერი, ამ ხელისუფლებამ ხალხს ის მაინც უნდა ასწავლოს, როგორ დაიმალოს თავდასხმის შემთხვევაში. ბევრი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, მაგრამ ბევრიც გადარჩა სწორედ იმიტომ, რომ იცოდა, როგორ მოქცეულიყო დაბომბვის დროს, სად მოენახა თავშესაფარი და ა.შ. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინტუიციურად დავიწყეთ სამოქალაქო თავდაცვის კურსების ჩატარება. 3 000-ზე მეტი კაცის მომზადება მოვასწარით. ბოლო დღეებში ბევრი შემეხმიანა და მადლობა გადამიხადა. ჟურნალისტებს გთხოვთ, გაააქტიურეთ ეს თემა, მოემზადეთ სამოქალაქო თავდაცვისთვის. ისეთი ვერაგი მტერი გვყავს, არაფერია გამორიცხული.

ხათუნა ბახტურიძე