ავტოავარიის დროს დაშავებულ 8 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება - გზაპრესი

ავტოავარიის დროს დაშავებულ 8 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო, გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და შენთვის ლოცულობს-მეთქი. დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს. ხალხნო, ვერ აღგიწერთ, როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსა და კეთილი სიტყვებისთვის. მე მჯერა, რომ სასწაულები ხდება. ყველაფერი გამოგვივა, დე!" - სოციალურ ქსელში დაწერა 8 წლის დათუნას დედამ.

არ მეგულება ადამიანი, ვინც გულთან არ მიიტანა იმ პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც მძღოლის ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ავტოავარია 31 მარტს, შარტავას ქუჩაზე მოხდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც გავრცელდა, საიდანაც ცალსახად ჩანს მძღოლის ბრალეულობა. დამნაშავე დაკავებულია.

საქმის მასალების მიხედვით, 31 მარტს, ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრული, მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველში გადასვლის მანევრი განახორციელა, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. იმდენად ძლიერი იყო შეჯახება, რომ მართვადაკარგული მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.

"სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ჩემი ტკბილი ბიჭი ავტობუსს. მეც ასე, ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს გთხოვ", - დაწერა დედამ თავის "ფეისბუკის" გვერდზე. ბიჭი წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეა. ძალიან განიცდიან მისი პედაგოგები მომხდარს.

ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა, სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ცნობილი პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ 5 წუთით რომ დაეგვიანებინა "სასწრაფოს" კლინიკაში მისი გადაყვანა, ბიჭის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

ივანე ჩხაიძე:

- პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ისევ მძიმეა, ფილტვის ვენტილაციაზე იმყოფება. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. როგორც ლაბორატორიული, ისე ინსტრუმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, პარამეტრების გაუარესება არ აღენიშნება. ნევროლოგიური სტატუსი ტრავმის სიმძიმეს შეესაბამება და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის მოცულობა. ამ დროისთვის ძირითადი აქცენტი კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე კეთდება. ასევე გრძელდება სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებელი სხვადასხვა ინტერვენცია. ამ დილით მორიგი კონსილიუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქირურგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი და ა.შ. განისაზღვრა სამკურნალო ღონისძიების დღევანდელი გეგმა. ყოველ დილას ამ პაციენტთან სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კონსილიუმი იკრიბება და ერთად ვიღებთ მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რადგან მდგომარეობის სიმძიმიდან და ტრავმის მოცულობიდან გამომდინარე, პაციენტს მულტიპროფილური ჯგუფის აქტიური მეთვალყურეობა ესაჭიროება.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება?

- რაიმე პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია. დიდი მოცულობის დაზიანებების გამო დიდი მოცულობის ოპერაციული ჩარევები მოხდა, დროც მცირეა გასული, ამიტომ რაიმეს პროგნოზირება ნაადრევია.

- ბატონო ივანე, როგორც ვიცით, ბავშვს ცალი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, რა მდგომარეობაში იყო, როცა თქვენთან შემოიყვანეს?

- 5 წუთის დაგვიანებით რომ მოეყვანათ, დიდი ალბათობით, მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა ბევრი სისხლის დაკარგვის გამო. ასე რომ, სასწრაფო დახმარების სამსახურის სწრაფმა რეაგირებამ განაპირობა პაციენტის გადარჩენა და ასევე იმან, რომ პირველი წუთებიდანვე ყველა სპეციალისტი კლინიკაში იყო. პაციენტი დილის 9 საათსა და 50 წუთზე შემოიყვანეს, ამ დროს სამსახურის ხელმძღვანელი და ყველა სპეციალისტი, იაშვილის კლინიკაში ადგილზე იყო და პაციენტის ოპერაციულ ჩარევაში მონაწილეობდა - მუცლის ქირურგი, თორაკო ქირურგი, ტრავმატოლოგი, მოვიწვიეთ სისხლძარღვთა ქირურგი. ერთი ოპერაცია ჩაატარა ჩვენმა მოწვეულმა სპეციალისტმა ირაკლი გოგინავამ, რომელიც კონკრეტულად მენჯისა და თეძოს ძვლების დაზიანებაზე მუშაობს. დილის 10 საათზე დაწყებული ოპერაციები, ღამის 2-ის ნახევარზე დასრულდა... ყველა სპეციალისტი ფიქრობს, რომ ამ ბავშვის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია, სხეულის სხვადასხვა უბანზე იმდენად დიდი მოცულობის დაზიანებები ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თუმცა, ჯერ კატეგორიული პოზიტიური პროგნოზის გაკეთება ძალიან ადრეა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა დამნაშავე დავით ჯალაღონია მალევე დააკავეს. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. როგორც პროკურორი ემზარ ფუხაშვილი ამბობს, ბრალდებული ანალოგიური და სხვა საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის არაერთხელ არის დაჯარიმებული. ბრალდებულს ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაც დაუდასტურდა, თუმცა შემთხვევის დროს არ ყოფილა მისი ზემოქმედების ქვეშ. "ბრალდებული ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, მაგრამ აღნიშნული არ გაიზიარეს. ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები, რომ შეეძლო ესარგებლა დაცვის უფლებით, მაგრამ უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე. ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული იყო ის საფრთხეები, რომლითაც ვასაბუთებდით პატიმრობის გამოყენებას. ეს იყო მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ გახლდათ დაჯარიმებული ადმინისტრაციული სასჯელის სახით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის..."

ჯალაღონიას ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა. "ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია, ბავშვი გადარჩეს და მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ. როგორც დამნაშავეს, პატიმრობა მეკუთვნის", - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად მძიმდება. შარშან ავტოავარიას 449 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7705 მოქალაქე დაშავდა. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მძღოლის დანაშაულს ეწირებიან ტროტუარზე ან ავტობუსების გაჩერებებზე მყოფი ადამიანები. არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ავტოუსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ამ ქვეყანაში აუცილებელია, მსგავსი დანაშაულები რომ არ მოხდეს.

deda-shvili-1649335539.jpg

დავით მესხიშვილი:

- საქმე გვაქვს არასწორ მენეჯმენტთან, რომელიც დაკავშირებულია საგზაო უსაფრთხოებასთან. ამ პრობლემის შესახებ იციან შესაბამისმა სტრუქტურებმა. ჯერ კიდევ როდის ამბობდა მსოფლიო ბანკი, რომ საჭიროა საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეისწავლის მიზეზებს, გააკეთებს ანალიზს, აამუშავებს სტატისტიკას, დაგეგმავს ღონისძიებებს და რაღაც შედეგამდე მივა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურები არ ითვალისწინებენ ამას. წლებია, ასე გრძელდება. მაგალითისთვის გავიხსენოთ შატილის ტრაგედია. მას შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. მაშინ პარლამენტარებმა თქვეს, გავამკაცროთ სანქციები ექსკურსიის მიმართულებითო. თითქოს მარტო ექსკურსიებია პრობლემა. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 450 ადამიანი იღუპება ავტოავარიის შედეგად, რაც 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს. დაშავებულებისა და დაღუპულების მაჩვენებლით ნეტაგიურ სტატისტიკაში საქართველო ხშირად პირველ ადგილზეა მთელი ევროპის მასშტაბით. კატასტროფაა, რაც ჩვენთან ხდება. საგზაო უსაფრთხოება მიმობნეულია სხვადასხვა სტრუქტურაში, ესეც პრობლემაა. ეკონომიკის სამინისტროში არის კომისია, რომლის საქმიანობა ბევრ კითხვას ბადებს, გასული წლის ანალიზსაც კი არ აკეთებენ ელემენტარულად, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. არანაირი შედეგი არ აქვს ამ კომისიის მუშაობას. არის სამთავრობო გეგმა, ყოველწლიურად ღონისძიებების ჩამონათვალი და პრაქტიკულად, შედეგი არ გვაქვს. ასევე ევროდირექტივებით რაც უნდა დანერგილიყო, ყველაფერი შეჩერებულია. ერთ-ერთი საკითხი სიჩქარის შეზღუდვა იყო. ასევე, ტექინსპექტირების რეფორმა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. თითქოს დანერგილია ტექინსპექტირება, რადგან ტექნიკური გამართულობა უმნიშვნელოვანესია. იგივე შატილის ტრაგედიას როცა ვახსენებთ, ეს მთავარი პრობლემა იყო. გაეროს კომისიის დასკვნით, საქართველოში მესამედი იღუპება ზუსტად იმის გამო, რომ ავტომობილები ტექნიკურად გაუმართავია. კანონის აღსრულება არ ხდება.

- ხომ არ უნდა გამკაცრდეს ამ კუთხით კანონმდებლობა, თუნდაც სიჩქარის გადაჭარბებაზე?

- დღეს ჩვენი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, თუ ჩამორთმეული გაქვთ მართვის მოწმობა, მაინც მართოთ საჭე. მერე რა, რომ ჩამორთმეული გაქვთ. ქონების დაყადაღება ხდება ასეთ დროს, მაგრამ თუ ქონება არ გაქვთ, საერთოდ პრობლემა არ არის. ბევრი მართვის მოწმობის გარეშე ზის საჭესთან. არის თუ არა ეს ხელშემწყობი, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იყოს? აქ ყველაფერია ნათქვამი, ჩვენი კანონმდებლობა არ არის ადეკვატური უბრალო დამრღვევის კი არა, პოტენციური მკვლელების მიმართ. არის კატეგორია, რომელსაც შეგვიძლია პოტენციური მკვლელი ვუწოდოთ. მკვლელია ადამიანი, რომელიც სიჩქარეს აჭარბებს და მაგისტრალზე 200 კმ-სთ სიჩქარით მიექანება. პოტენციური მკვლელია, ვინც საჭესთან მთვრალი ზის ან სხვა ნივთიერების თრობის ქვეშ იმყოფება. საქართველოში ცნობიერების ამაღლების კამპანია საერთოდ არ არსებობს, კანონი შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ ქულათა სისტემა არსებობს, ყველა ხედავს, რომ ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, მეტი თანამედროვე აზროვნებაა საჭირო. აღარ არის გასაკვირი ეს შედეგები, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი მიდის ამ მკვლელობებზე. სახელმწიფო რომ გქვია, ამდენი მკვლელისგან, ამ აგრესიისგან მან უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე, რომელიც არაფერს აშავებს და მშვიდად გადაადგილდება. საბჭოთა კავშირის დროიდან იძახის მთავრობა, მძღოლის ბრალია ყველაფერიო და ამით თვითონ იხსნის პასუხისმგებლობას. მთავრობას ვთხოვთ, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქე მკვლელისგან. ყოველწლიურად დაღუპულ 450 ადამიანზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა...

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მრავალწლიანია, ძირეულად ერთ კვირაში ვერ შეცვლი. მართვის მოწმობას რომ იღებს ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის, უნარ-ჩვევა არ აქვს, ეს არის პრობლემა. არის ვითომ მართვის სკოლები, რომლებიც ხრიკებით ასწავლიან თეორიას ადამიანს, ასეთი რომ აიღებს მართვის მოწმობას, იმან შეიძლება მოკლას ადამიანი.

ავიღოთ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ყველამ იცის, კუსტარულად გადაკეთებული სამარშრუტოებით ხდება მგზავრების გადაყვანა. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების 85 პროცენტი არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე. დიდი ალბათობით, ეს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრანსპორტია, სადაც კუსტარულად დამატებულია სკამები.

- ამ დროს ჯარიმა არ ეკისრებათ?

- არგამოცხადებისთვის თვეში 50 ლარია გადასახდელი. ურჩევნიათ, ამ თანხის გადახდა მანქანის გადაკეთებას. 2-3 მგზავრის ფულია. იმდენად შეუსაბამოა ჯარიმა, რომ თვეში ერთხელ გადაიხდის და აგრძელებს მუშაობას. ავტოსადგურებს უნდა მოეკითხოთ პასუხი იმის გამო, რომ ინსპექტირებაგაუვლელი ტრანსპორტი გადის მათი სადგურიდან.

რაც შეეხება შარტავაზე მომხდარ ავარიას, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ (იმ კადრებიდან, რაც გავრცელდა), რომ ეს იყო გადაჭარბებული სიჩქარე, არასწორი მანევრირება და საჭის ვერდამორჩილება. თავადაც აღიარა დანაშაული, გაამწარა სხვა ოჯახი და ბავშვია ახლა მთავარი. ჩვენი კანონმდებლობა საგზაო უსაფრთხოების ნაწილში ბავშვებს ნაკლებად იცავს და ძალიან სუსტია ამ კუთხით კანონი. მძღოლებად მე არ მივიჩნევ იმათ, ვინც სიჩქარეს აჭარბებს. იცის, რომ ამ ქცევით შეიძლება მოკლას ვიღაც და ამას მაინც აკეთებს. მე არ დამემართება არაფერი - ამ პრინციპით მოქმედებენ. ყოველწლიურად დაღუპული 450 ადამიანის და ათასობით დაშავებულის უკან ხომ არიან მათი ოჯახები, რომლებიც უბედურდებიან, ნადგურდებიან. რამდენი დასახიჩრებული, რამდენი ტრავმირებულია, ეს ხომ კატასტროფაა! დაუმორჩილებელი მძღოლებისგან უნდა დაგვიცვას ჩვენ სახელმწიფომ. სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა უნდა გამკაცრდეს, ყველა რისკის შესამცირებლად. სიჩქარის გადაჭარბებისთვის უნდა იყოს ძალიან მაღალი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სიჩქარე კლავს!

P.S. დღეს პატარა დავითის გადასარჩენად ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რადგან მოზარდი ისრაელის კლინიკაშია გადასაყვანი. ყველა ერთად დავეხმაროთ მას სრულ გამოჯანმრთელებაში. ასეთ დროს თითოეული ლარი მნიშვნელოვანია! გავერთიანდეთ დათისთვის!

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

თეა ხურცილავა