"მე თუ ვერ  დავბრუნდები აფხაზეთში,  მჯერა, ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან" - გზაპრესი

"მე თუ ვერ  დავბრუნდები აფხაზეთში,  მჯერა, ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან"

მხატვარი ხუტა (არვე) კვარაცხელია ამჟამად ფოთში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ოჩამჩირეშია დაბადებული და გაზრდილი. 37 წლისა იყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და როგორც სხვების, ისე მისი ცხოვრებაც თავდაყირა დააყენა.

- არის ასეთი სოფელი - ახალი კინდღი, იქ ვცხოვრობდი. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, როგორც ყველა ბავშვს. სოხუმში სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. 19 წლის დავქორწინდი და მალევე წავედი ჯარში, შუა აზიაში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ თან ვმუშაობდი, თან მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტში, ფერწერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მესამე კურსის სტუდენტი სახვით ხელოვნებას ვასწავლიდი სკოლაში და შეთავსებით ერთ-ერთ ორგანიზაციაში მხატვრადაც ვმუშაობდი.

ჯარში ყოფნისას მივიღე სამედიცინო განათლებაც, რაც ძალიან გამომადგა აფხაზეთის ომში. მე-5 ბატალიონში ვმსახურობდი. 38 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთიდან წამოვედი. ძნელი იყო იქაურობის დატოვება. რამდენიმე დღე ალყაში ვიყავით, ჩვენ უკან ზღვა იყო, წინ რუსები და კაზაკები იდგნენ და ულტიმატუმებს გვიყენებდნენ. ბავშვები ჯერ კიდევ არ გვყავდა გაყვანილი, ქაოსი იყო, არავინ იცოდა, სად წასულიყვნენ. თეთრი დროშით მოვიდა აფხაზების წარმომადგენელი, დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდითო, მაგრამ არავინ ნებდებოდა, დიდი და პატარა თავს იცავდა. სექტემბრის 29-ში, დილით გამოვუშვი ცოლ-შვილი, როდესაც სოხუმი აიღეს და მერე გამოვედი მე. ოჩამჩირემდე ფეხით მივედით, იქიდან ზუგდიდში ჩავედით, ბოლოს კი ფოთში აღმოვჩნდი ჩემს ოჯახთან, მეუღლესა და 2 ბავშვთან ერთად. 5 წელი სხვის სახლში ვიცხოვრეთ. ხომ იცით, ცხოვრება გრძელდება, ნელ-ნელა დავუბრუნდი ხატვას, რაც ყველაფერზე მეტად მსიამოვნებდა, პატარა სახლიც ვიყიდე, სახელოსნოც გავაკეთე. მაშინ ყველას გვიჭირდა, არც სამსახური იყო, არც შემოსავალი, მაგრამ იმ გაჭირვების წლებშიც არ დამინებებია თავი ხატვისთვის. ეს რომ არა, შეიძლებოდა, გული გამსკდომოდა. ცოტა სული მოვითქვი, ბევრი ნამუშევარი გავყიდე. დღემდე ოცამდე პერსონალური გამოფენა მქონდა, 2020 წელს შერვაშიძის პრემიის ლაურეატი გავხდი, მანამდე იყო თაბუკაშვილის პრემია, სერტიფიკატები. 68 წლის ვარ, მაგრამ დღესაც ვერ ვძლებ ხატვის გარეშე, განსაკუთრებით პეიზაჟების ხატვა მიყვარს. ახლა სახლში ასამდე ტილო მაქვს, მათ შორის აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრებიც, ბევრი ისეთიც, რაც არასდროს გამომიფენია.

270849707-4697016623746710-1670317063523593256-n-1649335725.jpg

- ალბათ ძალიან გენატრებათ თქვენი სოფელი, სახლი, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ…

- როგორ არ მენატრება. დედაჩემისა და მამაჩემის საფლავები იქ დავტოვე. ჩემი და აფხაზზეა გათხოვილი და მასთან და დისშვილებთან კომუნიკაცია მაქვს, ტელეფონით ვესაუბრები ხოლმე. ორივე სახლი განადგურებულია, სოფელშიც და სოხუმშიც, მაგრამ მაშინ მარტო მე არ მჭირდა ეს უბედურება და ალბათ ამან გაგვაძლებინა და გადაგვატანინა ყველას მომხდარი. ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით, ხვალინდელი დღის იმედით ვცოცხლობდით. ახლა რაც ხდება უკრაინაში, ამან კიდევ ერთხელ გაგვიახლა დავიწყებული ტკივილი. ვისაც ომი არ უნახავს, ის ვერ წარმოიდგენს, რა ხდება ახლა იქ. უდანაშაულო ხალხი ეწირება ომს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბავშვები მეცოდება. კაცი იარაღს რომ აიღებ ხელში, გააზრებული გაქვს, რომ ან შენ მოგკლავენ, ან შენ უნდა მოკლა. ეს თავდადებაა, მაგრამ ამდენმა ბავშვმა რა დააშავა, ან ქალმა, ან მოხუცმა…ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ვინც და სადაურიც უნდა იყოს ის.

უკრაინაში დაღუპული ბიჭებიდან ერთ-ერთი, დათო რატიანი, დრანდადან არის. ჩემი და დათოს სოფელი ერთმანეთისგან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ერთ ბატალიონში ვიყავით. მაშინ ახალგაზრდა იყო, ასე 22-23 წლის იქნებოდა. აფხაზეთის შემდეგ ავღანეთშიც წავიდა, ახლა - უკრაინაში. სისხლში ჰქონდა ბრძოლის სურვილი. რამხელა ნებისყოფა და თავდადება სჭირდება იმას, რომ წახვიდე და სხვის ქვეყანაში იბრძოლო, სხვისი თავისუფლებისთვის. არიან მებრძოლები, სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის, მაგრამ სხვის ქვეყანაში არ იბრძვიან. ამ ბიჭებს კი სურთ, მტრის ჯავრი იყარონ და იმიტომ ეხმარებიან უკრაინელებს, რაც ჩვენ გვჭირს, თქვენც რომ იგივე არ დაგემართოთო, მაგრამ ამას ყველა ვერ იგებს.

- ბევრი რამ გექნებათ გასახსენებელი ომის პერიოდიდან.

- კოდორის ხიდი გვყოფდა სოხუმთან. ღამე წავედით, თანასოფლელი დაიღუპა და უნდა წამოგვესვენებინა. გუშაგებმა გაგვაფრთხილეს, შეიძლება გზაში აფხაზები დაგხვდნენო. სულ ხუთნი ვიყავით, მე და ჩემს დისშვილს გვქონდა იარაღი. ხიდზე როგორც გადმოვედით, მართლაც გაგვიხსნეს ცეცხლი, ფეხში დავიჭერი მაშინ, მაგრამ გადავრჩი. წელიწადზე მეტხანს ლამის ტანზე არ გამიხდია, ტანსაცმლით ვიძინებდი, ასე იყვნენ ჩემი თანასოფლელებიც.

სოჭში ხელი რომ მოაწერეს შეთანხმებას, იარაღის ჩაბარება მოგვთხოვეს, მაგრამ ზოგმა არ ჩააბარა. კიდევ კარგი, რადგან საომარი მოქმედებები ისევ გაგრძელდა - იარაღი ჩაგვაბარებინეს და მეორე დღეს თავს დაგვესხნენ. ჩვენმა ბატალიონმაც არ ჩააბარა იარაღი, გარდა მძიმე ტექნიკისა. ტამიშში დესანტი რომ ჩამოსხეს, მაშინ ბევრი თანასოფლელი დაიღუპა. ჩემი მეგობრის, ბიჭიკო ჯაფარიძის შვილი ყოფილა შრომაში და მოუკლავთ ის ბიჭი, მე არ ვიცნობდი ოღონდ. სოხუმში დაგვხვდა მამამისი. ვერ ვუთხარი, შვილი აღარ გყავს-მეთქი. მშვიდობიან დროს გადმოასვენა მერე.

ერთხელ, 27 ივლისის შეთანხმება რომ მოხდა, სოფლიდან ოჩამჩირეში წავედით ბიჭები. ცენტრალურ ტრასაზე აფხაზური სოფლის ახალგაზრდები გამოსულიყვნენ. ბევრს ვიცნობდი, რადგან სადაც ვმუშაობდი, იმ ორგანიზაციაში მუშაობდა 5000 კაცი და უმეტესობა აფხაზები იყვნენ. კარგა ხანს ვილაპარაკეთ და ბოლოს სიცილით გვითხრეს, ნეტავ, რატომ ვმტრობთ ერთმანეთსო. გავიხსენეთ ძველი ამბები და ისე დავშორდით, ვითომ არაფერი მომხდარიყოს ჩვენ შორის. არ გასულა ერთი კვირა და ისევ თავს დაგვესხნენ.

276319802-4960853684029668-9024334726676393665-n-copy-1649335712.jpg

- როგორც ვიცი, არაერთი მებრძოლიც გადაგირჩენიათ.

- დილის შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც აფეთქების ხმამ გამომაღვიძა. კინდღი იმ დღეებში ყოველი მხრიდან ჩაკეტილი იყო. სანაპიროდან მოშორებით რუსეთის სადესანტო გემი იდგა და სოფლის ტერიტორიებს დროგამოშვებით ბომბავდა. ჩემს სახლთან ახლოს სარკინიგზო გზა გადიოდა, სადაც კინდღელი მებრძოლები გამაგრებულიყვნენ, მთელ სანაპირო ზოლზე. ჯონი ახვლედიანის თქმით, ზუსტად იქიდან მოისმოდა ძლიერი აფეთქების ხმა და მეც სამედიცინო ჩანთითა და ავტომატით იქითკენ გავიქეცი. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, კბილებამდე შეიარაღებული რუსი მედესანტეები წინ მოიწევდნენ, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილების ხელში ჩაგდება, მაგრამ კინდღელები არ თმობდნენ პოზიციებს. ჭურვის ნამსხვრევებისგან დაცხრილული ბიჭები მძიმე მდგომარეობაში დამხვდნენ. რამდენიმე ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. ამიტომ გადავწყვიტე, სასწრაფოდ გადამეყვანა ისინი გულრიფშის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაგრამ გზები ჩაკეტილი ჰქონდათ რუსებს და აფხაზური მხარის დაქირავებულ "ბოევიკებს" დაჭრილი ბიჭების ზღვით გადაყვანა ვთხოვე. ერთ კინდღელ ბიჭთან ერთად დაჭრილები ნავში ჩავაწვინე და გულრიფშის საავადმყოფოს მიმართულებით გავცურეთ. მთელი გზა ვლოცულობდი, ღმერთს ვევედრებოდი, გადაერჩინა სასიკვდილოდ დაჭრილი ქართველი მეომრები. ყველა გადარჩა, ერთის გარდა...

ომზე დიდი უბედურება არ არსებობს. ამიტომაც, მინდა მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას; მინდა, ომი აღარასდროს განმეორდეს და ჩემი საქართველო ერთიანი იყოს. მე თუ ვერ დავბრუნდები აფხაზეთში, მჯერა, ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან, ამის იმედი მაქვს!

ნინო ჯავახიშვილი