"ვისაც უნდა, გამოცადოს თავი ექსტრემალურ პირობებში..." - გზაპრესი

"ვისაც უნდა, გამოცადოს თავი ექსტრემალურ პირობებში..."

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ უფრო მეტს ვმსჯელობთ იმის შესახებ, უნდა აღდგეს თუ არა სკოლებში სამხედრო სწავლება, რატომ არის მნიშვნელოვანი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ წარმოდგენა, რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის შეიარაღებული ძალები და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს კრიზისულ სიტუაციებში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა დააარსეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი". მათი მიზანი - ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია იყო. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ტუშური გვესაუბრება.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსგავს კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო საზოგადოებას შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ასეთი ორგანიზაციის შექმნის საჭიროება დაინახეს. გადაწყდა, შექმნილიყო ბაზა, სადაც ახალგაზრდები ისწავლიდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციებში, რა უნდა გააკეთონ საკუთარი თავისა თუ სხვების გადასარჩენად. შემოვიკრიბეთ ყოფილი სამხედრო ინსტრუქტორები, სხვადასხვა პროფესიული უნარის მქონე ადამიანები და სასწავლო (საბაზისო) სამხედრო და სალაშქრო მომზადების კურსი შევქმენით, რომელიც მას შემდეგ ყოველწლიურად იხვეწება. ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვითი საკითხების პოპულარიზაციით გვინდა, ხელი შევუწყოთ ქვეყნისთვის ღირსეული, ერთგული, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ადამიანების ჩამოყალიბებას. რამდენიმეთვიანი კურსის ფარგლებში ორგანიზაცია სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს საბაზისო სამხედრო და სალაშქრო საქმის სპეფიციკის შესწავლას. სწავლობენ ნავიგაციას, ტოპოგრაფიის საფუძვლებს (რუკის კითხვა), ადგილზე ორიენტირებას, თვითგადარჩენის საშუალებებს, პირველად სამედიცინო დახმარებას, შეიარაღების ნომენკლატურას, სალაშქრო აღჭურვილობის სპეციფიკას, საბანაკე ადგილის შერჩევას და ა.შ. კურსის გავლის შემდეგ მონაწილე ავტომატურად ხდება ორგანიზაციის წევრი და შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ჩვენ მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში, იქნება ეს სამოყვარულო ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, საფეხმავლო ბილიკებზე ლაშქრობა თუ ეკოსაგანმანათლებლო/დასუფთავების აქციების ორგანიზება.

პატრიოტიზმსა და ენთუზიაზმზე დაფუძნებული ეს საქმე საკუთარი სახსრებით წამოვიწყეთ, რადგან ორგანიზაცია მოხალისეობრივ შემოწირულობაზე არსებობს, 5 ლარია საწევრო და ესეც ნებაყოფლობითია. ამიტომ ამ საქმიანობის მასშტაბების გაზრდა ჭირს. ყველას გვაქვს სამსახური, გვყავს ოჯახი და ვცდილობთ, ის დრო, რაც სამსახურის შემდეგ გვრჩება, ამ საქმის განვითარებას მოვახმაროთ.

ომს ქვეყანა და საზოგადოება იგებს, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო შუამავლის ფუნქცია მოქალაქეებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის. ვფიქრობ, ჩანაფიქრი გამოგვივიდა. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, ორმხრივი შეხვედრა, სწავლება და კონსულტაცია. მემორანდუმი გაფორმდა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთანაც.

- თუ ამხელა დაინტერესებაა, მაშინ რატომ არ იგეგმება სკოლებში სამხედრო სწავლების აღდგენა, ამის აუცილებლობაზე დღეს ხშირად მიანიშნებენ.

- ეს კითხვები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ვიდრე პასუხებს ვიპოვით, ჯობს, რაც გასაკეთებელია, გავაკეთოთ. სკოლის მოსწავლეებს რაკი არა აქვთ წვდომა ასეთ ინფორმაციაზე, დაარსდა ლეგიონი, რომელიც ცოდნას აძლევს ამ მიმართულებით. 18 წლის ზემოთ მყოფებს კი ჩვენ ვაწვდით ამ ცოდნას. თუ ვიტყვით, რომ არაფერი კეთდება და არაფერი გვეშველება, ამით რა შეიცვლება? ამიტომ სჯობს, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ და ყველამ პატარა წვლილი შევიტანოთ.

- სხვა ქვეყნების გამოცდილება როგორია?

- სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში, როგორც ვიცი, პირველი კლასიდანვე იწყება სხვადასხვა ტიპის პატრიოტული აქტივობები, რაც სწავლებაში გადადის.

275880678-4556105127827881-3104836048509891681-n-1649336636.jpg

- გოგონები თუ ინტერესდებიან და საერთოდ, ვის შეუძლია გახდეს ამ კურსის მონაწილე?

- მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს 18 წლიდან, ვისაც უნდა, გამოცადოს თავი ექსტრემალურ პირობებში; ისწავლოს ან გაიღრმავოს ცოდნა სამხედრო და სალაშქრო საქმეში; რაიმე მიზეზით ვერ მიდის ჯარში, მაგრამ უყვარს სამხედრო სფერო და სურს ისწავლოს ელემენტარული უნარ-ჩვევები საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის დასაცავად; ასევე, ვისაც სურს შეიძინოს ბევრი თანამოაზრე, მეგობარი, სამომავლოდ მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სასარგებლო ღონისძიებებში. უნდა შეავსოთ ჩვენი ანკეტა და ჩაეწეროთ კურსზე, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე ფიზიკურ აქტივობებს. კურსანტები მოისმენენ თეორიულ ლექციებს და შემდეგ ველზე, პრაქტიკაში გაივლიან ნასწავლს. კურსი გრძელდება 8 კვირა. უნდა იცოდნენ, რომ საბაზისო კურსის გავლისას მოუწევთ კილომეტრების დაფარვა სხვადასხვა სირთულისა და ტიპის რელიეფზე, ახალი ადგილების ნახვა, უამრავი აზიდვის გაკეთება, ბევრ სახალისო შეჯიბრებაში მონაწილეობა, ღამის პირობებში გადაადგილება, წინაღობების ხაზის დაძლევა, სანგრის გათხრა, კლდეზე ცოცვა და მრავალი სხვა თავგადასავალი. ასაკის ზედა ზღვარი 40 წელია.

რა თქმა უნდა, გოგონებიც არიან მსურველთა შორის და ვერ ვიტყვი, ბიჭებზე უარესად გადიან-მეთქი. ზოგჯერ გოგონები უფრო ამტანები არიან, ვიდრე ბიჭები, უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია აქვთ, რასაც ძალიან ვაფასებთ. მთავარია, ადამიანს მონდომება და სურვილი ჰქონდეს, თავისი ცოდნითა და აქტივობით დაეხმაროს თავის ქვეყანას.

- კურსანტები ხიფათისგან დაზღვეულები არიან?

- რისკი ყველგანაა, არავინ იცის, როდის რა შეიძლება მოხდეს. საბაზისო სამხედრო მომზადებისას არ გაქვს ასაფეთქებელ ნივთიერებებთან, საბრძოლო მასალასთან შეხება. აქ საუბარია ჯარისკაცის დისციპლინაზე, რაც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს...

სასწავლო პროგრამის ბოლოს თეორიული ტესტირება და 2-დღიანი საველე გამოცდა ტარდება. გამოცდაზე ვამოწმებთ კურსანტების ფიზიკურ გამძლეობას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას. 2 დღის განმავლობაში შეზღუდული კვების, ხანმოკლე ძილისა და უკიდურესად დამღლელი ფიზიკური ვარჯიშების ფონზე უწევთ გარკვეული დავალებების შესრულება. აღნიშნული გამოცდა მიმსგავსებულია სამხედრო სასწავლებლებში არსებულ საბოლოო ტესტს, თუმცა, როგორც სირთულით, ისე ხანგრძლივობითა და ლოჯისტიკურადაც, მორგებულია სამოქალაქო პირების შესაძლებლობებს. თუმცა, წინა კურსზე 45 მონაწილიდან მხოლოდ რვამ ჩააბარა გამოცდა. ალბათ ეს რიცხვიც მეტყველებს იმაზე, თუ რა დამღლელი და რთულია ეს 2 დღე. ამ გასვლების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას არ ვავრცელებთ, რადგან გვსურს, მომავალ კურსანტებს სიურპრიზის ეფექტი არ დავუკარგოთ. აღნიშნული გამოცდის გავლა-არგავლით არ განისაზღვრება კურსანტების ორგანიზაციაში მიღება. ვინც კურსი დაასრულა და თეორიული ტესტი ჩააბარა, ისინი ავტომატურად ხდებიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები, უბრალოდ, ეს 2-დღიანი გამოცდა დამატებითი ბონუსი და ინდიკატორია კონკრეტული კურსანტის ფიზიკურ-მენტალური შესაძლებლობებისა და მოტივაციის განსაზღვრაში. სწორედ ამ გამოცდაგავლილებს ექნებათ სამომავლოდ პრიორიტეტი სამეთაურო რგოლში და სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის კუთხით, თუმცა ამ მიმართულებებზეც ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრებისთვისაც მუდმივად ღიაა კარი.

- გარდა იმისა, რის შესახებაც ვისაუბრეთ, თქვენთან ახალგაზრდები ბუნების სიყვარულსაც სწავლობენ.

- ჩვენი ორგანიზაციის წევრები ხშირად დადიან თბილისის გარშემო ლაშქრობებზე და სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშზე, ეს იქნება ველოსიპედი, სირბილი თუ სხვა. სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით დანაგვიანების ფაქტს. ტყეში დაგდებულ ბოთლს და პარკს რომ თავი დავანებოთ, მთელი მანქანა სამშენებლო თუ ოჯახიდან გამოტანილი შერეული ნარჩენებით არის ხოლმე ჩაცლილი ყველაზე ლამაზ ადგილებში, ტყეებსა და ხევებში. ერთია, რომ საზოგადოება კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი მსგავსი საქციელის მიმართ და ბუნების დაბინძურება უკიდურეს მდაბიოობად მიიჩნეოდეს, მაგრამ ვფიქრობთ, აქტიური მოქალაქის ვალი მხოლოდ კრიტიკა კი არა, გამოსავლის ძიებაც უნდა იყოს. ამ ნაახალწლევს კიდევ ერთი დაბინძურებული ხევი აღმოვაჩინეთ - გზის გაყოლებაზე 50-50 მეტრის დაშორებით 3 ადგილას, ციცაბო ხევში უამრავი ნარჩენი დაგვხვდა. შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, ჩვენი საამაყო ახალგაზრდები და სამივე ადგილს საწყისი სახე, პირვანდელი სილამაზე დაუბრუნეს, ბონუსად დაბინძურების ადგილამდე მიმავალი გრუნტის გზის პერიმეტრიც დაასუფთავეს.

კურსანტებს ვაცნობთ თბილისის გარშემო გავრცელებული სხვადასხვა ხის ჯიშებსაც, რათა პრაქტიკული დავალების შესრულებისას შემთხვევით არ მოჭრან რომელიმე. შეშად ვიყენებთ მხოლოდ გამხმარ ხეებს, ხოლო სოლებისა და სხვა მსგავსი პატარა ხის ნაკეთობების გამოსათლელად - ძეძვის ბუჩქს. ჩვენ ვუფრთხილდებით ბუნებას და ხშირად ვსაუბრობთ "ბუნებაში ქცევის ეთიკაზე".

ნინო ჯავახიშვილი