უკრაინის ომს შეწირული ქართველი მეომრების ამბავი - გზაპრესი

უკრაინის ომს შეწირული ქართველი მეომრების ამბავი

ერთ თვეზე მეტია, თითქმის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს რუსული არმიის არაადამიანურ ქმედებებს უკრაინაში... ხელებშეკრული და დახვრეტილი ქალები, ბავშვები, მოხუცები, ძალადობა არასრულწლოვნებზე, დახოცილი ტყვეები, მშვიდობიანი ადამიანების ცხედრები ქუჩებში, პურის რიგში დახვრეტილი ადგილობრივები; ველოსიპედით, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას ჩაცხრილულები, ხშირად - მთელი ოჯახი - ეს არ არის იმ დანაშაულების სრული ჩამონათვალი, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფი უკრაინის ქალაქებში სჩადიოდა. საერთაშორისო საზოგადოება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხი იმედს არ კარგავს, რომ დამნაშავეები აუცილებლად გასამართლდებიან.

გასულ კვირას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი შეეწირა უკრაინაში გაჩაღებულ ომს. ისევ გლოვობს საქართველო, ისევ საუბრობენ ქართველი ბიჭების საოცარ გმირობაზე. სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომში, ბრძოლის ველზე 6 ქართველი დაიღუპა: დავით გობეჯიშვილი, დავით რატიანი, გიორგი ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა.

როგორც სხვა გარდაცვლილ ქართველებს, ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილს კიევში, ეკლესიაში გამოეთხოვნენ თანამებრძოლები, ამის შემდეგ გადმოასვენეს სამშობლოში მათი ცხედრები.

ბიჭები მოხალისედ იყვნენ ჩასულები უკრაინაში. ამბობდნენ, რომ თავისი სამშობლოს მტერს უპირისპირდებოდნენ. 49 წლის დავით მენაბდიშვილი გამოცდილი სამხედრო იყო, ყოფილი სპეცრაზმელი, შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, თურმე 2014 წელსაც უკრაინაში იყო. მებრძოლების თქმით, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის პარტიზანული ბრძოლის, ამიტომ სულ ცდილობდა ახალბედა ჯარისკაცები ახლოს ჰყოლოდა, ისინი დაეცვა და მათთვის თავისი გამოცდილებაც გაეზიარებინა. მისმა თანამებრძოლებმა სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ვიდეოც გაავრცელეს, სადაც კარგად ჩანს, როგორ დგას წინა ხაზზე დათო, მტერი კი თითქმის 300 მეტრშია. კარპატსკი სიჩის ბატალიონის ქართულ დანაყოფში იბრძოდა, მათი მეთაური გამოცდილი მებრძოლი გოჩა ხორავაა. როგორც სიკვდილს გადარჩენილები ამბობენ, მეომრებმა მოახერხეს პოზიციები შეენარჩუნებინათ და მტერს უკან დაეხია, მაგრამ როგორც ჩანს, მათ დააფიქსირეს, თუ სად ჰქონდათ სანგრები მებრძოლებს, ინფორმაცია რუსულ არტილერიას გადასცა და სწორედ ის ადგილები დაიბომბა. ამ ფაქტს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 5 ჯარისკაცი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, მათ კანტუზია აქვთ. როგორც ამბობენ, ერთის მდგომარეობა რთული იყო, მაგრამ უკვე არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დავით მენაბდიშვილი რუსთავში ცხოვრობდა. ორი შვილის მამაა. ემიგრაციაში იყო მისი მეუღლე შვილებთან ერთად, იტალიაში შეიტყო ეს უმძიმესი ამბავი. ომში წასულ შვილს სახლში დედა ელოდა, რომელიც თურმე სულ ურეკავდა ფრონტის წინა ხაზზე მყოფ შვილს; ბიჭი ამხნევებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. "ბოლოს 2 დღის წინ ვესაუბრე. მითხრა, ძალიან რთული სიტუაციაა, აქაურობა იბომბება, არ ვიცი რა იქნება, ტელეფონი მიჯდება, წავედი ახლაო, ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მერე დამირეკეს და გავიგე, რომ აღარ იყო ამქვეყნად", - ამბობს დავით მენაბდიშვილის შვილი.

bax-1650271222.jpg

გიორგი გოგოტიშვილი, თანამებრძოლი:

- უკრაინაში არსებულ ვითარებას შორიდან ვერ ვუყურებდით და წავედით. ჩემთან ერთად მოდიოდა დათო, გზაში გავიცანი. გულანთებული, ნამდვილი მეომარი იყო. კიევში ჩავედით, ვანო ნადირაძის ჯგუფში. ერთი თვე იქ ვიყავით. რამდენიმე სპეცოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა, მერე დათო თავის ძველ თანამებრძოლთან, გოჩა ხორავასთან წავიდა. სულ ორი დღის გადასული იყო იქ, როცა ეს საშინელი ამბავი დატრიალდა. 2014 წელსაც გოჩა ხორავასთან ერთად იბრძოდა, პარტიზანულად ომობდნენ. ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. სულით მებრძოლი იყო. ძალიან განვიცდით მის გარდაცვალებას.

21 წლის ნიკა შანავა თავის ძმასთან, ლუკასთან ერთად უკრაინაში მოხალისედ სამი კვირის წინ ჩავიდა. საარტილერიო დაბომბვის დროს ლუკა ნიკასგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა. ის სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა კანტუზია აქვს მიღებული.

სალომე ვეფხვაძე, ნიკა შანავას მამიდაშვილი:

- ძალიან მძიმე დღეებია ჩვენთვის. განადგურებულები ვართ. ერთი თვეა ნიკა და ლუკა უკრაინაში წავიდნენ. მშობლები ფაქტის წინაშე დააყენეს - წინადღეს უთხრეს, ხვალ საომრად მივდივართო. იცოდნენ, რომ ეს ომი საქართველოსთვის, აფხაზეთისა და ოსეთისთვის არის. ნიკა მუხროვანში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო, ლუკა ვაზიანის ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტით მსახურობდა. უკრაინაში სატელეფონო კონტაქტიც ჭირდა, ძირითადად მამას და ძმას ეკონტაქტებოდნენ. მხოლოდ იმას ამბობდნენ, ნუ გეშინიათ, კარგად ვართო. ბიძაჩემი და დედაჩემი გალში არიან დაბადებული, ბავშვობა იქ გაატარეს. ჩემი ბიძაშვილები კი თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ვარკეთილში ცხოვრობენ. ბაბუა და ბიძაჩემი, ნიკას მამა აფხაზეთის ომში იბრძოდნენ. ორივე ძმა მებრძოლი სულის ბიჭები არიან. სპორტსმენები, ფიზიკურად მომზადებულები. ერთი წელია ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა, სულ ერთად მოდიან. 7 წლიდან ნიკა სპორტს მისდევდა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონია, არაერთი ტურნირი აქვს მოგებული. ლუკაც სპორტსმენია, ისიც მოჭიდავე, წარმატებულები იყვნენ, ძალიან ერთნაირები. იყო ტურნირები, როცა ძმები პირველობისთვის ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ. ბავშვობიდან ერთად იძინებდნენ და ერთად იღვიძებდნენ, ერთმანეთის გარეშე ვერც ძლებდნენ. ომში წასვლის სურვილი ერთმა რომ გამოთქვა, მეორემ მარტო არ გაუშვა. ძმები ერთ ბატალიონში რომ მოხვდნენ, ეს არ შეიძლება, ცალ-ცალკე ჰყავთ, რამე თუ მოხდა, ერთი მაინც რომ გადარჩეს, მაგრამ მათ ვერ დატოვეს ერთმანეთი და ხელმძღვანელობას ძალიან სთხოვეს, ერთად ვიომებთო. დართეს ნება. ალბათ ტელევიზორში მოისმინეთ, როგორი სიყვარულით ჰყვებიან მათი თანამებრძოლები ნიკაზე. სირენის ხმა რომ ჩაირთო, ყველანი გავრბოდით, ნიკა კი ლუკას გასაღვიძებლად მირბოდაო. მართლა საოცარი ძმობა ჰქონდათ. უერთმანეთოდ წარმოუდგენელია ისინი. ლუკა ახლა მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მის თვალწინ გარდაიცვალა ნიკა, რომელიც 21 წლის იყო, ლუკა - 20-ისაა, კანტუზია მიიღო. 6 დედმამიშვილი არიან, 5 ძმა და ერთი და. ნიკა რომ გამოგვაკლდა, ეს უდიდესი ტკივილია. შეყვარებული ჰყავდა, დაოჯახებას გეგმავდა, ბევრი განუხორციელებელი ოცნება დარჩა. ძალიან გვტკივა, სიტყვები არ მყოფნის.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. თანამებრძოლი ბიჭები აზიარებენ ნიკას სიმღერას, როცა ის ავტობუსით საომრად მიდიოდა, გზაზე თურმე, ძალიან აქტიურობდა და მღეროდა. გულანთებულ ბიჭებს სჯეროდათ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, სამწუხაროდ, აგრესორის ქმედებას ნიკა და დავითი შეეწირნენ. ამ დრომდე უკრაინაში რჩება კიდევ ერთი ქართველის, აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის, გამოცდილი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ცხედარი. ბახვა 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. სამწუხაროდ, მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ყველაზე ცხელ წერტილში მოკლეს, სადაც ამჟამადაც მძიმე ბრძოლები მიდის. როგორც ამბობენ, მისი ცხედრის ადგილსამყოფელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. ბახვა ჩიქობავა სენაკელია. ჰყავს მეუღლე, შვილები და დედა. 54 წლის იყო. პროფესიონალი მეომარი, დიდი გამოცდილებით ქალაქის ბრძოლებში. 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამდე, ის სამხედრო ინსტრუქტორი იყო. ძირითადად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში შექმნილი "აზოვის ბატალიონის" ახალბედა წევრებს წვრთნიდა. ბახვა ჩიქობავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს, სპეცრაზმის უფროსი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წელს ჩიქობავა ქვეყნიდან წავიდა. ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას მამიდაშვილია: "მე რომ ჩამოვიდე?.. ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?.. ან კი დარჩა რაიმე ამდენი ხნის შემდეგ?.. გამოიტანეთ მარიუპოლიდან?.. უპატრონეთ?.. საერთოდ, იცის ვინმემ, სად არის?.. მოკლედ, არსებობს ვინმე სულიერი, ვინც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ექსპერტიზის შემდეგ, ბახვას ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მივაბარებთ თავის მამიკოს, ძმას, წინაპრებს?.. რომ მამიდაჩემი სანთელს დაანთებს თავისი საამაყო შვილის საფლავზე?.. არსებობს ვინმე ღვთისნიერი?" - დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერიამ. მან თავის მამიდაშვილს კიდევ ასეთი სტატუსი მიუძღვნა:

"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი. მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირი. 54 წელი შენთან ერთად... დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს, - გაგაქავ... დამთავრებული შენი ბოლო წერილით... უამრავი სიხარულით და ბედნიერებით... ჩემზე და ჩემს შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობას-მეთქი და... ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში... როგორც ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან. რა საშინელო ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და... ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი... რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი... იქნებ... მამიდა ამბობს, დაველოდებიო... მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს... არ ვიცი... რეალობას მოვწყდი".

rat-1650271305.jpg

26 მარტს სამხედრო პატივით დაკრძალეს თბილისში უკრაინიდან ჩამოსვენებული ორი ქართველი ვაჟკაცი: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი ირპენთან ბრძოლაში, სამხედრო ოპერაციიდან გამოსვლისას დაიღუპნენ.

"ირპენში წინა ფრონტზე იბრძოდა. დედა ესაუბრებოდა ხოლმე ტელეფონით და ამბობდა, აქ იმდენ ბავშვს ხოცავენ და ისე იმეტებენ მშვიდობიან მოსახლეობას, სანამ ჩემს მისიას არ დავასრულებ, არ წამოვალ, არ დავიხევ უკანო. ომის დაწყებიდან ბოლო დღემდე წინა ხაზზე იდგა. ბოლოს ტრაგედიამდე 2 დღის წინ ვესაუბრეთ. ყველაფერი კარგად არისო, დაამშვიდა დედა. დათოს ვინც იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ის ძალიან მეგობრული, ერთგული, კეთილშობილი, უბოროტო, უვაჟკაცესი და პატრიოტი იყო. როგორც კი ომი დაიწყო, მაშინვე წავიდა, მანამდე სპეცრაზმში მსახურობდა", - ამბობს ნათესავი ანა ქურდიანი.

53 წლის დავით რატიანს დედა, მეუღლე და 4 შვილი დარჩა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. აფხაზეთიდან დევნილი იყო. ქართული შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ყოფილი წევრი. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა "ფეისბუკ"-გვერდზე დაწერა, რომ ის დაღუპულ ქართველ მოხალისეებთან ერთად იყო ოცეულში. "დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა... დათომ თან წაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ტყვიამფრქვევიდან ისროდა. იცხოვრა გმირულად და გმირულად დაიღუპა: ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი დაზიანებული ჰქონდა, პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზე გარდაიცვალა. ის იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი... ამ დღიდან ყოველ წუთს მინდა დათო შენგან გავიგო: "ალექს, ავტომატი გაწმინდე?", "ალექს, სროლისას დაღუპულ ქალზე წერენ, შვიდი შვილის დედაზე, წაიკითხე?", "ალექს, არის რაიმე სიახლე, როდის გავდივართ?"... ბოლომდე ერთად ვიყავით. მტერმა ჩვენი ალყაში მოქცევა სცადა; ნაღმმა, რომელმაც ის მოკლა, მეორე ჯარისკაცი, რომელიც მას ზურგით გამოჰყავდა, კონტუზიაში ჩააგდო, მე კი ამცდა. როცა დაღუპულები გამოგვყავდა, ნაღმების წვიმა დაგვატეხეს თავს. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი იმ ტყიდან გამოვიყვანეთ, სადაც დაიღუპნენ. მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ არსებობდი", - წერს იგი.

რაც შეეხება გიორგი ბერიაშვილს, ისიც გამოცდილი მებრძოლი გახლდათ. წლების წინ მუხროვანის ბრიგადაში მსახურობდა, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. ადრე შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ბოლოს თურმე ევროპაში გახლდათ, მაგრამ როგორც კი გაიგო უკრაინის ამბები, საომრად წავიდა. მეტსახელად ყველა ბეროს ეძახდა. "საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. არ გამკვირვებია, რომ უკრაინაში, მისი სურვილით, მოხალისედ წავიდა. ძალიან ვაჟკაცი იყო. ყოველთვის იქ იდგა, სადაც მის ქვეყანას სჭირდებოდა. 2008 წლის ომშიც იბრძოდა. ძალიან განიცდიდა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. უკრაინიდან ჩვენს ერთ მეგობარს ელაპარაკა და უთხრა, რომ სოხუმში მალე დავბრუნდებოდითო. ანუ მას სწამდა, რომ უკრაინაში გამარჯვება, სოხუმთან გვაახლოებდა. ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც არ უყვარდა. ღირსეული ადამიანი იყო, სიკეთით სავსე, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ადამიანები უყვარდა, რაც ასე გვაკლია დღეს. ერთგული კაცი იყო, რომელთან ერთად საქმის კეთებაც უხაროდა და უყვარდა ყველას. წარმოუდგენელი ტრაგედიაა ყველასთვის. ამ ბიჭებმა კიდევ ერთხელ ყველას გაგვახსენეს, რომ ეს ომი ჩვენიცაა! დიდება გმირებს", - გვითხრა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი ბერიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთიდან იყო. იქ ცხოვრობენ მისი ძმები. თავად გიორგი ოჯახთან ერთად თბილისში, თემქაზე ცხოვრობდა. როგორც დაბა კაზრეთში მერის წარმომადგენელმა დავით ჯაყელმა გვითხრა: "გია საოცრად კარგი ადამიანი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი. უზომოდ შეყვარებული საქართველოზე, თავის კუთხეზე. ყველანაირად დადებითი პიროვნება... სულ პოლიციაში მუშაობდა, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, მერე თავდაცვაშიც მუშაობდა... ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას. კარგი ბიჭი დავკარგეთ".

26 მარტს ირპენთან ბრძოლის დროს, საარტილერიო დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. "გარდაგვეცვალა დათო გობეჯიშვილი, სოხუმელი, ჩამბელი, მეომარი ბიჭი, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის. საოცრად კარგი ადამიანი. რამდენიმე დღის ჩამოსული იყო და საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მართლა გმირი იყო, ჩემი უახლოესი ძმა და მეგობარი. რა ვთქვა, არ ვიცი, შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ უკრაინაში. გადმოსვენებულია ბრძოლის ველიდან, ირპენში საარტირელიო ჭურვს შეეწირა. დათო დაოჯახებული იყო, ნათელში იყოს მისი სული", - გვითხრა მებრძოლმა ზაალ ლატარიამ.

shan-1650271471.jpg

დათო გობეჯიშვილი ბაღდათში ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად. ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს და უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას. "დათო იბრძოდა აფხაზეთის ომში, ყველგან არის ნაომარი, ამერიკაში აპირებდა წასვლას და რომ გაიგო, უკრაინაში ომი დაიწყო, იქ წავიდა. პოლონეთიდან 5 დღის ჩასული იყო უკრაინაში. სულ ამბობდა, უნდა წავიდე, მაინცდამაინც ჩვენს შვილებთან უნდა მოვიდეს მტერიო? შვილებს, რომლებიც ღელავდნენ, ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად არის, არ შეგარცხვენთო. სამწუხაროდ, მშობლიურ კუთხეში, აფხაზეთში დაბრუნებას ვერ მოესწრო", - ამბობს მისი ახლობელი.

ომის პირველ დღეებში კი ხარკოვში, ოკუპანტის ნასროლ ტყვიას კიდევ ერთი ქართველი, 50 წლის ვალერი ჯიჩოშვილის სიცოცხლე შეეწირა. ის ქარელის სოფელ ბრეძიდან იყო, ბოლო წლები კი ხარკოვში ცხოვრობდა. პირველივე დღეს მოკლეს სახლთან ახლოს. "ხარკოვში, საკუთარი ბინიდან გამოსვლისთანავე ოკუპანტის ტყვიას შეეწირა საუკეთესო ქართველი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვალერი ჯიჩოშვილი! მისი ბოლო სიტყვები იყო, მუცლის არეში ვარ დაჭრილი და ქუჩაში ვაგდივარო. ყველამ ერთმანეთს გადავურეკეთ, მაგრამ დახმარება ვერ შევძელით", - ამბობს ელისო კოღუა. "ყველაზე უბოროტო, კეთილი, სულ მოცინარი, კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, ჩემი ნიკას ნათლია... წარსულში როგორ მოგიხსენიო, ვალერი?! პირველივე დღიდან ჩაეწერე მოხალისე მეომართა რიგებში და რამდენიმე საათის წინ შეიწირა შენი სიცოცხლე პუტინმა ხარკოვში. ვალე, ყველას მაგრად დაგვწყვიტე გული, მეგობარო, ნათელში ამყოფოს შენი უბოროტო სული უფალმა", - დაწერა სოციალური ქსელში კიდევ ერთმა მისმა ახლობელმა. ვალერის ძმა და ძმისშვილები უკრაინაში ცხოვრობენ, მეუღლე უკრაინელი ჰყავდა, ის სამშობლოში არ ჩამოუსვენებიათ, ხარკოვში დაკრძალეს.

ჟურნალი "გზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ვაჟკაცი მეომრების გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას.

თეა ხურცილავა