"ბარბაროსები ბარბაროსულად მოქმედებენ" - გზაპრესი

"ბარბაროსები ბარბაროსულად მოქმედებენ"

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აზოვის" ბატალიონზე დაყრდნობით უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" ავრცელებს. ცნობისთვის: ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული "ქიმიური იარაღის კონვენციის" საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას რუსეთის ფედერაციაც აწერს ხელს.

ეს ერთადერთი შეთანხმება არ არის, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა და შემდეგ დაარღვია. თუ ამ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსი პოლიტიკური ლიდერებისთვის სიტყვის გატეხა, ღალატი, სიცრუის დეკლარირება, ჩვეულებრივი ამბავია. საერთაშორისო საზოგადოებისგან "პოლიტიკურ ხულიგნად" წოდებულმა რუსეთმა დღეს უკრაინის ომში განსაკუთრებული სისასტიკითაც გამოიჩინა თავი. ამ ერის სინდისზეა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა.

რითია განპირობებული რუსი ჯარისკაცების არნახული სისასტიკე, როგორია რუსეთის სახელმწიფოს იმპერიალისტური ბუნება და როგორი იქნება ამ იმპერიის კანონზომიერი დასასრული - ამის შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე გვესაუბრება.

- არ მიკვირს მე რუსი სამხედროების ამგვარი ბარბაროსობა - გენერალიტეტის მიერ მათ დასახული აქვთ მიზანი და ისინიც მაქსიმალურად ზედმიწევნით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას, ისევე, როგორც ასრულებდნენ 1924, 1956 წლებში, ისევე, როგორ შეასრულეს 1989 წლის 9 აპრილს... აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ბატონი ბლინკენი ახლა მიხვდა, რომ რუსეთის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ჩვენ ხომ ამის შესახებ უკვე ორი საუკუნეა, ვიცით. დღეს რუსეთი ძალზე გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და უკრაინა რამდენიმე დღეში ვერ დაიმორჩილა ამ ხალხის უძლიერესი წინააღმდეგობის წყალობით. ბარბაროსებმა ბარბაროსობა ჩაიდინეს - რა არის ამაში გასაკვირი?! გაბრაზებული კაცის პოზიციიდან არ ვსაუბრობ, ისტორიული წყაროებით, ფაქტებითა და დოკუმენტებით შემიძლია იმის დადასტურება, რომ რუსები ბარბაროსები არიან. რუსები სხვაგან და სხვა დროსაც ასე იქცეოდნენ, როგორც ახლა უკრაინაში იქცევიან. რუსები ბარბაროსულად მოქმედებდნენ გასულ საუკუნეში, 1801-1802 წლებში, როდესაც ჩვენ თავად მოვიპატიჟეთ საკუთარ ქვეყანაში. რუსი გენერალი ლაზარევი მთავარმართებლისადმი გაგზავნილ მოხსენებაში რუს ჯარისკაცებზე ასეთ რამეს წერს: ესენი რომ დათვრებიან, შეცვივდებიან ოჯახებში, ქალებს ქმრების თვალწინ აუპატიურებენ, იქეიფებენ და მერე იმავე ქვევრებში მოისაქმებენ, საიდანაც ღვინოს სვამდნენო. ისტორიულ წიაღსვლებში რომ არ წავიდეთ, 9 აპრილი გავიხსენოთ: ვინ იყვნენ უმთავრესად დაღუპულები?.. პატარა გოგონები! მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორლესული ნიჩბებით დაარბიეს, 19 დაღუპულიდან 17 გოგონაა. დავფიქრდეთ, რა მოხდა! მშვიდობიანი, მოშიმშილე პატარა გოგონები - სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ისე დაჩეხეს, ფეხზე ადგომაც ვერ მოასწრეს. ამ ერისგან ნუთუ რამე უნდა გაგვიკვირდეს?!

- როგორია რუსი ერის გენეტიკური მახასიათებელი? ერთია იმპერიის სათავეში მყოფი ლიდერის ზრახვები და სურვილები, ეს გასაგებია, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მეზობელი ერების დაპყრობა, დამონება?

- რუსი ჯარისკაცი, განსაკუთრებით პეტრე პირველის შემდეგ, ხასიათდება როგორც გენერლის ბრძანების უსიტყვო შემსრულებელი. ჯარისკაცი და ოფიცერი ჩვეულებრივი რუსი მოქალაქისთვის გმირია და რაც უნდა გააკეთოს მან, მაინც აპატიებს. ეს არის ჯოგური მენტალობის საზოგადოება, რომელიც არ გამოირჩევა ინდივიდუალიზმით.

- ჩვენ ვიცით, რომ რუსები და უკრაინელები სლავები არიან. რა არის მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი?

- უკრაინელები, განსაკუთრებით - ზაპოროჟიესა და დონის კაზაკები - ბიზანტიურ კულტურასთან გაცილებით ახლოს იყვნენ, შესაბამისად, უფრო კულტურულები, მეტად რაინდები, მებრძოლი და ვაჟკაცი ხალხი იყო. მე-16, მე-17 საუკუნეებში განთქმული მეომრები და ოსმალეთის იმპერიის ყველაზე დაუძინებელი მტრები იყვნენ. მათი მეკობრული პატარ-პატარა ნავებით შემდგარი ფლოტები ოსმალურ ხომალდებს მუსრს ავლებდნენ, ძარცვავდნენ და ძირავდნენ. ჩვენთან იმთავითვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იცოდნენ, რომ ოსმალებს ქართველებიც ვებრძოდით და ჩვენს სანაპიროებს ხშირად მოადგებოდნენ ხოლმე დასასვენებლად და საკვების მარაგის შესავსებად. ქართველი და უკრაინელი ხალხების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დავით გურამიშვილის თავგადასავალია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ვიდრე მონღოლები შეესეოდნენ მოსკოვს, რუსებიც სხვაგვარი ხალხი იყო. მონღოლთა სამასწლიანმა ბატონობამ მათ გენეტიკას ძალზე სერიოზული დაღი დაასვა, მათი ფსიქოლოგია და მენტალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ ორი, სამი თაობა დამპყრობელს შეეგუება, მერე რაღაცით ემსგავსება მას. შესაძლებელია, ჩვენზეც მოახდინა გავლენა რუსულმა მმართველობამ. ფსიქოლოგებმა და ისტორიკოსებმა სერიოზულად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ რუსულმა გავლენამ რამდენიმე უარყოფითი პლასტი შემოგვამატა, რომლისგანაც დღემდე ვერ დაგვიღწევია თავი.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პლასტი დაუნდობლობაა. ქართველები ისეთი დაუნდობლები, როგორებიც ახლა ვართ, ადრე არასდროს ვყოფილვართ. ქართველ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დაქსაქსულობა ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი დაუნდობლობა ჩვენთვის უცხოა. ქართველი კაცი მტერსაც კი არ მიაყენებდა იოლად შეურაცხყოფას. დღეს ბევრი რამის მკადრებლები გავხდით, საკუთარი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც. საბჭოთა პერიოდში, დიდი ტერორის შემდეგ განსაკუთრებულად შეიცვალა ქართველი კაცის ფსიქიკა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად იქცა ადამიანის დაბეზღება, კარიერისთვის ყველაფრის კადრება, გაჩნდა კოლექტიური შიში გაბატონებული კლასისადმი... დააკვირდით დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს - როგორი შეუწყნარებლები არიან ერთმანეთის მიმართ, როგორ არ შეუძლიათ ერთმანეთთან დაჯდომა და ლაპარაკი, შეთანხმებაზე აღარაფერს ვაბობ. მოწინააღმდეგის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განადგურების გზით საკუთარი საქმის კეთება - ეს არის რუსული რეალობისთვის დამახასიათებელი მანკიერება. კიდევ კარგი, დღეს იარაღი აღარ გვაქვს, თორემ ერთმანეთს გავანადგურებდით. წინა საუკუნის 90-იან წლებში ხომ გადავატარეთ ერთმანეთს ზურგზე რუსული იარაღი!..

dimitri-shvelidze-1650272348.jpg

- დღეს ერთი უცნაური ნარატივი გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში: "აბა ომი გინდათ?!" იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, ომით შეაშინოს ქართველი საზოგადოება.

- სიმართლე რომ ვთქვათ, ომის საფრთხე რეალურია. დღეს ქართველი საზოგადოება დაღლილი და შეშინებულია, არ უნდა ომი. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ დისერტაცია დაიცვა ქართველ საზოგადოებაზე როგორც ტრავმირებულ საზოგადოებაზე და აბსოლუტურად სწორია. ჩვენ რამდენიმე სერიოზული ომი გადავიტანეთ, თანაც ისე, რომ კაციშვილი არ მოგვხმარებია, 2008 წლის აგვისტოს ომს თუ არ ჩავთვლით. კი ბატონო, მაშინ ამერიკა ძალიან დაგვეხმარა და თბილისი გადაარჩინა. დღეს უზარმაზარი მონსტრის წინაშე ვდგავართ, ნუთუ ნება არ გვაქვს, გვეშინოდეს?! ნუთუ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, ფრთხილად იყოს?.. უბრალოდ, აქ ის არის გასარკვევი, ჩვენ ფრთხილი ხელისუფლება გვყავს თუ მორჩილი ხელისუფლება. ყველაფერი ისეა ერთმანეთში არეული, ჭირს რაიმეს გარკვევა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ხვალ ან ზეგ რუსეთი ჩვენც მოგვადგება. მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ჩვენ აუცილებლად მოგვადგება. ამიტომაც ახსენებენ ბოლო დროს ასე ხშირად დასავლელი პარტნიორები საქართველოს, მაგრამ - რა?! მათი დაპირებები ცარიელ სიტყვად რჩება. დაუცველობაზე საუბრობენ.

- ისტორიული კანონზომიერება რას გვეუბნება - როგორია ასეთი მონსტრი იმპერიების დასასრული?

- რუსეთის იმპერია სხვა იმპერიებისგან სრულიად განსხვავდება. ევროპული იმპერიები, ყველაფრის მიუხედავად, თავიანთი მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნებს ითვალისწინებდნენ, უნდოდათ თუ არა ეს, იმიტომ, რომ ხალხის პროტესტის ეშინოდათ. რუსეთის იმპერიას არ ჰყავს პროტესტის მქონე მოსახლეობა, რუსები მორჩილები არიან... ამასთან, არ უნდა გვეგონოს, რომ დღეს ევროპა უპრეცედენტოდ ერთიანია. ევროპა ასეთი ერთიანი იყო რუსეთის წინააღმდეგ 1917, 1918, 1919 წლებშიც. თეთრ გენერლებს - დენიკინს, კოლჩაკსა და სხვებს მთელი ევროპა ეხმარებოდა, "წითელი" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯარებიც იყო შემოსული. ერთ მომენტში ტროცკი იმასაც კი ამბობდა, - ჩვენ უკვე გარდაცვლილები ვართ, ახლა საქმე მეკუბოეებზე არისო... ნადგურდებოდა რუსეთის იმპერია, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ასე რომ, დღევანდელ ევროპას ბევრად ნაკლები აქვს გაკეთებული რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე წინა საუკუნეში მის წინამორბედებს. უკრაინელებისთვის გაწეული მათი დახმარება ნამდვილად არ არის სოლიდარობის უმაღლესი წერტილი. ეყოფა დღეს ევროპას რუსეთის დასუსტებისთვის რესურსი?.. ძალიან გამიხარდება, თუ მათი სანქციები თანამიმდევრული და ხანგრძლივი იქნება და ნაკლებად იფიქრებენ პირად ინტერესებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებენ რუსეთის დასუსტებას და მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევას.

ხათუნა ბახტურიძე