"ეგებ ჩვენც გვეღირსოს ყინული" - გზაპრესი

"ეგებ ჩვენც გვეღირსოს ყინული"

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს - ეს დაუწერელი კანონია და მართლაც, სპორტსმენები ჩვეულებრივ, არ ერევიან პოლიტიკოსების საქმიანობაში. ამასთანავე, ძველბერძნული ოლიმპიადებიდან მოყოლებული, პოლიტიკოსები გამუდმებით ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ ათლეტების პაექრობაში. ამის იმდენი მაგალითი არსებობს, რომ ისინი პრაქტიკულად ყველა ეპოქაში გვხვდება. ეს უთანასწორო ბრძოლა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება და ჩვენც შეგვეხო, რის გამოც მსოფლიო იძულებული გახდა, პუტინის "მიგებსა" და ბომბებს შესაბამისი სანქციებით დაჰპირისპირებოდა, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, სპორტშიც.

რუსი ათლეტები ომის დაწყების პირველსავე დღეებიდან ყველა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთეს. ამ პროტესტს ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ და ისინი აღარ ჩერდებიან რუსულ კლუბებში. თუმცა ჩვენივე უნიათობით, უფრო სწორად, ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობისა და ქართული სპორტის ჩინოსნების უხეირო ხელმძღვანელობით, სპორტის ყველა სახეობაში რუსულ ბაზარს დღემდე ვერ ველევით. ამჯერად ლაპარაკია ფიგურულ სრიალზე, ზამთრის ოლიმპიადების ერთ-ერთ პრესტიჟულ სახეობაზე, სადაც სტანდარტული ზომების შესაფერისი ყინულის მოედნის მოწყობას საშველი არ დაადგა და დღემდე არ გვაქვს. ამის გამო სპორტსმენები, წლებია უკვე, რუსეთიდან ჩამოგვყავს.

ცოტა რამ წარსულიდანაც გავიხსენოთ. ქართული ფიგურული სრიალის ისტორია 1960 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში მოსკოვიდან ჩამოიყვანეს ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი. რამდენიმე თვეში ვერის ბაღის კალათბურთის მოედანზე ყინული დააგეს, სადაც მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლები მოეწყო. მოგვიანებით ასეთივე მოედანი გამართეს სპორტის სასახლეშიც, ამჯერად - ლენინგრადის დასის გასტროლებისთვის. 1964 წელს იქვე, სპორტის სასახლის გვერდით, უკვე ყინულის პატარა სასახლე ააშენეს. გაჩნდა სტანდარტული ზომების ყინულის დარბაზის მშენებლობის პერსპექტივაც. იმხანად გავრცელებული მოარული ხმებით, ფიგურული სრიალი საქართველოს კომპარიის ცეკას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის მეუღლეს, ანა იანკოს მოსწონდა და ყინულის სასახლეც სწორედ ამიტომ ააშენეს. მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში, ენგურჰესისა და თბილისის მეტროს გარდა, სხვა მნიშვნელოვანი მშენებლობებიც მიმდინარეობდა და რესპუბლიკის ბიუჯეტი მეორე რიგის ობიექტებს ვეღარ გასწვდა. სასახლის აგების პერსპექტივაც თანდათან დავიწყებას მიეცა და თაობიდან თაობას და მთავრობიდან მთავრობას გადაეცემოდა. დღეს კი დახმარების ხელს ისევ "უფროს ძმებს", რუსებს ვთხოვთ.

კვერცხისა და ქათმის ამბავი ხომ გაგონიათ, რომელი უფრო ადრე გაჩნდა ქვეყანაზეო? დაახლოებით ასეა ჩვენი საქმეც: რომელს უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი - მოციგურავეს თუ ყინულის მოედანს? ეს ვერ გაურკვევიათ. რა თქმა უნდა, ყველა ჭკუათამყოფელი გიპასუხებთ, რომ ჯერ ყინული უნდა გქონდეს, რომ მერე ვინმემ ზედ ისრიალოს. ლოგიკა აქ მარტივია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრება და მათ შორის სპორტიც ძალიან სწრაფი გახდა და დღეს ყველა ხელმძღვანელი მაშინვე ითხოვს შედეგებს, ის კი არ უნდათ გაიხსენონ, რომ თუ გაზაფხულზე არ დათესე, შემოდგომაზე მოსავალს ვერ მოიმკი.

259186958-0-320-3071-2048-1280x0-80-0-0-8d1e7f7aa6de495cd0685b5e6a115fa8-1650280590.jpgaaaaa.jpg

თავის დროზე, 1960-იანი წლების დასაწყისში, ფიგურულ სრიალს რაღაც საძირკველი ჩაუყარეს, პატარა ყინულის მოედანიც გამართეს და ცოტ-ცოტა მოსავალიც მოიმკეს, მაგრამ მას შემდეგ საქართველოს არც ერთ მთავრობას ხნულიც კი არ გაუვლია, არც საბჭოთა პერიოდის და არც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომს.

ზამთრის წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი მოციგურავეების გამოსვლით ყველამ გაიხარა, ჩინოსნებმაც და რაც მთავარია, გულშემატკივრებმაც. ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ არც არავის უხსენებია, რომ ჩვენი ნაკრები მთლიანად რუსეთიდან მოწვეული სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. ნახევარს გვარ-სახელი ქართული კი აქვს, მაგრამ ყველანი რუსეთში არიან დაბადებულ-გაზრდილები და არც ქართული ენა იციან. ქართულს კიდევ ისწავლის კაცი, აი, ფიგურულ სრიალს რა ეშველება, ეს ნამდვილად არ ვიცი.

სიმართლე გითხრათ, ფიგურული სრიალის დიდი მცოდნე არა ვარ და არც გლუსუნაზე (ციგურებს თავიდან ქართულად სწორედ "გლუსუნა" ერქვა) დგომა ვიცი. ამიტომაც ამ საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტს, ქალბატონ მარიამ გიორგობიანს დავუკავშირდი:

- მთელი ჩემი ცხოვრება ფიგურულ სრიალთან არის დაკავშირებული. რადგან საქართველოში შესაფერისი ყინულის მოედანი არ არსებობდა, თითქმის მთელი ბავშვობა რუსეთში გავატარე. მოგეხსენებათ, იქ ყინულის სასახლეც აქვთ და ფიგურული სრიალის კარგი სკოლაც. იმ დროს საქართველოს ნაკრები ძირითადად მოსკოვში ვარჯიშობდა და ასეა დღემდე. 2010 წელს ამირჩიეს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტად. ვიფიქრე, ინფრასტრუქტურის განვითარებას როგორმე შევძლებდი. ხელმძღვანელობის თანადგომის იმედიც მქონდა, მაგრამ დაპირებები დაპირებებადვე დარჩა და არ გვეღირსა ყინულის დარბაზი.

- ქალბატონო მარიამ, თქვენც გახსოვთ, ყველაზე მძიმე პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს სპორტისთვის გასული საუკუნის 1990-იანი წლები იყო. მაგრამ მერე ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დადგა და კერძო ინვესტორებისა თუ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბევრი რამ გაკეთდა სხვადასხვა სტადიონისა თუ სპორტული კომპლექსის აგების მიმართულებით. საინტერესოა, თქვენზე რატომ გაწყრა ქვეყანა?

- ეს არც მე ვიცი. სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის დარბაზებს როდესაც აშენებდნენ, შეგვპირდნენ, ოლიმპიადის შემდეგ ერთ არენაზე ყინულს დააგებდნენ. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. მეტსაც გეტყვით - ზუგდიდში აშენებული ყინულის მოედანი რამდენიმე თვეში დაანგრიეს და ის ტერიტორია სასტუმროსთვის გაასხვისეს, ჩვენ კი დაგვპირდნენ, არენას სხვაგან აგიშენებთო. როგორც ხვდებით, ეს დაპირებაც დავიწყებას მიეცა. სტანდარტული მოედანი დღეს მხოლოდ ბათუმში გვაქვს, მაგრამ იქ გასაბერი დარბაზია და ყინული დნება. ბავშვები წყალში სრიალებენ... ჩვენ მოციგურავეები ვართ და არა მოცურავეები... ყინული შენობა-ნაგებობაში უნდა იყოს, რომ მაცივარ-დანადგარებმა ნორმალურად იმუშაოს და ყინული შევინარჩუნოთ.

როდესაც მივხვდით, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებას ვერ ვახერხებით, აქცენტი შედეგზე გადავიტანეთ. ვიფიქრეთ, თუ შედეგები გვექნება, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს ან სპონსორი ვიშოვოთ. სპონსორს თუ უახლოეს მომავალში წარმატების იმედი არ ექნება, ბუნებრივია, მხარში არ ამოგიდგება. ზამთრის ოლიმპიადების პროგრამაში სპორტის შვიდი სახეობაა, ყინულის ერთ მოედანს კი ოთხი სახეობის მომსახურება შეუძლია: ჰოკეის, კიორლინგის, შორტ-ტრეკის და ფიგურული სრიალის. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ექიმების დანიშნულებით ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ფილტვებისა და ბრონქების პრობლემების მქონე პაციენტები. რაც მთავარია, ნიჭიერი მოზარდები გვყავს და თუ მოვინდომებთ, სოლიდურ შედეგებსაც მივაღწევთ.

პეკინის წლევანდელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სულ ცხრა სპორტსმენი მონაწილეობდა, ექვსი - ფიგურული მოციგურავე იყო. გუნდურ ასპარეზობებში მსოფლიოს მხოლოდ ათი ნაკრები დაუშვეს და მათ შორის ჩვენც ვიყავით. ვთვლი, რომ რუსეთის, აშშ-ის, იაპონიისა და კანადის საუკეთესო მოციგურავეებთან პაექრობაში ღირსეულად გამოვედით. თბილისში რომ დავბრუნდით, გულშემატკივრები ქუჩაში მაჩერებდნენ და მილოცავდნენ. რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებდა და ვფიქრობ, ხელმძღვანელობაც კმაყოფილი დარჩა. იმედია, ახლა მაინც დავიმსახურებთ მათ ყურადღებას.

ffnqxdovgay3rbzaaaaaaaaaa-1650280604.jpg

- ზამთრის სახეობებში მიღწეული სოლიდური წარმატებებით ქართული სპორტი დიდად ვერ დაიკვეხნის, მით უმეტეს, ოლიმპიურ თამაშებში. ამდენად, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესვლა წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, სიმართლე გითხრათ, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთიდან გადმობირებული სპორტსმენებით ქართული გუნდის დაკომპლექტებით ერთობ ნასიამოვნები ნამდვილად არა ვარ. მით უმეტეს დღეს, როდესაც რუსული ტანკების უკრაინაში შეჭრით მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხალხთან გვაქვს საქმე. მესმის, ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტთან ამ საკითხის დასმა ჩემგან ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც გთხოვთ ამიხსნათ, რატომ რუსეთი?

- ვეცდები აგიხსნათ. ეს პრობლემა ჩემი სატკივარიცაა. ჩვენ მთელ მსოფლიოში ვეძებთ ქართველ სპორტსმენებს, მაგრამ მოგეხსენებათ, მცირერიცხოვანი ერი ვართ. ამასთან, ჩვენი სახეობა სპეციფიკურია. აქ ბავშვები მშობლებს ისე ხშირად არ მოჰყავთ, როგორც ვთქვათ, ფეხბურთზე ან კალათბურთზე. არჩევანი მცირეა. თან პერსპექტიულიც უნდა იყოს მოციგურავე, რომ მისგან წარმატებებს ველოდეთ. ასეთების მიგნება კი, დამეთანხმეთ, ადვილი არ არის. თუ ვინმე გეგულებათ, სხვა ქვეყანაში ქართველი რომ ვარჯიშობდეს, სიამოვნებით მოვიწვევთ. ჩვენი ნაკრების სამივე ვაჟი ქართველია და ფესვებიც ქართული აქვს, თუმცა რუსეთში დაბადებულ-დაოსტატებულები არიან. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელიც ქართული ფესვებითაა - მოსკოველი ეთერ თუთბერიძე. რაც შეეხება გოგონებს, ყველა რუსია. საქმე ის არის, რომ რუსეთის საციგურაო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კანადიდან, აშშ-დან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან ვინმე რომ მოვიწვიოთ, ამას ჩვენი ფედერაციის ბიუჯეტი ვერ გასწვდება. საერთაშორისო არენაზე ადრე ჩვენგან თითო-ოროლა მოციგურავე გამოდიოდა, დღეს კი გუნდურ შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობთ. ქვეყნის გარეთ 16 სპორტსმენს ვამზადებთ. თავადაც ხვდებით, რა თანხები იხარჯება მათ ეკიპირებაზე, მგზავრობაზე, მწვრთნელების ხელფასებსა თუ ყინულის არენდაზე. იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ საომარი მოქმედებების დროს საქართველოში ჩამოვიყვანოთ და აქ ვავარჯიშოთ. ფიგურული სრიალის მსოფლიოს წამყვან ოსტატებთან პაექრობისთვის არათანაბარ პირობებში ვართ და მაინც ვახერხებთ მოწინავეთა შორის ყოფნას. იმედი მაქვს, სახელმწიფოს თანადგომით მომავალში უფრო მაღალ შედეგებსაც მივაღწევთ, თუ გვეღირსება ყინულის არენა.

გოგი ფრანგიშვილი