ირაკლი რუსაძე: "გამორჩეული პირველი ლედია..." - გზაპრესი

ირაკლი რუსაძე: "გამორჩეული პირველი ლედია..."

"რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ საინტერესო კოლექციით მიიქცია ჩვენი ყურადღება... პირველი ჩვენება 2010 წელს ჰქონდა. მისი შემოქმედება საწყის ეტაპზე, სპონტანური იყო, თუმცა იდეებით გამოირჩეოდა. ახალგაზრდა დიზაინერს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მხოლოდ ახლა მიეცა, როცა ბრენდი შიტუატიონისტ ჩამოაყალიბა. მისი შექმნიდან მალევე დიდი წარმატება მოიპოვა Mercedes Benz Fashion week Tbilisi-ზე, რომელსაც მოდის საერთაშორისო კრიტიკოსები და ბაიერები დაესწრნენ. ამ კოლექციის შესახებ ინფორმაცია "ვოგში" დაიბეჭდა და მას მერე ირაკლის სამოსი ცნობილმა მოდელმა ბელა ჰადიდმა მოირგო", - წერდა მოდის ჟურნალი "ბომონდი"...

ამჯერად SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში 2022-23 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია საზოგადოებრივ ცენტრ 3537-ში გამართა... კოლექციაში თანამედროვე ფემინურობისა და მასკულინობის შერწყმით, მრავალფეროვანი მასალები იყო წარმოდგენილი: ნაქსოვი სვიტერები, ჯინსის დეტალები, ტყავის აქსესუარები. ჭარბობდა წითლის, ლურჯისა და ხორცისფრის ტონალობები. ბრენდმა კოლექციის ჩვენება ეკრანზე რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი ტექსტით დაასრულა.

ირაკლი რუსაძე:

- ამ გენოციდის ფონზე, მგონია, რომ მოდა და ყველაფერი აზრს კარგავს... ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან რთულია სამუშაოზე კონცენტრირება, როცა ამ რეალობას ვხედავ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, საშინელებათა ფილმს ვუყურებთ თუ მართლაც ხდება ეს სისასტიკე... როგორც სხვა მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადამიანები, მეც დათრგუნვილი და განადგურებული ვარ. ურთულესია აკეთებდე შენს საქმეს და მოტივაციას ეძებდე იმ დროს, როცა ბავშვებს, უდანაშაულო ადამიანებს დაუნდობლად ხოცავენ...

პარიზის მოდის კვირეული რომ მიმდინარეობდა, რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო და აქედან გამომდინარე, რაც კი ჩვენს ბრენდს გაუკეთებია, ყველაზე მცირე კოლექცია წარვადგინეთ. ჩვენი მიზანი იყო გარკვეული ნამუშევრები წარგვედგინა, სეზონი რომ არ გამოგვეტოვებინა... დანებება ყოველთვის ცუდი აზრია და კარგი არაფერი მოაქვს.

ონლაინწარდგენა იყო და როდესაც ჩვენი კოლექციის შესახებ ფილმი გავაკეთეთ, მთლიანად უკრაინის თემატიკით დავტვირთეთ. რატომღაც, მოდის სახლებმა, დიზაინერებმა მხოლოდ ახლა გაიაზრეს, რომ უარი უნდა ეთქვათ რუსეთში პროდუქციის გატანაზე... ჩვენს ბრენდს კი რუსეთთან არასოდეს უთანამშრომლია. ყოველთვის უარს ვეუბნებოდით დიდ რუსულ მაღაზიებს...

რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო 2008 წელი, კიდევ მანამდე - სხვა საშინელებაც, მაგრამ ინფორმაცია ასე მასშტაბურად ვერ ვრცელდებოდა, როგორც ეს დღეს ხდება და ბევრი ფაქტი საყოველთაოდ ცნობილი არ იყო. ახლა მოდის სფერო ბევრად აქტიურად გამოეხმაურა ომის თემას, ვიდრე ჰოლივუდი. პარიზის მოდის კვირეულზე ომი ნამდვილად აისახა... მოდის სფეროში მომუშავე ადამიანები ომზე ინფორმაციას აქტიურად ეცნობიან, გულთან მიაქვთ და ეს ტკივილი მათ შემოქმედებაშიც აისახება... შემზარავი გახლდათ ის კადრები, რაც ყველამ ვიხილეთ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პარიზის მოდის კვირეული რომ გაიხსნა, ომი ახალი დაწყებული იყო და ყველას ძალიან დიდი შოკი გვქონდა, გაოგნებული ვიყავით; ვერასოდეს წარმოვიდგენდით, ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო.

- ოდესმე თუ გქონიათ უკრაინაში კოლექციის წარდგენა, უკრაინელებთან გითანამშრომლიათ?

- დიახ... სანამ ომი დაიწყებოდა, ოთხი თვით ადრე სოფო ჭყონიამ მოდის და არტის დღეები უკრაინაში მოაწყო. ჩვენი პირველი წიგნის პრეზენტაციაც კიევში გაიმართა. არაჩვეულებრივი ხალხია უკრაინელები... უკრაინაში რამდენიმე წარმატებული ბრენდია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილია. კარგი საკლუბო კულტურა აქვთ, კარგი მხატვრები, ხელოვანები ჰყავთ... საკმაოდ ნიჭიერი ერია.

- უკრაინელი მოდელები განსაკუთრებულად ლამაზები არიან, მათთვის თუ შეგიქმნიათ სამოსი?

- დიახ, მართლაც ძალიან ლამაზები არიან. მათთან ვითანამშრომლე კიდეც. უკრაინელები თავიანთი გამორჩეული სილამაზის წყალობით, მოდის სფეროში ძალიან დაფასებული არიან.

- უკრაინის პირველი ლედის სტილზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ უკრაინის პრეზიდენტზე, ძლიერი პოლიტიკოსია. მისი მეუღლეც პირველი შეხედვისთანავე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. გამორჩეული პირველი ლედია...

- ახსენეთ, რომ მოდის სფეროში აისახა ომის თემა, რაც განსაკუთრებულად დემნა გვასალიას შემოქმედებას ეტყობოდა...

- ვფიქრობ, დემნა გვასალიამ იმდენად მნიშვნელოვნად წარადგინა საქართველოს სატკივარი, რომ მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. არ ვიცი, კიდევ ვინ უნდა დავასახელო ამდენად საამაყო ქართველი... თავის შემოქმედებაში მან აფხაზეთის ომის პერიოდი აღწერა და ის კადრები გააცოცხლა. მისთვის რასაკვირველია, ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან დემნა თავად დევნილია აფხაზეთიდან. ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მის გონებაში ყველაფერი თავიდან დატრიალდა. ამიტომაც, არ გამკვირვებია, თავისი კოლექცია რომ ამ თემას მიუძღვნა... აქვე გეტყვით, რომ დემნას წარმატება და გავლენა ძალიან დაეხმარა სხვა დამწყებ, ქართველ დიზაინერებს. მგონი ამ კუთხით საქართველო მსოფლიოსთვის მანამდე არ არსებობდა.

მანანა გაბრიჭიძე