ატმის ყვავილობა აქსესუარებში - გზაპრესი

ატმის ყვავილობა აქსესუარებში

პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ნინო შაკიაშვილმა 2012 წლიდან დაიწყო და ტექნიკა ნელ-ნელა დამოუკიდებლად განავითარა. დღეს სუვენირებს, ჭურჭელს, ინტერიერის აქსესუარებს, დეკორატიულ კომპოზიციებს ამზადებს და სამომავლოდ თავის ნამუშევრებს ტრადიციული ქართული ხაზის ნიმუშებიც უნდა რომ შემატოს. პოლიმერული თიხა მსუბუქი, დრეკადი მასალაა, რომელიც მარტივად არ ზიანდება, არ ტყდება, ფერს არ იცვლის, არც წყალში იშლება. მასალა ათასგვარი ნივთის დამზადების საშუალებას იძლევა. პოლიმერული თიხის ოსტატი პროფესიით ეკონომისტია, ასევე მარკეტინგის, ტურიზმისა და სასტუმრო საქმის სპეციალისტი, თუმცა ბავშვობიდან ტრადიციული ხელსაქმით იყო დაინტერესებული და ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად დაეუფლა გობელენის ქსოვას, კერვას, ქარგვას, ხატვასა და ძერწვას.

2014 წელს გავიცანი ნინო და იმ პერიოდში ძირითადად, პოლიმერული თიხის სამკაულს ამზადებდა. წლების განმავლობაში დახვეწა ტექნიკა და დღესდღეობით მისი ნამუშევრები საოცრად შთამბეჭდავია. განსაკუთრებით გაზაფხულის მახარობელი ყვავილები, მათი "ნამდვილისგან" გარჩევა გაგიჭირდება.

3-1650366457.jpg

- 5 წლიდან ვქსოვდი, პლასტელინით ვძერწავდი, ჩემი და მეგობრების თოჯინებისთვის კაბებს ვკერავდი, მეათე კლასის მერე კი გავჩერდი. აბიტურიენტობისა და უნივერსიტეტში სწავლის დროს ძალიან მაწუხებდა, რომ არაფერს ვქნიდი. ეს ჩემს ფსიქიკასა და ხასიათზეც აისახა. ქვეცნობიერად სულ ვეძებდი რაღაც ჩემეულს. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფოტოგრაფიის წრე, სადაც ასაკოვანი ადამიანი - იური ლიკაშვილი ფოტოგრაფიას ასწავლიდა. შინაგანად ყოველთვის ხელოვანის ხასიათი მქონდა და იმ მომენტში ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე არა მხოლოდ ფოტოხელოვნების კუთხით, არამედ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. ყველასთან პოულობდა ის საერთო ენას და ყველასთვის კომფორტული იყო იმ განსხვავებულ სამყაროში ყოფნა, რომელსაც ქმნიდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საქმე შევისწავლე და ერთ-ერთი იყო ვიზაჟი. სხვათა შორის, ამ პროფესიაში საერთაშორისო დიპლომი მაქვს მიღებული. ხატვის სიყვარულის გამო, წლების განმავლობაში მეგობრებს ხშირად ვუკეთებდი მაკიაჟს, მოსწონდათ და მირჩევდნენ, პროფესიულად დავუფლებოდი ამ საქმეს და ასეც მოხდა, ქრისტინა რეჯინთან მივედი, ყველაფერი მალე ავითვისე და სერტიფიკატიც ავიღე. გარკვეული პერიოდი სალონში ვმუშაობდი, როგორც პროფესიონალი ვიზაჟისტი. გრაფიკული დიზაინიც შევისწავლე, ესეც ძალიან გამომადგა. ასევე დიდი გამოცდილება მივიღე სარეკლამო კომპანიაში, სადაც არაჩვეულებრივ გარემოსა და საზოგადოებაში მომიწია მუშაობამ, თუმცა სამწუხაროდ, ეს სამსახური დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. დღეს ვფიქრობ, რომ ყველა ის გამოცდილება, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შევიძინე, აუცილებელი იყო, რომ აქამდე მოვსულიყავი და წინსვლაშიც დამეხმარა. ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი სამსახური დაიხურა და ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე, ათი წლის დაგროვილი, მოზღვავებული ენერგიით ამოტივტივდნენ ჩემი მუზები და უბრალო ქაღალდისგან, ბოთლებისგან, მინის ნამსხვრევებისგან რაღაცების გაკეთება დავიწყე. ხელები ეფხანებაო, რომ იტყვიან, ასე ვიყავი. სულ რაღაცის შექმნა მინდოდა. მუშაობაში ღამეებს ვათენებდი, მაგრამ შედეგს რომ ვხედავდი, დაღლა მეხსნებოდა და ეს თვისება დღემდე მომყვება. თავიდან ჩემი ნივთები მხოლოდ ახლობლების წრეში ტრიალებდა, მერე, მეგობრების რჩევით, მათი ფოტოები სოციალურ სივრცეში განვათავსე. ერთ დღეს მეგობარმა ინტერნეტში ნანახი რაღაც აქსესუარის ფოტო გამომიგზავნა და მკითხა, შემეძლო თუ არა მსგავსი დამემზადებინა. ვერ მივხვდი, რა მასალა იყო, მაგრამ დავინტერესდი და მაშინ ჩემთვის უცნობი - პოლიმერული თიხა აღმოვაჩინე. უცხოეთიდან გამოვიწერე და ეტაპობრივად, დამოუკიდებლად შევისწავლე მასზე მუშაობის ტექნიკა. თავიდან ამ მასალით დავიწყე სამკაულისა და კალმების დამზადება. რამდენიმე წლის წინ ნამუშევრებში ატმის ყვავილის ფორმის თმისსამაგრები და გულსაბნევები გამოჩნდა, ნელ-ნელა დაიხვეწა, მაგრამ ჯერ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ და ვფიქრობ, მომავალში უკეთესს შედეგს მივიღებ.

7-1650366486.jpg

- გაზაფხულს განსაკუთრებით ატმის რტოები უხდება. თუმცა, რატომ ატმის ყვავილები და არა სხვა? ალბათ განსაკუთრებული სიყვარული გაქვთ ამ მცენარის მიმართ...

- რა კარგი შეკითხვა დამისვით (იღიმის). ვარდისფერი და ეს ყვავილი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ბავშვობიდან დღემდე შინ გვაქვს თეფშები ატმის ყვავილებით. დედას ხშირად მივანიშნებდი და ვეუბნებოდი: დე, ეს ყვავილი შენ გგავს-მეთქი. ალბათ ქვეცნობიერად ეს არის მიზეზი, რომ ატმის ყვავილის ფორმის ბეჭდებს, საყურეებს, თმის სამაგრებს, გულსაბნევებს, საქორწილო გვირგვინებს ვაკეთებ. სულ ვცდილობ სრულყოფილი იყოს, მაგრამ ჯერ შორს ვარ იმ შედეგისგან, როგორიც მინდა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების უნდა გჯეროდეს და მაშინ ყველაფერი გამოგივა. ამ ეტაპზე მთლიანად ამ საქმეში ვარ ჩართული. წარსულში დავბრუნდები და გეტყვით, რომ წლების წინ, როცა სხვადასხვა მასალისგან ნივთების შექმნა დავიწყე ან შემდეგ, როცა პოლიმერულ თიხას მოვკიდე ხელი, ბევრი ამას ზერელედ ეკიდებოდა და არაერთს უთქვამს კიდეც: "ეს ყველაფერი კარგი, ნინო, მაგრამ სამსახურს არ ეძებ?" თითქოს რაღაცნაირად აიგნორებდნენ ჩემს ნიჭს და შენც ამ დროს შესაბამისად ვეღარ აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთ დროს ალბათ სამყარო გიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვისი სიტყვებიც სტიმული ხდება. ერთმა მეგობარმა მტკიცედ მითხრა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მივდგომოდი და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ძალა მომცა. საქმის გასაგრძელებლად ეს სტიმული გარდამტეხი და ჩემს სამყაროში გადასანაცვლებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აღმოჩნდა. მაშინ ყველა სხვა სიტყვამ აზრი დაკარგა და თითქოს ჩემი გზა დავინახე, რომელზეც მწვანე ბალახი ხარობდა. დავადექი მას და მქონდა განცდა, რომ სულ ასე უნდა მევლო მწვერვალებისკენ.

- ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანისთვის სწორად შერჩეულ სიტყვებსა და სტიმულს დიდი მნიშვნელობა აქვს...

- დიახ, ნამდვილად ასეა. მას შემდეგ, ვისაც გამხნევება სჭირდება, ვცდილობ, გავამხნევო. თუ ვიღაცას რამე არ გამოუვა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვერ შეძლებს. როცა იშრომებ, მოინდომებ, აუცილებლად ყველაფერი გამოვა. მინდა ორიოდ სიტყვა თქვენზეც ვთქვა. ჩემთან პირველი ინტერვიუ თქვენ ჩაწერეთ და თარიღიც მახსოვს, როცა ჟურნალი გამოიცა. ეს იყო 2014 წლის 19 იანვარი და დღემდე, ამ დღეს სხვა დღესასწაულებთან ერთად აღვნიშნავ. სანამ გაგიცნობდით, ჩემი ნამუშევრების გაყიდვას ვერ ვბედავდი. გარდა იმისა, რომ მენანებოდა, მრცხვენოდა, რომ პროფესიონალი არ ვიყავი და თანხა უნდა ამეღო. იმავე მეგობრისა და თქვენი რჩევით, ნამუშევრების რეალიზაცია დავიწყე და დღემდე მახსოვს პირველი გაყიდული გულსაკიდის შემდეგ ჩემი განცდა. ყველაფერი ნელ-ნელა გადავლახე. თან, იმ პერიოდში, როცა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დავიწყე, ისე როგორც დღეს მასობრივად არავინ მუშაობდა, არც მასალა იყიდებოდა საქართველოში. შესაბამისად, ამ უცხო ნივთების მიმართ ინტერესი მალე გაჩნდა, გაიზარდა. ხელსაწყოებიც შევიძინე, ღუმელიც, რომელიც დღემდე მემსახურება.

4-1650366474.jpg

- რა ხდება დღეს და რას აპირებთ სამომავლოდ?

- დღეს საკუთარი სახელოსნო მაქვს. პანდემიამდე ვაპირებდი სხვადასხვა ასაკის მსურველები აქ მიმეღო და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ტრენინგები ჩამეტარებინა, მაგრამ ყველაფერმა ონლაინრეჟიმში რომ გადაინაცვლა, მეც ასე მოვიქეცი. ახლა უკვე სხვებს ვუტარებ ტრენინგებს, მაქვს როგორც ერთდღიანი მასტერკლასები, ასევე რამდენიმეკვირიანი კურსები. სტიმულზე რომ ვსაუბრობდით, აქვე დავამატებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დიდი პატივი იყო, როცა ამერიკის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს ჩემი გაკეთებული გულსაბნევი აჩუქეს. როცა ტელევიზორში ჩემი ხელნაკეთი ასკილის ყვავილის ბროშით დავინახე, უზომოდ გამიხარდა და ვამაყობდი. ბოლო პერიოდში ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგში, გრანტიც მოვიპოვე და ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაში გავწევრდი. დიდი სურვილი მაქვს ჩემს ნამუშევრებში იგრძნობოდეს ქართული ხასიათი და უნიკალურობა, ჰქონდეს რაიმე ისეთი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამოიცნობენ. არასოდეს მიფიქრია სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე და არც იმაზე, რომ სხვაგან უკეთ ვიქნები. ვფიქრობ, თუ საქართველოში გავჩნდი, აქვე უნდა გავალამაზო ჩემი ქვეყანა. რადგან ქართველი მქვია, მექნება ქართული ხაზი და ამის სტიმული საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ მომცა. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. ამ ეტაპზე მექნება აქსესუარები, მაგრამ სამომავლოდ ასორტიმენტი გაფართოვდება, მთავარია მშვიდობა იყოს (იღიმის).

ანა კალანდაძე