"ვცდილობ, ჩემი ხელწერა მქონდეს" - გზაპრესი

"ვცდილობ, ჩემი ხელწერა მქონდეს"

ხელოვნებათმცოდნე სოფო ჯანგულაშვილი სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობს - ამზადებს საახალწლო, სააღდგომო თუ სარვამარტო დეკორაციულ ნივთებს, სადღესასწაულო აქსესუარებს პატარების დაბადების დღეების გასალამაზებლად, ასევე თმის აქსესუარებს გოგონებისთვის, მაგრამ გამოფენაზე ამჯერად ძირითადად სააღდგომო დეკორაციები ჰქონდა წარმოდგენილი.

- მშობლები კარგად მღეროდნენ, უკრავდნენ და ცდილობდნენ, ჩვენც შეგვყვარებოდა მუსიკა, ზოგადად, ხელოვნება. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე და 15 წელია უკვე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგად ვმუშაობ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. პარალელურად მთელ ჩემს თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს ვუთმობ. ბავშვობიდან მომწონდა ხელსაქმე. ხშირად ვუყურებდი დედას, რომელიც კარგად კერავდა. წლების შემდეგ მეც გამომადგა, რასაც მაშინ ვხედავდი და ვსწავლობდი. მუშაობისას სხვადასხვა ტექნიკას ვიყენებ, მაგალითად, თექისგან, სპეციალური ქაღალდებისგან ხელით ვაკეთებ ყვავილებს. თანდათანობით აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრი რამ შემძლებია, უბრალოდ, ალბათ ადრე დრო და შესაბამისი სიტუაცია არ მქონდა ამ უნარების გამოსავლენად. ინსტიტუტში სწავლისას ფარდაგის ქსოვის, გობელენის, თექის დამუშავებისა და ხევსურული ჯვრული ქარგვის ტექნიკასაც დავეუფლე. საუკეთესო პედაგოგები მყავდა. პოპულარიზაციის მიზნით ხშირად ეწყობოდა გამოფენები, რომლებშიც სტუდენტობის პერიოდშიც და შემდეგშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. რაკი ფარდაგების ქსოვას და ქარგვას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა, გარკვეულ ხანს შევწყვიტე ეს საქმიანობა და მოგვიანებით ხელნაკეთი ნივთებით დავინტერესდი. ეს იყო სააღდგომო სუვენირები და დეკორაციები, დღესასწაულები აღმოჩნდა ჩემი ფანტაზიისა და შთაგონების წყარო.

120101016-1595665013946059-8412186821196153906-n-1650876778.jpg

- თქვენს ნამუშევრებს ეტყობა, რომ სააღდგომო და საახალწლო თემატიკა განსაკუთრებულად გიყვართ.

- დიახ, მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - აღდგომა ჩემთვის სიცოცხლის წყურვილთან, განახლებასთან, ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება. ასევეა შობა-ახალი წელიც. რელიგიური თვალსაზრისითაც ახლოს ვარ ამ თემასთან, რადგან რელიგიათმცოდნეც ვარ. ის შინაგანი განწყობა, რაც სამყაროს მიმართ მაქვს, ალბათ ჩემს ნამუშევრებშიც გამოვლინდა.

- პირველი ნამუშევარი თუ გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს, 7 წლის წინ, დედა რომ გავხდი, მაშინ შეიქმნა ჩემი პირველი ნამუშევარი. 7 წლის მყავს, ბიჭი. დედობამ იმხელა ემოცია მომგვარა, ვეღარ შევძელი ამ ბედნიერების შიგნით დატოვება. საზღვაო თემატიკაზეც ვმუშაობ ზღვისა და თევზების მოყვარულთათვის, თმის სამაგრებს, დეკორატიულ ბოთლებს და სარვამარტო თაიგულებსაც ვქმნი, მაგრამ უმეტესწილად დეკორაციებს, იქნება ეს კედლის თუ დასადგამი. ძალიან მიყვარს საახალწლო გვირგვინების კეთებაც.

278054185-985868088589451-776288688639397786-n-1650876790.jpg

ნივთებსა და აქსესუარებს ვამზადებ სხვადასხვა მასალისგან. სწორედ მასალის მრავალფეროვნება განაპირობებს, რამდენად დახვეწილი და ლამაზი გამოვა. უპირატესობას ვანიჭებ თექას, თიხას, ბუნებრივ მასალას, ვიყენებ აკრილის საღებავებს. ხელოვნურ მცენარეებთან ერთად სააღდგომო კალათებს თექისგან შეკერილი სხვადასხვა ფიგურით და თიხისგან ჩემი ხელით გაკეთებული კვერცხებით ვაფორმებ, რომლებსაც ვღებავ, დამხმარე აქსესუარებსაც ვიყენებ. მსგავს დეკორაციებს შეიძლება სხვაც აკეთებს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ხელწერა მქონდეს და რაღაც განსხვავებული შევქმნა.

პანდემიის დროს, მიუხედავად იმისა, რომ გამოფენები აღარ ეწყობოდა, მაინც ვერ ვისვენებდი, ვიჯექი სახლში და ვმუშაობდი. თუ არ გიყვარს და არ გსიამოვნებს, რასაც აკეთებ, წარმატებული ვერასდროს იქნები.

ნინო ჯავახიშვილი