"თუ კერძო კომპანიებს ქალაქის მერის აზრი არ აინტერესებს, მაშინ მერი რისთვის გვყავს?" - გზაპრესი

"თუ კერძო კომპანიებს ქალაქის მერის აზრი არ აინტერესებს, მაშინ მერი რისთვის გვყავს?"

რუსთავი პატარა, ღატაკი ქალაქია, სადაც სამუშაო ადგილები ჭირს. მოსახლეობა იძულებულია, დედაქალაქში დასაქმდეს. ყოველ დილით ადამიანებს ქალაქიდან ქალაქში მგზავრობა, ნამგზავრებს კი მუშაობა უწევთ. დღის ბოლოს დაღლილები ისევ რუსთავში ბრუნდებიან, რაც ხშირად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლას გულისხმობს. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური იაფი არ ყოფილა - 1,80 ლ ღირდა, მაგრამ ახლახან ერთბაშად, 70 თეთრით გაძვირდა - 2,50 ლ გახდა.

საინტერესოა, რომ რუსთაველები თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, მაგრამ - ამაოდ, ახლა კი ქალაქის მერმა - ნინო ლაცაბიძემ სამარშრუტო ტაქსების გაძვირებული საფასურის საპირწონედ, მოქალაქეებს ავტობუსები შესთავაზა, რომლით მგზავრობაც რეალურად, ჩვეულებრივი მგზავრებისთვის არანაირი შეღავათი არ არის: მგზავრობის საფასური 1,50 ლარია, ოღონდ ავტობუსს მგზავრები რუსთავის შესასვლელიდან ისნის მეტრომდე მიჰყავს, საიდანაც დამატებით, თბილისის საქალაქო ტრანსპორტით უნდა ისარგებლონ...

რუსთავის მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ:

"საინტერესოა, მერი ჩვენგან რა იდეას ელის?"

თაკო ასანიშვილი, 30 წლის:

- ავტობუსით სამგზავროდ მინიმუმ 80 თეთრი მჭირდება, რომ რუსთავის გასასვლელამდე მივიდე. კარგი, მაგრამ ისანში რატომ მივდივარ, ვერ ვხვდები, როდესაც თუნდაც უნივერსიტეტი ვაკეში, ჯიქიაზე ან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა?!. მერიამ ხომ უნდა გააკონტროლოს, სად უფრო მეტი მგზავრი ჰყავს? არსებული სიტუაცია უსამართლობის განცდას მიჩენს. ისნიდან დანიშნულების ადგილამდე მეტროთიც რომ წავიდე, მგზავრობა 1 ლარი მიჯდება, რაც საბოლოო ჯამში, იმაზე მეტია, ვიდრე "მარშრუტკის" გაძვირებული ტარიფი. სტუდენტებს შეღავათი აქვთ, მაგრამ მე, თბილისში დასაქმებულმა მოქალაქემ, რა დავაშავე, რომელსაც არც ხელფასს მიზრდიან, ყველაფრის გაძვირების მიუხედავად? თუ ეს "გამოსავალი" - ავტობუსების დანიშვნა სტუდენტებზეა გათვლილი, უნდა თქვან, რომ ეს სტუდენტური ავტობუსია, ხოლო სხვა მოქალაქეებს მომავალში სხვა შეღავათი შეგვეხება... წარმოიდგინეთ, დილის 9-ის ნახევარზე სამსახურში უნდა ვიყო. "9 მთას რომ გადავლახავ, დევს რომ დავამარცხებ" და ბოლოს და ბოლოს, სამსახურამდე მივაღწევ, შრომისუნარიანიც ხომ უნდა ვიყო? მერი რომ ხარ, იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ, სხვების დასანახავად გააკეთო რამე და მორჩა. როგორც გავიგე, უთქვამს, თუ რამე ალტერნატიული აზრი გაქვთ, შეგიძლიათ, იდეები მოგვაწოდოთ, თუ როგორ შეიძლება პრობლემა მოგვარდესო. ჩვენგან რა იდეას ელის? ამისთვის კომპეტენტური თანამშრომლები უნდა დასხდნენ და იმსჯელონ. კომპანია "ინტერტრანსთან" დაკავშირებული პრობლემა წლებია, გრძელდება: ეს კომპანია თვითნებურად მოქმედებს და მგზავრობის ტარიფებს ზრდის. წინათ იყო შემთხვევა, როცა მგზავრობის საფასური გააძვირა - 2 ლარზე მეტი გახადა, მაგრამ მაშინდელი მერი "მარშრუტკაში" ავიდა და ფასის აღმნიშვნელი ბანერი საკუთარი ხელით ჩამოხსნა. მგზავრობის ტარიფი ახლაც თვითნებურად გააძვირეს...

ამ საკითხის გარდა, წლებია, რაც რუსთავში აქციები ტარდება: ხალხი ითხოვს, რომ მეტალურგიულ ქარხანას საჭირო ფილტრები დაუყენონ. სოკოს ქარხანა, რომელიც ქალაქში საშინელ სუნს აყენებდა, ბევრი პროტესტის შემდეგ, როგორც იქნა, დახურეს. ქალაქის მერი რაში მჭირდება, თუკი ჩემს უფლებას არ დაიცავს?! თუ კერძო კომპანიებს მისი აზრი არ აინტერესებს, მაშინ მერი რისთვის გვყავს, საერთოდ?.. დაპირებების მიხედვით, საწარმოები უნდა შექმნილიყო, ახალგაზრდებს ბევრი პერსპექტივა უნდა გვქონოდა, ადგილზე რომ გვემუშავა. თუკი რუსთავში მუშაობის საშუალება გვექნება, არავინ მოითხოვს, რომ თბილისში ლარ-ნახევრად ან ლარად ვიმგზავროთ... "მარშრუტკების" მოუწესრიგებელ გრაფიკს რაც შეეხება, წარმოიდგინეთ, 300-400 ადამიანი ველოდებოდით, რომ თბილისში წავსულიყავით. არაფერი გამოჩნდა. ერთ-ერთმა გამწარებულმა ქალმა მერიაში დარეკა და უთხრა, - შარტავაზე გამოიხედეთ და ნახეთ, რა დღეში ვართ; 300 ადამიანი ვდგავართ და თბილისში ვერანაირ ტრანსპორტს ვერ მივყვებითო. მერიიდან "გასაფსიხებელი" პასუხი მიიღო, - ქალბატონო, ინტრიგნობთ, მანდ არავინ დგასო... 300 ადამიანი მათთვის არავინ არის! სამსახურში საყვედურები, ახსნა-განმარტებები მაქვს უტრანსპორტობით გამოწვეული დაგვიანებების გამო... ყოველი დღე მართლა ტანჯვაა.

ვიმსახურებთ, ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქალაქში. მაგალითად, წინა კვირას ქარიანი ამინდი რომ იყო, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თავი უდაბნოში მეგონა - ქვიშიანი ქარი ქროდა, საშინელი ხილვადობა იყო... დიდი უიმედობის განცდა მაქვს, როდესაც ვხედავ, რომ სტუდენტი რაღაცას არ აპროტესტებს, თავის სათქმელს არ ამბობს და მადლობელია, 50 თეთრად ისნამდე რომ იმგზავრებს. სტუდენტი შვილი რომ მყავდეს, ასეთ სიტუაციაში არ ვამყოფებდი და ხმას ამოვიღებდი. ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ყველა ადამიანმა უნდა ვიბრძოლოთ - ეს ჩვენი ვალდებულებაა. გაჭირვების პერიოდში რომ დავიბადე და გავიზარდე, მინდა, ჩემი შვილი იმ პრობლემებს მაინც აღარ ეჩეხებოდეს, რაც ჩვენ გვექმნებოდა.

"ჩვენი ქვეყანა ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ მგზავრობის ამხელა ტარიფები იყოს"

ლიკა ლეკიშვილი, სტუდენტი:

- სიმართლე გითხრათ, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასურის გაძვირების გამო, ძალიან გავბრაზდი. იაფი ისედაც არ ღირდა - ვიღაცისთვის 1,80 ლ მთელი დღის სამყოფია. ხალხს პური არა აქვს. ვიღაც დილით თბილისში იმისთვის მიდის, რომ იმუშაოს, ჩამოვიდეს და პური იყიდოს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ მგზავრობის ამხელა ტარიფები იყოს. თან, "მარშრუტკებში" სათანადო პირობები მართლა არ არის: ზედმეტ მგზავრს შემოაკვეხებენ ხოლმე, ზოგი ფეხზე დგას, ჰაერი არ გყოფნის... ამას წინათ, უჰაერობის გამო, "მარშრუტკაში" ცუდად გავხდი... ავტობუსების დანიშვნას რაც შეეხება, პირადად მე, კმაყოფილი ვარ და აგიხსნით - რატომ: ავტობუსში კონდიციონერია ჩართული, როცა "მარშრუტკაში" ყველა მძღოლი გეჩხუბება - მეტი საწვავი იწვება და კონდიციონერს ვერ ჩავრთავო; ყველა სტუდენტს საშუალება არა აქვს, ტელეფონში ინტერნეტი ჰქონდეს ჩართული, ავტობუსში კი უფასო "ვაი-ფაია". მგზავრობის საფასური 50 თეთრია. მოკლედ, სტუდენტებისთვის შეღავათია. ისნამდე ავტობუსით ნახევარ საათში ჩავდივარ. კატასტროფულად ბევრი დრო არ მჭირდება, რომ შემდეგ უნივერსიტეტამდე მისვლაც მივასწრო, მაგრამ ჩემთვის რუსთავში ავტობუსის სადგურამდე მისვლა მოსახერხებელი იმიტომ არის, რომ იქვე, რუსთავის შესასვლელთან ვცხოვრობ, მაგრამ სხვა მოქალაქეებს სიტუაცია გაურთულდათ. ამიტომ ხალხის პროტესტი მესმის. ჩემი აზრით, ავტობუსების ეს "ხაზი" არ უნდა გააუქმონ, პირიქით - ახალი მარშრუტები უნდა დაამატონ.

"გამოდის, მთელი ხელფასი მგზავრობაში უნდა დახარჯო"

ნინო ჩუბინიძე, 32 წლის:

- ტრანსპორტის გაძვირება ჩემი სტუდენტობიდან დაიწყო: მაშინ 20-20 თეთრით აძვირებდნენ. ახლა ერთბაშად 70 თეთრით გააძვირეს...

საერთოდ, რუსთავში ბევრი პრობლემა გვაწუხებს: გაუმართავი წყალმომარაგება, მიზერული ხელფასები... 12 წლის განმავლობაში, რუსთავში ექთანად ვმუშაობდი, მაგრამ 300 ლარად დღეს ვინღა ცხოვრობს?!. ამიტომ ხალხი თბილისში მიდის სამუშაოდ, მაგრამ გამოდის, რომ მთელი ხელფასი მგზავრობაში უნდა დახარჯოს... ერთ პირად საწუხარსაც გაგიზიარებთ: ჩემს შვილს ყურის ძვირად ღირებული აპარატი სჭირდება. მერიაში დიდხანს მაწვალეს, ყველა საბუთი შემაგროვებინეს, მაგრამ ბოლოს მაინც მიზეზი მომდეს (რის შესახებაც თავიდან არ გამაფრთხილეს) - ბავშვი რუსთავში ჩაწერილი არ არისო. არადა, შვილები ბაღშიც დამყავს, სკოლაშიც ანუ - ბინაში მიწერილი მყავს. ყველას არა აქვს საშუალება, ბინა იყიდოს. იქნებ ადამიანი ქირით ცხოვრობს, არა?.. მოკლედ, ძალიან ბევრი ტყუილად მაწვალეს, მაგრამ მაინც არ დამაფინანსეს, აპარატი კი 17 ათასი ლარი ჯდება.

mgzavrebi-marshrutkis-molodinshi-1650876966.jpg

"ჩემი სტუდენტობის დროსაც მსგავსი სიტუაცია იყო"

გიორგი გუდავაძე, 32 წლის:

- ჩემი სტუდენტობის დროსაც მსგავსი სიტუაცია იყო, ოღონდ მაშინ, ისნის ნაცვლად, თბილისში ავტობუსების გაჩერება კოლმეურნეობის მოედანზე გახლდათ, რომელიც არც მეტროსთანაა ახლოს და არც ცენტრალური ტერიტორიაა, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით წახვალ. რუსთავში საწყის წერტილამდე რომ მივსულიყავი, შიდა ტრანსპორტის გამოყენება მაინც მიწევდა. ახლა ყველაფერი გართულდა. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით: სტუდენტს 2 გზა აქვს: ან მშობლის შემოსავალზე დამოკიდებული იყოს, ან თავად იმუშაოს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სწავლა და მუშაობა ორგანულად შეუთავსებელია - სტუდენტებზე მორგებული გრაფიკები არ არის. გასაუბრებაზე მიხვალ, კოშკებს აგიგებენ, რომ ყველაფერში ხელს შეგიწყობენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არჩევნის წინაშე გაყენებენ: ან სამსახური, ან - სწავლა. ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები სამსახურს ირჩევენ და სწავლაზე ფიქრიც აქვე სრულდება. დრო გადის და ადამიანი თავდაუღწეველ ჭაობში იძირები... უფრო მძიმე შემთხვევაა, როცა სტუდენტი მშობლის შემოსავალზეა დამოკიდებული. ძალიან მეეჭვება, მაგრამ ვთქვათ, რუსთავში დასაქმებულ მშობელს ხელფასი 800 ლარი აქვს და 3-სულიან ოჯახს არჩენს. ასეთი შემოსავლის მქონე ადამიანმა მაქსიმუმ, რა თანხა შეიძლება მისცეს შვილს დასახარჯად, მგზავრობის საფასურად, როცა საკვების ფასი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ამის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს?! რაღაცას რომ ვაკეთებთ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ შვება ყველამ იგრძნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ხალხი იჩაგრება... დღევანდელობაში, ტრანსპორტის ტარიფის გაძვირება და გამოსავლად ავტობუსების ასეთი მარშრუტით დანიშვნა უაზრობა და მიუღებელია...

ეთო ყორღანაშვილი