მარიონეტების ჭიდილი  "საპრეზიდენტო" სავარძლისთვის - გზაპრესი

მარიონეტების ჭიდილი  "საპრეზიდენტო" სავარძლისთვის

ოკუპირებული ცხინვალის მოქმედმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ოპოზიციონერი კონკურენტის მსგავსად განაცხადა, რომ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური იქნება. ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მეორე ტურში იგი პარტია "ნიხასის" ლიდერ ალან გაგლოევს დაუპირისპირდება. "როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთეთ. მე ვარ სამხედრო კაცი, ღირსეულად ვიღებ გამოწვევებს, მიჩვეული ვარ ბრძოლას, მთავარია სიმშვიდე", - განაცხადა მან.

მარიონეტულ რეჟიმში "საპრეზიდენტო არჩევნების" თემაზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.

- ეს არა გაგლოევის გამარჯვება, არამედ ბიბილოვის დამარცხებაა. ცხინვალის რეგიონში ბიბილოვი არაპოპულარულია, მოსახლეობა მასზე ძალზე აჭრილია და მისი სახელის გაგონებაც არ უნდათ. საპროტესტო ხმებით ვითომ შედარებით ზომიერს მისცეს ხმა. ვინც კი საარჩევნო კამპანიაში დარჩა, ყველა უცნობი იყო. მეტ-ნაკლებად ცნობილი ფიგურები - ყოფილი თავდაცვის მინისტრი გასეევი, საკმაოდ აქტიური და პოპულარული "პარლამენტის" წევრი დავით სანაკოევი - "საარჩევნო კომისიამ" თავიდანვე გაცხრილა და კენჭისყრაზე არ დაუშვა. მიუხედავად ამისა, ბიბილოვს მოლოდინი არ გაუმართლდა. მას ეგონა, პოპულარულების არდაშვებით "არჩევნებში" გაიმარჯვებდა, მაგრამ არაპოპულარულმა ფიგურებმაც კი გარკვეული ხმა აიღეს, განსაკუთრებით გაგლოევმა. ის კი ცნობილია, მხოლოდ უარყოფითი კონტექსტით: მისი ძმა, ცხინვალში ცნობილი კრიმინალი, ახლა ციხეში ზის. გარდა ამისა, პირველ ტურში იმიტომ გაიმარჯვა, რომ ხალხს არ უნდა ბიბილოვი. ვნახოთ, მეორეში რა იქნება. რა თქმა უნდა, გაგლოევს სერიოზული უპირატესობა აქვს, თუ ბიბილოვი კრიმინალურ კომპრომატებს არ გამოუქვეყნებს ძმასთან დაკავშირებით; რამდენად იმოქმედებს ეს კომპრომატები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რომ გამოუქვეყნებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

- რატომ ვერ იტანენ ცხინვალში ბიბილოვს?

- აგდებით უყურებენ, რადგან იქ საშინელი კორუფციაა და კრიმინალი თარეშობს. თანაც, ეს კრიმინალი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილია. ბიბილოვის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებით მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც ციხეში წამებით მოკლეს ჯაბიევი. ეს ბოლო წერტილი იყო. წამებით რომ მოკლეს ტატუნაშვილი, სამწუხაროდ, ცხინვალის საზოგადოებამ სერიოზულად არ აღიქვა, "გაატარეს". როცა ჯაბიევი ცემაში მოკლეს, ტატუნაშვილიც გაახსენდათ - რაღაც სისტემაში მოაქციეს, რომ არც ეს იყო შემთხვევითი ამბავი... ცხინვალის ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობაა: ადამიანის უფლებების დარღვევა, ქედმაღლობა, ფულის კეთება, კორუფცია, სიღარიბის გაღრმავება - ერთმანეთზე მიბმულმა უამრავმა ფაქტორმა კი ბიბილოვის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ამ ყველაფერში ჯაბიევის საქმე წამყვანი იყო.

- ვინ იყო ჯაბიევი?

- ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, კრიმინალთან ცოტათი დაახლოებულიც კი. როგორც აღმოჩნდა, ნარკოტიკების მომხმარებელი ახალგაზრდა, რომელმაც, რაღაც მიზეზების გამო, ვითომ "შინაგან საქმეთა მინისტრზე" (ასევე, არაპოპულარულ ადამიანზე) თავდასხმა განახორციელა. ამის გამო დააპატიმრეს და დანაშაულის ასაღიარებლად დაუწყეს წამება. ამ წამებაში შემოაკვდათ. მართლა დაესხა თუ არა თავს "შს მინისტრს", ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის - კაცი მოკვდა და არაფერია ბოლომდე ცნობილი. ამის გამო გაათავისუფლეს "მინისტრი", "პროკურორიც", მაგრამ ხალხისთვის მაინც მიუღებელი იყო ამ ფორმით ადამიანის წამება. მანამდეც იყო ციხეში (ერთი ციხე აქვთ ცხინვალში) წამების ფაქტები, ხდებოდა გაფიცვებიც. ცუდი პირობების გამო პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის გამო ძალადობრივად შევარდა სპეცრაზმი და პატიმრებს ძალით აჭამეს. ამ ყველაფრის კადრები გადაიღეს შტერებმა; იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, არ დაეფიქსირებინათ, როგორ აჭმევდნენ და თითქოს ასე ბოლოს უღებენ პატიმრების შიმშილობას. ამან ხალხი საშინელად აღაშფოთა, რადგან ძალით ჭმევაც წამებად ითვლება. აღშფოთებას გადაჰყვნენ იუსტიციისა და შს "მინისტრები". მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდა. ვიცით, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა ოსებმა არ განიცადეს, მაგრამ ამას ჯაბიევის მკვლელობა მოჰყვა, ყველაფერ ამას კი დაემატა ციხეებში წამება, ძალით ჭმევა და რაღაც სისტემა შეიკრა. ღიად გამოჩნდა, რომ ავტორიტარული რეჟიმი ხალხს აწამებს და ანტიბიბილოვის პოლიტიკა ამ თარგზე შეიკერა.

- რატომ გამოიყურება ალან გაგლოევი ზომიერად?

- შედარებით ზომიერად ოსების თვალში გამოიყურება. მესამე კანდიდატ მულდაროვის ფონზე, ნამდვილად ზომიერია. მულდაროვი ახალგაზრდა, მებრძოლი, შემტევი "პარლამენტის" წევრია და ბიბილოვს სულ უტევს. ეუბნება, - შე მკვლელო, შენი ადგილი ციხეშია, აი, მე ახლა გავიმარჯვებ და პასუხს გაგებინებო. ძალიან გამომწვევი, თავხედური და უტიფარი ქცევები ჰქონდა "წინასაარჩევნოდ". მის ფონზე, გაგლოევი ზომიერად გამოიყურებოდა. ის "უშიშროების სამსახურის" ყოფილი ოფიცერია, გამოირჩეოდა დაღვინებულ-გაწონასწორებული, ასევე კრიტიკული დამოკიდებულებებით. ეტყობა, ამ სამიდან ბიბილოვი არ უნდათ, მულდაროვი ცოტა მოხულიგნო ტიპია და მათ შორის გაგლოევი ცოტა ზომიერად წარმოჩინდა. ისიც ფაქტია, როცა გაგლოევი უშიშროების ოფიცერი იყო, მისი ძმა კრიმინალობდა. როგორც ჩანს, ახლა უნდათ გამოუქვეყნონ მასალები, სადაც ის ძმას ეხმარებოდა და საკუთარი თანამდებობის გამოყენებით იცავდა მას. შეიძლება ამ კუთხით რაღაცები დააბრალონ.

- თუ აქვს გაგლოევს თბილისის მიმართ რაიმე განსხვავებული პოზიცია?

- არა, არანაირი განსხვავებული პოზიცია არ ჩანს, არც უარყოფითი და არც დადებითი. თბილისის მიმართ ბიბილოვი უფრო აგრესიული იყო "წინასაარჩევნო კამპანიისას" და ახლაც. გაგლოევი ზომიერად ამბობდა, რომ თბილისმა აგრესია განახორციელა ცხინვალის წინააღმდეგ, რაც მიუღებელიაო. ახალგორშიც იყო ჩასული. ახლა იქაურების მთავარი პრობლემა გამშვები პუნქტია. გაგლოევმა თქვა, რომ გახსნას ვერ შეჰპირდებოდა, რადგან რთული თემაა, ხალხი არ მოატყუა. ხომ შეიძლება, "წინასაარჩევნო კამპანიისას" ეთქვა, აუცილებლად გავხსნიო. ახალგორელებს მაინც აქვთ იმედი, რომ გაგლოევი გზას გაუხსნის. არადა, ეს მიზეზთა გამო რთული საკითხია.

ამ ფონზე, გაგლოევი განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით არ გამოირჩევა, ისევე, როგორც პროქართულითაც. უფრო ნეიტრალურია. როცა ბიბილოვმა "რეფერენდუმზე" ლაპარაკი დაიწყო, მან თქვა, რომ არ შეიძლება თემის ასე საყველპუროდ დახურდავება, ამის შესახებ ჩვენს მოკავშირე რუსეთს უნდა ვკითხოთო. ამით გარკვეულწილად ეჭვქვეშ დააყენა "რეფერენდუმის" აუცილებლობა. არ გამორიცხა, მაგრამ - ახლა ამის დროაო?!. - დაახლოებით ასეთი კითხვა დასვა: ეს რუსეთს შევუთანხმეთ? მას ხელს აძლევს, რომ ვუერთდებითო? გაგლოევის ასეთი პოზიცია თავისთავად საინტერესოა.

- ბიბილოვს მეორე მხრისგან "რეფერენდუმზე" პასუხი არ მიუღია?

- თუ მეორე მხარეში მოსკოვს გულისხმობთ, არაფორმალურად ბევრმა სენატორმა ფედერაციის საბჭოში, დუმის დეპუტატებმა კმაყოფილება გამოხატეს და მიესალმნენ ბიბილოვის ამ წინადადებას. პესკოვმა, ყველაზე მაღალი დონის ფიგურამ, თქვა, - ეს რუსეთის ინიციატივა არ არისო. რამდენად დაეჯერება, სხვა საკითხია, მე პესკოვის არ მჯერა. მაგრამ განცხადებას მეორე ნაწილი დაუმატა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ხალხის ნება და ვეცდებით გავითვალისწინოთო. თქვა, რომ ეს ვითომ რუსეთის ინტერესებში არ არის, თანაც ვეცდებით, ოსი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთო. - ასე წავიკითხე ორაზროვანი განცხადება პესკოვის მხრიდან. უფრო მაღალ დონეზე განცხადება არავის გაუკეთებია, არც ლავროვს, პუტინს - მით უმეტეს, ახლა ამისთვის არ სცალია.

- მეორე ტურზე რა არის მოსალოდნელი?

- ყველაფერია მოსალოდნელი. იმდენად მოულოდნელი ფიგურა აღმოჩნდა გაგლოევი, რომ ყველა დააბნია - ჯანდაბას ჩემი თავი, ცხინვალში ყველა ასეა. არც საზოგადოებაშია ცნობილი და ნორმალურად ლაპარაკი შეუძლია, ხალხმა აღარ იცის, რა ქნას. მე უფრო ახალგორელებთან მაქვს კონტაქტები და მათი განწყობები ვიცი - თქვეს, ბიბილოვს ყველა გვირჩევნიაო. დაახლოებით ასეთივე განწყობაა ცხინვალში. თუ გაგლოევი იმარჯვებს, არა იმიტომ, რომ მაგარია, არამედ ამით ბიბილოვი დამარცხდება, ამიტომ გამარჯვების შანსი აქვს.

ასევე არ ვიცი, ბიბილოვი მოსკოვიდან რას ჩამოიტანს და რამდენად აქტიურ საქმიანობას დაიწყებს, რა სიტყვებს გამოიყენებს, მესიჯებს საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე მივხვდებით, რამდენად უჭერს მხარს მოსკოვი. მეორე ტურის ამბავი როგორც კი გაირკვა, მას მერე მოსკოვს ვინმეს სასარგებლოდ განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რუსეთიდან ჩასულმა ე.წ. დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარაო. ალბათ ახლა მოსკოვშიც ფიქრობენ, ვის დაუჭირონ მხარი, პირველ ტურში ცალსახად ბიბილოვის მხარდამჭერები იყვნენ.

bibilovi-1650877108.jpg

- რა მოხდა ცხინვალიდან უკრაინაში სამხედროების საომრად გამგზავრებისას?

- ყველა არა, მაგრამ მათი ნაწილი დაბრუნდა. ამ ნაწილმა ჩათვალა, რომ უკრაინაში მათი პირობები უზრუნველყოფილი არ იყო - არ იცოდნენ, სად და ვისთან მიდიოდნენ. აღმოჩნდა, რომ სადაც გაუშვეს, იქ საერთოდ არ ელოდნენ, ძალიან ზერელედ მოეპყრნენ. არც ფულის საკითხი ჰქონდათ დაზუსტებული - გადაუხდიდნენ თუ არა. კარგად ორგანიზებული არ იყო ეს ყველაფერი. უფრო მეტი წავიდა, ვიდრე იქ ელოდნენ. ამიტომ ყველა არ მიიღეს და ნაწილი უკან გამოუშვეს, ასეთია ზოგადი შთაბეჭდილება.

- იყო ინფორმაცია, რომ ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე გამოუშვეს უკან...

- ნამდვილად ასე იყო. იქით მიმავალი ტრანსპორტი ვიღაცამ დააფინანსა და უკან წამოსასვლელი აღარ გამოჩენილა. რუსები ალბათ მარტო კუბოებს აფინანსებენ. ეს ტრანსპორტიც ძვირი სიამოვნებაა, ფული, ბენზინი და ა.შ. ამიტომ ყველას გადაჯდომ-გადმოჯდომით წამოსვლა მოუხდათ, რაც საგულისხმო მომენტია.

გელა მამულაშვილი